გულის კუნთის დაზიანება: მიზეზები და მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის კუნთის დაზიანება: მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

როდის ზიანდება გულის კუნთი, როგორ ვლინდება დაზიანება და რა მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა გულის კუნთის დაავადებების სამკურნალოდ? ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს ექიმი კარდიოლოგი ნინო რიგიშვილი უპასუხებს.

- საუბარს მარტივი და ამავე დროს რთული შეკითხვით დავიწყებთ: რა შემთხვევაში ზიანდება გულის კუნთი?

- გულის კუნთის დაზიანება შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის თითქმის ყველა დაავადებამ გამოიწვიოს. გულის კუნთში პათოლოგიური ცვლილებები აღმოცენდება გულის მანკის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების დროს. მიოკარდიუმის ინფარქტის - გულის იშემიური დაავადების მწვავე ფორმის - დროს ვითარდება გულის კუნთის ნეკროზი. ჩამოთვლილ შემთხვევებში გულის კუნთის დაზიანება მეორეულია; გულის მანკის შემთხვევაში ეს არის წნევით ან სისხლის ჭარბი მოცულობით გულის გადატვირთვის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს - წნევით, ხოლო გულის იშემიური დაავადების დროს - გვირგვინოვანი სისხლძარღვებით გულის სისხლით მომარაგების დაქვეითების შედეგი.

გულის კუნთის დაზიანების თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა კარდიომიოპათია - დაავადება, რომლის დროსაც გულის კუნთი პირველად დაზიანებას განიცდის. დაავადებას ახასიათებს პროგრესირებადი მიმდინარეობა, გულის ღრუების ანომალიური დილატაცია (გაფართოება), კუნთის ჰიპერტროფია (გასქელება) ან მისი ელასტიკურობის მკვეთრი დაქვეითება.

ამ ცვლილებების მიხედვით განასხვავებენ კარდიომიოპათიის 3 სახეს - დილატაციურს, ჰიპერტროფიულსა და რესტრიქციულს. დაავადების საბოლოო შედეგია გულის როგორც სისხლის ტუმბოს ფუნქციის დაქვეითება და გულის უკმარისობის განვითარება. გარდა ამისა, დაავადების დროს ხშირია გულის რიტმის დარღვევა - სხვადასხვა ტიპის არითმიის აღმოცენება.

- რა არის დილატაციური კარდიომიოპათია, რა პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება ამ დროს?

- დილატაციური კარდიომიოპათია კარდიომიოპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირად საშუალო ასაკში იჩენს თავს, უფრო მეტად - მამაკაცებს შორის. ზოგჯერ დაავადებას ოჯახური ხასიათი აქვს.

დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის ღრუები, უმთავრესად კი მარცხენა პარკუჭი, გაფართოებული ანუ დილატირებულია. მარცხენა პარკუჭს გადამწყვეტი როლი ეკისრება გულის შეკუმშვისას სისხლის გადატყორცნაში, რის გამოც დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის როგორც სისხლის ტუმბოს ფუნქცია შესუსტებულია, ორგანოებისთვის სისხლის მიწოდება დაქვეითებულია.

დილატაციური კარდიომიოპათია გულის უკმარისობის ხშირი მიზეზია. ზემოხსენებულ ცვლილებებთან ერთად ვითარდება გულის რიტმის დარღვევა - არითმია. გულის ღრუს მკვეთრი გაფართოებისა და სისხლის დინების დარღვევის გამო გულში ყალიბდება თრომბი, რაც ზოგჯერ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, ფილტვის ინფარქტის ან თავის ტვინის ინსულტის მიზეზად იქცევა. მოსალოდნელია უეცარი სიკვდილი არითმიის ან თრომბოზის შედეგად.

გულის ღრუების მკვეთრი დილატაცია იწვევს მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებას, რასაც მოსდევს სისხლის ნაკადის წინაგულისკენ უკუდენა. ეს უფრო მეტად აძნელებს გულის მუშაობას და ამძიმებს გულის უკმარისობას.

- რით ხასიათდება ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია?

- ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ვითარდება გულის კუნთის ანომალიური გასქელება - ჰიპერტროფია. ეს ცვლილება უპირატესად მარცხენა პარკუჭის კუნთსა და პარკუჭთაშუა ძგიდეს მოიცავს. ჰიპერტროფიის შედეგად პარკუჭის კედელი კარგავს ელასტიკურობას, ხოლო პარკუჭის ღრუს მოცულობა მცირდება, რაც საბოლოოდ ართულებს გულის შეკუმშვას, ამცირებს ორგანიზმის სისხლით მომარაგებას. გარდა ამისა, იცვლება გულის ელექტრული აქტივობა, რაც ზრდის არითმიის აღმოცენების რისკს.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა ბავშვობის ასაკში დაწყებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. დაავადების სიხშირე ორივე სქესის პირებს შორის თანაბარია. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია სხვადასხვა სიმძიმისაა. დაავადებულთა უმრავლესობას, დაახლოებით 70%-ს, აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ის ფორმა, რომლის დროსაც გასქელებული, ჰიპერტროფირებული პარკუჭთაშუა ძგიდე ახშობს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას აორტისკენ მიმართულ სისხლის ნაკადს. დაავადების ამ ფორმას უწოდებენ ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქციით ან ჰიპერტროფიულ ობსტრუქციულ კარდიომიოპათიას.

- რა ნიშნები ახასიათებს რესტრიქციულ კარდიომიოპათიას?

- რესტრიქციული კარდიომიოპათიის დროს იცვლება გულის კუნთის თვისებები - ის ხდება რიგიდული, ნაკლებად ელასტიკური, რაც საკმაოდ ართულებს გულის მარცხენა პარკუჭის სისხლით ავსებას დიასტოლისას - მაშინ, როცა პარკუჭი დუნდება და სისხლი წინაგულიდან ჩამოედინება. გულის უკმარისობის აღმოცენებისას ეს თავისებურება განაპირობებს შეგუბებას უპირატესად სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში. პაციენტებს უშუპდებათ ქვედა კიდურები, სითხის დაგროვების გამო ეზრდებათ მუცელი.

რესტრიქციული კარდიომიოპათიის შემთხვევები ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა უმეტესად ხანშიშესულებს ემართებათ.


- რა შეიძლება იქცეს გულის კუნთის ასეთი ცვლილებების მიზეზად?

- კარდიომიოპათიის მიზეზი, განურჩევლად იმისა, დილატაციური იქნება ის, ჰიპერტროფიული თუ რესტრიქციული, ხშირად უცნობია. ასეთ დროს ვსაუბრობთ იდიოპათიურ კარდიომიოპათიაზე. რიგ შემთხვევაში კი კარდიომიოპათიის გამომწვევი ფაქტორის დადგენა შესაძლებელია. მაგალითად, დადგენილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათიის მრავალი შემთხვევა იდიოპათიურია. ამავე დროს აღმოჩენილია გენები, რომლებიც ამ დაავადებასთან არის ასოცირებული. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება.

ცნობილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათიის რისკ-ფაქტორებია მაღალი არტერიული წნევა, თუ ის პაციენტს დიდხანს აღენიშნება, გულის სარქვლოვანი პათოლოგიები (მანკები), გულის კუნთის დაზიანება იშემიის გამო გვირგვინოვანი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროების შედეგად, ხანგრძლივი ტაქიკარდია, მეტაბოლიზმის ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი და თირეოტოქსიკოზი, აუცილებელი ვიტამინებისა (მაგალითად, B1-ის) და მინერალების (სელენის, კალციუმის, მაგნიუმის) დეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი მიღება წლების განმავლობაში, კოკაინი, ზოგიერთი მედიკამენტი, ქიმიოთერაპიული საშუალებები, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, რომლებიც მიოკარდიტის შედეგად კარდიომიოპათიას იწვევს, ჰემოქრომატოზი - რკინის ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება, ზოგიერთი ნერვკუნთოვანი დაავადება.

