უკანა ტანის ქავილი
მისი ატანა შეუძლებელია. ანალური ქავილი მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებებს კი არა, ანალური მიდამოს კანის დაზიანებასაც იწვევს. კანი ან შრება, ან სკდება და შედეგად ქავილიც უფრო მეტად მძაფრდება. ანალური ქავილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, - და შეუძლებელიცაა, - ის ხომ ყოველთვის უფრო სერიოზული დაავადებების თანამგზავრია.
ანალურ ქავილს რამდენიმე მიზეზი აქვს.
1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორი ნაწლავის დაავადებაა. ჰემოროი, სწორი ნაწლავის გამოვარდნა ან ანალური ნაპრალი თავდაპირველად შესაძლოა არც ჩანდეს, მაგრამ მათი პირველი სიმპტომი, ანალური ქავილი, საკმაოდ დიდ უსიამოვნებას მოგაყენებთ.
2. ანალური ქავილის მეორე მიზეზია ჭიები. პატარა პარაზიტები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ესენი უმეტესად მახვილა ჭიები არიან. საბედნიეროდ, მათგან თავის დაღწევა იოლია.
3. ყურადღება უნდა მიექცეს სასქესო ორგანოების ჯანმრთელობასაც. ამ ორგანოთა დაავადებები არცთუ იშვიათად იქცევა ანალური ნაპრალის მიდამოს ქავილის მიზეზად. რა თქმა უნდა, ამ დაავადებების ნებაზე მიშვება არ შეიძლება, რადგან შედეგები ზოგჯერ ძალზე მძიმეა. სასქესო ორგანოების მიდამოში არსებული ბაქტერიები შესაძლოა ანალური ნაპრალისკენ გავრცელდნენ, სადაც მეტად ხელსაყრელი პირობებია მათი გამრავლებისთვის. ქავილის მიზეზად შესაძლოა იქცეს სოკოც, კერძოდ, კანდიდა, რძიანას გამომწვევი. ამ დროს ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო, სხვაგვარად სოკო მოგვიანებით ისევ შეგვახსენებს თავს.
4. შეკრულობა მრავალ პრობლემას იწვევს. ერთი მათგანი ანალური ქავილია. თუ შეკრულობას უმკურნალებთ, ადვილად დაამარცხებთ ქავილს და სიმშვიდესაც დაიბრუნებთ.
5. სოკოვანი დაზიანება და არასათანადო პირადი ჰიგიენა ანალური მიდამოს გაღიზიანებას იწვევს. სხვათა შორის, გადაჭარბებულმა ჰიგიენამაც შეიძლება გავნოთ, ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ანალური ქავილი როგორც სიმპტომი
უკანა ტანის მიდამოში წვის ან ქავილის შეგრძნება სწორი ნაწლავისა და კოლინჯის მრავალ სპეციფიკურ და არასპეციფიკურ დაავადებას ახლავს თან. ამ დაავადებათა შორისაა:
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
- ბაქტერიული პროქტიტი;
- ნაწლავის ტუბერკულოზი;
- ნაწლავის ლორწოვანი გარსის სიფილისი.
წვა და ქავილი უკანა ტანის მიდამოში სწორი ნაწლავისა და კოლინჯის შორს წასული ონკოლოგიური დაავადებების დროსაცაა მოსალოდნელი. ასე რომ, ფრთხილად - ამ ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელი პრობლემის მიღმა შესაძლოა მძიმე და ვერაგი დაავადება იდგეს. ანოგენიტალური (უკანა ტანისა და სასქესო ორგანოების) მიდამოს ქავილს სხვა დაავადებებიც იწვევს, კერძოდ:
- პედიკულოზი (ტილიანობა). ტილი პატარა მწერია, რომელიც კანის თმიან ნაწილზე ბუდობს. უმეტესად ერთ ადგილასაა ლოკალიზებული (თავზე, ბოქვენზე), მაგრამ ზოგჯერ მთელ სხეულსაც ედება. მისი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეა. შეუიარაღებელი თვალით შეიძლება როგორც ტილის, ასევე წილების - ტილის კვერცხების - დანახვაც. წილები თმის ღერებზეა მიკრული. ინფექცია ძლიერ ქავილს იწვევს. მას სპეციალური ემულსიებით მკურნალობენ. სრული განკურნება შესაძლებელია.
- მუნს, კანის ამ გადამდებ დაავადებას, მიკროსკოპული ტკიპა იწვევს. მისი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე კვირაა. ინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს ან სხვისი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებისას. მუნით ყველაზე ხშირად ზიანდება თითებს შორის არსებული არეები, მუცელი, მკერდის ქვედა ნაწილი და გენიტალიები. ინფექციას თან ახლავს ქავილი, განსაკუთრებით - ღამით, და პრობლემა შესაძლოა ეგზემითაც გართულდეს. ამ დროს ქავილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს დაძინება კი არა, ერთ ადგილზე გაჩერებაც კი უჭირს. ტკიპები კანქვეშ გასასვლელებს (გვირაბებს) აკეთებენ, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მკურნალობენ გოგირდის მალამოებითა და ხსნარებით, მხოლოდ ერთი პირობით: ყველა ადამიანმა, ვინც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, აუცილებლად ერთდროულად უნდა ჩაიტაროს თერაპია. სრული გაკურნება ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია.
