კოღოს ნაკბენს ლეიშმანიოზის გამოწვევა შეუძლია
მოსკიტი, უმთავრესად - მდედრი, საშიში დაავადების, ლეიშმანიოზის, გამომწვევი პარაზიტის გადამტანია. ლეიშმანიოზს ახასიათებს შინაგანი ორგანოების დაზიანება, ცხელება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ანემია, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანება, მათი დაწყლულება და ნაწიბურების წარმოშობა. არსებობს დაავადების ორი ძირითადი ფორმა - ვისცერული (შინაგანი ორგანოების დაზიანებით მიმდინარე) და კანისა. ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მისი ყველაზე აქტიური კერებია ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ირანში, თურქეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და მათთან ერთად საქართველოშიც. ვისცერული ლეიშმანიოზის წყაროსა და რეზერვუარს წარმოადგენენ მაწანწალა ძაღლები, გარეული ცხოველები (ტურა, მელა) და დაავადებული ადამიანები, კანის ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზისას - დაავადებული ადამიანები და ძაღლები, სოფლის ტიპისას კი მღრღნელები. პარაზიტები მრავლდებიან საცხოვრებელი სახლის სარდაფებში, გამოქვაბულებში, ფრინველთა ბუდეებში, კლდის ნაპრალებში. მათი გადამტანი, მდედრი მოსკიტი, თვითონ დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვის დროს ინფიცირდება, ხოლო ჯანმრთელ ადამიანს კბენისას აინფიცირებს.
ვისცერული ლეიშმანიოზის საინკუბაციო პერიოდი ზოგჯერ 20 დღეს გასტანს, ზოგჯერ - წლამდე და მეტხანს, უმეტესად - 3-6 თვეს. ამ პერიოდში ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და არაფერს უჩივის. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ სამ პერიოდს - საწყისს, კლინიკის სრული გაშლისას და კახექსიურს. ზრდასრულ პაციენტებში დაავადება თანდათანობით იწყება, მცირე ასაკის ბავშვებში კი მწვავედ. დაავადების თანდათანობითი დაწყებისას შეინიშნება ზოგადი სისუსტე, უმადობა, სუბფებრილური ტემპერატურა. სიმპტომები თანდათან პროგრესირებს, ტემპერატურა იმატებს და ტალღისებური ხდება. მეორე პერიოდში ანუ კლინიკური გამოვლინების სრული გაშლის დროს ტემპერატურა მაღალია, ხანგრძლივი, დღე-ღამეში შესაძლოა აღირიცხოს 2-3 პიკი (39-40 გრადუსი) 2-3-საათიანი შუალედით. ამ პიკებს თან სდევს ძლიერი შემცივნება და ოფლიანობა. ცხელების პერიოდი 2 კვირიდან 1-2 თვემდე გრძელდება. მას ენაცვლება სხვადასხვა ხანგრძლივობის უსიცხო პერიოდები. შემდეგ ტემპერატურა შესაძლოა ნორმას დაუბრუნდეს, მაგრამ საერთო სისუსტე იმატებს, თავს იჩენს ელენთის გადიდების ნიშნები - დისკომფორტი მუცელში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება, მუცლის ხელით გასინჯვისას შეიგრძნობა გადიდებული ღვიძლი და ელენთა. ეს უკანასკნელი აღწევს მცირე მენჯს და მუცლის ღრუს დიდ ნაწილს იკავებს. გადიდებული ღვიძლი და ელენთა მკვრივია, გლუვზედაპირიანი, პერიფერიული ლიმფური კვანძები (კისრისა, იღლიისა, საზარდულისა) ოდნავ დიდდება, თმა თანდათან თხელდება და მყიფდება, ვითარდება ანემია. თუ ლეიშმანიოზის მეორე პერიოდში სპეციფიკური მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადება პროგრესირებას განაგრძობს. ავადმყოფს მადა ეკარგება და დაავადება გადადის კახექსიურ სტადიაში, რომლის დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნევა მკეთრი გახდომა და შეშუპება. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ღვიძლის ციროზი, ასციტი, მოსალოდნელია სისხლჩაქცევები კანში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცვლილებები შეინიშნება სხვა ორგანოებსა და სისტემებშიც.
მკურნალობის გარეშე პროგნოზი მძიმეა, ლეტალური დასასრულიც კია მოსალოდნელი, დროულად ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობის შემთხვევაში კი დაავადება სავსებით იკურნება. მკურნალობა, სულ ცოტა, 15-20 დღე გრძელდება. 2-3 თვის შემდეგ საჭიროა გამოკვლევა შესაძლო რეციდივის გამოსავლენად. კიდევ ერთი გავრცელებული პროტოზოული დაავადებაა მალარია. იხილეთ ვრცლად