შინაური კონსერვი მირთმევამდე 15-20 წუთი ადუღეთ
ბოლო დროს საქართველოში რამდენჯერმე აღირიცხა შინ მომზადებული კომპოტით მოწამვლის შემთხვევებიც. თუ კონსერვებს შინ ამზადებთ, საკვების დაბინძურების ალბათობის შესამცირებლად მკაცრად უნდა დაიცვათ ჰიგიენის წესები. ბოტულიზმის ტოქსინი მაღალ ტემპერატურაზე იშლება, ასე რომ, შინაური კონსერვი მირთმევამდე 15-20 წუთი ადუღეთ - ამით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ.
ბოტულიზმი იშვიათი, მაგრამ ძალზე მძიმე დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია დამბლის განვითარება. დაავადებას იწვევს ბაქტერია ჩლოსტრიდიუმ ბოტულინუმ-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინი. დაავადება შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, ამიტომ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ბოტულიზმის კლასიკური სიმპტომებია: მხედველობის გაორება და დაბინდვა; ქუთუთოების დაწევა; ყლაპვის გაძნელება; გაურკვეველი მეტყველება (ბგერების ყლაპვა); პირის სიმშრალე; კუნთების სისუსტე. საკვებისმიერი ბოტულიზმის პირველი სიმპტომები გამოვლინდება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 18-36 საათის შემდეგ, იშვიათად - უფრო ადრე, 6 საათში, ან უფრო გვიან, 10 დღის შემდეგაც კი. ბოტულიზმმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, რისი უშუალო მიზეზიც სასუნთქი სისტემის კუნთების დამბლა და სუთქვის უკმარისობაა. ბოტულიზმისაგან განკურნებული პაციენტი შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში უჩიოდეს ჰაერის უკმარისობას, დაღლილობას... სრული გამოჯანმრთელებისთვის შესაძლოა ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს.
აუცილებელია ბოტულიზმზე საეჭვო ყველა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობის დაუყოვნებლივ, დიაგნოზის დადასტურებამდე დაწყება პოლივალენტური შრატით. ყველას, ვინც საეჭვო პროდუქტი მიიღო, უნდა დაუწესდეს სამედიცინო მეთვალყურეობა 10-12 დღის განმავლობაში. საეჭვო პროდუქტები უნდა განადგურდეს.
იხილეთ ვრცლად სტატია ”ბოტულიზმის შესახებ”