ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია

ორგანიზმის ერთიანობისა და რეგულირებულად ფუნქციობის საფუძველი ნეიროჰუმორულ რეგულაციაში მონაწილე ორგანოები და სისტემებია, რომლებიც, ერთი მხრივ, ორგანიზმის შემადგენელი, შედარებით დაბალი სტრუქტურული გაერთიანებების (ქსოვილები, ორგანოები, ორგანოთა სისტემები) შეთანხმებულ და ურთიერთდაქვემდებარებულ ერთიანობას, ინტეგრაციას უზრუნველყოფენ, მეორე მხრივ კი ორგანიზმის შეგუებას ანუ ადაპტაციას მასზე სისტემატურად მოქმედ გარემოს ცვალებად პირობებთან.

ორგანიზმის ინტეგრაციისა და ადაპტაციის ურთულესი, ნატიფი პროცესების მართვა და რეგულირება ხორციელდება ნეიროჰუმორული გზით ანუ ნერვული და ენდოკრინული სისტემების საშუალებით, და ამ პროცესში აუცილებლად მონაწილეობს გულ-სისხლძარღვთა სისტემაც.

ნეიროჰუმორულ რეგულაციაში ცალკეა აღსანიშნავი ჰორმონული რეგულაცია, რაც გულისხმობს ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების რეგულირებას სპეციალიზებული (ენდოკრინული) უჯრედების მიერ გამომუშავებული ნივთიერებების - ჰორმონების მიერ.

ენდოკრინული სისტემის მოქმედების ძირითადი პრინციპი - ჰორმონების გამომუშავება და სამიზნე ორგანოებამდე მიტანა - მხოლოდ და მხოლოდ სისხლძარღვოვან სისტემაზეა დამოკიდებული, რადგან ენდოკრინულ ჯირკვლებს გამომტანი სადინარები არ გააჩნია და თავის პროდუქტს (ინკრეტს) გამოყოფს არა ორგანიზმის ამა თუ იმ ღრუში (როგორც ეს სადინარიან ჯირკვლებს ახასიათებს), არამედ უშუალოდ სისხლში. აქედან წარმოდგება ამ ჯირკვლების მეორე სახელწოდება - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ჯირკვლების მიერ გამომუშავებული პროდუქტი - ჰორმონი (ინკრეტი) ძლიერი აქტიურობის გამო მეტისმეტად მცირე რაოდენობით გამომუშავდება. მიუხედავად ამისა, მას ორგანიზმში არაერთი ურთულესი პროცესის რეგულირება აკისრია. შესაბამისად, ნებისმიერი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოფუნქცია, მძიმედ აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ყოველი კონკრეტული ჰორმონის ნაკლებობა ორგანიზმში მნიშვნელოვან ძვრებსა და ცვლილებებს იწვევს. სწორედ ამ ცვლილებებზე გვესაუბრება ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცის" ექიმი ენდოკრინოლოგი მაია ჩიქობავა.

- რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას და რა ნიშნებს უნდა მიექცეს თავიდანვე ყურადღება, რომ ჩივილები არ გაღრმავდეს?

- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას ახასიათებს ბრადიკარდია (მაჯისცემის გაიშვიათება), მოშვება-მოდუნება, სისუსტის შეგრძნება, დღისით ძილად მივარდნა. კიდევ ერთი დამახასიათებელი სიმპტომია მეხსიერების დაქვეითება. ამ უკანასკნელს ყველაზე ადრე ის ამჩნევს, ვინც ინტელექტუალურ შრომას ეწევა. საწყის სტადიაში გამოვლენილ მეხსიერების გაუარესებას ხშირად ყურადღებას არც კი აქცევენ; ექიმს მაშინღა მიმართავენ, როდესაც სხვა კლინიკური ნიშნებიც იჩენს თავს, სახელდობრ, კანის გამოშრობა, განსაკუთრებით - იდაყვებსა და წვივების წინა ზედაპირზე, თმის ცვენის გაძლიერება, ფრჩხილების მტვრევა.

