თირკმელში დალექილი "მარილები" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმელში დალექილი "მარილები"

საკვებში მარილის მაღალი შემცველობა არღვევს ნატრიუმის ბალანსს, თირკმლის ფუნქციას, იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და არტერიული წნევის მატებას. მაღალი წნევა, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს თირკმელზე და თუ არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა მისი უკმარისობის მიზეზიც კი გახდეს. გარდა ამისა, საკვებში მარილის მეტისმეტად მაღალი შემცველობა ზრდის შარდში ცილის ოდენობას, რაც თირკმლის ფუნქციას აუარესებს. არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ თირკმლის დაავადებების დროს დიდი რაოდენობით მარილის მიღება ამ ორგანოს ფუნქციას ვნებს.

როგორ მოქმედებს თირკმელზე მარილი

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის შარდით ცილის გამოყოფას და მნიშვნელოვნად აჩქარებს თირკმლის ფუნქციის გაუარესებას თირკმლის ექსპერიმენტული დაავადებების დროს. მარილის მიღების შეზღუდვისას კი თირკმლის დაავადება, პირიქით, ნელა პროგრესირებს. ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმაც ცხადყო, რომ დიდი რაოდენობის მარილის მიღება ზრდის შარდით ცილის გამოყოფას, ეს კი თირკმლისა და გულის დაავადებების აღმოცენების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. სუფრის მარილის დღეში 10-დან 5 გრამამდე შემცირება შარდით ცილის გამოყოფას თითქმის 20%-ით ამცირებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ნაკლებმარილიანი დიეტა თირკმლის დაავადებების დროს. დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის დღე-ღამეში საკმარისია 5 გრამი სუფრის მარილი. ამ ოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს ადამიანი საკვებით იღებს ისე, რომ დამატება არ სჭირდება.

მარილი და თირკმლის კენჭები

საშარდე სისტემის კენჭები საკმაოდ ხშირია. სიცოცხლის განმავლობაში საშარდე სისტემის ამა თუ იმ ნაწილში კონკრემენტების არსებობა დადგენილი აქვს ქალებს 6 და მამაკაცების 12 პროცენტს. თირკმლის ქრონიკული დაავადებების მსგავსად, სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება თირკმლის კენჭების ფორმირებასაც უწყობს ხელს. შარდში კალციუმის კონცენტრაცია, რომელიც თირკმლის კენჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მნიშვნელოვნად იზრდება სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღებისას. შესაბამისად, იმატებს კენჭების ფორმირების რისკიც. კვლევათა წყება ადასტურებს, რომ სუფრის მარილის მიღების შეზღუდვისას ქვეითდება შარდში კალციუმის კონცენტრაცია, რაც ამცირებს კალციუმის შემცველი კენჭების განმეორებითი წარმოქმნის რისკს. ამჟამად ცნობილია, რომ თირკმლის კენჭების მქონე პაციენტთა 80%-ს შარდში მომატებული აქვს კალციუმის კონცენტრაცია. ამავე დროს თირკმლის კენჭების ფორმირება ხშირია მაღალი არტერიული წნევის დროს. მარილის მიღების შეზღუდვის შედეგად მცირდება არა მხოლოდ წნევა, არამედ შარდით კალციუმის გამოყოფა და, ამის კვალობაზე, კენჭების წარმოქმნის რისკიც. დიეტა, რომელიც მაღალი არტერიული წნევის დასაქვეითებლადაა რეკომენდებული, ამავე დროს თირკმლის კენჭების ფორმირების რისკსაც ამცირებს. როცა სუფრის მარილის შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნატრიუმის მიღების შემცირებას.