ზოგჯერ დილატაციური კარდიომიოპათია ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში ან ლოგინობის ხანაში ვითარდება.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულთა დიდ ნაწილს აქვს ამ პათოლოგიის ოჯახური ისტორია. ცნობილია, რომ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ასოცირებულია განსაზღვრულ გენეტიკურ დარღვევასთან, გენების მუტაციასთან. დადგენილია, რომ თუ მშობელს აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, ამ დაავადების განვითარების რისკი იზრდება.

რესტრიქციული კარდიომიოპათია, რომელიც კარდიომიოპათიის ყველაზე იშვიათია ფორმაა, უმეტესად იდიოპათიურია - უცნობი მიზეზით არის გამოწვეული. ამავე დროს, ცნობილია, რომ მოსალოდნელია რესტრიქციული კარდიომიოპათიის განვითარება ამილოიდოზის (ორგანიზმში პათოლოგიური ცილა ამილოიდის დაგროვებით მიმდინარე დაავადება), ჰემოქრომატოზის, გლიკოგენის ცვლის დარღვევის, სიმსივნის დროს, სხვადასხვა ალერგიული დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ეოზინოფილური ინფილტრაციის დროს, რადიაციის ზემოქმედების შედეგად.

- რას უჩივიან პაციენტები კარდიომიოპათიის დროს?

- კარდიომიოპათიის კლინიკური ნიშნები უმეტესად მანამდე არ იჩენს თავს, სანამ არ აღმოცენდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს ქოშინი როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ასევე მოსვენებისას, ქვედა კიდურების შეშუპება, შორსწასულ შემთხვევებში - მუცლის ზრდა სითხის დაგროვების გამო, გულის ფრიალი ან გულის არარეგულარული მუშაობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა.

განურჩევლად კარდიომიოპათიის ფორმისა, აღნიშნული სიმპტომები მკურნალობის გარეშე სწრაფად პროგრესირებს. ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს არითმიისთვის დამახასიათებელი ჩივილები. ობსტრუქციული კარდიომიოპათიის დროს პაციენტები ხშირად უჩივიან თავბრუხვევას, გულის წასვლის შეგრძნებას, რომელიც ფიზიკური დაძაბვისას ძლიერდება.

ჩივილებიდან საყურადღებოა გულის რიტმის დარღვევის ეპიზოდები. მკვეთრად ჰიპერტროფირებული გულის კუნთის სისხლმომარაგების დაქვეითების გამო პაციენტები ხშირად უჩივიან ტკივილს გულის არეში, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა დაავადება პირდაპირ გულის უკმარისობით, არითმიით ან უეცარი კარდიული სიკვდილით ვლინდება.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია უმეტესად გულის უკმარისობით ან გულის რიტმის დარღვევით რთულდება, რომლებიც საკმაოდ მძიმე, ზოგჯერ საბედისწერო გართულებები გახლავთ. არის შემთხვევები, როცა არითმია უეცარ კარდიულ სიკვდილს იწვევს. 30 წლამდე უეცარი კარდიული სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სწორედ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიაა. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის გართულებაა გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქციაც, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. კლინიკურად ობსტრუქცია ვლინდება ქოშინით ფიზიკური დატვირთვისას, თავბრუხვევით, გულის წასვლის შეგრძნებით.


- რა პრინციპით ტარდება კარდიომიოპათიების დიაგნოსტიკა?

- პაციენტის ჩივილებისა და მისი გასინჯვის საფუძველზე ექიმი ვარაუდობს გულის დაავადების არსებობას. ინიშნება ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, გულმკერდის რენტგენოგრაფია. ელექტროკარდიოგრაფია საშუალებას გვაძლევს, დოკუმენტურად დავადასტუროთ გულის რიტმის დარღვევა და სხვა ცვლილებები.

კარდიომიოპათიის დროს მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მეთოდია ექოკარდიოსკოპია. დილატაციური კარდიომიოპათიის შემთხვევაში მისი მეშვეობით ვავლენთ გულის ღრუების დილატაციას, გულის კუმშვადობის დაქვეითებას, გულის სარქველთა ნაკლოვანებას, გულში არსებულ თრომბოზს.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ექოკარდიოსკოპია საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ძგიდის ჰიპერტროფია, გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია და მისი ხარისხი, სარქვლების მდგომარეობა. ზუსტი მონაცემების მისაღებად შესაძლოა დაინიშნოს ტრანსთორაკალური ექოკარდიოსკოპია (მცირე ზომის ტრანსდუსერი თავსდება საყლაპავში).

