როცა საჭმლის მონელება ირღვევა
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, ახალი წლის დღეებში. რატომ გვეუფლება ჭამის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება, რა არის საფუძველი იმ ჩივილებისა, რომელთაც მონელების დარღვევას, დისპეფსიას ვუწოდებთ? ამ და სხვა კითხვებით "ავერსის კლინიკის" თერაპევტს თამარ გიორგობიანს მივმართეთ.
- რა არის დისპეფსია და როგორ ვლინდება ის?
- დისპეფსია ზოგადი ტერმინია და გულისხმობს მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენებულ დისკომფორტს, რომელიც საკვების გადამუშავების დარღვევასთან არის დაკავშირებული. დისპეფსია არ არის დაავადება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იმ სიმპტომთა ერთობლიობა, რომლებიც ერთხელ მაინც ჰქონია ყველა ჩვენგანს. სიმპტომთა ხასიათი და გამოვლენის ინტენსივობა სხვადასხვანაირია, თუმცა შეიძლება დავასახელოთ ის ჩივილები, რომლებიც ტიპურია და პაციენტთა უმეტესობას აწუხებს:
- მუცლის ზედა ნაწილში არასასიამოვნო სისავსის შეგრძნება მაშინ, როცა ადამიანს ჩვეული ოდენობის საკვები აქვს მიღებული;
- მუცლის ზედა ნაწილში სისავსის შეგრძნება ჩვეულებრივზე მეტხანს;
- ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
- წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში;
- მუცლის შებერვა, აირების დაგროვება.
- ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ჩვენი პირველი შეკითხვა საკვების მიღების შემდეგ აღმოცენებულ მუცლის შებერვის უსიამოვნო, ხშირად ძალზე შემაწუხებელ შეგრძნებას შეეხება. თუ ამას დაბოყინება და ჰაერის ამოტყორცნა მოჰყვა, შესაძლოა, შვება ვიგრძნოთ. რა არის ამ ჩივილების მიზეზი?
- ჭამის შემდეგ მუცლის შებერვა, ბოყინი და აირების ამოტყორცნა მართლაც ხშირია, განსაკუთრებით - მრავალფეროვანი და ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ. მკითხველს მისი მიზეზი შესაძლოა ძალიან ბანალური, სასაცილოც კი მოეჩვენოს. უმეტესად ეს არის ჭამის დროს საკვებთან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჰაერის მოხვედრა, ჰაერის ჩაყლაპვა. ამ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ტკივილი – როგორც უმნიშვნელო, ასევე ძლიერი, შემაწუხებელი. ტკივილი მცირდება დაბოყინების ან ნაწლავების მოქმედების, აირებზე გასვლის შედეგად. თუ ასეთი რამ იშვიათია, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, მაგრამ როცა მსგავსი შეგრძნებები ცვლიან პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებას, არ არის გამორიცხული სერიოზული დაავადების არსებობა. ამ დროს ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.
- რა იწვევს ბოყინს?
- ბოყინის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის უნდა დავასახელოთ:
- ცხიმიანი საკვების მიღება. ცხიმიანი საკვები დიდხანს რჩება კუჭში. ასეთი კვების დროს მკვეთრად იმატებს კუჭის სისავსის შეგრძნება;
- სტრესი და მღელვარება;
- თამბაქოს წევა;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია ან რაიმე დაავადება;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – დაავადება, რომლის დროსაც სერიოზული ანატომიური ცვლილების აღმოჩენა ვერ ხერხდება, მაგრამ პაციენტი აღნიშნავს შემაწუხებელ ჩივილებს კუჭ-ნაწლავის მხრივ;
- ზოგიერთი საკვები კომპონენტის (მაგალითად, ლაქტოზის – რძის შაქრის) აუტანლობა ან დაავადებები, რომელთა დროსაც ადამიანი განსაზღვრული სახის საკვებს ვერ იტანს (მაგალითად, ცელიაკია).
დადგენილია, რომ როცა ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ჭამს ან სვამს, ის დიდი რაოდენობით აირსაც ყლაპავს. ბუნებრივია, ამას თავად ვერც კი ამჩნევს. აირების ჭარბი შთანთქმა ხდება მაშინაც, როცა ჭამის დროს ვლაპარაკობთ, ასევე - გაზიანი სასმლის სმის დროსაც და იმ შემთხვევაშიც, როცა სასმელს სპეციალური ჩხირით ვსვამთ.
ბოყინს ხელს უწყობს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. მჟავა შიგთავსის საყლაპავში ამოტყორცნისას პაციენტი უნებლიეთ ცდილობს ყლაპვითი მოძრაობით მოიხსნას არასასიამოვნო შეგრძნება და ამ დროს, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით აირს შთანთქავს. ესეც ბოყინით მთავრდება. ადამიანთა დიდი ნაწილი აირებს შთანთქავს ნერვიულობის დროს, როცა არც ჭამს და არც სვამს. გარდა ამ უწყინარი მიზეზებისა, ხანგრძლივი, შემაწუხებელი ბოყინი შესაძლოა განპირობებული იყოს გასტრიტით – კუჭის ლორწოვანის ანთებითი დაავადებით, წყლულითა და სხვა პათოლოგიებით.
- შესაძლებელია თუ არა, რაიმე გზით შევამციროთ ბოყინისა და მუცლის შებერვის არასასიამოვნო შეგრძნება?
- ამისთვის პაციენტს შეიძლება ვურჩიოთ არ მიიღის ის საკვები, რომლის გადამუშავების დროსაც დიდი რაოდენობით აირი წარმოიქმნება. ცნობილია, რომ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები განსაკუთრებით უწყობს ხელს აირების დაგროვებას. მუცლის შებერვის ხელშემწყობი საკვებია ლობიო, ბარდა, ცერცვი, კომბოსტო, მწვანე სალათა, გაზიანი სასმელები (მათ შორის - მინერალურიც!), საღეჭი რეზინი, ვაშლი, ატამი, მსხალი.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია:
- ნელა ჭამა და სმა. ამ შემთხვევაში აირების შთანთქმა გაცილებით ნაკლები იქნება; ნუ გამოიყენებთ სასმლის დასალევად ჩხირს;
- გაზიან სასმელებსა და ლუდზე უარის თქმა - მათი მიღებისას აირი კუჭში გამოიყოფა;
- საღეჭ რეზინსა და საწუწნ კანფეტებზე უარის თქმა - მათი გამოყენებისას ჩვენ გაცილებით ხშირად ვყლაპავთ ნერწყვს, რის შედეგადაც მეტ აირს ვშთანთქავთ;
- თამბაქოს აკრძალვა – მოწევისას აირსაც ვშთანთქავთ;
- პირის ღრუს მოწესრიგება, პროთეზის მორგება;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსის მკურნალობა.
- დღესასწაულთან დაკავშირებული ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა მეტეორიზმი - ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება, რაც არასასიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეულ შეგრძნებასთან ერთად სხვა მხრივაც გვიქმნის დისკომფორტს. მაგალითად, მუცელი უეცრად ყველასათვის შესამჩნევი ხდება. რისი ბრალია ეს?
- ნაწლავებში აირების ჭარბად დაგროვება, ჩვეულებრივ, უკავშირდება საკვების იმ ნარჩენების ფერმენტულ დაშლას, რომელთა შეწოვაც ნაწლავში არ ხდება. კერძოდ, ცნობილია, რომ არ შეიწოვება მცენარეული ბოჭკო. აირები ჭარბად წარმოიქმნება მაშინაც, როცა საკვების რომელიმე კომპონენტი ბოლომდე არ გადამუშავდება. ასეთია, მაგალითად, შაქარი, რომელსაც ხილი ან რძის ნაწარმი შეიცავს. გარდა ამისა, ნაწლავებში აირების წარმოქმნის წყაროებია:
- მსხვილ ნაწლავში დარჩენილი საკვები;
- ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ცვლილებები, რაც დაკავშირებულია ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების მიღებასთან;
- ნახშირწყლების შეწოვის დარღვევა ბაქტერიული ბალანსის ცვლილების გამო;
- კუჭში სწრაფი ყლაპვისას მოხვედრილი ჰაერის ნაწლავებში გადაადგილება;
- შეკრულობა ანუ ყაბზობა – რაც უფრო მეტხანს შეყოვნდება საკვები ნაწლავებში, მით უფრო ძლიერია ფერმენტული დაშლა და ამის გამო აირების გამოყოფა.
ამასთან ერთად ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს, რომ ჭარბი მეტეორიზმი შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების ნიშანიც. ასეთია, მაგალითად, ნაწლავთა დაავადებები, ლაქტოზის აუტანლობა, ღვიძლის პათოლოგიები. თუმცა ამ დროს მეტეორიზმი არ არის იზოლირებული სიმპტომი - თავს იჩენს დაავადებისთვის ტიპური სხვა გამოვლინებებიც. ამის კვალობაზე, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუ მეტეორიზმთან ერთად აწუხებს:
- ფაღარათი;
- ყაბზობა;
- გულისრევა ან ღებინება;
- წონის დაქვეითება;
- ტკივილი მუცლის ან სწორი ნაწლავის არეში;
- მუდმივი გულძმარვა;
- განავალში - სისხლიანი მინარევი;
- ცხელება;
- წონის დაქვეითება.
- რა გზით შეიძლება ავიცილოთ თავიდან მეტეორიზმი?
- ამისთვის საჭიროა:
- თავი ვარიდოთ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს მუცლის შებერვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთია პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ცერცვი), კომბოსტო, სალათის ფურცლები, გაზიანი სასმელები, ასევე - მწვანე ხახვი, ბანანი, ქიშმიში, ყურძენი, ბალი, შავი პური. ზოგიერთს აირებს უგროვებს რძეც.
- შევამციროთ ცხიმიანი საკვები – ცხიმი ნელა გადამუშავდება, მისი ფერმენტაციის დრო მეტია, შესაბამისად, აირებიც ჭარბად გამოიყოფა.
- დროებით შევამციროთ ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღებაც. მართალია ბოჭკოთი მდიდარი საკვები სასარგებლოა, მაგრამ ამავე დროს აირების მნიშვნელოვანი წყაროც არის. შემდგომ ბოჭკოთი მდიდარი საკვები რაციონს ნელ-ნელა უნდა დაუმატოთ.
- ვჭამოთ ნელა, მშვიდად, აუჩქარებლად.
- კიდევ ერთი ჩივილი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, გულძმარვაა. მისი თითო-ოროლა ეპიზოდი ალბათ ყველას ჰქონია, მაგრამ ზოგჯერ გულძმარვა მეტისმეტად შემაწუხებელი ხდება. რისი ბრალია ეს?
- გულძმარვა ანუ წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან მართლაც ძალიან გავრცელებული ჩივილია. ის ძლიერდება წოლისას, მოჭერილი ტანსაცმლის ტარებისას, ძილის წინ უხვი ვახშმის შემდეგ. ალბათ მკითხველმა უკვე იცის, რომ გულძმარვის შეგრძნება დაკავშირებულია კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავში ამოტყორცნასთან. ჩვეულებრივ, როცა საკვებს ვიღებთ, საყლაპავის ქვედა ნაწილში არსებული სფინქტერი - კუნთოვანი მომჭერი - დუნდება და საკვები კუჭისაკენ თავისუფლად გადაადგილდება.
ყლაპვის აქტის ბოლოს სფინქტერი იხურება. განსაზღვრულ შემთხვევებში სფინქტერი დუნდება, კუჭის შიგთავსი კი საყლაპავში ამოიტყორცნება. სწორედ ეს იწვევს გულძმარვას. როცა ასეთი ეპიზოდები სისტემატური ხასიათისაა, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებაზე საუბრობენ.
ცნობილია, რომ რეფლუქსს ხელს უწყობს ზოგიერთი საკვები და სასმელი, მათ შორის:
- ალკოჰოლი;
- შავი პილპილი;
- შოკოლადი, ყავა;
- ცხიმიანი საკვები;
- შემწვარი საკვები;
- ტომატი, პომიდორი;
- მდოგვი;
- ციტრუსები, ფორთოხლის წვენი;
- პიტნა;
- ძმარი;
- გაზიანი სასმელები, კოლა.
როგორც აღვნიშნეთ, პაციენტთა დიდი ნაწილი გულძმარვის ეპიზოდურ შეგრძნებას კარგად იცნობს. ხშირად ისინი თავად იღებენ პრეპარატებს, რომლებიც სიმჟავეს ამცირებს, თავს არიდებენ საკვებს, რომელიც გულძმარვას იწვევს. არცთუ იშვიათად შემაწუხებელი შეგრძნება კარგა ხანს აღარ მეორდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა აუცილებელი ხდება ექიმთან მისვლა. ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა გულძმარვა დიდხანს - დღეების განმავლობაში გრძელდება, მიღებული მედიკამენტები უეფექტოა, გაძნელებული ან მტკივნეულია ყლაპვა.
- რა გზით შეიძლება შევამციროთ გულძმარვა?
- გულძმარვისას შვება მარტივი რჩევების გათვალისწინებამაც კი შეიძლება მოგვგვაროს:
- შეინარჩუნეთ ნორმალური წონა – ჭარბი წონის დროს იზრდება წნევა მუცლის ღრუში, ვითარდება ზეწოლა კუჭზე და შესაფერისი პირობები იქმნება მჟავას რეფლუქსისათვის;
- ნუ ატარებთ შემოჭერილ ტანსაცმელს - ასეთი ტანსაცმელი ზრდის მუცლის ღრუში არსებულ წნევას და ამცირებს ქვედა სფინქტერის ტონუსს;
- თავი არიდეთ გულძმარვის ხელშემწყობ საკვებსა და სასმელს;
- საკვები მიიღეთ მცირე ულუფებით, ზედმეტად ნუ დანაყრდებით;
- საკვების მიღებისთანავე ნუ წამოწვებით, ჭამიდან დაწოლამდე 2-3 საათი მაინც უნდა გავიდეს;
- იძინეთ მაღალ სასთუმალზე. საწოლის თავის 15-20 სანტიმეტრით წამოწევა საგრძნობლად ასუსტებს გულძმარვას;
- თავი დაანებეთ მოწევას - მოწევა ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.
- ლუკმა პირში ხვდება, მას დავაგემოვნებთ, ვღეჭავთ და, ჩვეულებრივ, ისე ვყლაპავთ, რომ ვერაფერს ვგრძნობთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ყლაპვა გვიჭირს...
- ყლაპვის გაძნელება, დისფაგია, არის მდგომარეობა, როცა საკვების ან სითხის ჩასაყლაპავად გვჭირდება უფრო მეტი დრო ან ძალისხმევა, ვიდრე ჩვეულებრივ. ყლაპვის გაძნელებას შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი ყლაპვის დროს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ყლაპვა შეუძლებელია. ყლაპვის ეპიზოდური, ერთჯერადი გაძნელება არ არის შეშფოთების მიზეზი. ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს სწრაფ ჭამასა და დაუღეჭავი ლუკმის გადაყლაპვის მცდელობასთან. ყლაპვის მუდმივი გაძნელება კი სერიოზული დაავადების ნიშანია. ამ დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა. დისფაგიას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი ყლაპვისას;
- ყლაპვის შეუძლებლობა;
- ლუკმის გაჩხერის შეგრძნება;
- ნერწყვდენა;
- ხმის ჩახლეჩა;
- საკვების უკან ამოტყორცნა - რეგურგიტაცია;
- ხშირი გულძმარვა, ყელის გაღიზიანება საკვებით ან მჟავა შიგთავსით;
- წონის უეცარი დაქვეითება;
- ყლაპვის დროს ხველა.
როცა ყლაპვის გაძნელება ხანგრძლივდება და თან ახლავს რეგურგიტაცია (საკვების ამოტყორცნა), ღებინება და წონის დაქვეითება, ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადავდოთ.
- რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას?
- ცნობილია, რომ ყლაპვის პროცესში 50-ამდე კუნთი და ნერვი მონაწილეობს. მათი შეთანხმებული აქტივობის წყალობით ჩვენ ლუკმას დაუბრკოლებლად ვყლაპავთ. ყლაპვის რთულ აქტში მონაწილე რომელიმე კომპონენტის (საყლაპავისეული, კუნთოვანი, ნერვული) მდგომარეობის ცვლილება დისფაგიას იწვევს. განასხვავებენ საყლაპავისეულ და ოროფარინგეულ (პირხახისმიერ) დისფაგიას. საყლაპავისეული დისფაგიის მიზეზი უშუალოდ საყლაპავი მილის დაავადებებია, მათ შორის:
- კარდიის აქალაზია – დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავის ქვედა სფინქტერი (მომჭერი კუნთი) სათანადოდ ვერ დუნდება და საკვები თავისუფლად ვერ გადაადგილდება კუჭისაკენ. შედეგად ხდება საკვების რეგურგიტაცია. ამ შემთხვევაში საკვები არ არის შერეული კუჭის შიგთავსთან.
- საყლაპავის დიფუზური სპაზმი – ყლაპვის პროცესში საყლაპავის კუნთების არაკოორდინირებული ძლიერი შეკუმშვა, რაც ყლაპვას აძნელებს.
- საყლაპავის შევიწროება – სტრიქტურა. სტრიქტურის მიზეზი შეიძლება იყოს დამწვრობის ან რეფლუქსის შედეგად ნაწიბურის აღმოცენება ან საყლაპავის სიმსივნე, გაძნელებულია უპირატესად მყარი საკვების ყლაპვა.
- საყლაპავის სიმსივნეები – ახასიათებს ყლაპვის პროგრესული გაძნელება ზოგადი მდგომარეობის გაუარსებასთან ერთად.
- სკლეროდერმია – ეს სიტემური დაავადება ყლაპვის დარღვევას იწვევს.
კიდევ ერთი მიზეზია ასაკი – ასაკის მატების კვალობაზე ირღვევა საყლაპავის კუნთების კოორდინირებული მოქმედება. ზოგიერთი დაავადების დროს პაციენტს უძნელდება ღეჭვა და დაღეჭილი საკვების პირხახისაკენ გადატყორცნა. ხშირად ამის მიზეზია ხახის დამბლა. გადაყლაპვის მცდელობას მოსდევს ხველა ან სითხის გადატყორცნა ცხვირის ღრუში. ასეთ დროს დიდია ასპირაციისა და ფილტვების ანთების განვითარების რისკი.
ოროფარინგეული დისფაგიის მიზეზთა შორის უნდა აღვნიშნოთ:
- ნერვული სისტემის დაავადებები – ოროფარინგეული დისფაგია შესაძლოა განვითარდეს გაფანტული სკლეროზის, კუნთოვანი დისტროფიის, პარკინსონის დაავადების და სხვა პათოლოგიების დროს;
- ნერვული სისტემის მწვავე დაზიანება – ინსულტის, თავის ან ზურგის ტვინის ტრავმის შემთხვევაში;
- ხახის დივერტიკული – ხახის კუნთოვანი კედლის პარკისებური გამოდრეკა.
გარდა ამისა, არსებობს დისფაგიის აუხსნელი შემთხვევებიც. მათ შორის უნდა დავასახელოთ ზოგიერთი პირის მიერ წამლის გადაყლაპვის შეუძლებლობა მაშინ, როცა საკვების გადაყლაპვა სრულიადაც არ უჭირთ და ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, რომელიც სტრესის ფონზე აღმოცენდება. როგორც ვხედავთ, ყლაპვის დარღვევა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული დაავადების გამოვლინებაც იყოს და ადვილად მოგვარებადი პრობლემის სიმპტომიც. ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ატარებს პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და გეგმავს აუცილებელ გამოკვლევებს მიზეზის დასადგენად. ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფის გამოყენებით, ენდოსკოპია - სპეციალური აპარატით საყლაპავის დათვალიერება. ამ გზით ადგენენ ყლაპვის დარღვევის მიზეზს.
მკურნალობის ტაქტიკაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ყლაპვის გაძნელების გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. საყლაპავის დაავადებებთან დაკავშირებული დისფაგიის დროს მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა, რეჟიმის დაცვა, დიეტა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობაც.
ოროფარინგეული დისფაგიის დროს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ატარებს ნევროლოგი. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტისთვის სპეციალური თხევადი საკვების მიცემა. ყლაპვის უეცარი გაძნელება რომ არ განვითარდეს, აუცილებელია ნელა ჭამა, საკვების კარგად დაღეჭვა. საყლაპავის სტრიქტურის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროული მკურნალობა.
- არ შეიძლება გვერდი ავუაროთ პირის ღრუში საკვების დამუშავების მნიშვნელობას ნორმალური მონელებისთვის...
- პირის ღრუში ლუკმა კარგად უნდა დაიღეჭოს. ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კბილები, მათი არარსებობისას - სათანადო, კარგად მორგებული პროთეზი. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სრულყოფილ, აუჩქარებელ ღეჭვას. ამ დროს ლუკმა იჟღინთება სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეტით, რაც ნახშირწყლების გადამუშავებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ნორმალური ღეჭვა აუცილებელია, რათა მოხდეს კუჭის სეკრეციის, მარილმჟავასა და პეფსინის შემცველი კუჭის წვენის სათანადო გამოყოფის სტიმულირება.
მოუწესრიგებელი პირის ღრუ, ჩქარი ჭამა უარყოფითად მოქმედებს კუჭზე, იწვევს ჰაერის შთანთქმას, ბოყინს, მეტეორიზმს.
- არის შემთხვევები, როცა საკვების მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ თავს იჩენს კუჭის ტკივილი. რისი ბრალია ეს? კუჭის რომელი დაავადების დროს არის მოსალოდნელი საჭმლის მონელების დარღვევა?
- ასეთი ტკივილი ხშირად კუჭის გადავსებით და მისი გლუვი კუნთების კუმშვითი მოძრაობით – პერისტალტიკით არის გამოწვეული, თუმცა არ არის გამორიცხული, დაავადების სიმპტომიც იყოს. მაგალითად, გასტრიტისა, კუჭის წყლულისა. უკანასკნელ შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს ტკივილის ლოკალიზება ერთ წერტილში, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობა, თანდართული გულძმარვა.
არსებული ჩივილების საფუძველზე ტარდება პაციენტის გამოკვლევა, დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდია გასტროსკოპია – კუჭის ლორწოვანის დათვალიერება სპეციალური აპარატის მეშვეობით.
კუჭის წყლულის დროს პაციენტი ზოგჯერ ცდილობს, საკვების მიღებით შეამციროს ტკივილი, რადგან კუჭის მჟავა წვენის ნეიტრალიზაციის საუკეთესო საშუალება სწორედ საკვებია. ეს ქმნის ილუზიას, თითქოს ადამიანს კარგი მადა აქვს, მაგრამ შემდგომ ტკივილის შიშით პაციენტმა შესაძლოა ჭამაზე უარიც კი თქვას.
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს საჭმლის მონელება მაშინ ირღვევა, როცა ხდება კუჭის გასავალი ნაწილის – პილორუსის შევიწროება ამ არის ანთებითი შეშუპებისა და დანაწიბურების გამო. ასეთ დროს საკვები კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში ვეღარ გადადის და კუჭში ყოვნდება. მიღებულ საკვებს ემატება კუჭის მიერ სეკრეტირებული წვენი, რაც კუჭის გადავსებას, გულისრევას და ღებინებას იწვევს. ამონაღები მასა შეიცავს წინა დღეებში მიღებული საკვების ნაწილაკებს. ასეთ დროს აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა, სათანადო მკურნალობა. შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციული ჩარევაც.
საკვების მონელება ირღვევა კუჭის სეკრეტში მარილმჟავას შემცველობის დაქვეითების ან მისი არარსებობის დროს. მარილმჟავას დეფიციტის გამო ირღვევა ცილების მომნელებელი ფერმენტის - პეფსინის გააქტიურება, რაც, ბუნებრივია, ცილოვანი საკვების მონელებას არღვევს. იზრდება ბაქტერიების ჭარბი გამრავლების რისკი. საქმე ის არის, რომ კუჭის მჟავა სეკრეტს აქვს ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება, დაბალი მჟავიანობისას კი საკვებში არსებული მიკრობების განადგურება ფერხდება და ისინი ინტენსიურად მრავლდებიან. უფრო მეტად ამიტომაც ემუქრებათ საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები ადამიანებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ კუჭის მჟავიანობა.
ბაქტერიების ჭარბ გამრავლებას მოჰყვება ფაღარათი, საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შეწოვის დარღვევა. დაბალი მჟავიანობისას ბაქტერიების ჭარბი გამრავლების გარეშეც კი ირღვევა საკვები ელემენტების, კერძოდ მიკროელემენტებისა და ვიტამინების შეწოვა.
პაციენტებს ხშირად აწუხებთ ტკივილი კუჭის არეში, რის მიზეზიც არის მჟავას დეფიციტისას კუჭში არსებული საკვების არასრული მონელება. ასეთ დროს რეკომენდებულია ჩანაცვლებითი თერაპია – კუჭის მჟავა წვენის ჩამანაცვლებელი პრეპარატების სმა, ასევე - მინერალებისა და ვიტამინების მიღება. პაციენტები, რომელთაც სიმჟავე დაქვეითებული აქვთ, საკვებით გამოწვეული ინფექციების მაღალი რისკის გამო განსაკუთრებული გულისყურით უნდა მოეკიდონ კვებას, მიიღონ მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა ხარისხიც ეჭვს არ იწვევს. არ არის მიზანშეწონილი იმ საკვების მიღება, რომელიც შესაძლოა მალე გაფუჭდეს (რძის ნაწარმი, ნიგვზიანი, მაიონეზიანი სალათები, კრემიანი ნამცხვრები და ასე შემდეგ), მაგრამ, ქართული სუფრის თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე საათის განმავლობაში ამშვენებს სუფრას.
- საჭმლის მონელების დარღვევა უპირველეს ყოვლისა მაინც ფაღარათთან ასოცირდება. რა არის მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვაგვარი საკვების მიღებას ზოგჯერ ფაღარათი მოჰყვება?
- ფაღარათი, რომელიც საკვების მონელების დარღვევასთან არის დაკავშირებული, უპირატესად წვრილ ნაწლავში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების ბრალია. საკვები, რომელიც კუჭიდან წვრილ ნაწლავში ხვდება, შემდგომ ნაწლავებისა და პანკრეასის სეკრეტის ზემოქმედებით იშლება.
მოგეხსენებათ, პანკრეასის სეკრეტში არსებულ ფერმენტებს უმთავრესი როლი ენიჭება ცხიმების გადამუშავებაში. გარდა ამისა, წვრილ ნაწლავში გრძელდება ნახშირწყლების მონელებაც. ადამიანის ორგანიზმი დროთა განმავლობაში ეგუება განსაზღვრულ რაციონს, მასში ცხიმებისა და ნახშირწყლების განსაზღვრულ შემცველობას და მის ორგანიზმში ამ საკვები კომპონენტების გადამამუშავებელი ფერმენტებიც სათანადო რაოდენობით გამომუშავდება. როცა ადამიანი დიდი რაოდენობით ნახშირწყლების, უფრო კი ცხიმის შემცველ საკვებს იღებს, გამოყოფილ სეკრეტში არსებული ფერმენტები მათი გადამუშავებისთვის აღარ კმარა - ვითარდება ფერმენტების შეფარდებითი დეფიციტი.
საკვების გადაუმუშავებელი კომპონენტები ნაწლავში, ბუნებრივია, არ შეიწოვება, ამავე დროს ეს კომპონენტები ოსმოსურად აქტიურია - იზიდავს წყალს და ზრდის სეკრეციას ნაწლავის სანათურში. ეს ყოველივე კი ფაღარათს განაპირობებს.
ფაღარათს თან ახლავს ყურყური, მეტეორიზმი, აირების ხმამაღალი გამოყოფა. ანალოგიურ შემთხვევაში ფაღარათს დამცავი ფუნქცია აქვს – ნაწლავების გახშირებული მოქმედების წყალობით გადაუმუშავებელი ოსმოსურად აქტიური კომპონენტები ორგანიზმიდან უნდა გამოიყოს. თუ შემდგომი კვება ნორმალური იქნება და გამოვრიცხავთ ფაღარათის გამომწვევ საკვებს (ცხიმიანი, რძის შაქრით ძალიან მდიდარი), მდგომარეობა მალე გამოსწორდება.
ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ფაღარათი ნაწლავური ინფექციის გამოვლინება და ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული დაავადებების სიმპტომიც შეიძლება იყოს. ამის კვალობაზე, პაციენტმა უნდა იცოდეს ის სიმპტომები, რომელთა შემთხვევაშიც რეკომენდებულია ექიმთან მისვლა.
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როცა ფაღარათს ერთვის:
- მუცლის ძლიერი ტკივილი;
- განავალში ლორწოს, სისხლის არსებობა;
- წონის დაქვეითება;
- გულისრევა და ღებინება;
- კუპრისმაგვარი – შავი, მყრალი, პრიალა განავალი;
- მაღალი ტემპერატურა.
- ჩვენი საუბრის შემდეგ ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ განხილული ჩივილების არსებობისას შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან მათი მიზეზი მონელების დარღვევა, დისპეფსიაა და სხვა არაფერი.
- საუბრისას არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არსებობს სიმპტომები, რომელთა გამოვლენის დროსაც აუცილებელია ექიმთან მისვლა ამა თუ იმ დაავადების გამოსარიცხად. ექიმის კონსულტაცია აუცილებელია მაშინაც, როცა განხილული ჩივილები ხშირად მეორდება და პაციენტს დისკომფორტს უქმნის. ეს აუცილებელია, რადგან ჩვენს მიერ განხილული სიმპტომები არასპეციფიკურია - ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეიძლება თავი იჩინონ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების დროს. როცა სათანადო გამოკვლევებით დაავადების არსებობას ვერ დაადგენენ, საუბრობენ ფუნქციურ დისპეფსიაზე. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს არ აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანოს დაავადება, მაგრამ მაინც დარღვეულია კუჭში საკვების გადამუშავების, მისი ნაწლავში გადანაცვლებისა და მონელების პროცესი.
- რა შეიძლება ვურჩიოთ პაციენტებს საკვების მონელების დარღვევის თავიდან ასაცილებლად?
- აუცილებელია მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურნი. ვინაიდან ცნობილია დისპეფსიის ხელშემწყობი ფაქტორები, თავიდან უნდა ავიცილოთ ორგანიზმზე მათი ზემოქმედება. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს:
- ჭარბი წონა, სიმსუქნე;
- სწრაფი ჭამა;
- ცხიმიანი საკვები;
- სანელებლებით მდიდარი საკვები;
- დიდი რაოდენობით კოფეინი (ყავა, მუქი ჩაი, კოლა);
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლი;
- დიდი რაოდენობით შოკოლადი;
- ნახშირწყლებით ძალიან მდიდარი ბოსტნეული;
- თამბაქოს წევა;
- სტრესი, ნერვიულობა;
- ანტიბიოტიკები, ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.