თუ მწერებმა კბენით დაგაჯილდოეს
.
მწერის ნაკბენზე ადამიანის ორგანიზმი სამი სახის რეაქციით პასუხობს.
- ადგილობრივი რეაქცია - შეწითლება, შეშუპება, ტკივილი, ქავილი ან ძლიერი წვის შეგრძნება კბენის უბანში, ლიმფური კვანძების ლოკალურად გადიდება.
- ზოგადტოქსიკური რეაქცია - ციებ-ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, თავისა და სახსრების ტკივილი (ჩვეულებრივ, მრავლობითი ნაკბენების შემთხვევაში აღმოცენდება).
- ალერგიული რეაქცია - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკიც კი; ალერგიული რეაქცია შეიძლება აღმოცენდეს ერთეულ ნაკბენზეც, თუ ადამიანს აღენიშნება წინასწარგანწყობა აღნიშნული რეაქციისადმი.
-
სიფრიფანაფრთიანთა ნაკბენები
კოღოებს, ქინქლებსა და ბუზანკალებს შხამიანი ჯირკვლები არ გააჩნიათ. კბენისას მათ ჭრილობაში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც აფერხებს სისხლის შედედებას. შესაბამისად, მათ ნაკბენზე, როგორც წესი, მხოლოდ ადგილობრივი რეაქცია აღმოცენდება. ადამიანს შეუძლია გაუძლოს ამ მწერთა მრავლობით ნაკბენს (100 და მეტი), ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გარეშე.
ადგილობრივი რეაქციის შესუსტებისა და ლოკალურ გამოვლინებათა შემცირების მიზნით, შეგიძლიათ შემდეგ საშუალებებს მიმართოთ - თითი მონაცვლეობით წყალში და მშრალ სოდაში უნდა ჩაყოთ და ამ თითით ნაკბენი უბანი დაისრისოთ. ნაკბენი უბანი სოდის კონცენტრირებული ხსნარითაც შეგიძლიათ დაიზილოთ. სოდა რამდენადმე ამცირებს შეშუპებასა და ქავილს.
ტკივილისა და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტური მოქმედებით გამოირჩევა მენოვაზინიც, თუმცა მისი გამოყენება არ არის სასურველი მათთვის, ვისაც ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება. ანთებასა და ქავილს აცხრობს ორტოფენისა და ბუტადიონის მალამოებიც.
დღეისათვის უშუალოდ ნაკბენებისათვის განკუთვნილი უამრავი გელი არსებობს. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ნაკბენი უბნები შეგიძლიათ უბრალოდ ბრილიანტის მწვანით დაიმუშაოთ.
ხალხური საშუალებებიდან რეკომენდებულია ახალგახეხილი კარტო-ფილის, ხახვის ან ნივრის ფაფა, ოხრახუშის ფოთლების წვენი. შხამიანი ნაკბენებით ადამიანს აჯილდოებენ ფუტკრები (ცხოვრებაში ერთხელ კბენენ, რის შემდეგაც იღუპებიან), კრაზანები და ონავარები. ამ მწერთა ნაკბენებზე აღმოცენებული ადგილობრივი რეაქცია, როგორც წესი, მეტისმეტადაა ხოლმე გამოხატული. მისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი შეშუპება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ რეაქციას წარმოადგენს, შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მით უფრო, თუ ლოკალიზებულია სახეზე, განსაკუთრებით - ტუჩების არეში ან პირის ღრუს შიგნითა ზედაპირზე.
აღნიშნული მწერების ნაკბენზე ალერგიული რეაქციებიც საკმაოდ ხშირად ვითარდება, მაგალითად, ჭინჭრის ციება. ამ დროს აღინიშნება ერთმანეთში გარდამავალი ბუშტუკოვანი გამონაყარი კანის შეწი-თლების ფონზე. გამონაყარი ძლიერად გამოხატული ქავილით ხასიათდება და შესაძლოა ლოკალიზე-ბული იყოს სხეულის ნებისმიერ უბანზე. კვინკეს შეშუპება ("გიგანტური ჭინჭრის ციება") - კანის ან ლორწოვანი გარსის სწრაფად მზარდი, მკვეთრად შემოსაზღვრული შეშუპებაა. შეიძლება აღმოცენდეს არა მხოლოდ უშუალოდ ნაკბენ არეში, არამედ სხეულის სხვა უბნებზეც. კვინკეს შეშუპების "საყვარელი უბანია" სახე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რბილი სასა, კიდურები, სასქესო ორგანოები. განსაკუ-თრებით საშიშია ხორხის ალერგიული შეშუპება. შედარებით იშვიათი, მაგრამ მეტად საშიში რეაქციაა - ანაფილაქსიური შოკი - ადამიანს რამდენიმე წუთის განმავლობაში უვითარდება ქოშინი, ძლიერი ჟრჟო-ლა, სიკვდილის შიში, უჩქარდება გულისცემა, მკვეთრად ეცემა არტერიული წნევა, ვითარდება კომა (უგონო მდგომარეობა). ადგილობრივ რეაქციას რაც შეეხება, ამ დროს იკვეთება ბუშტუკი, სწრაფად მზარდი შეშუპებითა და გამოხატული სისხლჩაქცევით.