გულის რიტმის დარღვევის დიაგნოსტიკისთვის ტარდება ელექტროკარდიოგრაფია. ამ დროს ელექტროკარდიოგრაფია ხშირად ავლენს ცვლილებებს, რომლებიც ტიპობრივია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტისთვის, თუმცა პაციენტები აღნიშნავენ, რომ ინფარქტი არასოდეს ჰქონიათ. რიგ შემთხვევაში საჭიროა ჰოლტერის მონიტორირება - 24 საათის განმავლობაში ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა სპეციალური აპარატურის მეშვეობით ისე, რომ პაციენტის ცხოვრების ჩვეული რიტმი არ დაირღვეს. ზოგჯერ საჭიროა დამატებითი გამოკვლევებიც. ზემოთ ჩამოთვლილ კვლევებს ეფუძნება რესტრიქციული კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკაც.

მართალია, გულმკერდის რენტგენოგრაფია უშუალოდ კარდიომიოპათიის სადიაგნოზო მეთოდი არ არის, მაგრამ ის საშუალებას გვაძლევს, დილატაციური კარდიომიოპათიის დროს დავადგინოთ გულის ზომების მატება, გარდა ამისა, გამოვავლინოთ გულის უკმარისობით გამოწვეული შეგუბებითი ცვლილებები ფილტვებში, სითხის დაგროვება პლევრის ღრუში ან ფილტვის ინფარქტისთვის დამახასიათებელი სურათი.

- ბუნებრივია, გულის კუნთის დაზიანებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მიოკარდიტს. რა დაავადებაა ეს და როდის აღმოცენდება?

- მიოკარდიტი გულის კუნთოვანი შრის - მიოკარდიუმის ანთებაა. ის უმეტესად პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს ემართებათ. მიოკარდიტი სხვადასხვა სიმძიმისაა. დაავადებას ახასიათებს არითმია, გულის უკმარისობის განვითარება და მისი სწრაფი პროგრესირება. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა აღნიშნული გართულებები პაციენტისათვის საბედისწერო ხდება. მიოკარდიტის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში იდიოპათიურ მიოკარდიტზე საუბრობენ. ცხადია, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მიოკარდიუმის ანთების მიზეზი ცნობილია. ამ მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ იდიოპათიური მიოკარდიტის გამომწვევიც ვირუსული ინფექციაა, თუმცა მისი დადგენა-დიაგნოსტირება ვერ ხერხდება. მიოკარდიტს იწვევს ენტეროვირუსი, კოქსაკის ვირუსი, ადენოვირუსი, მკითხველისთვის კარგად ცნობილი ისეთი დაავადებების გამომწვევი ვირუსები, როგორიც არის გრიპი, ყბაყურა, წითურა, ჩუტყვავილა, ჰერპესი. მიოკარდიტი ასევე შეიძლება დაერთოს ისეთ ინფექციურ დაავადებებს, როგორიც არის დიფტერია, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, სიფილისი, ლეპტოსპიროზი, ბორელიოზი.

გამორიცხული არ არის მიოკარდიტის აღმოცენება სოკოვანი ინფექციის (კანდიდოზი, ასპერგილოზი და სხვა), პარაზიტული ინვაზიის (ტრიქინელოზი, ექინოკოკოზი და სხვა), ზოგიერთი უმარტივესით გამოწვეული დაავადებების დროს.

ზოგჯერ მიოკარდიტი ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებისას აღმოცენდება. ამ შემთხვევაში მისი უმთავრესი მიზეზია ჰიპერმგრძნობელობა (მომატებული მგრძნობელობა) მიღებული წამლის მიმართ. ასეთ რეაქციას იწვევს ქიმიათერაპიული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, წნევის დამწევი, ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება.

