რატომ ვრცელდება ასე ადვილად კორონავირუსი - რა წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდზე
"მკურნალი" გთავაზობთ იმ დასკვნებს, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა და საერთაშორისო რეკომენდაციად გაავრცელა:
რატომ არის, რომ ეს ვირუსი ასე ადვილად ვრცელდება? ხომ არ არის გადაცემის ისეთი გზები, რომლის შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია?
უკვე დადასტურებულია, რომ კორონავირუსი დაავადებული ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ხველისა და სუნთქვის დროს ცხვირიდან და პირიდან გამოტყორცნილი ვირუსშემცველი მცირე წვეთების გზით. ეს წვეთები ეცემა საგნების ზედაპირებს, მერე მას შეეხება ჯანმრთელი ადამიანი ხელით, ამ ხელს მიიტანს თვალთან, პირთან, ცხვირთან და ვირუსი მის ორგანიზმში შეიჭრება.
თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსი გადაედება მაშინაც, როცა ჯანმრთელი ადამიანი დაავადებულის მიერ ამოსუნთქულ ჰაერს ჩაისუნთქავს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ დაავადებულისგან 1 მეტრის დისტანცია შევინარჩუნოთ.
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ კორონავირუსი ჰაერის გზით ვრცელდება, გავრცელების გზაა ჰაერ-წვეთოვანი ანუ ვირუსს შეიცავს მხოლოდ დაავადებულისგან გამოტყორცნილი მცირე წვეთები.
ბევრი ადამიანი კითხულობს, ავრცელებს თუ არა ვირუსს ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ ვირუსს ავრცელებს ადამიანი, რომელიც ახველებს, შესაბამისად უსიმპტომო ადამიანის მიერ მისი გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. თუმცა ზოგიერთ დაავადებულს ძალიან უმნიშვნელოდ აქვს გამოხატული სიმპტომები, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე. ამიტომ COVID-19 შეიძლება გადაგვედოს ადამიანისგან, რომელსაც, მაგალითად, აქვს მსუბუქი ხველა და თავს ცუდად არ გრძნობს.
გადაეცემა თუ არა COVID-19 დაავადებული ადამიანის ფეკალიებით?
COVID-19-ის ფეკალიებით გადადების რისკი ძალიან დაბალია, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში COVID-19 აღმოჩნდა დაავადებულის განავალშიც. ამ გზით ინფექციის გავრცელება არ წარმოადგენს ეპიდემიის აფეთქების საშიშროებას. თუმცა ხელების საპნით!!! დაბანა ტუალეტის შემდეგ ყოველი ადამიანისთვის სავალდებული ჰიგიენური წესი უნდა გახდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს არსებული მონაცემების დამუშავებას ვირუსის გავრცელების გზების შესახებ და თუ რაიმე სიახლე კიდევ იქნება ამ მიმართულებით, "მკურნალიც" აუცილებლად გაგაცნობთ.