-
როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება დაზარალებულს
ყურადღებით დაათვალიერეთ ნაკბენი უბანი. აუცილებლად ამოიღეთ ჩარჩენილი ნესტარი. ეს ფრთხილად გააკეთეთ, ზედმეტი ზეწოლის გარეშე, ისე, რომ არ მოხდეს მისი ნაწილის ჩარჩენა ან შხამის დამატებით გავრცელება ჭრილობაში. ნაკბენ უბანზე ცივი დაადეთ. შეშუპებისა და ადგილობრივი ანთების შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიდროკორტიზონის ან პრედნიზოლონის მალამო. ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილ პირებს სასურველია უმალ მიაღებინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.
ალერგიული რეაქციის მძიმედ მიმდინარეობისას (გავრცობილი ჭინჭრის ციება ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით, ტკივილებით მუცლის არეში, სწრაფად გავრცელებადი კვინკეს შეშუპებით) აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპარატის (სუპრასტინი, ტავეგილი) ინტრამუსკულარულად (კუნთში) შეყვანა. ხორხის ალერგიული შეშუპების დროს კი, როდესაც ვლინდება სუნთქვის დარღვევა - ინტრავენურად შეჰყავთ პრედნიზოლონი (ნელ-ნელა 2-3 წუთის განმავლობაში); თუ ვერ ხერხდება ვენაში შეყვანა, მაშინ კუნთში ხდება მედიკამენტის ინექცია. ანაფილაქსიური შოკის დროს დაზარალებული ზურგზე უნდა დააწვინოთ ისე, რომ ქვედა კიდურები წამოწეული ჰქონდეს. თუ ღებინება აღენიშნება ან გონება დაკარგული აქვს, მას გვერდზე აწვენენ. აუცილებელია დაზარალებულის გათბობა და სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, მწერის ნაკბენის ზემოთ ზონარის გადაჭერა, ხოლო ნაკბენ უბანზე ყინულის დადება. პირველი დახმარების პარალელურად ნუ დაგავიწყდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც.
-
ობობასებრთა ნაკბენები
ობობასებრთა ნაკბენები შედარებით იშვიათად გვხვდება, თუმცა ისინი უფრო მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი და ზოგადი რეაქციით ხასიათდება.
-
ტარანტულის ნაკბენი
ტარანტულის ნაკბენი იშვიათად იწვევს გამოხატულ ინტოქსიკაციას (ტარანტული შხამიანი ობობაა. ის უდაბნოს ტიპის ადგილების მოყვარულია, გავრცელებულია შუა აზიაში, უკრაინის სტეპებსა და შავი ზღვის რეგიონებში, აღმოსავლეთით მონღოლეთის საზღვრამდე).
მისი ნაკბენისას ჭარბობს ადგილობრივი (ლოკალური) ცვლილებები ტკივილის, ჰიპერემიის (სიწითლის), შეშუპებისა და სისხლჩაქცევის სახით.
შესაძლებელია განვითარდეს ზოგადი რეაქციაც აპათიისა და ძილიანობის გამოხატულებით.
დახმარება:
- ყინული ნაკბენ უბანზე და ანტიჰისტამინური საშუალებები;
- ჰოსპიტალიზაცია, როგორც წესი, საჭირო არ ხდება.
-
მორიელის (ღრიანკალის) ნაკბენი
მორიელის (ღრიანკალის) ნაკბენი გაცილებით საშიშია. ნაკბენ უბანზე აღმოცენდება ძლიერ მწველი (მოუთმენელი) ტკივილი, შეშუპება და ქსოვილთა დაჭიმულობა.
დაზარალებულს იპყრობს ციებ-ცხელება, ტკივილი მთელი სხეულის არეში, ოფლიანობა, ცრემლდენა. ვითარდება ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რასაც თან სდევს კრუნჩხვები. დამახასიათებელია სუნთქვის დარღვევა.
პირველი დახმარება:
- აუცილებელია კიდურის უმოძრაობის უზრუნველყოფა;
- ნაკბენი უბნის ზემოთ ზონარის გადაჭერა;
- დაზარალებულს ბევრი სითხე უნდა მიაღებინოთ;
- დაალევინოთ ტკივილგამაყუჩებელი;
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ მისი ჰოსპიტალიზაცია.
-
ტკიპის ნაკბენი
ტკიპის ნაკბენი ადგილობრივ ანთებასა და ქავილს იწვევს.
ტკიპას დაზარალებულის კანიდან პინცეტის ან ძაფის მარყუჟით იღებენ. მარყუჟი მწერის ხორთუმს უნდა შემოავლოთ კანთან მაქსიმალურად ახლოს. გარდა ამისა, შეეცადეთ, მოქაჩოთ არა პირდაპირ თქვენკენ, არამედ ფრთხილად ქანქარასებრი მოძრაობებით ერთი გვერდიდან მეორისაკენ. ნუ შეეცდებით ტკიპა ხელით მოსაშოროთ კანს, ალბათობა იმისა, რომ მწერს მოსწყდეს თავი და მისი ნაწილი (ანუ ხორთუმი) ჩარჩეს დაზარალებულის კანში - ასეთ დროს ძალიან დიდია. პროცედურა შედარებით გამარტივდება, თუ ამოღებამდე მწერს მცენარეულ ზეთს დააწვეთებთ და რამდენიმე წუთს მოიცდით. ტკიპის მოცილების შემდეგ ჭრილობა იოდის ხსნარით ან ბრილიანტის მწვანით უნდა დამუშავდეს.
ტკიპების ნაკბენთა საშიშროება ის არის, რომ აღნიშნული მწერები ტკიპისმიერი ენცეფალიტისა და ბორელიოზის გადამტანები არიან. დასახელებული ინფექციები დიდი სიხშირით რეგისტრირდება შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში, ურალის ტერიტორიაზე, ბელორუსსა და რუსეთში.
დაავადება ხასიათდება მკაცრი სეზონურობით, დაკავშირებულია მწერთა აქტივობასთან, რომელიც აღინიშნება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში (ევროპის შუა და აღმოსავლეთ რეგიონები) და ზაფხული-შემოდგომის პერიოდში (ბალტიის-პირეთის რეგიონი, ბელორუსი, უკრაინა).
ტკიპისმიერი ენცეფალიტით ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ტკიპის კბენის შემთხვევაში და ენდემურ ზონებში ცხოველთა დაინფიცირებული რძით (ძირითადად თხის, შედარებით იშვიათად - ძროხის). დაავადების პირველი სიმპტომები შესაძლოა დასნებოვნებიდან 4-45 დღეში გამოვლინდეს.
დაავადება, როგორც წესი, მწვავედ იწყება, მაღალი ცხელებით, თავის მტანჯველი და მზარდი ტკივილით. დაავადება შემდგომშიც მძიმედ მიმდინარეობს ნერვული სისტემის ამა თუ იმ ხარისხის დაზიანებით.
ბორელიოზით ადამიანის დაავადება მხოლოდ ტკიპის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს დაავადებაც მწვავედ, ცხელებითა და თავის ტკივილით იწყება. დამახასიათებელი სიმპტომია ნაკბენ უბანში გაბნეული ერითემების აღმოჩენა (ერითემა სისხლძარღვთა გაფართოებით წარმოქმნილი წითელი ფერის ლაქაა). ერითემები რამდენიმე დღეში ქრება. საყურადღებოა, რომ სიწითლე ცენტრიდან იწყება, რის გამოც ლაქები რგოლისებრ ფორმას იძენენ. ბორელიოზის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება ნერვული სისტემა, გული და სახსრები.
ორივე ინფექცია (ბორელიოზი და ენცეფალიტი) დაზარალებულის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. დაავადებულები არ არიან საშიშნი გარშემო მყოფთათვის.
პროფილაქტიკა გულისხმობს ტკიპის კბენისგან თავდაცვას. ამისათვის ენდემური რეგიონების ტყეებსა თუ კორდებზე ტანისამოსით მაქსიმალურად შემოსილებმა უნდა იაროთ (უმჯობესია გრძელმკლავიანი დახურული ტანსაცმელი და დახურული ფეხსაცმელი). ეპიდემიური თვალსაზრისით საშიშ ადგილებში ყველა ადამიანს, ვისაც კი უკბინა ტკიპამ, ტკიპისმიერი ენცეფალიტის პროფილაქტიკის მიზნით უტარებენ ტკიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური იმუნოგლობულინის ინექციას ინტრამუსკულარულად (კუნთში). იმუნოგლობულინის შეყვანა ეფექტურია კბენიდან პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ამიტომაც სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. შეძლებისდაგვარად კანიდან მოცილებული ტკიპა უნდა გადაიგზავნოს ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში მისი დაინფიცირებულობის განსაზღვრისთვის.
-
რა უნდა გაითვალისწინოთ
- კოღოს ნაკბენი, შეიძლება ითქვას, ყველაზე უსაფრთხოა. თუმცა ადამიანები (უმეტესად კი ბავშვები) ინტენსიური ქავილით ჭრილობის დაინფიცირებას იწვევენ. შეჭრილი ინფექციის წყალობით კი კოღოს პატარა ნაკბენის ადგილზე ჩირქოვანი ანთება ვითარდება. გარდა ამისა, კოღოს პატარა და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნაკბენები შესაძლოა ალერგიული დერმატიტის (კანის ანთება) მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს. ყოველივე ეს თავიდან რომ აიცილოთ, ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ, მით უფრო, თუ კოღომ გიკბინათ და ქავილს ვერ იოკებთ.
- გახსოვდეთ, ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაში, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ნესტრის სწორად ამოღებაზე. ეს პროცესი ფრთხილად უნდა ჩაატაროთ ორი თითის მსუბუქად მიჭერით. ნესტრის ფრჩხილებით ან პინცეტით ამოგლეჯა არასასურველია. ამ დროს შესაძლებელია ის მიიჭყლიტოს, მისი ნაწილები კი კანში ჩარჩეს. ფუტკრის შხამის განეიტრალებისთვის ნაკბენზე სუფრის ძმრის ხსნარში დასველებული დოლბანდის ნაჭერი შეგიძლიათ დაიფინოთ.
- თუ ბუნებაში გასეირნება გადაწყვიტეთ, გირჩევთ, ღია ფერის გრძელტოტებიან შარვალსა და გრძელმკლავიან ტანისამოსში გამოეწყოთ. დღისით არ არის სასურველი წყალსატევის ნაპირას სეირნობა, ხოლო სიცხეში უმჯობესია ჩრდილში მოისვენოთ და თაკარა მზის ქვეშ არ ინავარდოთ, რადგან მკვეთრი განათების პირობებში ბუზანკალები (იგივე მაწუხელები) განსაკუთრებულად აქტიურდებიან. გახსოვდეთ, ამ მწერებს ძალიან უყვართ მკვეთრი, ჭრელაჭრულა ფერები. ბუზანკალებს ასევე იზიდავთ ტენიანი ადგილები, თუმცა მხოლოდ მზიან ამინდში ფრენენ. მათი ნაკბენი არანაკლებ მტკივნეულია ფუტკრისა და კრაზანას ნაკბენზე. ხშირად მიმდინარეობს ანთებით და უხშირესად ჩირქდება კიდეც. და თუ მაინც გიკბინათ მაწუხელამ, ნაკბენი წყლითა და საპნით (უმჯობესია სარეცხის საპონი) ჩამოიბანეთ. ქავილს დაგიამებთ სპირტით ან საჭმლის სოდის ხსნარით გაჟღენთილი დოლბანდის საფენები. ეს უკანასკნელი ყოველ 10-15 წუთში უნდა იცვალოთ.
-
ტილების ნაკბენი (ზოგადად პედიკულოზი ანუ დატილიანება)
ტილი წვრილი პარაზიტული სისხლისმწოველი მწერია. ადამიანის კანზე მისი სამი სახეობა პარაზიტობს - თავის, ბოქვენის და ტანსაცმლის. ტილები ჩვეულებრივ თავის ან სხეულის თმიან უბნებში სახლდებიან. კანზე საკვების (სისხლის) მოსაპოვებლად გადადიან, კბენენ ადამიანს და სისხლს სწოვენ, გარდა ამისა, კბენის დროს გამოყოფენ ნერწყვს, რომელიც აღიზიანებს კანს და დაუოკებელ ქავილს იწვევს. ტილების ნაკბენი ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეორეული ჩირქოვანი ინფექციისა და ზოგჯერ ეგზემის განვითა-ებისათვის. ერთი ტილი ერთ მიღებაზე 0, 003 მლ სისხლს სვამს. ამ ერთიდან 5 მმ-მდე ზომის პარა-იტებს ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ცხოვრება და ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად დებენ კვერცხებს. ერთი ტილი 100-დან 300-მდე კვერცხს დებს. ტილებს შეუძლიათ ორი დღე-ღამის განმავლობაში იცხოვრონ წყლის ქვეშ, ხოლო 4 დღე-ღამის განმავლობაში - 30 სმ სისქის ქვიშის ქვეშ. გარდა ამისა, უნარი შესწევთ გაუძლონ -5°ჩ-მდე ყინვას ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 10-დღიან შიმშილსა და რადიაციის მაღალ დოზებს. ეს ფაქტობრივად უწონო არსებები 1,3 კგ-მდე ზეწოლას უძლებენ. როგორც უკვე აღინიშნა, ტილების ნაკბენი განსაკუთრებით საშიშია მეორეული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ძლიერი ქავილის შეგრძნებას ადამიანები, უფრო ხშირად ბავშვები, ვერ იოკებენ, ინტენსიური ქავილი კი კანის დაავადებების (დერმატიტის, ეგზემის და სხვა) განვითარების საფუძველი ხდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პარაზიტები სხვა ინფექციური დაავადებების (პარტახტიანი ტიფი, შებრუნებითი ტიფი და სხვა) გამომწვევთა გადამტანებად გვევლინებიან.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დატილიანება, დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ პირად ჰიგიენასა და ზოგადად სისუფთავეს (რეგულარულად დაბანას, დავარცხნას, რეცხვასა და დაუთოებას). სისუფთავე ჯანმრთელობის საფუძველი და დატილიანებასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა. და მაინც, თუ ეს პარაზიტები "გესტუმრნენ", დროულად მიიღეთ სათანადო ზომები. დღეს ამისთვის საგანგებოდ წარმოებული უამრავი საშუალება არსებობს (ბენზოატის სუსპენზია, სხვადასხვა ხსნარი). ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ერთი პროცედურით, არ დაგავიწყდეთ, რომ ტილები დიდი რაოდენობით კვერცხს დებენ, მათ უმრავლესობას სათანადო ქიმიური ნივთიერებაც კი ვერაფერს აკლებს. ჰერმეტული ქიტინური გარსის ქვეშ დაცული კვერცხების მესამედი გადარჩება ხოლმე და დასაბამს აძლევს წილებს, რომლებიც მალევე იზრდებიან.
-
მუნი და მისი გამომწვევი ტკიპა
არანაკლებ საშიშია მუნით დაავადებაც. მისი გამომწვევი ტკიპა შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად შეუმჩნეველია (მდედრი ტკიპას სიგრძე 200-400 მკ-ია). ის ერთ თვემდე ცოცხლობს. ადამიანის კანის, კონკრეტულად ეპიდერმისის რქოვანი შრის ქვეშ ბილიკებს იკვალავს და დღე-ღამეში 2-3 კვერცხს დებს.
ძირითადი სიმპტომები
- ქავილი, რომელიც ძლიერდება საღამოსა და ღამის პერიოდში;
- პოლიმორფიზმი, ანუ სხვადასხვა სახის გამოვლინება (ბუშტუკები, პაპულები, ანუ მშრალი მუწუკები, ჰემორაგიული, ანუ სისხლის შემცველი ფუფხებით დაფარული, ეროზიები - იგივე კანის ზედაპირული დაწყლულება, ვეზიკულები - სითხით სავსე ბუშტუკები და ექსკორიაცია - კანის ნაჭდევები).
მუნის ყველაზე ხშირი გართულებაა პიოდერმია - კანის ჩირქოვანი ანთება და დერმატიტი. მკურნალობა გამომწვევის განადგურებისკენ არის მიმართული, ამისათვის გამოიყენება გოგირდის მალამო, ბენზილბენზოატი და სხვა. აუცილებელია დაავადებულის ტანსაცმლის, თეთრეულის, პირადი მოხმარების სხვა ნივთებისა და ინფექციის კერის დეზინფექცია.