ავადმყოფობა რომ ვერ მოგვერიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ავადმყოფობა რომ ვერ მოგვერიოს

ამ საკითხებზე ამჯერად V სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ოჯახის ექიმი ნატო გრიგოლია გვესაუბრება.

- ქალბატონო ნატო, რა არის იმუნიტეტი და რა მნიშვნელობა აქვს მას ორგანიზმისთვის?

- იმუნიტეტი (immunitas) ლათინური სიტყვაა და რამისგან გათავისუფლებას ნიშნავს. იმუნიტეტი - ეს არის ორგანიზმის უნარი, შეინარჩუნოს ბიოლოგიური მთლიანობა და ინდივიდუალობა. იმუნური სისტემა ბრძოლის ველია, სადაც განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა დაავადების გამომწვევსა და იმუნიტეტს შორის. იმუნური სისტემა პასუხისმგებელია ორგანიზმის დაცვაზე ბიოლოგიური აგრესიისაგან. ამასთან, მისი მოქმედება მიმართულია არა მხოლოდ გარეგანი აგრესორების წინააღმდეგ, არამედ იგი ანადგურებს საკუთარ გადაგვარებულ, დაბერებულ და მკვდარ უჯრედებს.

- რა სახის იმუნიტეტი შეიძლება განუვითარდეს ადამიანს?

- ადამიანის ორგანიზმს აქვს ბუნებრივი დაცვის მრავალი საშუალება, რომლებსაც ბარიერულ საშუალებებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნება ლორწოვანი გარსები, საოფლე, სანერწყვე და კუჭის ჯირკვლების სეკრეტი, თავ-ზურგტვინის სითხე, ლიმფური კვანძები, ელენთა, თიმუსი, სისხლი.

იმუნიტეტი ორგვარია: აქტიური (active immunity) და პასიური ( passive immunity).

  • აქტიურია იმუნიტეტი, როდესაც ორგანიზმი უცხო აგენტის შეჭრის საპასუხოდ თავად გამოიმუშავებს ანტისხეულებს.

აქტიური იმუნიტეტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ბუნებრივიც და ხელოვნურიც. პირველი ფორმირდება გადატანილი დაავადების შედეგად, ხოლო მეორე - აცრის ჩატარების შემდეგ.

არსებობს შეძენილი ანუ სპეციფიკური იმუნიტეტი, რომელსაც ადამიანი იძენს ინფექციური დაავადების, მაგალითად, ყივანახველას, წითელას, ჩუტყვავილას გადატანის შედეგად. ამ გზით მიღებული იმუნიტეტი ძალიან მყარია და წლობით, ხშირად სიცოცხლის ბოლომდე ნარჩუნდება. მაგრამ ამავე დაავადებების მიმართ იმუნიტეტი შეიძლება ვაქცინაციითაც გამომუშავდეს. ამ შემთხვევაში იმუნიტეტი განისაზღვრება როგორც ხელოვნური.

აქტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა გარკვეული დრო, სამაგიეროდ ნარჩუნდება დიდხანს, ხოლო ზოგიერთი დაავადების შემდეგ - მთელი ცხოვრება.

  • პასიური იმუნიტეტი ფორმირდება ორგანიზმში უკვე მზა დამცველობითი ფაქტორების (გამა-გლობულინი) შეყვანისას. ასეთი იმუნიტეტი სწრაფად ყალიბდება, მაგრამ დიდხანს არ ნარჩუნდება - რამდენიმე კვირა ან თვე გასტანს. პასიური იმუნიტეტის შექმნა აუცილებელია ეპიდემიის საშიშროებისას, ასევე - ინფექციური პათოლოგიით დაავადებულთან კონტაქტისას და ცხოველის კბენის შემდეგ.

გამოყოფენ ასევე სტერილურ და არასტერილურ იმუნიტეტს. პირველის თავისებურება ის არის, რომ მთელი ცხოვრება ნარჩუნდება. მაგალითად, ბავშვობაში ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ადამიანს იგი აღარასოდეს დაემართება.

არასტერილური იმუნიტეტი მხოლოდ მანამდე მოქმედებს, ვიდრე მოცემული დაავადების გამომწვევი, მაგალითად, ტუბერკულოზი, ორგანიზმშია. ადამიანი დაბადებიდანვე სენშეუვალია მრავალი დაავადების მიმართ. მაგალითად, ცხოველის ჭირი მას არ ემართება. ასეთ იმუნიტეტს თანდაყოლილი ანუ ბუნებრივი (არასპეციფიკური) ეწოდება.

ადამიანი არ ავადდება იმიტომ, რომ მისი სისხლი მზა ანტისხეულებს შეიცავს. თანდაყოლილი იმუნიტეტი მშობლებისგან შვილებს მემკვიდრეობით გადაეცემა.

დროებითი იმუნიტეტი შეიძლება ჩამოყალიბდეს შრატის შეყვანის შედეგად (ასეთივე იმუნიტეტი აქვთ ახალშობილებს), ხოლო აქტიური - ანტიგენების სპეციფიკური დამუშავებით.

- როგორია ვაქცინაციის როლი სხვადასხვა დაავადების მიმართ მყარი თუ დროებითი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში?

- იმისათვის, რომ ორგანიზმმა თავად გამოიმუშაოს ანტისხეულები, საჭიროა ვაქცინაცია. ხელოვნური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ადამიანს უკეთებენ აცრას: მკვდარ ან ძალზე დასუსტებულ ავადმყოფობის გამომწვევებს შეუყვანენ ორგანიზმში. ამ დროს წარმოიქმნება დამცავი ანტისხეულები. აცრის შემდეგ იმ დაავადებით, რაზეც ვაქცინაცია ჩაუტარეს, ადამიანი ან აღარ ავადდება, ან ავადდება მსუბუქი ფორმით.

ინფექციურ დაავადებებთან წარმატებით ბრძოლას ხელს უწყობს აცრები - დიფტერიისა, ტუბერკულოზისა, პოლიომიელიტისა, ყვავილისა და სხვა. თუ დაავადებულს სწრაფი დახმარება სჭირდება, მას ორგანიზმში შეუყვანენ მზა ანტისხეულებს სამკურნალო შრატის სახით, სამკურნალო შრატი კი მიიღება იმ ცხოველის ან ადამიანის სისხლის პლაზმისგან, ვინც მოცემული ინფექციური დაავადება გადაიტანა.


ასეთ სამკურნალო შრატს იყენებენ, მაგალითად, მძიმე ინფექციური დაავადების - დიფტერიის დროს. გარდა ამისა, ამზადებენ სხვადასხვა სამკურნალო შრატს. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ სამკურნალოდ კი არა, დაავადების თავიდან ასაცილებლადაც იყენებენ. მაგალითად, ისეთი საშიში დაავადება, როგორიც არის ტეტანუსი (გაშეშება), შეიძლება ავიცილოთ თავიდან ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის დროული გამოყენების საშუალებით.

ტეტანუსი შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობის მიწით დასვრამ - მისი გამომწვევები ნიადაგში დიდხანს ძლებენ, ამიტომ თუ ადამიანს ჭრილობა მიწით დაესვარა, დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატს შეუყვანენ. შრატის ანტისხეულები ავადმყოფობას განვითარების საშუალებას არ მისცემენ.

შრატის გამოყენებისას ანტისხეულები ორგანიზმში არ წარმოიქმნება - ისინი გარედან შეჰყავთ, ამიტომ სისხლში ძალიან ცოტა ხანს რჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ორგანიზმი კვლავ მგრძნობიარე გახდება ამ დაავადების მიმართ.

ადამიანის ორგანიზმში ყველა ინფექციური დაავადების მიმართ იმუნიტეტი არ გამომუშავდება. ზოგიერთი დაავადება შეიძლება რამდენიმეჯერ გადავიტანოთ. თუნდაც ანგინა.

ვაქცინაცია საშიში ინფექციებისგან თავის დაცვის ძირითადი მეთოდია. თანამედროვე პირობებში ვაქცინაცია გვაძლევს ჰეპატიტის, პნევმოკოკური, მენინგოკოკური ინფექციის, გრიპის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის სპეციფიკური პრევენციის საშუალებას. ჩვენს ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა ტუბერკულოზსა და B ჰეპატიტთან ბრძოლას. ამ დაავადებების ვაქცინაცია სამშობიარო სახლებიდანვე იწყება.

- რატომ და როდის სუსტდება იმუნიტეტი?

- იმუნიტეტის დასუსტების ნიშნებია სწრაფი დაღლა, ხშირი გაციება, ადვილად გაღიზიანება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება. იმუნიტეტის დაქვეითებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. უჯრედი უჯრედშორისი სივრციდან იკვებება. ტოქსინების 83% გროვდება უჯრედშორის სივრცეში, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო თავისთავად აღარ სუფთავდება. ყველა ეს მიზეზი შეიძლება გააერთიანოს არაჯანსაღი ცხოვრების წესმა, გადატანილმა დაავადებებმა, სტრესულმა სიტუაციებმა. რადიაცია, დასხივება, კლიმატი, ასაკი, მედიკამენტები კიდევ უფრო ასუსტებს იმუნიტეტს.

- რა შეიძლება იყოს ხშირი გაციებისა და ავადობის მიზეზი?

- ადამიანთა მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება, რადგან იმუნური სისტემის 70%-ზე მეტი ნაწლავებში ბინადრობს. ასევე ნაწლავებში სახლობენ ბაქტერიები, რომლებიც სპობენ ინფექციას, გამოიმუშავებენ ამინმჟავებს და ვიტამინებს, რითაც ხელს უწყობენ იმუნიტეტის ამაღლებას.

დისბაქტერიოზი იმუნური სისტემის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია, ამიტომ მასზე პირის ღრუდანვე უნდა ვიზრუნოთ. ნერწყვი ჯანსაღი საკვების გადამუშავების საწინდარია. ამ საკვებით მარაგდება სისხლი.

როგორც აღვნიშნეთ, ლიმფური სისტემა პასუხისმგებელია იმუნიტეტზე. იგი აბლაბუდასავით არის მოდებული მთელ ორგანიზმს, მაგრამ არ არის თავისა და ზურგის ტვინში, ძვალში, ხრტილში, თვალის ბროლში, ეპიდერმისში, პლაცენტაში, ამიტომაც არის, რომ ამ ორგანოთა დაავადებები ასე ხშირია.

სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების როლი აქამდე სისხლის შემადგენლობის მუდმივი განახლებით ამოიწურებოდა, მაგრამ ეს უჯრედები მიგრანტები არიან. ამ უჯრედებს შეუძლიათ დატოვონ ძვლის ტვინი, მერე კი დაბრუნდნენ. ისინი არსად იკარგებიან, უბრალოდ გარკვეული ხნის განმავლობაში სისხლძარღვებში, ფილტვებში, ღვიძლში, გულსა და სხვა ორგანოებში ცირკულირებენ. ორგანოებში მხოლოდ 36 საათს ატარებენ და კვლავ სისხლსა და ლიმფაში ბრუნდებიან. ასე პასიურად იქცევიან, თუ ამ ორგანოებს არაფერი ემუქრებათ, მაგრამ სტრეს-სიგნალების დროს იწყებენ დაყოფას. სწორედ დაქვეითებული იმუნიტეტი იწვევს ხშირ ავადობას.

- რას ურჩევდით სხვადასხვა ინფექციით ხშირად მოავადე ბავშვების დედებს?

- ბავშვების ხშირი ავადმყოფობა დაქვეითებულ იმუნიტეტზე მიუთითებს. ამ დროს ბავშვებს აღენიშნებათ სუნთქვის ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი, ადენოიდები და სხვა. ამ პათოლოგიების სიმპტომური მკურნალობა სიცხის დამწევი საშუალებებით და ანტიბიოტიკებით არათუ არ ზრდის, არამედ მნიშვნელოვნად აქვეითებს ორგანიზმის დამცავ ბარიერს. ამგვარი "მკურნალობა" სერიოზულ დარტყმას აყენებს იმუნიტეტს, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვთა ასაკში, როდესაც იმუნური სისტემის ფორმირება მიმდინარეობს.

ადრე გაზაფხულზე გაციებისგან ბავშვის დაცვა რამდენადმე უფრო რთულია, ვიდრე შემოდგომაზე თუ ზამთარში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს იმუნიტეტის დაქვეითება. ხშირად მოავადე ბავშვის ბუნებრივი იმუნიტეტი არცთუ ისე ძლიერია, ხოლო ზამთრის მიწურულს მას უწევს, შეებრძოლოს ვირუსულ შემოტევას თანდართული ავიტამინოზის ფონზე.

მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვის რაციონი დაბალანსებული იყოს. საუკეთესო იქნება ახალგამოწურული ხილის წვენები. რეკომენდებულია ჩვენი რეგიონისთვის მშობლიური სურსათი, რომელთანაც ბავშვი ადაპტირებული, შეჩვეულია.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე ბავშვის ორგანიზმს ხელს შეუწყობს ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენაში. ბავშვი რეგულარულად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, ნუ ჩააცმევთ ბევრ ტანსაცმელს, მაგრამ ნურც ისე შილიფად, რომ გაგიცივდეთ. მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნაწლავის ფლორის აღდგენა, რაც შესაძლებელია მაწვნის, იოგურტის, კეფირის და ბიფიდობაქტერიების შემცველი პრეპარატების საშუალებით. ჯანსაღ ფლორას შეუძლია იმ ვიტამინების ათვისება, რომელსაც ბავშვი რაციონიდან იღებს, ხოლო გაძლიერებული იმუნიტეტი კარგად მოერევა ვირუსულ შეტევას.


- ასაკის მატებასთან ერთად ხომ არ მცირდება ორგანიზმის იმუნური შესაძლებლობები?

- ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემები მართლაც იმატებს. ამ შემთხვევაში იმუნიტეტს ვარჯიშით, აქტიური ცხოვრების წესით უნდა დავეხმაროთ.

- რას წარმოადგენს აუტოიმუნური დაავადებები?

- ეს ის დაავადებებია, რომლებიც მიმდინარეობს ანტისხეულების პათოლოგიური გამომუშავებით ან ავტოაგრესიული კლონური უჯრედების გამრავლებით ჯანმრთელთა წინააღმდეგ.

ავტოიმუნური დაავადებებია სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი და სხვა. ამ დროს მკურნალობა ტარდება იმუნოსუპრესორებით, კორტიკოსტეროიდებით, ანტიბიოტიკებით, რაც კიდევ უფრო აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

- რამდენად მართებულია იმუნომასტიმულირებლებისა და იმუნომოდულატორების დანიშვნა და როდის?

- იმუნომოდულატორების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე - დაუშვებელია. იმუნიტეტის ამამაღლებელი საშუალების შერჩევა მეტად სერიოზული საქმეა, რადგან ყველა საშუალება არ შეიძლება უსისტემოდ გამოვიყენოთ. საზოგადოდ, იმუნურ სისტემასთან ფრთხილი და განსაკუთრებული დამოკიდებულება გვმართებს. იმუნომოდულატორების დანიშვნა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ორგანიზმს დაავადებასთან, მაგალითად ტუბერკულოზთან, მძიმე ჰერპესთან ბრძოლის უნარი არ შესწევს. ყველა სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ბანალური გაციების დროს მათი დანიშვნა უმართებულოა, რადგან ამ პრეპარატების ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის იმუნურ სისტემას აღარ ეძლევა ინფექციასთან საბრძოლველად ანტისხეულების გამომუშავების საშუალება.

- როგორ შევუნარჩუნოთ ორგანიზმის დამცავ სისტემას ოპტიმალური მდგომარეობა?

- უჯრედამდე სისხლი ერთი სახის - არტერიულ სისხლძარღვებს მიაქვს, ხოლო გამოაქვს ორი სახისას - ვენურსა და ლიმფურს. ლიმფური სისტემა ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ არ მოხდა ლიმფური სისტემით ორგანიზმის გასუფთავება, დაავადება გარდაუვალია. ამისთვის საჭიროა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით (C, A, E ვიტამინები, თუთია, რკინა, სელენი) მდიდარი საკვები: ნიორი, ხახვი, კივი, გრეიფრუტი, ლიმონი, ნატურალური ღვინო ზომიერად, ნატურალური თაფლი, მწვანე ჩაი, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ლობიო, ნესვი, ხორბალი, ყვავილოვანი კომბოსტო, თევზი, ნიგოზი და თევზის ქონი, რომელიც შეიცავს ომეგა 3-სა და ომეგა 6-ს. ეს არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები - ძლიერი ანტიოქსიდანტები.

მინდა, ვახსენო იოდის კონცენტრატიც, რომელიც მრავალი ევროპული ქვეყნის სამედიცინო სამსახურების გაიდლაინებშია შესული როგორც აუცილებელი საკვები ბიოდანამატი. ეს არ არის მოლეკულური იოდი, ეს არის იოდის კონცენტრატი, რომლის განსაზღვრული რაოდენობა შარდით გამოიყოფა. უჯრედშორისი სივრციდან უჯრედთა კვება მათი დეპოლარიზაციის თვისების გამო იოდის გარეშე წარმოუდგენელია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გირჩევთ: ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებას, გაკაჟებას, ზომიერ ვარჯიშს, სწორ, რაციონალურ დასვენებას, სტრესული სიტუაცებისთვის თავის არიდებას. ამას ვერ შეედრება ვერც ერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატი. XVIII საუკუნის ფრანგი ექიმი ტისო წერდა: "მოძრაობამ შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი წამალი, მაგრამ სამყაროს ყველა სამკურნალო საშუალება ერთად აღებული ვერ შეცვლის მოძრაობას". მხოლოდ ჯანსაღი სხეულისა და ჯანსაღი სულის ერთობლიობა ქმნის ჯანსაღ პიროვნებას. ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი და თავი ჩვენი.