რა სიმპტომები ახასიათებს სანაღვლე გზების ანთებას
ესენია:
- პირველადი ნაღვლოვანი ქოლანგიტია - ღვიძლშიდა მცირე სანაღვლე სადინარების ანთებით მიმდინარეობს. პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც თანდათან მძიმდება. სადინართა ფუნქციის მოშლა ნაღვლის დაგროვებას და შედეგად ღვიძლის დაზიანებას განაპირობებს. დაავადება შესაძლოა გართულდეს ღვიძლის დანაწიბურებით, ციროზით და ღვიძლის უკმარისობით. ქსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით თავისივე, სანაღვლე სადინარის ჯანმრთელ უჯრედებს აზიანებს.
- პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი არის ღვიძლის შიგნით და გარეთ მდებარე სანაღვლე გზების ანთება პროგრესირებადი დანაწიბურებითა და შევიწროებით. სადინარები ვიწროვდება, შემდეგ კი საბოლოოდ დაიხშობა. შესაძლებელია ციროზის, ღვიძლის უკმარისობის განვითარება.
- მწვავე ბაქტერიული ქოლანგიტი - სანაღვლე სადინარების სისტემის ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული მწვავე ანთებაა, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს ნაღვლის დინება სანაღვლე სისტემაში, რაც ლიმფურ და სისხლძარღვოვან სისტემაში ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ამ ტიპის ქოლანგიტი შეიცავს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებების საფრთხეს, როგორებიცაა ჩირქგროვის განვითარება ღვიძლში და ნაღვლოვანი სეპტიცემია, სისხლის ბაქტერიული ინფექცია.
როგორ ვლინდება ქოლანგიტი
სიმპტომები სხვადასხვა ადამიანში განსხვავდება.
ქოლანგიტს ახასიათებს: სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება, რომელსაც მოსდევს შემცივნება და კანკალი, ღებინება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგში ან მარჯვენა ბეჭის ქვეშ. ტკივილი შესაძლოა იყოს პერიოდული, მწვავე, კრუნჩხვისმაგვარი ან ჰგავდეს ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელ ტკივილს. სიმპტომები თანდათანობით იწყება პროგრესირებადი დაღლილობით, ქავილით, მოგვიანებით სიყვითლით.
სხვა დამახასიათებელი ნიშნებია დიარეა, არტერიული წნევის დაქვეითება.
ქოლანგიტის რისკი მაღალია, როდესაც ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება. ალბათობა იზრდება სხვა რისკფაქტორების არსებობისას. ასეთებია ნაწლავთა ანთებითი დაავადება, ჭიებთან და პარაზიტებთან კონტაქტი, აივ ინფექცია.
პრევენციისთვის
შეგიძლიათ შეამციროთ ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზის, ნაღვლის ბუშტის კენჭების რისკი იმ საკვების შემცირებით, რომელსაც მიირთმევთ
ივარჯიშეთ მეტი, შეამცირეთ ნაჯერი ცხიმების მოხმარება, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა, მოერიდეთ ალკოჰოლს.