რით სჯობს ბაქტერიოფაგები ანტიბიოტიკებს
- ფაგები მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ბაქტერიებზე, ამიტომ დისბიოზი (ბაქტერიათა შორის ბალანსის დარღვევა) და მეორეული ინფექციის წარმოშობა გამორიცხულია. ფაგები არ არღვევენ ორგანიზმის შინაგან ბალანსს, განუწყვეტლივ მრავლდებიან, თანაც ისე, რომ არ იწვევენ გვერდით ეფექტებს, არ ასუსტებენ იმუნიტეტს და ხელს არ უწყობენ ბაქტერიათა გამძლე ფორმების ჩამოყალიბებას. ბაქტერიოფაგები მრავლდებიან ინფექციის ადგილას, ანუ იქ, სადაც ყველაზე მეტად არიან საჭირო, ანტიბიოტიკებს კი ამის უნარი არ შესწევთ; ისინი განიცდიან მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) გავლენას, გამოდიან ორგანიზმიდან და არც ინფექციის ადგილას კონცენტრირდებიან. ანტიბიოტიკისადმი ფაგის უპირატესობაა გვერდითი ეფექტების არარსებობაც: ბაქტერიოფაგის გამოყენებას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყვება, მაშინ როცა ანტიბიოტიკოთერაპიისთვის დამახასიათებელია ნაწლავური დარღვევები, ალერგიები და მეორეული, მაგალითად, სოკოვანი ინფექციები. მნიშვნელოვანი ფაქტორია რეზისტენტობაც. მაგალითად, ფაგრეზისტენტული ბაქტერიები მგრძნობიარენი რჩებიან სხვა, მოქმედების ასეთივე დიაპაზონის მქონე ფაგების მიმართ. აქედან გამომდინარე ახალი ფაგის შერჩევა შედარებით მალე, რამდენიმე დღეში ხდება, ანტიბიოტიკრეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ ახალი ანტიბიოტიკის დამუშავება კი ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება. იხილეთ სტატია "ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები"