სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები

- მწვავე ვირუსული ინფექციებიდან სასუნთქ სისტემას, პირველ რიგში, ყველაზე უფრო რთული - გრიპი ემუქრება. მაგრამ, გარდა გრიპისა, სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევს მრავალი სხვა ვირუსი. ესენი გახლავთ პარაგრიპი, ადენოვირუსი და სხვა. ჩამოთვლილი ვირუსები მოსახლეობაში უმთავრესად გრიპთან ასოცირდება, ამ ვირუსებით გამოწვეულ ყველა დაავადებას რატომღაც გრიპს ეძახიან, თუმცა ნამდვილი გრიპი გაცილებით მძიმე ვირუსული ინფექციაა. სხვათა შორის, ეს ინფექციები, - გრიპიც და სხვებიც, - არა მარტო სასუნთქ, არამედ სხვა ორგანოებსაც აზიანებს. ამრიგად, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა დაავადება მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციაა. ყველა მათგანისთვის დამახასიათებელია უმთავრესად რესპირატორული სიმპტომატიკა: ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი და ცხელება, და ერთმანეთისაგან უმთავრესად ამ სიმპტომების სიმძიმით განსხვავდება.

- ვიდრე თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე ვისაუბრებდეთ, ერთ რამეს გკითხავთ: როგორ შეიძლება გაარჩიოს ჩვეულებრივმა ადამიანმა ერთი დაავადება მეორისგან?

- ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაარჩევს, და, სიმართლე რომ გითხრათ, თუ ლაბორატორიული დადასტურება არ იქნა მიღებული, შესაძლოა, ექიმსაც გაუჭირდეს ვირუსთა დიფერენცირება. ამიტომაც არის აუცილებელი პირველი ნიშნებისთანავე ექიმთან ვიზიტი, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომლებიც ამა თუ იმ ვირუსული ინფექციისთვის არის დამახასიათებელი. მართალია, გრიპი უფრო მძიმე დაავადებაა, ვიდრე რომელიმე სხვა რესპირატორული ინფექცია, მაგრამ ორგანიზმსაც გააჩნია. შეიძლება, დასუსტებულ ორგანიზმში გრიპზე მსუბუქი ვირუსული ინფექცია მოხვდეს და უფრო მძიმედ წარიმართოს. ეს ორგანიზმზე, ასაკსა და კიდევ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მოხუცებულ ასაკში, სიკვდილიანობაც უფრო მაღალია. გაცილებით მაღალი, ვიდრე ბავშვებში, თუმცა მათაც ახასიათებთ დაავადების მძიმე მიმდინარეობა. სიკვდილიანობა მაღალია რისკჯგუფშიც, რომელშიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები შედიან. ეს შეიძლება აღმოჩნდეს სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. მათ ფონზე ვირუსული ინფექციები გაცილებით უფრო რთულად მიმდინარეობს. ერთგვარი რისკფაქტორია ორსულობაც, და არა მარტო ორსულისთვის, არამედ ნაყოფისთვისაც. ამიტომაც არის საჭირო ორსულებში განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ინფექციებთან დაკავშირებით.

- კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ გრიპზე?

- არსებობს სხვადასხვა ტიპის გრიპი, (A, B და C). შარშან პანიკა ატყდა H1N1 ვირუსთან დაკავშირებით. მართლაც იყო ახალი პანდემიური შტამი, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ეს გრიპი, ალბათ, წელსაც იფეთქებს, თუმცა მას უკვე სეზონური გრიპის სახე ექნება.

- რას ნიშნავს სეზონური გრიპი?

- ეს გრიპია, რომელიც ყოველ წელს მეორდება, ანუ ერთი და იგივე ვირუსი ისევ და ისევ ასნებოვნებს მოსახლეობას. სხვათა შორის, ეგრეთ წოდებულმა ფრინველისა და ღორის გრიპმა გაცილებით ნაკლები ხალხი გამოასალმა სიცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივმა. ასე რომ, თუ ავადმყოფი დროულად მიმართავს ექიმს, მრავალ პრობლემას აიცილებს თავიდან.

- მოდი, სხვა ვირუსულ ინფექციებს დავუბრუნდეთ.