როგორ შევამციროთ ნატრიუმის მიღება

როგორც ითქვა, ნატრიუმის დიდი ოდენობით მიღება ზრდის თირკმლის კენჭების ფორმირების რისკს. თუ პაციენტს აქვს კალციუმის ოქსალატები ან კალციუმის ფოსფატები, ნატრიუმის მიღება აუცილებლად უნდა შეზღუდოს. ეს რეკომენდებულია მაშინაც, როცა პაციენტი კენჭების საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს. დადგენილია, რომ ნატრიუმის მოხმარება დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2300 მგ-ს. მიღებული ნატრიუმის ოდენობის კონტროლი რომ შევძლოთ, მზა საკვებზე საგანგებოდაა აღნიშნული ნატრიუმის შემცველობა. ამ ელემენტით განსაკუთრებით მდიდარია:

  • ჰოთ დოგი;
  • კონსერვები;
  • გაყინული საკვები;
  • სწრაფი კვების ობიექტების საკვები.

თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ ნატრიუმის ჭარბი მიღება, უარი უნდა ვთქვათ მზა საკვებზე, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია, რომ შეიცავს:

  • მონონატრიუმის გლუტამატს;
  • ნატრიუმის ბიკარბონატს ანუ საკვებ სოდას;
  • საფუარს;
  • დინატრიუმ ფოსფატს;
  • ნატრიუმის ალგინატს;
  • ნატრიუმის ნიტრატს და ნიტრიტს.


რა არის თირკმლის კენჭები

თირკმლის კენჭები არის განსაზღვრული ნივთიერებებისაგან შემდგარი მყარი, შედარებით მოზრდილი ნაწილაკები. ეს ნივთიერებები შარდში მაღალი კონცენტრაციითაა, რაც კენჭების ფორმირებას იწვევს. ისინი ჯანმრთელი ადამიანის შარდშიც გვხვდება, თუმცა შედარებით დაბალი კონცენტრაციით და ხსნად მდგომარეობაში. წარმოქმნილი კენჭი თირკმელშიც შეიძლება დარჩეს და შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში ან შარდსადენშიც გადაადგილდეს. თირკმლის კენჭები სხვადასხვა ზომისაა. ძალიან მცირე ზომის კენჭები შეიძლება შარდთან ერთად თავისთავად გამოიყოს უმტკივნეულოდ ან მცირე ტკივილით. დიდი ზომის კენჭების გადაადგილებას თან ახლავს ტკივილის ძლიერი შეტევა. თუ კენჭმა დაახშო საშარდე გზები, ირღვევა შარდის გამოყოფაც.

რატომ წარმოიქმნება თირკმლის კენჭები

თირკმლის კენჭების წარმოქმნის მიზეზია შარდში კალციუმის, ოქსალატის ან ფოსფორის მაღალი შემცველობა. განსაზღვრულ შემთხვევებში კენჭების წარმოქმნას შესაძლოა ხელი შეუწყოს საკვებმა. ამრიგად, თირკმლის კენჭების ფორმირების რისკი იმატებს, როცა:

  • რაიმე დაავადების გამო შარდში იმატებს დასახელებული მინერალების შემცველობა;
  • პაციენტს აქვს თირკმლის კენჭების ოჯახური ისტორია;
  • სახეზეა საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია;
  • საშარდე გზები ბლოკირებულია;
  • პაციენტს აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის განსაზღვრული (მაგალითად, კრონის) დაავადება.

რისკი იმატებს მაშინაც, როცა პაციენტი არ იღებს საკმარისი რაოდენობის სითხეს ან მკურნალობს განსაზღვრული მედიკამენტებით.

კენჭების სახეები

განასხვავებენ შემდეგი ტიპის კენჭებს:

  • კალციუმიანს. ეს ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ტიპია. გვხვდება ძირითადად ორი - კალციუმის ოქსალატისა და კალციუმის ფოსფატის - ფორმით. კალციუმის ოქსალატის ფორმირების მიზეზია კალციუმისა და ოქსალატის მაღალი კონცენტრაცია შარდში. კალციუმი ჯანსაღი კვების ერთ-ერთი კომპონენტია. კალციუმი, რომელსაც ძვლები და კუნთები ვერ ითვისებს, შარდში გამოიყოფა. უმეტესად ის შარდთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან, თუმცა ზოგჯერ შარდში არსებული კალციუმი სხვა ნივთიერებებს უკავშირდება და უხსნად კრისტალებს წარმოქმნის. კალციუმის ფოსფატის შემცველი კენჭების წარმოქმნას ხელს უწყობს შარდში კალციუმის მაღალი კონცენტრაცია და შარდის ტუტე რეაქცია - მაღალი პH.

