სეფსისი და მისი თავისებურებანი

უდიდესმა ექიმმა და პროფესიონალმა, სახელოვანმა მამულიშვილმა, აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა.
მანვე შექმნა 1979 წელს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. საყურადღებოა, რომ საბჭოთა კავშირში სეფსოლოგია მედიცინის ცალკე დარგად მხოლოდ საქართველოში სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. რა მდგომარეობაშია დღეს ეს უდიდესი ისტორიისა და დამსახურების მქონე ცენტრი - ცალკე თემაა, რომელსაც უახლოეს ნომერში აუცილებლად მიეძღვნება ცალკე პუბლიკაცია. ამჯერად კი სეფსისის საკვანძო საკითხებზე, მის მიმდინარეობასა და თავისებურებებზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მიმღებ-პოლიკლინიკური განყოფილების გამგე ლია გოლიაძე გვესაუბრება.
-ქალბატონო ლია, რას წარმოადგენს სეფსისი?
- სეფსისი არის ერთ-ერთი უმძიმესი ინფექციური დაავადება, რომელსაც, მარტივ, მკითხველისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ახასიათებს სისხლში ბაქტერიების არსებობა და ამის გამო სისხლის მოწამვლა.
- რატომ და როგორ ხვდება ბაქტერიები სისხლში ანუ როდის ვითარდება სეფსისი?
- სეფსისის დროს უმეტესად ასეთი რამ ხდება: ინფექციის პირველადი კერიდან გამომწვევები ჰემატოგენურ დისემინაციას განიცდიან (ანუ სისხლის მეშვეობით ვრცელდებიან, მოითესებიან) მთელ ორგანიზმში, ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში, რის გამოც დაავადება მძიმე და პროგრესირებად მიმდინარეობას იძენს. დაავადება სხვადასხვა შემთხვევაში და სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს. მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის, სამეანო-გინეკოლოგიური, აგრეთვე - სხვა სახის ინტერვენციული ჩარევისა თუ მანიპულაციის შედეგად.
- გამოდის, რომ ის უმეტესად არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენების, საზოგადოდ, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაუცველობის შედეგად მიღებული მძიმე გართულებაა...
- სეფსისის გამომწვევ მიზეზთაგან მხოლოდ არასტერილურობის ფაქტორის განხილვა არ იქნება მართებული. ინფექციური პროცესის განვითარებისთვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც არასტერილური ინსტრუმენტის გამოყენება, მით უმეტეს, დღეს ყველაფერი ერთჯერადია. დასუსტებულ ორგანიზმში ინფექციის გამომწვევები შესაძლოა კანიდანაც შეიჭრან მისი უმნიშვნელო დაზიანებისას, თუნდაც გაკაწვრისას.
მოგეხსენებათ, ადამიანის კანზე ყოველთვის არიან ბაქტერიათა განსაზღვრული კოლონიები. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ცხოველმყოფელობენ, მაგრამ რაიმე მიზეზით შესაძლოა სისხლში აღმოჩნდნენ. ინფექცია არათუ ჭრილობიდან ან ნაკაწრიდან, არამედ კანზე არსებული უმცირესი მუწუკიდანაც კი შეიძლება გავრცელდეს და ელვისებური ფორმის გენერალიზებული სეფსისი გამოიწვიოს.
ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცეს დაჩირქებული ნუშურები (ტონზილები), დაზიანებული კბილი, ფურუნკული, კარბუნკული, ამა თუ იმ ორგანოში არსებული ჩირქგროვა, ამა თუ იმ ქსოვილში არსებული ინფექციის კერა. აქედან გამომდინარე განასხვავებენ სამეანო-გინეკოლოგიურ, ოტოგენურ (ყურიდან განვითარებულ), ქირურგიული ჩარევისა და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების შემდგომ განვითარებულ სეფსისს, აგრეთვე დაავადების ორალურ ფორმას, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ტონზილურ და ოდონტოგენურ სეფსისად.
ინფიცირება ზოგჯერ ენდოგენურია (ანუ შინაგანი). ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის შიგნით არსებული კერიდან ან თუნდაც მათთვის ჩვეული გარემოდან, მაგალითად, ნაწლავებიდან, გამომწვევები რაიმე მიზეზით სისხლში ხვდებიან. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაწლავებში მუდმივად არსებობენ და ცხოველმყოფელობენ სხვადასხვა სახის ბაქტერიები. ისინი მონაწილეობენ საჭმლის მონელების, ასევე ვიტამინებისა და ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების სინთეზში. ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები ორგანიზმის დასუსტების გამო ზოგჯერ მათთვის ჩვეული გარემოდან გადიან და სისხლში ხვდებიან. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს რომელიმე ქრონიკული ან თანდაყოლილი დაავადება, რომელიც მაინცდამაინც არ აწუხებს და ამა თუ იმ ვირუსული ან სხვა ინფექციის ფონზე მძიმე სეფსისით ავადდება.
ხშირია შემთხვევა, როდესაც აქვთ მანკი ან სხვა თანდაყოლილი პათოლოგია (რომელიც მანამდე არ აწუხებდათ, არც კი იცოდნენ მის შესახებ), შეხვდებათ ვირუსული ინფექცია და საოცრად დამძიმებული კლინიკით ბოლოს ჩვენთან ხვდებიან სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოზით. ყოველთვის, როცა კი ადამიანს აღენიშნება ხანგრძლივი ცხელება, თუნდაც მუდმივად დაბალი ტემპერატურა, პირველ რიგში საჭიროა სეფსისის გამორიცხვა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან მოსულ პაციენტთა 25-35%-ს სეფსისის დიაგნოზს ვუსვამთ.
- კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს სეფსისს?
- სეფსისი ისეთი დაავადებაა, რომელსაც ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი სიმპტომატიკა აქვს. უმძიმესი ფორმის დროს მოსალოდნელია როგორც მაღალი ცხელება (ტემპერატურის 40 და უფრო მაღალი მაჩვენებლით), ისე სრულიად უცვლელი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ხომ ორგანიზმის ერთგვარი რეაქციაა, სეფსისის მძიმე ფორმის დროს კი ორგანიზმს ზოგჯერ ამ რეაქციის გამოხატვის თავიც აღარ აქვს. იგივე შეიძლება ითქვას ლეიკოციტების მაჩვენებელზე: ზოგ შემთხვევაში თუ ვლინდება მაღალი ლეიკოციტოზი ანუ სისხლში ლეიკოციტების დონის მომატება, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოხატული იყოს ლეიკოპენია ანუ ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონკრეტული, დოგმატური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებით მიდგომა ამა თუ იმ დაავადებისადმი, მით უფრო - სეფსისისადმი, არ შეიძლება.
თანამედროვე გაიდლაინებით, ასე ერთმნიშვნელოვნად დაავადების შეფასება და მისი დიაგნოსტიკა არ არის მართებული. ყოველი ადამიანის ორგანიზმი განსხვავებული და ინდივიდუალურია. შესაბამისად, თითოეულ ორგანიზმში ერთი და იგივე დაავადება სრულიად განსახვავებული კლინიკით ვითარდება. ერთი და იგივე პათოლოგია სხვადასხვა ორგანიზმში შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული სიმპტომოკომპლექსით განვითარდეს და გამოიხატოს.