პარაგრიპი

პარაგრიპის შესწავლა 1953 წლიდან დაიწყო,  როდესაც იაპონიაში გრიპის მსგავსი დაავადებით შეპყრობილი 3 წლის ბავშვის ცხვირ-ხახის ჩამონარეცხიდან გამოყვეს მანამდე უცნობი ვირუსი დ. მოგვიანებით მას სენდაის ვირუსი უწოდეს. ერთი წლის შედეგ პარაგრიპის ვირუსი ამერიკელმა მკვლევარმა ჩენოკმა გამოყო. არსებობს პარაგრიპის ვირუსის ოთხი - 1, 2, 3, 4 - ტიპი. სხვათა შორის, პარაგრიპის 1 ტიპი კრუპის სინდრომის ხშირი მიზეზია. პარაგრიპის ვირუსი ბუნებაში მცირე ხანს ძლებს, სწრაფად იშლება სითბოსა და სინათლის ზეგავლენით. ინფექციის წყაროა ავადმყოფი საინკუბაციო პერიოდის, რომელიც 2-5 დღე გრძელდება, უკანასკნელი დღიდან მთელი ავადმყოფობის განმავლობაში. განსაკუთრებით საშიშია პარაგრიპის მსუბუქი ფორმით დაავადებული, რომელიც იზოლაციის გარეშე რჩება და გარშემო მყოფებს აინფიცირებს. პარაგრიპით უმეტესად სკოლამდელი ასაკის ბავშვები ავადდებიან, მათ შორის - ერთ წლამდე ასაკის პატარებიც. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ვირუსი გარემოში გამოიყოფა ხველის, ცემინების დროს ლორწოს წვეთებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - დაავადების პირველ 2-3 დღეს. პარაგრიპული ინფექცია სპორადული შემთხვევებისა და მცირე აფეთქებების სახით გვხვდება. ავადობა იმატებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. თუ გრიპის ეპიდემიამ არ იფეთქა, ოქტომბერ-დეკემბერში მწვავე რესპირაციულ დაავადებათა 40% პარაგრიპით არის განპირობებული. ეპიდაფეთქება იშვიათად ზაფხულშიც გვხვდება. საზოგადოდ, პარაგრიპი ეპიდემიას და მით უმეტეს პანდემიას არ იწვევს. დაავადება ტოვებს ტიპოსპეციფიკურ იმუნიტეტს, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვიდან ერთ-ორ წლამდეა. დაავადება უმეტესად თანდათანობით იწყება, თუმცა ორ წლამდე ასაკის ბავშვებში არცთუ ისე იშვიათია მწვავე დასაწყისი. დაავადების პირველი ნიშნებია ცხელება და კატარული მოვლენები. ტემპერატურა ხანმოკლე შემცივნების შემდეგ სწრაფად აღწევს 38-39 გრადუსს, თუმცა ხშირად სუბფებრილურიც რჩება. ინტოქსიკაცია ამ დროს უმნიშვნელოა ან არ არის გამოხატული. დამახასიათებელია ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამონადენი, შეუპოვარი ხველა, ყელის მცირე ტკივილი. ხველა თანდათან უხეში, მყეფავი ხასიათისა ხდება. ავადმყოფთა უმრავლესობას ხმა ეხლიჩება. ცხვირიდან გამონადენი გაცილებით უხვია, ვიდრე გრიპის დროს. პარაგრიპი შეიძლება ბრონქიტით, ლარინგიტით (ხორხის დაზიანება), პნევმონიით გართულდეს. ჩვილ ასაკში დაავადება შეიძლება ლეტალურადაც დასრულდეს, თუმცა პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა. პარაგრიპი ხშირად იწვევს მოზრდილთა სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებათა გამწვავებას. ამ სახის ვირუსული დაავადების მკურნალობა სიმპტომურია. საჭიროა წოლითი რეჟიმი. ავადმყოფს აწვენენ თბილ ოთახში, რომელიც ხშირად უნდა განიავდეს. აძლევენ თბილ რძეს, ჩაის, კომპოტს, თბილ უგაზო ბორჯომს. შეუპოვარი ხველის დროს რეკომენდებულია ინჰალაცია შემთბარი სოდიანი წყლით ან ინტერფერონით, თბილი აბაზანა (წელს ქვემოთ), განსაკუთრებით - ძილის წინ. მეორე-მესამე ხარისხის კრუპის დროს საჭიროა სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც კლინიკის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. პაციენტს ანტიბიოტიკები ენიშნება მხოლოდ ბაქტერიული ფლორით გამოწვეული გართულებების სამკურნალოდ. რაც შეეხება პროიფილაქტიკას, გეტყვით, რომ პარაგრიპის საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმების დროს ავადმყოფი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და იზოლაციას საავადმყოფოს პირობებში, მსუბუქი ფორმის შემთხვევაში კი ბინაზე, ცალკე ოთახში მოთავსებას. ოთახი უნდა დალაგდეს სველი წესით და ხშირად განიავდეს.