შარდმჟავას შემცველი კენჭები ანუ ურატები წარმოიქმნება მაშინ, როცა შარდი დიდი რაოდენობით შარდმჟავას შეიცავს, მისი რეაქცია კი ხანგრძლივადაა მჟავა. რისკი იმატებს, როცა ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს ხორცს, თევზს, საზოგადოდ, პურინებით მდიდარ საკვებს. სტრუვიტული კენჭები თირკმლის ინფექციისას წარმოიქმნება. ცისტინური კენჭები ხშირია მალაბსორბციის სინდრომის (შეწოვის დარღვევის) და გენეტიკური დაავადების - ცისტინურიის დროს.

როგორ ვლინდება თირკმლის კენჭები

საშარდე სისტემაში კენჭების არსებობა ზოგჯერ არავითარ სიმპტომს არ იწვევს და მხოლოდ შემთხვევით გამოავლენენ სხვა მიზეზით ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის დროს. ზოგჯერ ვითარდება თირკმლის ჭვალი ანუ კოლიკა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უეცარი ძლიერი ტკივილი. თავდაპირველად ტკივილი შესაძლოა ლოკალიზებული იყოს ეპიგასტრიუმის არეში, თან ახლდეს მუცლის შებერვის შემაწუხებელი შეგრძნება, შემდეგ კი გადაინაცვლოს წელისკენ, მუცლის ქვედა ნაწილისკენ, საზარდულისკენ, შარდის ბუშტის საპროექციო მიდამოსაკენ. ტკივილს თან ახლავს გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით. ხშირად შარდი იცვლის ფერს - მღვრიეა, ზოგჯერ - წითელი. ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე და მოიხსნას კენჭის გამოყოფის შემდეგ. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორებიცაა:

  • წელისა და მუცლის ქვედა ნაწილის ძლიერი ტკივილი, რომელსაც არ აყუჩებს თქვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებები;
  • სისხლიანი შარდი;
  • ცხელება და შემცივნება;
  • ღებინება;
  • უსიამოვნო სუნის ან მღვრიე შარდი;
  • მტკივნეული შარდვა.

როგორ აღმოვაჩინოთ თირკმლის კენჭები

საშარდე სისტემის კენჭების დიაგნოსტიკისთვის ტარდება პაციენტის სრულყოფილი გასინჯვა, დგინდება მისი ავადმყოფობის ისტორია. ექიმი აგროვებს ინფორმაციას თირკმლის კენჭების მხრივ გენეტიკური დატვირთვის, კვების თავისებურებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების შესახებ. ტარდება შარდის, სისხლის ანალიზები და ექოსკოპიური გამოკვლევა. შარდის ანალიზით გამოვლინდება ინფექციის არსებობა და განსაზღვრულ შემთხვევებში - მცირე ზომის კონკრემენტები. სისხლის ანალიზი ზოგჯერ ავლენს კენჭების ფორმირების მიზეზს. ექოსკოპია და სხვა გამომსახველობითი კვლევები ექიმს ეხმარება კენჭების ზომის, მდებარეობის და ზოგჯერ - მათი წარმოქმნის ხელშემწყობი ანომალიების დადგენაში.