ფარისებრი ჯირკვლის კლასიკურად გამოხატული ჰიპოფუნქციის დროს ხშირია ყაბზობა (შეკრულობა), წონის მომატება, რაც ხშირად ორგანიზმში სითხის შეკავებისა და შეშუპების ხარჯზე ხდება. ამას ერთვის არტერიული წნევის მომატება და სხვა ჩივილები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. შორს წასული პათოლოგიის დროს შეინიშნება მეტყველების გაძნელება, ენა დიდდება კიდეც. პერიკარდიუმის ღრუში გროვდება სითხე. ასეთი პაციენტები ხშირად მიმართავენ კარდიოლოგს, თუმცა გამოცდილი კარდიოლოგი ასეთ დროს ყოველთვის ამოწმებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ამ და სხვა ძირითადი სიმპტომების გამო ადამიანი ზოგჯერ წლობით იტარებს სხვადასხვა გამოკვლევას, ხანგრძლივ მკურნალობას სხვადასხვა დიაგნოზით, მაშინ როცა მათი ჩივილების მთავარი მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაა.

არსებობს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის სუბკლინიკური ფორმები, რომლებსაც გამოხატული კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ამ ფორმების დროს პერიოდულად აღინიშნება ტაქიკარდია, რასაც თან ახლავს მოხრჩობის შეგრძნება ყელის არეში, ასევე - მეხსიერების შეცვლა, გონებაგაფანტულობა. მოგვიანებით ამ სიმპტომებს ერთვის თმის ცვენა, ფრჩხილების სიმშრალე და აფცქვნა. დასახელებულ სიმპტომებს გამოვლენისთანავე უნდა მიექცეს ყურადღება. მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად მისვლა, რადგან შორს წასული ჰიპოთირეოზი, როგორც აღვნიშნე, იწვევს პერიკარდიუმის ღრუში სითხის დაგროვებას, არტერიულ ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზულ ცვლილებებს, ათეროსკლეროზი კი, მოგეხსენებათ, უამრავ სხვა ცვლილებასა თუ გართულებას აძლევს დასაბამს. გააჩნია ავადმყოფის ასაკსაც...


- რა ასაკში გვხვდება უმეტესად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია და რა იწვევს მას?

- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გახშირდა - ბავშვებში, მოზარდებში, ახლგაზრდებსა თუ ასაკოვან პირებში. დიდი კორელაცია აქვს მას შაქრიან დიაბეტთან. გასაგებია, რომ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს აუტოიმუნური მექანიზმებია გააქტიურებული და ხშირად პანკრეასის ლანგერჰანსის უჯრედების მსგავსად ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებიც განიცდის აუტოაგრესიას, ანუ ე. წ. მონელება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტთანაც ხშირად არის ასოცირებული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, კერძოდ, მისი ჰიპოფუნქცია. შესაბამისად, პირდაპირ არის მოცემული რეკომენდაცია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში სხვა პარამეტრებთან ერთად პერიოდულად აუცილებლად კონტროლდებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაც.

რაც შეეხება მიზეზებს, გენეტიკურ ფონთან ერთად დიდ როლს ასრულებს ეკოლოგიური ფაქტორებიც. ამიტომაც გახშირდა ეს პრობლემა ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ბავშვებში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია განსაკუთრებით საყურადღებოა - როდესაც პათოლოგია თანდაყოლილი და შორსწასულია, ვითარდება კრეტინიზმი. საგრძნობლად ფერხდება არა მხოლოდ ინტელექტუალური შესაძლებლობების, არამედ მთელი ორგანიზმის ზრდა-განვითარება. თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ადრეულ ასაკში ჩამოყალიბდა და დროულად არ განიკურნა, შესაძლოა, შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. ასევე საყურაღებოა იოდდეფიციტის პროფილაქტიკაც. მოგეხსენებათ, იოდის სათანადო შემცველობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტუალურ კოეფიციენტზე, საზოგადოდ, ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში 18 წლამდე ასაკის პრაქტიკულად ყველა ბავშვი უნდა იღებდეს ამ მიკროელემენტს (იოდომარინის ან იოდბალანსის სახით). სამწუხაროდ, მოსახლეობა ამ კუთხით ნაკლებად არის გათვითცნობიერებული.

- კი მაგრამ, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ხომ ყოველთვის იოდდეფიციტთან არ არის შეჭიდული; რას გვეტყვით პათოლოგიის სხვა მიზეზებზე? როგორია ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა?

- რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ნაკლებობა ყოველთვის იოდდეფიციტით არ არის განპირობებული. უბრალოდ, საქართველოში, როგორც იოდდეფიციტისა და, შესაბამისად, ჩიყვის ენდემური კერების შემცველ ქვეყანაში, ამის რისკი ყოველთვის მაღალია.

ბავშვებში გამოხატული ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს აუცილებლად უნდა შემოწმდეს აუტოაგრესიის არსებობა-არარსებობა, ანუ ჰორმონთა რაოდენობასთან ერთად აუცილებლად უნდა განისაზღვროს ანტისხეულების ტიტრიც, რათა პათოლოგიის მიზეზი გაირკვეს. ხშირად აუტოაგრესია არ დასტურდება და ჯირკვლის ჰიპოფუქციის მიზეზი ერთმნიშვნელოვნად იოდდეფიციტია. ამის გამო ჯირკვალი, მიუხედავად ფუნქციის დაქვეითებისა, თავდაპირველად შესაძლოა გადიდებულიც კი იყოს. ამ შემთხვევაში კომპენსირებულ ჩიყვზე ანუ ფარისებრი ჯირკვლის კომპენსირებულ გადიდებაზე საუბრობენ. როდესაც ბავშვს ანტისხეულები ნორმაში აქვს და შეინიშნება ჯირკვლის მცირედ გამოხატული დისფუნქცია, შესაძლოა, ჰორმონდეფიციტი იოდპროფილაქტიკით გამოსწორდეს, ანუ პრობლემა ყოველგვარი ჰორმონოთერაპიის გარეშე, იოდდეფიციტის შევსებით მოგვარდეს, მაგრამ თუ ჯირკვლის ფუნქციის მოსაწესრიგებლად ამან არ იკმარა, საჭიროა ჰორმონის ჩართვა.

ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ორსულების, მეძუძური დედებისა და, საზოგადოდ, რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის. ქალის ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვალი არც ორსულობის და არც ლაქტაციის პერიოდში არ უნდა იყოს ფუნქციადაქვეითებული, რადგან მის ნორმალურ ფუნქციობას უშუალოდ უკავშირდება ბავშვის ინტელექტუალური განვითარება, ნაყოფის ჩონჩხის ფორმირება, მისი ფიზიოლოგიური განვითარება-სრულყოფა. კარგი იქნება, თუ ქალი ორსულობის დაგეგმვამდე ჩაიტარებს სათანადო გამოკვლევას, წინასწარ შეამოწმებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ორსულობა არ უნდა დაიგეგმოს და არ უნდა წარიმართოს თუნდაც მცირედ გამოხატული ჰიპოთირეოზის ფონზე.

ორსულობის დროს როგორც თიროქსინზე, ასევე იოდიდზე ორგანიზმის მოთხოვნილება იზრდება. ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იოდდეფიციტის რეგიონია, აუცილებელია, ქალი მთელი ორსულობის განმავლობაში და მერეც, ლაქტაციის პერიოდში, გამუდმებით იღებდეს იოდიდს. თუ თავი იჩინა ჯირკვლის აუტოაგრესიამ, აუცილებელია ჰორმონის დამატებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება სპონტანური აბორტის ალბათობა.

რაც შეეხება იოდდეფიციტის პროფილაქტიკას, საამისოდ შეიძლება - და აუცილებელიც არის - იოდიანი მარილის გამოყენება. ეს უკანასკნელი უმჯობესია მზა კერძს დაემატოს. თუ გენეტიკა დატვირთულია ან რაიმეს უჩივის ადამიანი, საჭიროა, დროულად მიმართოს ექიმს, გაიაროს კონსულტაცია და სათანადო გამოკვლევები ჩაიტაროს.


- ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიურ ჰიპოფუნქციაზე რას გვეტყვით? სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მსგავსად, ამ ჯირკვლის ფუნქციაც ხომ ქვეითდება ასაკთან ერთად?

- მართლაც ასეა. ადამიანის ორგანიზმში წლიდან წლამდე ქვეითდება ორგანოთა ფუნქცია, ამიტომ ასაკოვან პაციენტებში არანაკლებ საყურადღებოა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჰიპოფუნქციის ფონზე აქტიურად პროგრესირებს ათეროსკლეროზული პროცესები და იმატებს უამრავი დაავადების განვითარების რისკი. იმისთვის, რომ ხანდაზმულ ასაკში სკლეროზული პროცესები არ გაღრმავდეს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ პათოლოგიური ცვლილებები არ განვითარდეს, დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.

- შაქრიანი დიაბეტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა. პაციენტები დღეს საკმაოდ კარგად იცნობენ მის პათოგენეზსა და სხვა დეტალებს. მის განვითარებაში უმთავრეს როლს ასრულებს ენდოკრინული ფაქტორი, პანკრეასის ენდოკრინული ნაწილის ჰიპოფუნქცია...

- შაქრიანი დიაბეტი, სამწუხაროდ, ეპიდემიად იქცა. განსაკუთრებით იმატა მეორე ტიპმა, თუმცა პირველიც საკმაოდ გახშირდა. მოგეხსენებათ, ეს ორი ტიპი პათოგენეზით ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველს აუტოიმუნური მექანიზმები უდევს საფუძვლად, მეორის მიზეზად კი ჭარბი წონა, არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა, არაჯანსაღი კვება (კოკაკოლიზაცია, სწრაფი კვების ობიექტებზე რეგულარული დანაყრება), სტრესული ფაქტორებია მიჩნეული.

მეორე ტიპის შაქრიანი დიბეტის ეტიოლოგია მულტიფაქტორულია - გენეტიკურ განწყობასთან ერთად გარეგანი ფაქტორებიც დიდ როლს ასრულებს. საყურადღებოა პრედიაბეტის სტადია - მეტაბოლური სინდრომი, რომლის დროსაც რისკფაქტორების დროულად ალაგებამ დაავადება შესაძლოა გადაავადოს ან თავიდან აგვაცილოს, მაგრამ თუ პათოლოგია ჩამოყალიბდა, მას სათანადო მკურნალობა სჭირდება.

- ცნობილია, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს თავდაპირველად ინსულინის ნაკლებობა კი არა, პირიქით, სიჭარბეც კი აღინიშნება - დასტურდება ჰიპერინსულინემია, სისხლში ინსულინის დონის მატება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პანკრეასის ენდოკრინული ნაწილის, მისი ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა-უჯრედების ფუნქცია კი არ მცირდება, პირიქით, იმატებს?

-პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, როდესაც დიაგნოზი ისმება, პანკრეასის ენდოკრინული ნაწილის მხოლოდ 20%-ია მოფუნქციე. თანდათან გრძელდება დანარჩენილი უჯრედების გამოფიტვაც. შესაბამისად, ამ კატეგორიის პაციენტებს თავიდანვე სჭირდებათ ინსულინი.

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის პათოგენეზში კი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ინსულინრეზისტენტობაა. მეტაბოლური სინდრომის სტადიაში, რომელიც ხშირად წინ უძღვის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას, ავადმყოფს ჯანმრთელ ადამიანზე მეტი ინსულინიც კი გამოეყოფა. ეს იმიტომ, რომ ქსოვილთა მგრძნობელობა ინსულინის მიმართ დაქვეითებულია, ხოლო უჯრედებში გლუკოზის შეღწევისა და მისი მოხმარებისთვის ნორმაზე მეტი ინსულინია საჭირო. სწორედ ეს იწვევს მოფუნქციე ბეტა-უჯრედების ჰიპერაქტივაციას.

საყურადღებოა, რომ მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაშიც, დიაგნოზის დასმისას, მოფუნქციე უჯრედების რაოდენობა პრაქტიკულად განახევრებულია. მათი 50% გამოფიტულ-განადგურებულია. ამიტომაც ვუხსნით პაციენტებს დიეტისა და ნორმოგლიკემიის შენარჩუნების მნიშვნელობას.

კვების რეჟიმის დაბალანსება, დიეტის დაცვა (იგულისხმება ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით შესაბამისი საკვების მიღება), სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნება ნაადრევი გამოფიტვისგან იცავს დარჩენილ მოფუნქციე უჯრედებს, რადგან მათ უწინდებურად დიდი დატვირთვა აღარ ადგებათ. როდესაც ადამიანი არ იცავს დიეტასა და რეჟიმს, დაავადების ადრეულ სტადიაში გაცილებით მეტი მედიკამენტი სჭირდება. მკურნალობაში ინსულინის ჩართვაც უფრო ადრეა საჭირო. საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ მეორე ტიპით დაავადებულ პაციენტებს დაახლოებით ათი წლის შემდეგ სჭირდებათ ინსულინთერაპიის დაწყება. მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვუხსნი, რომ შაქრიანი დიაბეტი ვერაგი დაავადებაა: ადამიანს არაფერი სტკივა, არაფერი აწუხებს, საყოველთაოდ ცნობილი სიმპტომები - პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა - ზოგს არათუ მძაფრად, შემაწუხებლადაც კი არ აქვს გამოხატული, მაგრამ ამ დროს ჰიპერგლიკემია ფარულად უკვე აზიანებს ორგანიზმს, მიმდინარეობს მაკრო- და მიკროანგიოპათია, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებსა და გართულებებს უყრის საფუძველს. როდესაც ჩივილები გამოიკვეთება, უკვე გვიანი იქნება. რეტინოპათიით გამოწვეული მხედველობის დარღვევა, ნეფროპათია და თირკმელების უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემებში განვითარებული ცვლილებები აღარ ალაგდება.

ამჟამად უამრავი გამოკვლევა მიმდინარეობს და მათ შედეგებზე დაყრდნობით, მოთხოვნა-რეკომენდაციის სახით პირდაპირ არის ფორმულირებული, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმისთანავე სისხლში გლუკოზის დონე მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს ნორმის ფარგლებში. სწორედ ამ გზით მიიღება მაქსიმალური შედეგი. როდესაც დაავადება შორს არის წასული და აღინიშნება სხვადასხვა გართულება, მიუხედავად სრულფასოვანი და კომპლექსური მკურნალობისა, სასურველი შედეგის მიღება ძალიან ძნელია. პათოლოგიური პროცესი სხვადასხვა ორგანოს ითრევს, სხვადასხვა სისტემაში პროგრესირებს, საგრძნობლად ქვეითდება ცხოვრების ხარისხი. ყოველივე ამის შემდეგ პაციენტი ფრთხება და დიეტის დაცვასაც იწყებს და მედიკამენტების მიღებასაც, მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთდეს, რათა მძიმე გართულებები თავიდან ავიცილოთ. ამისთვის აუცილებელია ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის მოწესრიგება, არტერიული წნევის დარეგულირება და შემდეგ - ამ მაჩვენებლების შენარჩუნება.