ადენოვირუსული ინფექცია

ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა. მას აგრეთვე ახასიათებს ნაწლავების ლორწოვანი გარსისა და ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანება. ეს დაავადება ზომიერი ინტოქსიკაციის მოვლენებით მიმდინარეობს. ეს ვირუსი პირველად 1953 წელს აღმოაჩინეს ბავშვების ამოკვეთილ ნუშურა ჯირკვლებსა და ადენოიდებში და სახელიც ფაქტობრივად ამის საფუძველზე შეურჩიეს. სადღეისოდ ადენოვირუსების 90-ზე მეტი სეროტიპია აღწერილი. 32 მათგანი გამოყოფილია ადამიანისგან, დანარჩენი - ცხოველებისა (ძაღლი, თაგვი, მაიმუნი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი) და ფრინველებისგან. ადენოვირუსი კარგად უძლებს დაბალ ტემპერატურას, განმეორებით გაყინვას, მაცივარში ძლებს დიდხანს, ოთახის ტემპერატურაზე - 10-14 დღეს. ადენოვირუსული დაავადება ყველგან გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და ლოკალური აფეთქებების სახით. აფეთქება უმთავრესად ბავშვთა კოლექტივებში აღინიშნება. მის წილად მოდის მწვავე რესპირაციულ დაავადებათა 15-20 ბავშვებში და მხოლოდ 3%. მოზრდილებში. ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც ცხვირ-ხახის ლორწოთი და განავლით გამოყოფს ვირუსს. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების პირველ 5-6 დღეს, თუმცა ვირუსის გამოყოფა ლორწოთი და განსაკუთრებით, განავლით შეიძლება 2-3 კვირამდე და მეტხანსაც გაგრძელდეს. ინფექციის გავრცელებაში განსაზღვრულ როლს ასრულებენ ვირუსმატარებლებიც. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება, თუმცა არ არის გამორიცხული გადაცემა ალიმენტური (ფეკალურ-ორალური) გზით. ზაფხულში ადენოვირუსული დაავადების კერატოკონიუნქტივური ფორმების არსებობა საცურაო აუზებში ინფექციის გავრცელებაზე მიუთითებს. დაავადება წლის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომაზე და ზამთარში. ამ ტიპის ინფექციისადმი მოსახლეობის 100%-ია მგრძნობიარე, განსაკუთრებით კი - 6 თვიდან 5 წლამდე. ზრდასრული მოსახლეობის 95%-ს ბავშვობაში გადატანილი ინფექციის შემდეგ ადენოვირუსის საწინააღდეგო ანტისხეულები აქვს. იმუნიტეტი ტიპოსპეციფიკური და არამყარია. საინკუბაციო პერიოდი 4-12 დღეა, უმეტესად - 5-6 დღე. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილით, სისუსტით. ინტოქსიკაციის მოვლენები უმნიშვნელოდ ან ზომიერად არის გამოხატული. პირველსავე დღეებში იჩენს თავს კატარული მოვლენები: ცხვირის ლორწოვანის შეშუპებისა და რინორეის გამო ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია. ნუშურა ჯირკვლები შეშუპებულია, ზოგჯერ დაფარულია ნადებით. ხახა, განსაკუთრებით - მისი უკანა ნაწილი შეშუპებული და ჰიპერემიულია (გაწითლებულია). სასუნთქი გზების დაზიანებასთან ერთად დაავადების პირველსავე დღეებში ვითარდება კონიუნქტივიტიც. გადიდებულია ლიმფური კვანძები. პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, რაც შესაძლოა აპენდიციტის მცდარი დიაგნოზისა და ოპერაციის მიზეზადაც კი იქცეს. დაავადების მეორე-მესამე დღიდან ზემოთ აღწერილ კლინიკურ ნიშნებს ემატება მწვავე ენტერიტისა და ენტეროკოლიტის მოვლენებიც. ადენოვირუსულ ინფექციას ახასიათებს ტალღისებრი მიმდინარეობა. დაავადების მთელი სიმპტომოკომპლექსი ცხელებით შესაძლოა ორ-სამჯერაც განმეორდეს. გართულებებიდან აღსანიშნავია ოტიტი, სინუსიტი, ანგინა, პნევმონია, პლევრიტი, მიოკარდიტი. გართულებები ბაქტერიული ფლორით არის განპირობებული და უმეტესად ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება. პროგნოზი კეთილსაიმედოა. მძიმე პნევმონია კი შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. იყენებენ სიმპტომურ და პათოგენეზურ საშუალებებს (სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური, დეზინტოქსიკაციური ინფუზიური თერაპია, ინჰალაცია და სხვა). ბაქტერიული გართულებების დროს რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპია. ადენოვირუსული ინფექციის საპროფილაქტიკოდ ისეთსავე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ, როგორსაც გრიპის დროს.