როგორ მკურნალობენ საშარდე სისტემის კენჭებს

საშარდე სისტემის კენჭების მკურნალობა დამოკიდებულია მათ შემადგენლობასა და ზომებზე. მკურნალობა აუცილებელია მაშინ, როცა პაციენტი უჩივის ტკივილს ან კენჭი ახშობს საშარდე სისტემის რომელიმე ნაწილს. მცირე ზომის კენჭებს, წესისამებრ, მკურნალობა არ სჭირდება. შეტევის დროს საჭიროა ტკივილის მოხსნა, რეკომენდებულია დიდი რაოდენობის სითხის მიღება. თუ პაციენტს ღებინების გამო სითხის მიღება არ შეუძლია, ტარდება ინტრავენური გადასხმა. როცა კენჭი დიდია და ახშობს საშარდე ტრაქტს, ხდება მისი მოცილება ან მცირე ფრაგმენტებად დაშლა. ამის გაკეთება შესაძლებელია ლითოტრიფსიით ან ურეთროსკოპიით. ლითოტრიფსიას საფუძვლად უდევს ულტრაბგერის დარტყმითი ზემოქმედება; ურეთროსკოპიის დროს სპეციალური ენდოსკოპიური ხელსაწყო შარდსადენის გავლით შეჰყავთ შარდის ბუშტში და შარდსაწვეთს აღწევენ. კენჭი იშლება ლაზერული ენერგიის ზემოქმედებით. ზოგჯერ ეს დამზოგველი მეთოდები უეფექტოა და საჭირო ხდება კანგავლითი ანუ პერკუტანეური ნეფროლითოტომია: თირკმლის საპროექციო ადგილზე კანი იკვეთება და განაკვეთში თავსდება სპეციალური ხელსაწყო - ნეფროსკოპი, რომლის მეშვეობითაც ხდება კენჭის დაშლა და მოცილება.


შესაძლებელია თუ არა, დიეტის დახმარებით თავიდან ავიცილოთ თირკმლის კენჭების წარმოქმნა?

როგორც აღვნიშნეთ, საშარდე სისტემის კენჭები მაშინ წარმოიქმნება, როცა შარდში იმატებს კალციუმის, ოქსალატის ან ფოსფატის კონცენტრაცია. დიეტა მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ან, პირიქით, თავიდან აგვაცილოს კენჭების ფორმირება. განსაზღვრულმა საკვებმა შესაძლოა განაპირობოს კენჭების წარმოქმნა ამ დაავადებისადმი განწყობილ პირებში, თუმცა მეცნიერები არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ საშარდე სისტემის კენჭების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება მხოლოდ კვება იყოს. გარდა კვებისა, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გენეტიკა, გარემო პირობები, სხეულის წონა, სითხის მიღების რეჟიმი.

აუცილებელია თუ არა კენჭების შემადგენლობის ცოდნა

კენჭების ფორმირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვიცოდეთ მათი წარმოქმნის მიზეზი. ეს დაგვეხმარება, შევარჩიოთ სათანადო დიეტა და თავიდან ავიცილოთ კენჭების შემდგომი ფორმირება. მაგალითად, ოქსალატის მიღების შეზღუდვა თავიდან აგვაცილებს კალციუმის ოქსალატის ფორმირებას, მაგრამ უეფექტოა ურატების პროფილაქტიკის თვალსაზრისით. ზოგიერთი დიეტური რეკომენდაცია კი ყოველგვარი კენჭის მიმართ ეფექტურია. ასეთია, მაგალითად, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რაც იწვევს შარდის განზავებას და აბრკოლებს გამოკრისტალების პროცესს.

როგორ განვსაზღვროთ კენჭების ტიპი

კენჭების შემადგენლობის დასადგენად ტარდება შარდით გამოყოფილი ან უროლოგიური ჩარევის შედეგად მიღებული კენჭის სპეციალური ლაბორატორიული ანალიზი. სისხლისა და შარდის ანალიზითაც შესაძლებელია გამოვლინდეს კალციუმის, ოქსალატის ან ნატრიუმის უჩვეულოდ მაღალი შემცველობა.