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, მიოკარდიტის აღმოცენება შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი ქიმიური (ტყვია, დარიშხანი, ფოსფორი, ვერცხლისწყალი, კობალტი) და ფიზიკური (რადიაცია, სითბური დაკვრა ან სხეულის გადაცივება) ფაქტორის ზემოქმედებამ.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ მიოკარდიტის იმ შემთხვევებზე, რომლებიც თავს იჩენს რევმატიზმისა და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე, ეგრეთ წოდებული რევმატული დაავადებების დროს. მათ შორის აღსანიშნავია მკითხველისთვის კარგად ცნობილი დაავადებები - სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია. შესაძლოა მიოკარდიტის აღმოცენება თირეოტოქსიკოზის შემთხვევაშიც. დასახელებულმა ფაქტორებმა შესაძლოა უშუალო ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს გულის კუნთზე, შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილება იმუნურ სისტემაში, რაც შემდგომ მიოკარდიუმის ანთებითი დაზიანების მიზეზად იქცევა.

- როგორ ვლინდება კლინიკურად მიოკარდიტი, რას ემყარება დაავადების დიაგნოსტიკა?

- პაციენტები ხშირად უჩივიან ზომიერად ინტენსიურ ტკივილს გულის არეში. ტკივილი, წესისამებრ, თანმხლები პერიკარდიტის (პერიკარდიუმის ფურცლების ანთების) შედეგია. არცთუ იშვიათად ასეთ ტკივილს გულის იშემიური დაავადების - სტენოკარდიის, ზოგჯერ კი მწვავე კორონარული სინდრომის გამოვლინებად მიიჩნევენ, თუმცა ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ დაავადების კლინიკური სურათი ხშირად უყალიბდება პაციენტს, რომელსაც არ აღენიშნება გულის იშემიური დაავადების რისკფაქტორები.

ტკივილთან ერთად პაციენტები უჩივიან ტემპერატურის მომატებას, ოფლიანობას, შემცივნებას, ქოშინს, ტაქიკარდიას. ხშირია გულის რიტმის დარღვევა - არითმია. არ არის გამორიცხული სიცოცხლისთვის საშიში არითმიის აღმოცენება და უეცარი სიკვდილი. მოგეხსენებათ, ამა თუ იმ ორგანოს ანთება ამ ორგანოს ფუნქციის დარღვევას იწვევს.

მიოკარდიტსაც გულის კუნთის ფუნქციის დაქვეითება მოსდევს, რის გამოც დაავადებამ შესაძლოა გულის უკმარისობის სიმპტომებით (დაღლილობა და ქოშინი ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას, ქვედა კიდურების შეშუპება) იჩინოს თავი. როგორც აღვნიშნეთ, ეს სიმპტომები ხშირად უეცრად ვითარდება - პაციენტს ადრე გულის დაავადება არ ჰქონია.

ვირუსული მიოკარდიტის დროს მიოკარდიტისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, წესისამებრ, 1-2 კვირით უსწრებს გრიპისმაგვარი სიმპტომები - ცხელება, სახსრების ტკივილი, ფარინგიტი, ანგინა ან სურდო. რევმატული მიოკარდიტის დროს, ბუნებრივია, აღინიშნება რევმატიზმის კლინიკური სურათი. ძირითადი დაავადების კლინიკური ნიშნები იპყრობს ექიმის ყურადღებას სხვა რევმატული პათოლოგიების ფონზე აღმოცენებული მიოკარდიტის დროსაც. როგორც ყველა სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიის დროს, მიოკარდიტის შემთხვევაშიც გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილების არსებობისას გამოკვლევა ელექტროკარდიოგრაფიით იწყება. ის უმეტესად არასპეციფიკურ ცვლილებებს - ტაქიკარდიას, არითმიას, ბლოკადას ავლენს. "არასპეციფიკური" იმას ნიშნავს, რომ კარდიოგრაფიით გამოვლენილი ცვლილებები მხოლოდ მიოკარდიტისთვის კი არ არის დამახასიათებელი, არამედ გულის სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება შეგვხვდეს.