რესპირაციულ-სინციტიური (რს) ინფექცია

რესპირაციულ-სინციტიურ ინფექციას ახასიათებს ზომიერი ცხელება და უპირატესად ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება. ყველაზე ხშირად ავადდებიან ადრეული ასაკის ბავშვები. რს-ვირუსი გარემოში ნაკლებად გამძლეა. ეს ინფექცია სხვადასხვა ქვეყანაში გვხვდება. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი, რომელიც ხველის, ლაპარაკის დროს გამოყოფს ვირუსს და ჯანმრთელ ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით ან ნივთების მეშვეობით გადასცემს. ავადმყოფი გადამდებია 5-7 დღის განმავლობაში. რს-ვირუსული ინფექციისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ახალშობილები და ადრეული ასაკის ბავშვები. 5-10 წლის ასაკში ბავშვთა 70%-ს იმუნიტეტი აქვს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე რჩება, ამიტომ მოზრდილებში ეს დაავადება იშვიათია და უფრო მეტად რეინფექციის ხასიათი აქვს. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. ავადობა იმატებს შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე. ბავშვთა დაწესებულებებში აფეთქება 2-3 კვირიდან 3 თვემდე გრძელდება. საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 4 დღეა. დაავადება იწყება მწვავედ ან თანდათანობით. ცხელება სუბფებრილური ან ზომიერი ხასიათისაა, პნევმონიით გართულების შემთხვევაში ტემპერატურა 39 გრადუსამდე ადის. რს-ვირუსულ ინფექციას მძიმე ინტოქსიკაცია არ ახასიათებს. მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ მოვლას, რეჟიმსა და სიმპტომური, ანტიჰისტამინური და სტიმულაციური საშუალებების გამოყენებას. ბრონქიოლიტისა და პნევმონიის დროს იყენებენ ანტიბიოტიკებს, ოქსიგენოთერაპიას. რს-ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

რინოვირუსული ინფექცია

ეს ინფექცია ყველაზე მსუბუქი მწვავე რესპირაციული ინფექციაა. ახასიათებს ცხვირის ლორწოვანი გარსის უპირატესი დაზიანება და უხვი რინორეა. ორგანიზმის ინტოქსიკაცია ამ დროს უმნიშვნელოა. რინოვირუსულ ინფექციას ძველად გაციებას უწოდებდნენ, შემდგომ - `გადამდებ სურდოს~. რინოვირუსი კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას, გათბობისას, გაშრობისას და სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით ინაქტივირდება. რინოვირუსული ინფექციით ავადდებიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილებიც. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც საინკუბაციო პერიოდის ბოლო დღეებსა და დაავადების მწვავე პერიოდში გამოყოფს ვირუსს და ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით გადასცემს ჯანმრთელს. ავადობა იმატებს შემოდგომასა და გაზაფხულზე. გვხვდება სპორადული შემთხვევების, ზოგჯერ - მცირე აფეთქების სახით (დახურულ კოლექტივებში). იმუნიტეტი ერთ წლამდე გასტანს. დაავადების განმეორებითი შემთხვევები ვირუსის სხვადასხვა სეროვარით არის განპირობებული. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-6 დღეა, საშუალოდ - 2-3 დღე. დაავადება იწყება სურდოთი. სუბფებრილური ტემპერატურა 2-4 დღე გრძელდება. ცხვირის გასავლებისა და ნიჟარების შეშუპების გამო რადენიმე საათში იწყება რინიტი უხვი სეროზული გამონადენით. ავადმყოფს აწუხებს ცრემლდენა და ყელის ტკივილი ყლაპვის დროს. ქვედა სასუნთქი გზები იშვიათად ზიანდება. დაავადება 6-7 დღე გრძელდება. გართულებები იშვიათია და უმეტესად მცირე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ზოგჯერ ტუჩებისა და ცხვირის მიდამოში ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, ანტიბიოტიკებს გართულების შემთხვევაში უნიშნავენ. საჭიროა ავადმყოფის იზოლაცია ბინის პირობებში.

რეოვირუსული ინფექცია

რეოვირუსულ ინფექციას სასუნთქ გზებთან ერთად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებაც ახასიათებს. სასუნთქი გზების მწვავე დაავადებათა გამომწვევ ვირუსებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მუდმივ ბინად ნაწლავებს ირჩევენ, მაგრამ ორგანიზმში მოხვედრისას კავდებიან ხახაში, ნუშურა ჯირკვლებში და იწვევენ ანთებას. სწორად მათ რიცხვს მიეკუთვნება რეოვირუსული ინფექცია. `რეო~ აბრევიატურაა: `რ~ ნიშნავს სასუნთქ გზებს, `ე~ - ენტერულს, `ო~ კი - ობოლს, რადგან დიდხანს არ იცოდნენ, სად იბუდებდნენ ეს ვირუსები - ნაწლავებსა თუ სასუნთქ გზებში. რეოვირუსები დამოუკიდებელ ჯგუფად 1959 წელს გამოყვეს. ისინი დიდ გამძლეობას იჩენენ მაღალი ტემპერატურისა და სადეზინფექციო ხსნარების მიმართ. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი, რომელიც ჰაერწვეთოვანი ან (უფრო იშვიათად) ფეკალურ-ორალური გზით გადასცემს ინფექციას ჯანმრთელ ადამიანს. დაავადება გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და მცირე აფეთქებების სახით. იწყება მწვავედ ან თანდათანობით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, სურდოთი, ხველით და სხვა. თუ ჩამოთვლილ ნიშნებს ნაწლავის სინდრომიც დაერთო, ცხელება 38 გრადუსამდე აღწევს. დაავადება გრძელდება 8-10 დღე. პროგნოზი კეთილსაიმედოა. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, ხოლო პროფილაქტიკა იგივეა, რაც სხვა რესპირაციული ინფექციის დროს. დასასრულ, მინდა, იმ ზოგადი წესების შესახებაც გესაუბროთ, რომელთა დაცვა მრავალ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. თუ უბრალო გაციების (ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია) დროს პაციენტს შეუძლია დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი,  გრიპის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გრიპი ვირუსული დაავადებაა, მასზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს, სამაგიეროდ მის (ვირუსის) საწინააღმდეგოდ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც რაც უფრო მალე ჩაერთვება მკურნალობის პროცესში, მით უფრო უკეთესია შედეგი. აქვე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ გრიპის პრევენციისთვის არსებობს პროფილაქტიკური აცრები. ახლა კი რამდენიმე მარტივ, მაგრამ აუცილებელ წესს შემოგთავაზებთ:


1. ხალხთან ურთიერთობის დროს დაიცავით ერთმეტრიანი დისტანცია; რადგან ჰაერში შეწონილი წვეთები, რომლებიც ვირუსს შეიცავს, ერთმეტრიანი დისტანციის შედგომ დალექვას იწყებს და საშიში აღარ არის.

