სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან - საყლაპავიდან, კუჭიდან, თორმეტგოჯა ნაწლავიდან - ათიდან ცხრა შემთხვევაში განპირობებულია წყლულოვანი დაავადებით, მწვავე ეროზიით, მელორი-ვეისის სინდრომით; ასიდან რვა შემთხვევაში - დუოდენიტით, საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენით, ეზოფაგიტით, საყლაპავის ან კუჭის სიმსივნით; ასიდან ორში - მემკვიდრეობითი ტელეანგიექტაზიებით, ფსევდოქსანთომებით, პანკრეატიტით, ანგიოდისპლაზიით, გასტროპათიით. ორში მიზეზი დაუდგენელია.
- რით განისაზღვრება სისხლდენის კლინიკური სურათი?
- სისხლდენის კლინიკური სურათი სისხლდენის ტემპითა და დაკარგული სისხლის მოცულობით განისაზღვრება. მსუბუქი სისხლდენისას, როდესაც სისხლის დანაკარგი არ აღემატება 350-400 მლ-ს, სუბიექტური შეგრძნება ან სრულიად არ არის, ან შემოიფარგლება მსუბუქი გარდამავალი გულისრევით, პირის სიმშრალით, სისუსტით, შემცივნებით. შესაძლოა, ავადმყოფმა ამ ნიშნებს არც კი მიაქციოს ყურადღება, თუ სისხლიანი ღებინება არ აუვარდა. სისხლდენის მეტ-ნაკლებად მუდმივი ნიშანია დეფეკაციის მოთხოვნილება და კუპრისებრი განავალი. თუ სისხლდენა არ აღემატება მოცირკულირე სისხლის 10%-ს, ორგანიზმი ადვილად მოერევა მას თვითრეგულაციითა და კომპენსაციით. უხვი სისხლდენის შემთხვევაში გამოვლინდება მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია: უეცარი სისუსტე, გულისრევა, ოფლიანობა, ყურების შუილი, თვალებში “წინწკლები”, გულისცემის გახშირება, თავბრუხვევა, გულის წასვლის შეგრძნება. ამ დროს ავადმყოფი კარგავს ფერს, ასხამს ცივი ოფლი, პულსი უხშირდება, სისტოლური წნევა უქვეითდება, აწუხებს ძლიერი წყურვილი, მივარდნილია, შარდავს ბევრს. ამ სუბიექტურმა და ობიექტურმა სიმპტომებმა შესაძლოა სისხლიან ღებინებასა და მელენაზე (კუპრისფერი განავალი) ადრე იჩინოს თავი. პირველ საათებში ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში რჩება. მათი დაქვეითება იწყება 24 საათის შემდეგ. თუ 3-5 დღის განმავლობაში დადებითი დინამიკა არ გამოიხატა, ესე იგი სისხლდენა გრძელდება ან მეორდება.
- საყლაპავ მილში არსებულმა პოლიპმა ან სიმსივნემ თუ შეიძლება გამოწვიოს სისხლდენა?
- სავსებით შესაძლებელია. ამ დროს ავადმყოფს შესაძლოა აუვარდეს სისხლიანი ღებინება ან დაეწყოს გაძლიერებული დეფეკაცია კუპრისფერი განავლით. სისხლიანი ღებინება, ჰემატომეზისი, ჩვეულებრივ, მხოლოდ მაშინ ვითარდება, როდესაც სისხლდენის მიზეზი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზემოთა ნაწილში - საყლაპავში, კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში - მდებარეობს. მარილმჟავასთან შეხება სისხლს ფერს უცვლის, აყავისფრებს. მასიური სისხლდენის დროს მთელი სისხლის მარილმჟავასთან კონტაქტი შეუძლებელია, ამიტომ მას შესაძლოა ჰქონდეს ღია წითელი ან მუქი მოლურჯო-მოწითალო ფერი. თუმცა პირნაღები მასის მიხედვით ყოველთვის ვერ განისაზღვრება სისხლდენის კერა. სისხლდენას ზოგჯერ თან ახლავს მელენა - შავი განავალი (სისხლის ნაწილი, რა თქმა უნდა, გადადის კუჭში და შემდეგ - ნაწლავებში). ის კუპრისებურია, ბრწყინავს, რბილია და უფორმო. მელენა უნდა განვასხვავოთ შავი განავლისგან, რომელიც ბისმუტის ან რკინის პრეპარატების მიღების შემდეგ ყალიბდება. ფსევდომელენას ჩვეულებრივი კონსისტენცია და ფორმა აქვს. საყლაპავის კიბო ან პოლიპი ვითარდება 50-დან 70 წლამდე ასაკში, მამაკაცებში - ქალებზე 3-ჯერ ხშირად. დამახასიათებელი სიმპტომები მოგვიანებით იჩენს თავს, მაშინ, როდესაც წარმონაქმნი მკვეთრად იმატებს ზომას. ეს სიმპტომებია:
- პროგრესირებადი ყლაპვის გაძნელება, განსაკუთრებით - მკვრივი საკვების მიღებისას;
- ყლაპვის შიში (ზოგიერთ ავადმყოფში);
- წონის კლება.
პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ექიმთან მისვლამდე 6-9 თვე გადის. ამ დროისთვის სიმსივნე მე-3 სტადიას აღწევს. საყლაპავის კიბოს დროს ხშირია სტენოკარდიული ტიპის ტკივილი. ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპაზმური საშუალებები უეფექტოა. საყლაპავის კიბო შეიძლება შეინიღბოს გასტრიტის, ნევრალგიის, ლარინგოტრაქეიტის სურათით. საყლაპავი მილის პოლიპი ან კიბო თუ დაწყლულდა, შესაძლოა, მდგომარეობა სისხლდენით გართულდეს. ამას მოჰყვება სისხლიანი ღებინება ან მელენა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. სისხლდენის ხასიათი პოლიპის ან სიმსივნის დაზიანების ხარისხზე, აგრეთვე მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
- კუჭის კიბოსა და პოლიპზე რას გვეტყვით?
- კუჭის კიბო ერთ-ერთი უმძიმესი დაავადებაა, რომლის სისხლდენით გართულების ალბათობა დიდია. ის ხშირად ვლინდება 60 წლის შემდეგ. სისხლდენის ალბათობა არსებობს კუჭის პოლიპის დროსაც. კუჭის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც კუჭის ღრუში გამოდის. ის შედარებით იშვიათად რთულდება სისხლდენით, თუმცა მოითხოვს მოკვეთას (პოლიპექტომია) სათანადო შესწავლის შემდეგ.
- ნაწლავის პოლიპითა და სიმსივნით გამოწვეულ სისხლდენაზეც ვისაუბროთ...
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბუასილის კვანძები, სწორი ნაწლავის ნახეთქი, ანუსის გამოვარდნა, კოლორექტალური პოლიპი და კიბო, წყლულოვანი კოლიტი, შედარებით იშვიათი - იშემიური კოლიტი, კრონის დაავადება, დივერტიკულური დაავადება, ანგიოდისპლაზია, იშვიათი - სწორი ნაწლავის ვარიკოზული კვანძები, წვრილი ნაწლავის დაავადებები (დივერტიკულიტი, ლიმფომა, კაპოშის სარკომა). სწორი ნაწლავიდან, როგორც წესი, დის ბაცი ან მოწითალო-მოყავისფრო სისხლი. მას, ჩვეულებრივ, ადვილად განასხვავებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან მომდინარე სისხლისგან, რომელიც მელენაში გადაიზრდება, მაგრამ თუ კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან სისხლდენა მასიურია, ხოლო ევაკუაცია - აჩქარებული, გამონაყოფი მასა შესაძლოა მოწითალო-მოყავისფრო იყოს. წვრილი ნაწლავის პოლიპიდან და სიმსივნიდან მომდინარე სისხლი ღია ფერისა ან მოწითალო-მოყავისფროა. წვრილი ნაწლავის ერთეულ პოლიპს იშვიათად ნახავთ. ის უმეტესად მრავლობითია, ავთვისებიანი და მეტასტაზური, გამოვლინდება სისხლდენით ან ინვაგინაციით (ჩაჭედვა), გაუვალობით. პოლიპები ყველაზე ხშირად თეძოს ნაწლავში ლოკალიზდება. კლინიკური ნიშნები უმეტესად მათ ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. გართულებებს - დაწყლულებას, სისხლდენასა და პერფორაციას - ასევე დამახასიათებელი სიმპტომებით ამოვიცნობთ. ზოგჯერ ნაწლავის პოლიპის ერთადერთი სიმპტომია ანემია, რომელიც ფარული სისხლდენით არის გამოწვეული.
- შესაძლებელია დადგენა, პოლიპია სისხლდენის მიზეზი თუ სიმსივნე?
- ეს ძნელი დასადგენია. უნდა ჩატარდეს სათანადო გამოკვლევები. უპირველეს ყოვლისა, თითით გასინჯვა, რომელიც ათიდან 8 შემთხვევაში სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება რექტორომანოსკოპია, რომელიც სწორი და სიგმური ნაწლავის სიმსივნეთა 60%-შია ინფორმაციული. ეს მეთოდი ეფექტურია კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოსტირებისას, პოლიპების მალიგნიზაციის (სიმსივნური გადაგვარების) და მათი ეროზიულ-წყლულოვანი ფორმების გამოსავლენად.
- რა სადიაგნოზო საშუალებები არსებობს ამ განსხვავების დასადგენად?
- დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია ირიგოსკოპია, განსაკუთრებით - დეფეკაციის აქტის მოშლის საწყის სტადიაში, როდესაც კოლონოსკოპია პათოლოგიურ ცვლილებებს ვერ ავლენს. კოლონოსკოპია ის მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება რექტალური სისხლდენის მიზეზის დადგენა, გამოვლინდება პოლიპები და სიმსივნეები, რომლებიც ირიგოსკოპიის დროს ვერ ინახა. ის საშუალებას გვაძლევს, ავიღოთ დამიზნებით ბიოპტატი ჰისტოლოგიური შესწავლისთვის, ურომლისოდაც ოპერაციული მკურნალობა ვერ ჩატარდება. აუცილებელია მუცლის ღრუს ექოსკოპია მეტასტაზური პროცესის გამოსარიცხად, გულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ფილტვებში მეტასტაზური პროცესის გამოსარიცხად, ეკგ, სისხლის კლინკური და ბიოქიმიური ანალიზები.
- რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ, თუ უეცრად ნაწლავიდან სისხლდენა დაგვეწყო?
- ნაწლავიდან სისხლდენის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დროულად ჩაგიტარდეთ სათანადო გამოკვლევები - რექტოსკოპია, ირიგოსკოპია, კოლონოსკოპია - და მიიღოთ პროქტოლოგის კონსულტაცია. ოჯახური და მორეციდივე პოლიპოზების დროს წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ ფიბროგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.