სტრეპტოკოკური ინფექცია ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრეპტოკოკური ინფექცია ბავშვებში

კლინიკური სურათი მრავალფეროვანია, კანისა თუ კანქვეშა ქსოვილების მსუბუქი დაზიანებიდან დაწყებული, მძიმე გენერალიზებული ფორმებით (სეპტიცემია, სეპტკოპიემია) დამთავრებული. სტრეპტოკოკურ ინფექციას მიეკუთვნება ქუნთრუშა, წითელი ქარი, რევმატიზმი, მწვავე გლომერულონეფრიტი, ოსტეომიელიტი. ყველა აღნიშნულ ფორმას შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ბავშვისას. ამდენად, მნიშვნელოვანია დაავადების დროული ამოცნობა და სწორი მკურნალობა. გვესაუბრება ინფექციონისტი მაკა შარაშენიძე.

- ცნობილია, რომ არსებობს სტრეპტოკოკების რამდენიმე ჯგუფი. რომელი მათგანია ადამიანისთვის ყველაზე საშიში?

- ყველაზე საშიშია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი - GAS და B ჯგუფის სტრეპტოკოკი - GBS, რომლებიც ახალშობილებში ადგილობრივ ინფექციებსა და მძიმე გენერალიზებულ დაავადებას იწვევს. სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები უმთავრესად ცხოველთა ორგანიზმში ცირკულირებს, თუმცა ბოლო დროს ზოგიერთი მათგანიც იწვევს ადამიანის პათოლოგიას. სტრეპტოკოკები ძლიერ მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების, განსაკუთრებით - პენიცილინის, ერითრომიცინის მიმართ, მალე იხოცებიან სადეზინფექციო ნივთიერებების ზემოქმედებით, სამაგიეროდ, კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას, გამომშრალ ჩირქში ან სისხლში სიცოცხლის უნარს კვირაობითა და თვეობით ინარჩუნებენ.

- როგორ ვრცელდება დაავადება?

- ინფექციის წყაროა ნებისმიერი კლინიკური გამოვლინების მქონე ინფიცირებული, მათ შორის - ბაქტერიამატარებელიც, ამიტომ თუ ბავშვს ხახის ნაცხის ბაქტერიული გამოკვლევისას სტრეპტოკოკი ამოეთესა, საჭიროა მკურნალობა, განურჩევლად იმისა, გამოვლენილია თუ არა ინფექცია კლინიკურად.

GAS-ის გადაცემის მექანიზმი ჰაერწვეთოვანია. ხველის, ცემინების, ლაპარაკის დროს გამოყოფილი რესპირატორული სეკრეტი გამოშხეფებისას მტვერს ერევა და ჰაერში ცირკულირებს. ამის გამო და ახლომახლო ადგილებში, მათ შორის - სკოლაში, ბაგა-ბაღში, ინტერნატში. ხელების ჩირქოვანი დაზიანების შედეგად შესაძლოა ბაქტერიებით დაბინძურდეს რძე, რძის პროდუქტები, ასევე - კრემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი. საკვებში სტრეპტოკოკი მრავლდება, რაც საბოლოოდ კვებით ტოქსიკოინფექციას (საკვებისმიერ ინტოქსიკაციას) განაპირობებს. არ არის გამორიცხული ინფექციის გადაცემა ინფიცირებული ნივთების, სათამაშოების მეშვეობით. მესამე პირის საშუალებით დაავადება ნაკლებად ვრცელდება.

სტრეპტოკოკური ინფექციის მიმართ მიდრეკილება ყველა ასაკის ადამიანს ახასიათებს, თუმცა დაავადებათა უდიდესი წილი ბავშვებზე მოდის. ყელის ინფექცია, ფარინგიტი, უმთავრესად 6-დან 12 წლამდე შეინიშნება, ხოლო კანის ინფექცია - სკოლამდელ ასაკში. დამახასიათებელია სეზონურობაც: ფარინგიტი წლის ცივ პერიოდში ხშირდება, ხოლო კანის დაავადებები - გვიან ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე. გადატანილი ინფექციის შედეგად ორგანიზმი ანტიბაქტერიულ და ანტიტოქსიკურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს.

GBS ქალების შარდ-სასქესო და კუჭ-ნაწლვის ტრაქტის ბინადარია. ორსულებში ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იშვიათად კი შარდსასქესო სისტემის, საშვილოსნოს გარსების ანთებით ცვლილებებს იწვევს. ასეთი ქალები, როგორც წესი, ინფიცირებულ ბავშვებს შობენ.

ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ჰორიზონტალური გზითაც: მეორე ახალშობილისგან, სხვა მელოგინისგან, სამედიცინო პერსონალისგან.

ადრეული ინფექციის პირველი ნიშნები სიცოცხლის პირველ 5 დღეში ვლინდება, მოგვიანებითისა კი სიცოცხლის მეორე კვირიდან და მშობიარობის შემდგომ შეძენილ ინფექციაზე მეტყველებს.

- რა ნიშნებით იჩენს თავს სტრეპტოკოკური ინფექცია?

- GAS-ს ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინება, ძლიერ მსუბუქი ფორმებიდან დაწყებული, მძიმე სეფსისური მიმდინარეობით დამთავრებული. კლინიკური სურათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი და იმუნური სტატუსი. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო ადვილია მისი დიაგნოსტიკა.

საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 7 დღემდე გრძელდება. სტრეპტოკოკური ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადგილობრივი, ასევე გენერალიზებული ფორმებით.

ადგილობრივ ფორმებს მიეკუთვნება ანგინა, რინიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი და სხვა. ეს ფორმები ვითარდება სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების ფონზე და მათ გართულებად მიიჩნევა, ისევე, როგორც ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პიელიტი, ნეფრიტი და სხვა. დაავადების ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოვლინება პირველადი ანთებითი კერების ლოკალიზაციით, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებით, სხვადასხვა ინტენსივობის ტემპერამენტული რეაქციით და სისხლში მიმდინარე ცვლილებებით - ლეიკოციტების, ედს-ის მომატებით.


- დამოკიდებულია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციის გამოვლინება ბავშვის ასაკზე?

- სტრეპტოკოკური ინფექცია 6 თვემდე, ჩვეულებრივ, ვლინდება ნაზოფარინგიტის სახით. ამ დროს აღინიშნება:

  • ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან;
  • ნესტოების ირგვლივ კანის აქერცვლა;
  • არარეგულარული ტემპერატურული რეაქციები.

მწვავე პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ ცხვირის გაღიზიანებამ და ცხვირით სუნთქვის გაძნელებამ (გაგუდვა) შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს. სამიდან თორმეტ წლამდე დაავადება სუბფებრილური ტემპერატურით იწყება. საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები საშუალოდ არის გამოხატული. ზოგჯერ ვითარდება ნაზოფარინგიტი ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენით. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია, რბილი.

სტრეპტოკოკური ანგინისთვის (ტონზილოფარინგიტისთვის) დამახასიათებელია მოთეთრო ნადები ნუშურებზე ალისფერი ხახის ფონზე. შესაძლოა, გართულდეს სინუსიტით, ოტიტით და სხვა. დაავადება გრძელდება 4-დან 8 კვირამდე, ზოგჯერ იღებს მორეციდივე ხასიათს.

იმპეტიგოს ახასიათებს კანის ზედაპირული ჩირქოვანი დაზიანება, ფუფხი. შესაძლოა ჰიპერემიული კანის ფონზე გაჩნდეს მრგვალი, მწებავი ქარვისფერი ფუფხის მქონე 1-2მმ დიამეტრის გარდამავალი ვეზიკულური (შიგთავსიანი) გამონაყარი. შეინიშნება მახლობელი ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

- განსხვავდება თუ არა GBS-ის კლინიკა GAS-ისგან?

- GBS, როგორც აღვნიშნე, ახალშობილებში ადგილობრივ ინფექციასა და მძიმე გენერალიზებულ დაავადებას (სეფსისს) იწვევს. ამდენად, უფრო მძიმედ მიმდინარეობს. დაავადების პირველი ნიშნები დაბადებიდან 6 საათში იჩენს თავს. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფიცირებისას ვითარდება ასფიქსია, კომა ან შოკი. სასუნთქი სისტემის ცვლილებები გამოიხატება ციანოზით, აპნოეთი, ტაქიპნოეთი, მკვნესარე სუნთქვით, ქოშინით. ათიდან 3-4 შემთხვევაში ვითარდება სეფსისი რომელიმე ორგანოს თვალსაჩინო დაზიანების გარეშე. ახალშობილებში დაავადების ადრეული გამოვლინებისას ათიდან 1 შემთხვევაში ვითარდება მენინგიტი, რომელიც მიმდინარეობს კრუნჩხვით, ძილიანობით, კომით, ყიფლიბანდის პულსაციით, იშვიათად - უსიმპტომოდაც. GBS-ის მოგვიანებით, დაბადების II კვირიდან გამოვლინებისას ათიდან 6 შემთხვევა მენინგიტის სახით მიმდინარეობს.

- დიაგნოსტიკის დროს, გარდა გასინჯვისა, რომელი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს?

- ყელის სტრეპტოკოკური ინფექციის მქონე ბავშვთა მხოლოდ 30%-ს ამოეთესება ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგად A ჯგუფის სტრეპტოკოკი და მხოლოდ 50%-ს აღენიშნება ანტისხეულების პროდუქცია, ამიტომ თუ 5 წელს გადაცილებულ ბავშვს აღენიშნება ყელის სიწითლე, თეთრი ექსუდატი, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, უნდა ვიეჭვოთ სტრეპტოკოკური დაავადება და დავიწყოთ ანტიბიოტიკით მკურნალობის 10-დღიანი კურსი. იმავდროულად, საჭიროების მიხედვით, გამოვრიცხოთ დიფტერია, ინფექციური მონონუკლეოზი და სხვა დაავადებები.

GBS-ინფექციისას საჭიროა სისხლის, თავზურგტვინის სითხის, პლევრული სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. კუჭის შიგთავსი და კანი არ შეიძლება დაავადების გამომწვევის დასადგენად გამოვიყენოთ. ბაქტერიოლოგიურთან ერთად ტარდება სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევაც.

- დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა. რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკები ითვლება არჩევის პრეპარატებად?

- სტრეპტოკოკური ინფექციის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით ათდღიანი მკურნალობა. გახსოვდეთ: 10 დღე საჭიროა სტრეპტოკოკის სრული განადგურებისთვის, ამიტომ კურსი ნაადრევად არ უნდა შეწყდეს, კლინიკური გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, რათა არ მოხდეს რეციდივი და საბოლოოდ რევმატიზმი არ ჩამოყალიბდეს. ქირურგიული ჩარევა შეიძლება პიოდერმიული (ჩირქოვანი) კერების არსებობის დროს. ინიშნება აგრეთვე ვიტამინთერაპია, სრულფასოვანი კვება.


- შესაძლებელია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციისგან თავის დაცვა? არსებობს თუ არა პროფილაქტიკის სპეციფიკური ხერხები? როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში სტრეპტოკოკით ინფიცირებული ავადმყოფი გვყავს?

- თუ ბავშვს სტრეპტოკოკური დაავადება აქვს, ამან არ უნდა შეაშინოს ოჯახის სხვა წევრები - ბავშვები თუ მოზრდილები. არც ბაღსა თუ სკოლაში უნდა ატყდეს პანიკა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას, ადრეულ დიაგნოსტიკას, ავადმყოფის იზოლაციას (ჰოსპიტალიზაციას) და სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებს.

თუ მშობიარე რისკის ჯგუფშია, ახალშობილის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ენიშნება ამპიცილინი. ინფიცირებული დედისგან დაბადებულ ბავშვს უკეთებენ სპეციალურ იმუნოგლობულინს. სტრეპტოკოკური ინფექციის ვაქცინოპროფილაქტიკა დღეისთვის არ არსებობს.

- სტრეპტოკოკური ინფექციის ერთ-ერთი კლინიკური ფორმაა ქუნთრუშა, რომელიც უმთავრესად სამიდან რვა წლამდე გვხვდება. რას გვეტყვით ამ დაავადების შესახებ?

- ქუნთრუშას იწვევს A ჯგუფის (GAS) ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი. მას აქვს მკაფიო, დამახასიათებელი კლინიკური სურათი, მიმდინარე ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით (შემცივნება, თავის ტკივილი, უძილობა, მადის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, პირღებინება), მკაფიოდ გამოხატული ანგინით, რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, კანის წვრილწინწკლოვანი გამონაყარითა და ფირფიტისებური აქერცვლით. ინფექციის წყაროა სტრეპტოკოკური ინფექციის ამა თუ იმ კლინიკური გამოვლინების მქონე, უპირატესად - თვით ქუნთრუშით დაავადებული პირი.

დაავადების გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია წაშლილი კლინიკური ფორმის მქონე ადამიანი. გარემოში სტეპტოკოკები გამოიყოფა ლორწოვანი გარსების სეკრეტით ხახიდან (ხველებით), ცხვირიდან (სურდოთი), აგრეთვე სხვა (ოტიტის, სინუსიტის, ლიმფადენიტის) ღია ჩირქოვანი კერებიდან. გამომწვევი აგენტის გადაცემის მთავარი მექანიზმი ჰაერწვეთოვანია. თუმცა დაავადება გადაეცემა მცირე მანძილზე მჭიდრო კონტაქტით. დიდ მანძილზე, კერძოდ, მეზობელ ბინებში (როგორც წითელასა და ჩუტყვავილას დროს), დაავადება არ ვრცელდება. ინფექციის გადაცემა შესაძლებელია დაინფიცირებული სათამაშოებით, ჭურჭლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, თუმცა ეს გზა ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას არ ქმნის. ინფექცია გადაეცემა საჭმლის დაინფიცირებით, ძირითადად რძისა და მისი ნაწარმის (ნაყინი, კრემი და სხვა) მეშვეობით. ეს გზა იშვიათია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული დაავადების მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქება.

პენიცილინით ნამკურნალევი ავადმყოფი კლინიკურ ეფექტთან ერთად სტრეპტოკოკებისგანაც თავისუფლდება და ბავშვთა კოლექტივისთვის საშიში აღარ არის, მაგრამ თუ აქვს ქრონიკული ანთებითი კერა - ქრონიკული ტონზილიტი, რინოფარინგიტი ან სხვა, ესე იგი, სტრეპტოკოკის ხანგრძლივი მატარებელია და ინფექციის წყაროს წარმოადგენს.

ქუნთრუშის გადატანის შემდეგ ორგანიზმს მყარი იმუნიტეტი უვითარდება. 15 წლიდან დაავადება იშვიათია, რაც გადატანილი ინფექციის, მათ შორის - მსუბუქი, ატიპური ფორმებითა და მიკრობების მატარებლობით მოსახლეობის ფარული, ბუნებრივი იმუნიზაციის შედეგია. წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან იშვიათად. ეს განსაკუთრებით ეხება 6 თვემდე ასაკს, რაც აიხსნება დედისგან იმუნიტეტის ტრანსპლაცენტური გზით გადაცემითა და ამ ასაკში თვითონ ბავშვთა ფიზიოლოგიური რეაქტიულობით ტოქსინის მიმართ.

დაავადებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. ხშირდება ზამთრის პერიოდში (სექტემბერი-იანვარი), ცივი, ნესტიანი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ცხელ და მშრალ ადგილებში ავადობა დაბალია, ხოლო ტროპიკულ ქვეყნებში თითქმის არ შეინიშნება. პერიოდულად, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ, აღნუსხავენ ავადობის მაჩვენებელთა ზრდასა და კლებას.

ქუნთრუშას აქვს იმდენად დამახასიათებელი სურათი: გამონაყარი, აქერცვლა, პირის ღრუს ცვლილებები, ანგინა, - რომ წარმოუდგენელია, სხვა დაავადებაში აგერიოთ. მშობლებს ვურჩევ: თუ თქვენს პატარას აქვს ქრონიკული ჩირქოვანი კერა, ყელიდან ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას სტრეპტოკოკი (streptococcus pyogenes) ამოეთესა, უნდა ჩაიტაროთ ანტიბიოტიკით მკურნალობის სრული კურსი, ხოლო თვით ჩირქოვანი კერა უნდა მოშორდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სტრეპტოკოკურმა ინფექციამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ორგანიზმს ისეთი გართულებების სახით, როგორიც არის რევმატიზმი, ნეფრიტი. ასე რომ, გირჩევთ, საქმეს გართულებამდე ნუ მიიყვანთ.