- გენიტალური ჰერპესი - ეს ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძალიან ჰგავს ტუჩის ჰერპესს. დასნებოვნებიდან 3-7 დღის შემდეგ გენიტალიების მიდამოში ჩნდება პატარა მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც ვირუსებითაა სავსე. ბუშტუკების წარმოქმნის პროცესს თან ახლავს შემაწუხებელი ქავილი. შესაძლოა, თავი იჩინოს სხვა სიმპტომებმაც - ლიმფური კვანძების გადიდებამ ან სხეულის ტემპერატურის მომატებამ. დიაგნოზს სისხლის გამოკვლევით ან ბუშტუკების შიგთავსის გამოკვლევით სვამენ. გენიტალურ ჰერპესს მკურნალობენ ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, აციკლოვირით), მაგრამ ვირუსი შესაძლოა ნერვული სისტემის უჯრედებში ჩაინერგოს და წლების განმავლობაში პასიური დარჩეს. დროდადრო ის აქტიურდება და დაავადების რეციდივს იწვევს, თუმცა ასეთ დროს კლინიკური სურათი მძიმე არ არის.
ანალური ქავილის მკურნალობა
ანალური ქავილისგან თავის დასაღწევად, აუცილებლად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს. ქავილის მორჩენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მის მიზეზს დავადგენთ. თავდაპირველად სისხლის ანალიზის ჩაბარება მოგიწევთ შაქარზე - ანალური ქავილი შესაძლოა დიაბეტის ადრეული სიმპტომი იყოს. თუ ექიმთან დროულად არ მივედით, დაავადება შესაძლოა დამძიმდეს. ამის შემდეგ ქალბატონებმა გინეკოლოგს უნდა მიმართონ. თუ მიზეზი სასქესო ორგანოების დაავადებაა, მისი მკურნალობის შემდეგ ანალური ქავილიც გაივლის. განავლის ანალიზი პარაზიტების, ჰელმინთების გამოვლენაში დაგვეხმარება. ჭიების მკურნალობასაც ქავილის გაქრობა მოსდევს. თვითმკურნალობა ანალური ქავილის დროს დაუშვებელია, რადგან ის პრობლემის დაძლევაში ვერ დაგეხმარებათ, პირიქით, შესაძლოა დაავადების პროგრესირებაც გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა დელიკატურია, სპეციალისტთან კონსულტაციისა არ მოგერიდოთ - მხოლოდ ექიმს შეუძლია ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და საჭირო კვლევებისა თუ მკურნალობის დანიშვნა. გვერწმუნეთ, მედიკოსებს დელიკატურობა და ტაქტი არ აკლიათ, დისკომფორტს ვერ იგრძნობთ. ექიმის გამომეტყველებით (მას თქვენი პრობლემა არ გაუკვირდება) მიხვდებით, რომ ქავილი უკანა ტანის მიდამოში ბევრს აწუხებს. ასე რომ, ნუ მოერიდებით სპეციალისტთან ვიზიტს.
ანალური ქავილის შემსუბუქება
თუ უსიამოვნო შეგრძნება მეტისმეტად გაწუხებთ, მისდიეთ შემდეგ რეკომენდაციებს, რომლებიც ქავილს შეგიმსუბუქებთ. გაითვალისწინეთ, ეს განკურნების გზა არ არის, ექიმთან ვიზიტი მაინც დაგჭირდებათ. ერთ-ერთ შემამსუბუქებელ საშუალებად მიიჩნევა აბაზანები, რომლებიც ამშვიდებს და არბილებს კანს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დეფეკაციის შემდეგ ქაღალდის გამოყენებას ჩაბანა სჯობს. აბაზანებისთვის შეიძლება გამოიყენოთ გვირილის ან სალბის ნაყენი, თუ კანი მშრალი არ არის, ხოლო თუ ანთებადია, მუხის ქერქის ნახარში მოგიხდებათ. ქავილს შეამცირებს ანტიჰისტამინური მალამოც, რა თქმა უნდა, უკუჩვენებათა გათვალისწინებით. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, მაგრამ გადამეტება არც აქ შეიძლება. ეცადეთ, ანალური მიდამო ყოველთვის მშრალი გქონდეთ. ამისთვის ატარეთ ნატურალური ქსოვილის საცვლები და გამოიყენეთ სპეციალური ჰიგროსკოპიული საფენი, რომელსაც დუნდულა კუნთებს შორის ათავსებენ. დაბოლოს, გახსოვდეთ, გახანგრძლივებული ანალური ქავილის დროს ექიმთან დროულად მისვლა და მისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება გამოჯანმრთელებისა და მრავალი სერიოზული დაავადების ადრეულ სტადიაზე შეჩერების საწინდარია.