დიეტური რეკომენდაციები

განსაზღვრული დიეტური რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ კენჭების ფორმირება. ამისთვის საჭიროა სითხის უხვი მიღება და, კენჭის ქიმიური შენებიდან გამომდინარე, ნატრიუმის, ცხოველური ცილის, კალციუმის ან ოქსალატის შეზღუდვა. საკმაო რაოდენობის წყლის მიღება აუცილებელია ნებისმიერი შენების კენჭების პორფილაქტიკისთვის. ჩვეულებრივ, ეს არის 2-3 ლიტრი წყალი, ხოლო ცისტინური კენჭების შემთხვევაში - მეტიც. საუკეთესო სითხე წყალია, მაგრამ სასარგებლოა ფორთოხლის წვენიც, ვინაიდან შეიცავს ციტრატს და აფერხებს კრისტალიზაციას.  (ბუნებრივია, იგულისხმება, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს სხვა დაავადება, რომლის დროსაც სითხით ორგანიზმის დატვირთვა უკუნაჩვენებია). საერთო ჯამში, პაციენტმა წყალი და სხვა სითხეები იმ რაოდენობით უნდა მიიღოს, რომ, სულ ცოტა, 2 ლიტრი შარდი გამოყოს. ეს მოცულობა პირობითია - იგი დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, ადამიანის ფიზიკურ დატვირთვაზე.

როგორ მოქმედებს ცხოველური ცილა კენჭების ფორმირებაზე

ხორცი და ცხოველური ცილის სხვა წყაროები, მაგალითად, კვერცხი, თევზი, შეიცავს პურინებს. ეს ნივთიერებები იშლება ორგანიზმში და შარდთან ერთად შარდმჟავას სახით გამოიყოფა. ამიტომ, როცა პაციენტს აქვს ურატები - შარდმჟავას შემცველი კენჭები, ხორცის დღიური ულუფა 170 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. პურინებით განსაკუთრებით მდიდარია ღვიძლი. გარდა ამისა, ცხოველური ცილა ხელს უწყობს კალციუმიანი კენჭების ფორმირებასაც. ამის მიზეზი შარდში კალციუმის გამოყოფის ზრდა და კენჭების წარმოქმნის შემაფერხებელი ნივთიერების, ციტრატის, გამოყოფის შემცირებაა.

კალციუმის როლი

საკვებში კალციუმის მაღალი შემცველობა არ ზრდის კალციუმის ოქსალატის შემცველი კენჭების ფორმირების რისკს. პირიქით, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კალციუმი უკავშირდება საკვებში არსებულ ოქსალატებს და აფერხებს სისხლში მათ შეწოვას. ამის კვალობაზე, მცირდება შარდით მათი გამოყოფა. თუ პაციენტს კალციუმის ოქსალატების კენჭები აქვს, მისი დღიური ულუფა 800 მგ კალციუმს უნდა შეიცავდეს. ეს აუცილებელია არა მარტო კენჭების ფორმირების თავიდან ასაცილებლად, არამედ ძვლების მინერალური სიმკვრივის შესანარჩუნებლადაც. ერთი ჭიქა რძე 300 მგ კალციუმს შეიცავს. კალციუმით მდიდარია იოგურტიც. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, ზოგიერთი კვლევის თანახმად, კალციუმის სპეციალური დანამატები ზრდის კალციუმის ოქსალატების ფორმირების რისკს.

ოქსალატების გავლენა კენჭების წარმოქმნაზე

შარდით გამოყოფილი ოქსალატის ნაწილი ორგანიზმში სინთეზდება, თუმცა ოქსალატებით მდიდარი საკვები ზრდის შარდით მის გამოყოფას. კალციუმთან მისი შეკავშირებით წარმოიქმნება კალციუმის ოქსალატიანი კენჭები. შარდში ოქსალატების შემცველობას ზრდის:

  • ისპანახი;
  • რევანდი;
  • თხილი;
  • ხორბლის ქატო.

უნდა გვახსოვდეს, რომ...

კენჭების ფორმირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • 2-3 ლიტრი წყლის მიღება; ნ ნატრიუმის შეზღუდვა; ნ ცხოველური ცილის შემცირება; ნ კალციუმით მდიდარი საკვები; ნ ოქსალატური კენჭების არსებობისას - ოქსალატებით მდიდარ საკვებზე უარის თქმა.