2. თავი არიდეთ ხელის ჩამორთმევას. ეს ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. თუ ცემინების, ხველის, ლაპარაკის დროს პირზე ხელს აიფარებთ, მასზე შეიძლება დაილექოს ვირუსი. იგივე ხდება საგნებთან შეხებისას. ორივე შემთხვევაში ადამიანები ხდებიან ვირუსის მატარებლები, რომელიც 2-8 საათის განმავლობაში ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენს.

3. არ გადაკოცნოთ ახლობლები, ნაცნობები, რადგან პირისა და ცხვირის ღრუ (როგორც ჩვენი, ასევე მათი) შეიძლება შეიცავდეს გრიპის ვირუსს, რომელიც პირდაპირი კონტაქტისას გადაეცემა მას, ვისაც ჰკოცნით.

4. ხშირად დაიბანეთ ხელები! ამით მოიცილებთ გარემოსთან კონტაქტისას ხელებზე დალექილ გრიპის ვირუსს.

5. თან ატარეთ სადეზინფექციო სველი ხელსახოცი ან სპეციალური სითხე. ხელსახოციც და სითხეც გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, როცა ვერ ახერხებთ ხელების წყლით დაბანას.

6. დაიცავით პირბადის მოხმარების წესები:

  • პირბადე მთლიანად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს - ცხვირზე ის პირბადეში არსებული სპეციალური სამაგრით უნდა მოირგოთ.
  • პირბადე 2 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ. დაუშვებელია ერთჯერადი პირბადის მეორედ გამოყენება. თუ ერთჯერადი პირბადე არ გაქვთ, შეიძლება ოთხფა დოლბანდისგან გაკეთებული პირბადის გამოყენება. ეს პირბადეც ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ, გაიკეთოთ ახალი, ხოლო გამოყენებული გარეცხოთ და უთოთი (ორივე მხრიდან) გაუკეთოთ დეზინფექცია.

7. ხველისა და ცემინების დროს ერთჯერადად გამოიყენეთ ქაღალდის ცხვირსახოცი ან აიფარეთ სახელო, რათა ჰაერში ვირუსები არ გამოიფრქვეს.

8. აკონტროლეთ ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა. საეჭვო ნიშნებად შეიძლება მიიჩნიოთ: თავის ტკივილი, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, ზედა სასუნთქი გზების კატარული მოვლენები, ტემპერატურა. ამ შემთხვევაში შესაძლოა საქმე გქონდეთ ან ზედა სასუნთქი გზების ინფექციასთან (გაციება), ან გრიპთან. მსგავსი ჩივილების მქონე ადამიანი შინ უნდა დარჩეს.

9. ხშირად გაანიავეთ დახურული შენობები: მზის პირდაპირი და არეკლილი სხივები ვირუსებს იოლად ანადგურებს.

10. ავადმყოფის მოვლის დროს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას: მის მიერ გამოყენებული ჭურჭელი უნდა დაიმდუღროს, თეთრეულის ცვლა სასურველია სამ დღეში ერთხელ, ხოლო პირსახოცისა - ყოველდღიურად. თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე - სარეცხ მანქანაში მდუღარე წყლის რეჟიმით, ხოლო ხელით რეცხვის შემთხვევაში გამოიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები. ავადმყოფის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცები უნდა შეფუთოთ პოლიეთილენის პარკში და ისე გადაყაროთ.

გახსოვდეთ: ორსულებს, მოხუცებსა და ბავშვებს იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ, ამიტომ ისინი ყველაზე უმწეონი არიან და გრიპის ვირუსი მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ამ წესების დაცვის შემთხვევაში ჩვენ ან სავსებით თავიდან ავიცილებთ სეზონურ გრიპს, ან ხელს შევუწყობთ ავადმყოფობის გაურთულებლად დასრულებას და მალე გამოჯანმრთელებას. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ როდესაც თავს იცავთ გრიპის ვირუსისგან, ამით თქვენს ახლობლებსა და ირგვლივ მყოფებსაც იცავთ!