როგორც ვთქვით, მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა. სხვა ანთებითი დაავადებების მსგავსად, ამ დროსაც სისხლის საერთო ანალიზი ანთებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს ავლენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისხლში მიოკარდიუმისთვის სპეციფიკური ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა - მათი აქტივობა მომატებულია. ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები იმ დაავადებათა გამოსავლენად, რომლებიც მიოკარდიტს იწვევს.

მნიშვნელოვანია ექოკარდიოსკოპიით მიღებული მონაცემები. აღნიშნული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, გამოვრიცხოთ გულის ის დაავადებები, რომლებიც შეიძლება გულის უკმარისობის მიზეზი იყოს, დავაზუსტოთ გულის ფუნქციის დარღვევის ხარისხი, დავადგინოთ პერიკარდიუმის ღრუში სითხის არსებობა, რაც არცთუ იშვიათად თან სდევს მიოკარდიტს.

მკურნალობის პროცესში ექოკარდიოსკოპიული გამოკვლევა განმეორებით ტარდება, რათა დავაკვირდეთ გულის მდგომარეობის დინამიკას. რიგ შემთხვევაში, განსაზღვრული ჩვენების არსებობისას, შესაძლოა დაგვჭირდეს სხვა კვლევებიც.


- როგორია მიოკარდიტებისა და კარდიომიოპათიების მკურნალობის პრინციპი?

- მიოკარდიტის მკურნალობა უმთავრესად გულის კუნთის ანთების შედეგად აღმოცენებული არითმიისა და გულის უკმარისობის მკურნალობას გულისხმობს. გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება შარდმდენები, პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები, აგფ-ინჰიბიტორები. მძიმე უკმარისობისას შესაძლოა დაგვჭირდეს პრეპარატები, რომლებიც გულის შეკუმშვას აუმჯობესებს. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მიოკარდიტის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება, ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციების, სისტემური დაავადებების მკურნალობა. ამ მიზნით მიოკარდიტით დაავადებულს ხშირად ერთდროულად მკურნალობენ კარდიოლოგი და რევმატოლოგი ან კარდიოლოგი და ინფექციონისტი.

მკურნალობისას მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობის შემცირება, გულის უკმარისობის შემთხვევაში - სითხისა და სუფრის მარილის შეზღუდვა. მიოკარდიტგადატანილი პაციენტი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თავდაპირველად კვლევები ტარდება 1-3-თვიანი ინტერვალით, ნელ-ნელა იზრდება ფიზიკური აქტივობა.

მწვავე მიოკარდიტი უმეტესად პაციენტის გაჯანსაღებით მთავრდება. არის შემთხვევები, როცა მიოკარდიტი დილატაციური კარდიომიოპათიის აღმოცენების მიზეზად იქცევა. არც ის არის გამორიცხული, მიოკარდიტის შედეგად წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობა სრულიად დაირღვეს (სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა). ამ შემთხვევაში საჭირო ხდება გულის რიტმის წამყვანის - პეისმეიკერის იმპლანტაცია.

ყოველგვარი ტიპის კარდიომიოპათიის მკურნალობის მიზანია გულის უკმარისობის სიმპტომების შემცირება, მისი პროგრესირების შეჩერება და გართულებათა პროფილაქტიკა. მკურნალობის ტაქტიკა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კარდიომიოპათიის ტიპზეა დამოკიდებული.

დილატაციური კარდიომიოპათიის დროს მიზანშეწონილია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების გამოყენება. ეს პრეპარატები აუმჯობესებენ გულის კუმშვის ფუნქციას, ახდენენ გულის უკმარისობის პროფილაქტიკას, ახანგრძლივებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. გარდა ამისა, ამ ჯგუფის პრეპარატებს შესწევთ სისხლძარღვების გაფართოების, წნევისა და გულის დატვირთვის შემცირების უნარი.

ინიშნება ბეტა-ბლოკერებიც. ამ ჯგუფის პრეპარატები ამცირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს, აქვეითებენ არტერიულ წნევას და აუმჯობესებენ გულის ფუნქციას.

გარდა ამისა, გამოიყენება შარდმდენები, საგულე გლიკოზიდები. ანტიკოაგულანტების დანიშვნა თავიდან გვაცილებს თრომბის ფორმირებას.

