კორონავირუსი

კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?

კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?
ახალი ვირუსული (COVID-19) ინფექციის გავრცელების დღიდან მკვლევართა ყურადღება მიმართულია
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატისა და ვაქცინის შექმნაზე.

ბუნებრივია, კორონავირუსის საწინააღმდეგო დადასტურებული ეფექტურობის მქონე პრეპარატის გამოყოფა სამთვიან ვადაში შეუძლებელია. ყველასათვის გასაგებია, რომ კლინიკური კვლევების ჩატარება გარკვეულ პერიოდს მოითხოვს - რამდენიმე თვიდან 1-2 წლამდე კვლევების სამი ფაზიდან თითოეულის გათვალისწინებით.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმები არ ცდილობენ პაციენტთა მკურნალობას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რაც მთავარია, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც მათ არსენალშია.

ამ ეტაპზე COVID-19 ინფექციასთან მიმართებაში ფართოდ განიხილება ორი ძირითადი სტრატეგია: ვაქცინის შექმნა და
ანტივირუსული აგენტების გამოყენება, კერძოდ, იმ საშუალებებისა, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ კლინიკური გამოცდა და გარკვეული შედეგები აქვთ სხვა ვირუსებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაში.

რაც შეეხება კონკრეტულად ვაქცინას, მის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობენ ჩინელი მედიკოსები და ორი ამერიკული კომპანია - Moderna და Novavax.
პირველი კომპანია დაკავებულია რნმ-ის საფუძველზე მედიკამენტის
შექმნით, ნაცვლად ინაქტივირებული (დასუსტებული) ვირუსებისა და მათი ცილებისა. Mოდერნა-ს მკვლევარები იყენებენ ძირითადად სპეციალური მეთოდით სტაბილიზებულ ნუკლეინის მჟავას. ეს არის ახალი მიდგომა, რომლის ეფექტურობის დემონსტრირება კომპანიას ჯერ არ მოუხდენია არა მხოლოდ კორონავირუსთან მიმართებაში, არამედ სხვა ვირუსული დაავადებების მაგალითზეც. ყველაფერს დრო გვიჩვენებს!

მეორე კომპანია Novavax ცდილობს მიმართოს შედარებით ტრადიციულ მიდგომას და გამოიყენოს ვაქცინაში ვირუსის რეკომბინანტული ცილები. "ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინის შემუშავება და გამოცდა რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ამ დროის განმავლობაში კი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდმდგომარეობა შესაძლოა კარდინალურად შეიცვალოს" - ასეთია სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა აზრი.

ექსპერტთა განცხადებით - ბევრად უფრო რეალისტურია სხვა სტრატეგია, კერძოდ, უკვე არსებული, ცნობილი და გამოცდილი ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება. ამ ეტაპზე მკვლევარები განიხილავენ ბევრი ასეთი ანტივირუსული საშუალების პოტენციურ ეფექტურობას. უცხოელ სპეციალისტთა რეკომენდაციით კლინიკურ გამოცდას ახალ ვირუსულ ინფექცასთან მიმართებაში გადის და შედარებით პერსპექტიულად განიხილება:

• რემდეზივირი - ფართო მოქმედების ანტივირუსული საშუალება, კომპანია Gilead მიერ შექმნილი. ეს პრეპარატი უკვე გამოცდილია ებოლას ვირუსზე და კარგი შედეგები აჩვენა რამდენიმე სხვა კორონავირუსთან მიმართებაშიც, ასევე რამდენიმე ტესტში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ცალკეულ უჯრედებზე. მიჩნეულია, რომ რემდეზივირი ახდენს SARS-CoV-2 რეპლიკაციის ინჰიბირებას (შეკავებას, დაბლოკვას) და ეს უკანასკნელი მიიღწევა იმით, რომ რნმ-პოლიმერაზა (ფერმენტი) იძულებულია დაუშვას ბევრი შეცდომა.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის არაფორმალურ სახელმძღვანელოში, რომელიც ცალკეულ სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად ფორმულირდა, რემდეზივირი დასახელებულია ყველაზე პერსპექტიულ ანტივირუსულ პრეპარატად; სწორედ ეს საშუალება გამოიყენეს აშშ-ში დაფიქსირებული COVID-19 ინფექციის პირველი შემთხვევის სამკურნალოდ.

თუმცა, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ერთი შემთხვევის გამოჯანმრთელებით არ შეიძლება პრეპარატის ეფექტურობაზე საუბარი;

• ფავიპირავირი - ეს გახლავთ ვირუსული რნმ-პოლიმერაზას კიდევ ერთი ინჰიბიტორი. მას ინტენსიურად იყენებენ ჩინეთში მიმდინარე კლინიკურ კვლევებში. თუმცა ლაბორატორიულმა ტესტებმა ჯერ ვერ აჩვენა მისი საკმარისი ეფექტურობა SARS-CoV-2 წინააღმდეგ;

• რიტონავირი და ლოპინავირი – ეს ორივე პრეპარატი ინტენსიურად არის ჩართული COVID-19 ინფექციის მკურნალობის რამდენიმე კლინიკურ კვლევაში.

ორივე დასახელებული პრეპარატი არის პროტეაზების ინჰიბიტორი. ისინი თავის დროზე შეიქმნა აივ-თან (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) საბრძოლველად. საყურადღებოა, რომ კორონავირუსის ცილების ნაწილი თავდაპირველად სინთეზირდება (წარმოიქმნება) ერთიანი პილიპეპტიდური ჯაჭვის სახით და შემდგომი ფუნქციობისათვის საჭიროა მათი დანაწევრება (დაჭრა) პროტეაზებით.

აღნიშნული ინჰიბიტორები სწორედ ამ ფერმენტების (პროტეაზების) მუშაობას თრგუნავენ, ბლოკავენ. რიტონავირი და ლოპინავირი შესწავლილ იქნა შAღშ და MEღშ გამომწვევებზე გარკვეული დადებითი შედეგების მიღებით. ვნახოთ, რა შედეგებს აჩვენებს ეს პრეპარატები ახალ კორონავირუსთან მიმართებაში.
მკვლევარები პირველ შედეგებს 2020 წლის მაისში ელოდებიან!


ასევე წაიკითხეთ:
კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?