თვალის, ცხვირისა და ყურის მიკოზები
* თვალის სოკოვანი დაზიანება - ოკულომიკოზი
თუ 30-40 წლის წინათ ოკულომიკოზი საკმაოდ იშვიათ პათოლოგიად მიიჩნეოდა, ბოლო ხანს ის დღითი დღე ხშირდება. სოკოვანმა პათოლოგიამ შესაძლოა დააზიანოს თვალის ნებისმიერი ნაწილი, მათ შორის - ქუთუთო, კონიუნქტივა, საცრემლე აპარატი, თვალის კაკალი, თვალის კაკლის ორგანოები - რქოვანა, სკლერა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსი, ბადურა, მინისებრი სხეული და თვალის ნერვიც კი.
თვალის მიკოზების გახშირებას სპეციალისტები ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, ორგანიზმის იმუნური ძალების დაქვეითებას და ინფექციური პროცესების გააქტიურებას უკავშირებენ.
ოკულომიკოზის ფორმებია:
- ქუთუთოების მიკოზი - სოკოვანი ბლეფარიტი;
- საცრემლე ორგანოთა მიკოზი;
- კონიუნქტივის მიკოზი;
- რქოვანა გარსის მიკოზი - სოკოვანი კერატიტი, კერატომიკოზი;
- სისხლძარღვოვანი გარსის მიკოზი - სოკოვანი უვეიტი;
- სოკოვანი ენდოფთალმიტი.
ოკულომიკოზის განვითარება ყველაზე ხშირად ობისა და საფუარის სოკოების დამსახურებაა.
ოკულომიკოზს ახასიათებს:
- ცრემლდენა;
- ქავილი;
- წვის შეგრძნება;
- მოთეთრო-მოყავისფრო გამონადენი თვალიდან;
- მხედველობის დაქვეითება.
მკურნალობა გამომწვევი მიზეზის მიხედვით ტარდება.
რჩევები
- ალერგიული ბუნების ქავილის შესამცირებლად თვალში სპეციალური წამლების შემცველი წვეთების ჩაწვეთებაა საჭირო. დროებითი შვების მომგვრელია თვალის ცივი სველი კომპრესები;
- გამონადენით დაფარული თვალის გაწმენდა სველი ბამბის ტამპონით უნდა სცადოთ.
ოკულომიკოზით გამოწვეული კონიუნქტივიტებისა და ბლეფარიტების მკურნალობა ოფთალმოლოგის კომპეტენციაა.
* ცხვირის სოკოვანი დაზიანება - რინომიკოზი
ცხვირის მიკოზისთვის დამახასიათებელია ქავილი, ხშირი ცემინება, ლორწოვანი ან მოყავისფრო გამონადენი. გამონადენის ფერი პათოლოგიური პროცესის გამომწვევისა და გავრცელების მიხედვით იცვლება.
გირჩევთ
- თუ ცხვირის ქავილს ერთვის სუნთქვის გაძნელება და სურდო, რეკომენდებულია სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება, რომლებიც უმჯობესია მიიღოთ სპრეის სახით, ვიდრე წვეთებისა;
- შედეგიანია ცხვირის ღრუს სხვადასხვა ხსნარით გამორეცხვა;
- სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას უმჯობესია, ისინი რომელიმე თანამედროვე ანტიალერგიულ მედიკამენტთან ერთად მიიღოთ.
თუ ეს ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სპეციალისტს, რათა თვითმკურნალობამ ნეგატიური შედეგი არ გამოიღოს.
* ყურის სოკოვანი დაზიანება - ოტომიკოზი
ცხვირის სოკოვანი დაზიანება უმეტესად გარეთა სასმენი მილის მიკოზს უკავშირდება. მიკოზებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ამ შემთხვევაშიც იჩენს თავს. ესენია:
- ყურის ქავილი. ზოგჯერ იგი იმდენად ძლიერია, რომ მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს;
- უსიამოვნოსუნიანი გამონადენი ყურიდან;
- ყურის დაგუბება;
- სმენის პერიოდული დაქვეითება.
გირჩევთ
- გამონადენის არსებობისას ნუ ეცდებით ყურის გამოწმენდას ჩვეულებრივზე უფრო გრძელი და უხეში საგნით - ამით პრობლემას უფრო მეტად გაამწვავებთ.
- ჩაიწვეთეთ ორივე ყურში 2-2 წვეთი ნუშის, ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი - ეს მყისიერად გააქრობს ქავილის შეგრძნებას;
- დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოსადევნად თბილი წყლით გამოირეცხეთ სასმენი მილი ან ყურში 1:1 თანაფარდობის სპირტის წყალხსნარი ჩაიწვეთეთ და რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, რომ მიკრობები ზედაპირზე ამოვიდნენ, მერე კი ყური გამოიწმინდეთ;
- გოგირდის პატარა საცობის მოცილება ყურზე ცხელი წყლით სავსე ბოთლის მიდებით შეიძლება - ასეთი სათბურა არბილებს და ადვილად მოსაცილებელს ხდის საცობს, მაგრამ გოგირდოვანი სეკრეტისგან ყურის მთლიანად გაწმენდას ნუ ეცდებით, რადან ამით ქავილს უფრო მეტად გააძლიერებთ.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- ქავილი რამდენიმე დღეა გრძელდება და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები არ შველის;
- გარეთა სასმენი მილის ირგვლივ სიწითლეს ამჩნევთ;
- ქავილს ერთვის გამონადენი, ტემპერატურის მატება და ტკივილი.