ჩამოთვლილი პრეპარატები უმეტესად კომბინირებულად (ერთდროულად ორი ან მეტი მედიკამენტი) ინიშნება. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ზოგჯერ მიზანშეწონილია სპეციალური პეისმეიკერის იმპლანტაცია, რომელიც ახდენს მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების შეკუმშვათა კოორდინაციას - უზრუნველყოფს მათ ერთდროულ შეკუმშვას.

თუ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში არითმიის რისკი, ტარდება ანტიარითმიული მედიკამენტური მკურნალობა ან ხდება სპეციალური კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია. ეს არის ასანთის კოლოფისოდენა მოწყობილობა, რომელიც გულმკერდის კედელში იმპლანტირდება (ინერგება) და რიტმის დარღვევისას ელექტრული იმპულსის მეშვეობით აღადგენს ნორმალურ გულისცემას. ასეთი ჩარევა რეკომენდებულია, როცა მაღალია სიცოცხლისთვის საშიში არითმიის აღმოცენების ალბათობა. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია თავიდან აგვაცილებს სიკვდილს არითმიის გამო.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს მიზანშეწონილია დაინიშნოს ბეტა-ბლოკერები ან კალციუმის ანტაგონისტები, რომლებიც ამცირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ახდენენ რიტმის სტაბილიზაციას. გამოიყენება ანტიარითმიული პრეპარატებიც. შესაძლოა საჭირო გახდეს პეისმეიკერის ან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია. უკანასკნელი ჩარევა რეკომენდებულია, თუ პაციენტს ჰქონდა გულის რიტმის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის გამო უეცარი კარდიული სიკვდილით გარდაიცვალა.

ზოგჯერ, როცა მარცხენა პარკუჭი ძლიერ არის ჰიპერტროფირებული, ტარდება ქირურგიული ჩარევა ჰიპერტროფირებული კუნთის ნაწილის მოკვეთის მიზნით. რესტრიქციული კარდიომიოპათიის მკურნალობისას ძალისხმევა მიმართულია დაავადების სიმპტომების შემცირებისკენ. რეკომენდებულია მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ზედმიწევნითი კონტროლი. ორგანიზმში სითხის შეკავებისას ინიშნება შარდმდენები. აუცილებელია არტერიული წნევისა და გულის რიტმის კონტროლი სათანადო პრეპარატებით.

კარდიომიოპათიის ამ ფორმის მკურნალობა რთულია, ვინაიდან ხშირია მიდრეკილება წნევის დაქვეითებისკენ. მოციმციმე არითმიის აღმოცენებისას ინიშნება ანტიკოაგულანტები. როცა რესტრიქციული კარდიომიოპათია რომელიმე დაავადების (ამილოიდოზის, ჰემოქრომატოზის, ალერგიული დაავადების) ფონზე აღმოცენდება, მნიშვნელოვანია ამ პათოლოგიის მკურნალობაც. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

განვითარებულ ქვეყნებში კარდიომიოპათია გულის გადანერგვის ხშირი მიზეზია. ყოველგვარი კარდიომიოპათიის მკურნალობა, აუცილებელი მედიკამენტების შერჩევა ხდება ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

- როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გულის კუნთის დაავადებების პროგრესირება?

- განსაზღვრულ რეკომენდაციათა დაცვით შეგვიძლია მინიმუმამდე შევამციროთ დაავადებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ამისათვის აუცილებელია:

  • ექიმის რეგულარული კონტროლი და მისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება;
  • თამბაქოსთვის თავის დანებება;
  • ალკოჰოლიანი სასმელებისთვის თავის დანებება;
  • ჯანსაღი კვება;
  • ნორმალური წონის შენარჩუნება.

სამწუხაროდ, ვერ უარვყოფთ, რომ მიოკარდიტი და კარდიომიოპათია საკმაოდ მძიმე დაავადებებია. მათი მკურნალობა იოლი არ არის, მაგრამ დროული დიაგნოსტიკა და კარდიოლოგიის თანამედროვე მიღწევები საშუალებას გვაძლევს, პაციენტს სრულფასოვანი სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ.