ვირუსული ინფექციების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსული ინფექციების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

- ვირუსების სადიაგნოსტიკო მეთოდები სამ ჯგუფად იყოფა. ესენია:

  • პირდაპირი მეთოდები;
  • არაპირდაპირი მეთოდები;
  • სეროლოგია.

პირდაპირი მეთოდები გულისხმობს, რომ პაციენტისგან აღებულ კლინიკურ სინჯში აღმოვაჩენთ უშუალოდ ვირუსის ნაწილაკებს, ვირუსის ანტიგენებს ან ვირუსის ნუკლეინის მჟავებს. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგ ლაბორატორიულ მეთოდებს:

  • ელექტრონულ მიკროსკოპიას;
  • სინათლის მიკროსკოპიას;
  • ანტიგენის აღმოჩენას იმუნოფლუორესცენციით, იმუნოფერმენტული ანალიზით და სხვა;
  • მოლეკულურ მეთოდებს უშუალოდ ვირუსის გენომის აღმოსაჩენად.

მოლეკულური მეთოდებიდან ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია პოლიმერაზული ჯაჭვური რექცია (PCR). მისი საშუალებით სისხლში, თავ-ზურგტვინის სითხეში ან სხვა კლინიკურ სინჯში საკვლევი ვირუსის გენეტიკურ მასალას აღმოაჩენენ. PCR იმდენად მგრძნობიარე მეთოდია, რომ მისი საშუალებით კლინიკურ სინჯში დნმ-ს ერთი მოლეკულის აღმოჩენაც კია შესაძლებელი. არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებისას პაციენტისგან აღებული კლინიკური სინჯი გადააქვთ სპეციალური უჯრედების კულტურაში, კვერცხში ან ცხოველებში ვირუსის გამოსაზრდელად. ამას ეწოდება ვირუსის გამოყოფა. სეროლოგია. გავრცელებული ვირუსული ინფექციების დიაგნოსტირება უმთავრესად სეროლოგიის საშუალებით არის შესაძლებელი. სეროლოგია წარმოადგენს კიდეც ნებისმიერი ვირუსოლოგიური ლაბორატორიის სამუშაოს უდიდეს ნაწილს. სეროლოგიური ტესტების ჩამონათვალი ასეთია: კლასიკური სეროლოგიური მეთოდები:

1. კომპლემენტის ფიქსაციის ტესტი (CFT);

2. ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების ტესტი (HAI);

3. იმუნოფლუორესცენცია (IF);

4. ნეიტრალიზაციის ტესტი;

5. ერთეული რადიალური ჰემოლიზი.

შედარებით ახალი სეროლოგიური მეთოდებია:

1. რადიოიმუნოლოგიური ანალიზი (RIA);

2. იმუნოფერმენტული ანალიზი (EIA);

3. ნაწილაკების აგლუტინაცია;

4. ვესტერნ ბლოტი (WB);

5. რეკომბინანტული იმუნობლოტი (RIBA).

სეროლოგია გულისხმობს პირველადი ინფექციის დროს კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო IgM კლასის ანტისხეულების განსაზღვრას, ასევე - მწვავე და რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) ეტაპებს შორის ანტისხეულების მზარდი ტიტრის დადგენას. ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადგენენ სისხლში ანტისხეულების რაოდენობას. სისხლში ანტისხეულების დონე ასახავს წარსულში ანტიგენის ექსპოზიციას.


- რა საჭიროა ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა?

- მაგალითად, იმის გასაგებად, გადატანილი გაქვთ თუ არა ინფექცია - ჩუტყვავილა ან რომელიმე სხვა, ასევე - იმის გასაგებადაც, რომელი აცრები გჭირდებათ. გარდა ამისა, ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა ხდება:

  • აუტოიმუნური დაავადების დროს (როდესაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს საკუთარი ორგანიზმის ქსოვილების მიმართ) იმუნური პასუხის სიძლიერის შესაფასებლად;
  • იმის გასაგებად, გჭირდებათ თუ არა ვაქცინის დამატებითი დოზა;
  • იმის გასაგებად, გამოიწვია თუ არა ახალგაკეთებულმა ვაქცინამ საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი, რომელიც კონკრეტული დაავადებისგან დაგიცავთ;
  • იმის გასაგებად, ახლა გაქვთ თუ უკვე გქონდათ რომელიმე ინფექცია, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზი ან ჰეპატიტი.

- დიაგნოსტიკის ყველა ეს მეთოდი ერთნაირად გამოიყენება ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსების, ციტომეგალოვირუსის, პაპილომავირუსის, ჰერპესვირუსის, წითურას ვირუსისა და სხვათა დიაგნოსტიკაში?

- ტესტები, რომლებსაც ვირუსების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ, მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით ერთმანეთისგან განსხვავდება. სეროლოგიური მეთოდების უმრავლესობის საშუალებით შესაძლებელია ყველა კლასის ანტისხეულების აღმოჩენა, მაშინ როცა RIA-ს, EIA-სა და IF-ის საშუალებით აღმოაჩენენ ანტისხეულების ერთ სპეციფიკურ კლასს, მაგალითად, IgM-ს, IgG-ს ან IgA-ს. უკვე აღვნიშნე, რომ ვირუსულ ინფექციათა უმრავლესობის დიაგნოსტირება შესაძლებელია სეროლოგიური მეთოდების საშუალებით, მაგრამ ალბათ აჯობებს, კონკრეტული მაგალითების მოშველიებით განვიხილოთ, რომელია საუკეთესო სადიაგნოსტიკო ტესტი.

  • ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკაში სეროლოგიას დღესაც წამყვანი ადგილი უკავია. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჰეპატიტების შემთხვევაში სეროლოგია სავსებით საკმარისია დიაგნოზის დასასმელად, მაგრამ მკურნალობის სწორი სტრატეგიის შესარჩევად და მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად აუცილებელია მოლეკულური მეთოდები: სისხლში ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა PCR-ის საშუალებით და ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა (გენოტიპირება). 
  • აივ-ინფექციის დიაგნოზს, წესისამებრ, სეროლოგიური მეთოდების საშუალებით სვამენ. გამონაკლისია აივ-ის დიაგნოსტიკა ახალშობილებში - მათ სისხლში დედის ანტისხეულების არსებობის გამო სეროლოგიას აზრი არ აქვს. აქ PCR-დიაგნოსტიკა შეუცვლელია.

ისევე როგორც ჰეპატიტების დროს, აივ-ინფექციის შემთხვევაშიც სეროლოგიური გამოკვლევა სავსებით საკმარისია დიაგნოზის დასასმელად, მაგრამ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მონიტორინგისთვის და მკურნალობის სწორი რეჟიმის შესარჩევად აუცილებელია მოლეკულური მეთოდები: სისხლში ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა PCR მეთოდის საშუალებით და ანტირეტროვირუსული წამლების მიმართ რეზისტენტობის ტესტი დნმ-ს სეკვენირების მეთოდით (გენოტიპური რეზისტენტობის ტესტი). ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში სადიაგნოზოდ სეროლოგიასაც იყენებენ, მაგრამ უპირატესობა სხვა მეთოდებს ენიჭება. ასეთია, მაგალითად, ჰერპესვირუსი (HSV), რომელიც დროდადრო აქტიურდება და დაავადებას იწვევს. ჰერპესვირუსის მიმართ სეროლოგია განსაკუთრებით არასაიმედოა ვირუსის რეაქტივაციის დროს. იგივე ითქმის ციტომეგალოვირუსულ (CMV) ინფექციაზე, განსაკუთრებით კი მის რეაქტივაცია/რეინფექციაზე. PCR დიაგნოსტიკა ორივე შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია. რესპირატორული ვირუსებისა და ენტეროვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა ისე გვიან ხდება, რომ ამ დროს დაავადება უკვე გავლილია. ასე რომ, სეროლოგია ვერც ამ შემთხვევაში ჩაითვლება საუკეთესო სადიაგნოზო მეთოდად. ვირუსული ინფექციების დიაგნოსტიკისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვლევი მასალის სწორად შერჩევას. მაგალითად, მარტივი ჰერპესით გამოწვეული ენცეფალიტის შემთხვევაში დადებით შედეგს თავზურგტვინის სითხიდან გაცილებით მეტი კლინიკური ღირებულება აქვს, ვიდრე რომელიმე სხვა სინჯიდან მიღებულ დადებით შედეგს.

- ანალიზის ჩაბარებისას რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა?

- ბიოქიმიური ტესტებისგან განსხვავებით, ვირუსული ინფექციების სადიაგნოზოდ ანალიზის ჩაბარების წინ სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, ანალიზისთვის მასალა დღის რომელ მონაკვეთში იქნება აღებული, ანდა ჭამამდე აიღებენ თუ ჭამის შემდეგ.

- რას ნიშნავს ვირუსის მატარებლობა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით? როდის ითვლება ადამიანი დაავადებულად და როდის - ვირუსმატარებლად?

- ვირუსის "ჯანმრთელი მატარებელი" (ასიმპტომური მატარებელი) არის ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია ვირუსით, მაგრამ არ აქვს დაავადების კლინიკური სიმპტომები. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ამჟღავნებს დაავადების კლინიკურ ნიშნებს, შეუძლია დააინფიციროს სხვა. მაგალითად, B ჰეპატიტის შემთხვევაში ტერმინი "მატარებელი" გამოიყენება იმ პირების მიმართ, რომლებსაც B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი HBsAg დადებითი აქვთ 6 თვის განმავლობაში და მეტხანს. ასეთი პირების უმრავლესობა არ ამჟღავნებს დაავადების რაიმე ნიშანს და ისიც კი არ იცის, რომ B ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შეუძლიათ დაავადება გადასდონ სხვას. B ჰეპატიტის ვირუსის "მატარებელთა" უმრავლესობას შეიძლება არც არასდროს გაუჩნდეს ჰეპატიტთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ზოგიერთ მატარებელს ღვიძლის დაავადებათა განვითარების უფრო დიდი ალბათობა აქვს. ანუ, რეალურად ჯანმრთელი ადამიანებისგან განსხვავებით, B ჰეპატიტის "მატარებლებს" ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ.