წონის მატება ზრდასრულთა შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნე როგორც დაავადება

ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში გვასწავლიან, რომ ის ენერგიის დადებითი ბალანსის, ანუ იმ მდგომარეობის შედეგია, როცა ადამიანი იმაზე მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე ხარჯავს. ეს იწვევს ცხიმის დაგროვებას და საბოლოოდ ცხიმოვანი ქსოვილით ჭარბი კალორიების ათვისების დაქვეითებას. ამის გამო ცხიმოვანი მასები და ლიპიდები სხვა არეებშიც გროვდება, ღვიძლისა და ჩონჩხის კუნთების ჩათვლით, და ქმნის წინასწარგანწყობას ჯანმრთელობისათვის არაკეთილსაიმედო სხვადასხვა ცვლილებისადმი.

მრავალი ადამიანი და ზოგიერთი ჯანდაცვის მუშაკიც კი თვლის, რომ სიმსუქნე არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია და ცალსახად ექვემდებარება სიმსუქნით დაავადებული პაციენტის ნებისყოფას. ასეთი დამოკიდებულება იწვევს სიმსუქნით დაავადებულ პაციენტთა სტიგმატიზაციას და აქრობს სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული მკურნალობის მეთოდთა სრული სპექტრის გამოყენების სურვილს.

აღნიშნულის საპირისპიროდ, დღეს აღიარებულია, რომ სხეულის წონა ფიზიოლოგიურად რეგულირებადი პარამეტრია და სიმსუქნეც არის სხეულის წონის რეგულაციის დარღვევის დაავადება ისევე, როგორც დიაბეტი არის გლუკოზის შემცველობის, ხოლო არტერიული ჰიპერტენზია – სისხლის წნევის რეგულაციის დარღვევის დაავადება.

სადღეისოდ იდენტიფიცირებულია მრავალი ფაქტორი, რომელიც სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს – გენეტიკა (მემკვიდრეობა), ასაკი, ცხოვრების წესი, მედიკამენტები და ჰორმონული ცვლილებები.

სიმსუქნის გენეტიკა

არსებული კვლევების თანახმად, ადამიანთა დიდი ნაწილის, მაღალი სხეულის მასის ინდექსისადმი გენეტიკური განწყობა 40-70%-მდეა. თუ ახალგაზრდა ადამიანის ბიოლოგიურ მშობელთაგან ერთს აქვს სიმსუქნე, მას 3-4-ჯერ მეტი აქვს სიმსუქნის რისკი მათთან შედარებით, რომელთა მშობლებსაც ნორმალური წონა აქვთ. ორივე მშობლის სიმსუქნე აღნიშნულ მაჩვენებელს ათამდე ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით იდენტიფიცირებულია სიმსუქნესთან ასოცირებული ასეულობით გენეტიკური ლოკუსი, სიმსუქნით დაავადებულთა გენეტიკური კვლევა კლინიკურ მნიშვნელობას მოკლებულია და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით ტარდება.

სიმსუქნე შესაძლოა იშვიათად გარკვეულ გენეტიკურ (მემკვიდრულ) დაავადებასაც უკავშირდებოდეს. აღნიშნულის მაგალითია პრადერ-ვილის სინდრომი (ახასიათებს ფიზიკური, აზროვნებისა და ქცევის დარღვევა, დაახლოებით 2 წლის ასაკში იწყება შიმშილის გრძნობის გაძლიერება), ბარდეტ-ბიდლის სინდრომი (ახასიათებს ჰიპოფიზური დიაბეტი, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა და უკმარისობა (სასქესო ორგანოების დარღვევები, კიდურების მალფორმაცია, გონებრივი ჩამორჩენა, პიგმენტური რეტინიტი) და მონოგენური (ერთი გენის მუტაციასთან დაკავშირებული) სიმსუქნეები – მელანოკორტინ 4 რეცეპტორის, ლეპტინისა და ლეპტინის რეცეპტორის, პროოპიომელანოკორტინის დეფიციტი.

მონოგენურ ან სინდრომულ გენეტიკურ დაავადებებთან დაკავშირებული სიმსუქნე, როგორც წესი, ადრევე, 5 წლის ასაკამდე ვლინდება და თან ახლავს სხვა კლინიკური ნიშნები.

დემოგრაფიული ფაქტორები

სიმსუქნის სიხშირე სხვადასხვა ქვეყანაში 13-დან 50%-მდეა. სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო ფაქტორების ზეგავლენა, შესაბამისად, 33-დან 15,5%-მდეა. მაღალი შემოსავლისა და განათლების პირთა შორის სიმსუქნის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და ეს მონაცემი არ არის დამოკიდებული რასობრივ თუ ეთნიკურ ფაქტორზე.

სიმსუქნის მაჩვენებელი აშშ სხვახადასხვა პოპულაციაში განსხვავებულია – 2017-2018 წლების მონაცემებით სიმსუქნე ყველაზე იშვიათი (17%) იყო არაესპანური წარმოშობის აზიელთა შორის. არაესპანური წარმოშობის თეთრკანიანთა შორის შეადგენდა 42%-ს, ესპანური წარმოშობის პირთა შორის 44%-ს, არაესპანური წარმოშობის შავკანიანთა შორის 50%-ს. ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ განსხვავებას განაპირობებს ჯანმრთელობაზე მოქმედი სოციალური ფაქტორები – საყოფაცხოვრებო გარემო, რომელიც სტიმულია ფიზიკური აქტიურობისათვის (საფეხმავლო გზები, სათამაშო მოედნები), კვებითი ჩვევები, რაც ხელს უწყობს ან პირიქით, აფერხებს ჯანსაღ კვებას.

წონა და ასაკი

პრენატალური (ნაყოფის დაბადებამდე) და ბავშვობის დროს მოქმედი ფაქტორები, ისევე როგორც წონის ცვლილება ასაკის მატებისას, შეიძლება მოზრდილ ასაკში სიმსუქნის აღმოცენებას განაპირობებდნენ.

დადგენილია, რომ მუცლადყოფნისა და ადრეული ბავშვობისას მოქმედი ფაქტორები შესაძლოა, მოზრდილ ასაკში სიმსუქნისადმი განწყობას ქმნიდნენ. როგორც დედის სიმსუქნე, ისე არასაკმარისი კვება, მოზრდილ ასაკში შთამომავალთა სიმსუქნესთან ასოცირდება.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში (მესამედში) არასაკმარისი კვება, რომელსაც მოყვება საკვების ჭარბი მიღება დაბადების შემდეგ და ჩვილობისას, მოზრდილ ასაკში განსაკუთრებულად უკავშირდება სიმსუქნეს.

ნორმაზე მაღალ დედის სხეულის მასის ინდექსს თან ახლავს ჩვილების ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა და ზრდასრულ ასაკში სიმსუქნისა და მეტაბოლური სინდრომის მომატებული რისკი.

ორსულობისას წონის ჭარბი მატება, ორსულთა დიაბეტი, დედის ტიპი 2 დიაბეტი ქმნიან შთამომავლების სიმსუქნისადმი წინასწარ განწყობას, რაც ადასტურებს აღნიშნული თვალსაზრისით დედის სხეულის მასის ინდექსისა და გლუკოზის მაჩვენებლის როლს.

სადღეისოდ ითვლება, რომ დედის სიმსუქნე ცვლის სხეულის მასის რეგულაციაში მონაწილე ტვინის უბნებისა და პერიფერიული ქსოვილების (ცხიმოვანი ქსოვილისა და ღვიძლის ჩათვლით) განვითარებას. ეს ხდება გენეტიკური ცვლილებების შედეგად, რაც ცვლის მითითებულ ქსოვილებში გარკვეული გენების ექსპრესიას (რიბონუკლეინის მჟავას ან ცილის სინთეზს). აღნიშნული გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც პოტენციურად დედის ორგანიზმიდან განვითარებადი ნაყოფისადმი საკვები ნივთიერებების მომატებული მიწოდების შედეგია, ხელს უწყობენ ბავშვის მადის მატებას და მის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას.

წონის მატება ზრდასრულთა შორის

ზრდასრული ადამიანის წონა თანდათან მატულობს 20-დან 65 წლის ასაკამდე. შედეგად, სიცოცხლის განმავლობაში, ჭარბი წონის ან სიმსუქნის აღმოცენების შორეული რისკი მაღალია.

აშშ-ში ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ 41117 ადამიანის წონას. მათი ასაკი კვლევის საწყის ეტაპზე 30-დან 59 წლამდე იყო. ოთხი წლის განმავლობაში ქალების 14-19%-ს და მამაკაცების 26-30%-ს განუვითარდა ჭარბწონიანობა, ხოლო 5-9%-ს – სიმსუქნე. ოცდაათი წლის განმავლობაში კვლევაში მონაწილეთა 50% იყო ჭარბწონიანი, ქალების 30%-ს და მამაკაცების 25%-ს ჰქონდა სიმსუქნე.

20-დან 65 წლის ასაკამდე პერიოდში, ჩვეულებრივ, ადამიანი წლის განმავლობაში 17 000 ფუნტ საკვებს იღებს (ფუნტი ოფიციალურად უდრის 453,59237 გრამს), თუმცა, წონის მატება წლის განმავლობაში 1-2 ფუნტია.

დადგენილია, რომ ენერგიის დისბალანსი, რაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სიმსუქნის სიხშირის მატებას განაპირობებს, არის 100 კკალორია დღეში. ეს მონაცემი ნათელყოფს, რომ ყოველდღიური, თუნდაც მცირე პოზიტიური ენერგიის ბალანსი (უფრო მეტი ენერგიის მიღება, ვიდრე ხარჯვა), თუ წლების განმავლობაში გრძელდება, კლინიკურად მნიშვნელოვან წონის მატებას იწვევს. ენერგიის ასეთი დისბალანსის აღქმა, როგორც წესი, პაციენტებს ძალიან უჭირთ და ექიმებიც სულ უფრო და უფრო ხშირად ეჯახებიან ხოლმე სიტუაციას, როცა პაციენტი აღნიშნავს, რომ „ძალიან ცოტას ჭამს, მაგრამ მაინც სუქდება“. ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც დეტალურად აკვირდებოდნენ ასეთ პაციენტებს. შედეგებმა ცხადო, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ ენერგიის ბალანსს – საკვებით მიღებულ კალორიებს უფრო ნაკლებად, ხოლო ფიზიკური აქტივობით დახარჯულს მეტად თვლიან.

ორსულობა და წონა

წონის მატება ნორმალური ორსულობის ფიზიოლოგიური შედეგია, თუმცა ქალების დიდი ნაწილი თავდაპირველ წონას ვერ უბრუნდება. რამდენიმე ორსულობის შემდეგ ეს ჭარბი წონის, რიგ შემთხვევებში კი, სიმსუქნის მიზეზი ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემთა თანახმად, ორსულობისას ქალების 47% -ს წონის დასაშვებზე მეტი მატება აქვს.

თუ ორსულობამდე ქალს ჭარბი წონა ან სიმსუქნე ჰქონდა, იმის ალბათობა, რომ წონის მატება დასაშვებზე გაცილებით მეტი იქნება, დიდია.

მენოპაუზა და წონა

ქალების წონის მატება და ცხიმის ცენტრალური (მუცლის, წელის არეში) დაგროვება უხშირესად მენოპაუზის ადრეულ პერიოდში ვითარდება. მიიჩნევა, რომ ცხიმოვანი მასის მატება ცხიმის ვისცერულ დაგროვებასთან ერთად, მენოპაუზის პერიოდში ენერგიის ხარჯვის დაქვეითებას უკავშირდება.

მენოპაუზის პერიოდში მატულობს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დონე, რაც წონის მატების ფაქტორია (ესტროგენების კლებისაგან დამოუკიდებლად). ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც 6 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 42-დან 52 წლამდე ასაკის 550 ქალს. კვლევის პერიოდში 2,9 კგ-ით მოიმატა წონამ და 5,7 სმ-ით გაიზარდა წელის გარშემოწერილობა. აღსანიშნავია, რომ წონის მატება არ შეაფერხა ესტროგენებით მკურნალობამ.

ცხოვრების წესი და წონა

უფრო მეტი კალორიის (ენერგიის) მიღება, ვიდრე ადამიანი ხარჯავს, ანუ დადებითი ბალანსი, წონის მატების უცილობელი პირობაა. კვებითი ფაქტორი და ფიზიკური აქტივობა, ცხოვრების წესის ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, განაპირობებს ენერგიის ბალანსს.

უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში საკვებთან დაკავშირებით მდგომარეობა გლობალურად არის შეცვლილი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ხელმისაწვდომობა გემრიელ და მაღალკალორიულ საკვებზე. ეს ართულებს როგორც პაციენტების, ასევე ექიმების მიერ მიღებული კალორიების ზუსტ კონტროლს – ხშირად ამა თუ იმ რეალურად მაღალკალორიულ „სასუსნავს“ ადამიანი არც თვლის ენერგიის წყაროდ. ამავე დროს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში მომატებულია. ეს სავსებით საკმარისია სიმსუქნის მომატებული შემთხვევების მიზეზების ასახსნელად.

  • არსებული მონაცემების თანახმად, თანამედროვე ადამიანი, უფრო მეტ ცხიმს, შაქარს, ცილას და პურეულს და ნაკლებ ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტს მოიხმარს, ვიდრე რეკომენდებულია. კვლევებით არის შეფასებული კვების ხასიათისა და მისი კომპონენტების ზეგავლენა მასის ზრდაზე.
  • ხანგრძლივმა კვლევამ, როლის დროსაც 120 000 პირს აკვირდებოდნენ, გამოავლინა, რომ გარკვეული პროდუქტები (კარტოფილის ჩიფსები, კარტოფილი ფრი, დამუშავებლი ხორცი, წითელი ხორცი, ტკბილეული, დესერტები) ხელს უწყობენ წონის მატებას, ხოლო გარკვეული პროდუქტები იცავენ ადამიანს წონის მატებისაგან (იოგურტი, ხილი, თხილეული, გაუცეხვავი მარცვლეული).
  • კვლევებით გამოვლინდა კავშირი ზეგადამუშავებული საკვების მიღებასა და სიმსუქნეს შორისაც. ზეგადამუშავებულად ითვლება საკვები, რომელიც მომზადებულია მრავალჯერადი ფიზიკური, ბიოლოგიური და/ან ქიმიური ზემოქმედებით, შეიცავს არაბუნებრივ მრეწველობაში დამზადებულ კომპონენტებს, საკვებ დანამატებს.

ფიზიკური აქტიურობა და უმოძრაობა

ენერგიის ხარჯვის ყველაზე ცვალებადი კომპონენტია ფიზიკური აქტიურობისას ენერგიის ხარჯვა. ფიზიკური აქტიურობის ჩვეული ინტენსივობის კლება (ნაკლები სიარული, ვარჯიში და ა. შ.) უმოძრაობაში გატარებული დროის ზრდასთან ერთად, სიმსუქნის რისკის მატებასაც იწვევს. არსებული მონაცემების თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად, ფიზიკური აქტიურობის ინტენსივობა განუხრელად იკლებს, რაც აქვეითებს ენერგიის ხარჯვას.

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაქვეითდა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ფიზიკური აქტიურობა, რასაც მოჰყვა სიმსუქნის შემთხვევების ზრდა. არსებული მონაცემების თანახმად, სამუშაოსთან დაკავშირებული ენერგიის ხარჯვა მამაკაცებს შორის დღეში 140 კილოკალორიითაა დაქვეითებული, ქალების შემთხვევაში 120 კილოკალორიით, რაც სიმსუქნის შემთხვევათა მატებას უწყობს ხელს.

მჯდომარე ცხოვრება უკავშირდება მეტაბოლურ დარღვევებს (მაგალითად, დიაბეტი ტიპი 2). უმოძრაო მდგომარეობათაგან სიმსუქნისა და დიაბეტის რისკს ყველაზე მეტად ტელევიზორთან გატარებული დრო ზრდის. შესაძლოა ამის მიზეზია არა მარტო ხანგრძლივი მჯდომარე მდგომარეობა, არამედ კვებითი ქცევაც (სხვადასხვა „სასუსნავის“ მიღება ტელევიზორის ყურებისას).

სიმსუქნე ხშირია იმ ქრონიკული დაავადებების დროსაც, როცა დაქვეითებულია პაციენტის ფიზიკური შესაძლებლობები, დარღვეულია გრძნობის ორგანოთა ფუნქცია, ფსიქიკური მდგომარეობა. ყველაზე დიდია სიმსუქნის რისკი ქვემო კიდურების ფუნქციის დარღვევისას – როდესაც პაციენტს არ შეუძლია სიარული.

ძილის თავისებურებები და წონა

ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, მჭიდრო და არსებითი კავშირია ღამის ძილის ხანგრძლივობის შემცირებას, გვიან დაძინებას, ღამით მუშაობასა და დიაბეტი ტიპი 2-ისა და მასთან დაკავშირებული მეტაბოლური დაავადებების აღმოცენებას შორის.

უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ღამის ძილის საშუალო ხანგრძლივობა არ შეცვლილა, თუმცა, ღამის ცვლაში მომუშავე პირთა რაოდენობა გაიზარდა. ბევრი ადამიანი მუშაობს იმ პერიოდში, რომელიც ჩვეულებრივ ძილის დროდ ითვლება.

ადამიანები, რომელთაც შემცირებული აქვთ ძილის ხანგრძლივობა, ან აქვთ ღამის სამუშაო, მეტ დროს ატარებენ მჯდომარედ და ნაკლები დროის განმავლობაში არიან ფიზიკურად აქტიურები. ექსპერიმენტული კვლევების შედეგების თანახმად, ეს იწვევს დღე-ღამის განმავლობაში ენერგიის ხარჯვის შემცირებას.

კვლევებმა დაადასტურეს, რომ ძილის ხანგრძლივობის შემცირებისას აქტიურდება საკვებით „დაჯილდოვებასთან“ ასოცირებული ტვინის უბანი, იმატებს საკვების, განსაკუთრებით ცხიმით მდიდარი საკვების მიღება. ძილის შეზღუდვისას მოძრაობის ჰორმონების შემცველობა ქვეითდება, ხოლო გრელინის (შიმშილის ჰორმონი) შემცველობა იმატებს. ამის საწინააღმდეგოდ, ძილის გახანგრძლივებისას შეიძლება დაქვეითდეს ენერგიის მოხმარება.

თამბაქოს მოწევის შეწყვეტა და წონა

ჯანმრთელობისათვის უდავო სარგებლის მიუხედავად, თამბაქოს მოწევის შეწყვეტას თან ახლავს წონის მატება საშუალოდ 2,6 კგ-ით. წონის მატების დონე სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია, თუ პირი აქტიური არ არის, შემთხვევათა 10%-ში წონა ერთი წლის განმავლობაში 10 კილოგრამითაც მატულობს. წონის მატება შესაძლოა უკავშირდებოდეს პროოპიომელანოკორტინზე (ჰიპოთალამუსის ნეირონი, რომელიც აქვეითებს საკვების მიღებას) ნიკოტინის გამააქტიურებელი ეფექტის კლებას.

მედიკამენტებით გამოწვეული წონის მატება

წონის მატება შესაძლოა ჯანმრთელობის სრულად განსხვავებული პრობლემების გამო დანიშნულმა მედიკამენტებმა განაპირობონ. საბედნიეროდ, ხშირად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს სხვა სახის ალტერნატიული მედიკამენტი, რომელიც ან წონაზე არ მოქმედებს ან ხელს უწყობს წონის კლებასაც კი. ქვემოთ შევეცდებით დავასახელოთ წონის მატების გამომწვევი მედიკამენტები.

  • ანტიფსიქოზური საშუალებები – მრავალ მათგანს შეუძლია გამოიწვიოს წონის მატება;
  • ანტიდეპრესანტები – მრავალი მათგანი იწვევს წონის მატებას, თუმცა, ზოგიერთი წონის კლებასაც განაპირობებს;
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები – კრუნჩხვის, ნეიროპათიული ტკივილის ან ფსიქიკური დარღვევების გამო გამოყენებული ეს საშუალებები შეიძლება წონის მატების მიზეზი გახდნენ.
  • დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები – წონის მატების მიზეზი ამ მიზნით გამოყენებული სხვადასხვა საშუალება შეიძლება იყოს, თუმცა განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ინსულინი და სულფონილშარდოვანას პრეპარატები. წონის მატება შეიძლება გამოიწვიონ თიაზოლიდინედიონებმაც, თუმცა, მიზეზი ხშირად სითხის შეკავება ან ცხიმის გადანაწილებაა.
  • რეპროდუქციული ჰორმონები – დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, რომ ტაბლეტირებული კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) წონის მატებას იწვევენ, მონაცემები მოწმობენ, რომ კომბინირებული ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არ იწვევენ წონის მნიშვნელოვან მატებას.
  • სხვა მედიკამენტი – წონის მატებას ხელს უწყობს ზოგიერთი ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი), ბეტა ბლოკერები (გამოიყენება გულის აჩქარების, არითმიის, კორონარული არტერიების დაავადებისას), გლუკოკორტიკოიდები (პრედნიზოლონი და მსგავსი ჰორმონები).

სიმსუქნე – დაავადების სიმპტომი

სიახლე არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ზოგჯერ სიმსუქნე დაავადების სიმპტომია. სიმსუქნის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰიპოთირეოზი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ამ მდგომარეობისას პაციენტებს ხშირად აქვთ წონის მატება, რაც მნიშვნელოვანწილად ცხიმის მომატებულ დაგროვებას უკავშირდება. როგორც წესი, ჰიპოთირეოზს უკავშირდება ზომიერი წონის მატება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წონის მატება გვხვდება მაშინაც, როცა თირეოტროპული ჰორმონის (TSH) მაჩვენებელი ახლოსაა ნორმის ზედა ზღვართან. ამავე დროს სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის (მდგომარეობა, როცა თირეოტროპული ჰორმონის მაჩვენებელი ნორმას აღემატება, თავისუფალი თიროქსინი (FT4) ნორმალურია და პაციენტს არა აქვს კლინიკური სიმპტომები) მკურალობას თან არ ახლავს წონის კლება. დაკვირვებები ცხადყოფენ, რომ სიმსუქნეს ჰიპოთირეოზისადმი მიდრეკილება ახასიათებს. ეს ფაქტი საეჭვოს ხდის ჰიპოთირეოზისა და სიმსუქნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

  • კუშინგის სინდრომი ანუ ჰიპერკორტიციზმი

იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში მომატებულია ჰორმონ კორტიზოლის შემცველობა. მას ახასიათებს პროგრესირებადი ცენტრალური სიმსუქნე, რაც მოიცავს ტორსს, მუცელს, ნაწლავების არესა და შუასაყარს. გარდა ამისა, ცხიმი გროვდება სახის, კისრის არეში, ცხიმოვანი „ბალიშები“ ჩნდება ბეჭებისა და ლავიწზედა არეებში. როგორც წესი, კიდურებზე ცხიმი არ გროვდება, ხშირია ამ არეებში კუნთების ატროფია.

  • ჰიპოთალამური სიმსუქნე

იშვიათი სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინის წარმონაქმნების – ჰიპოთალამუსის ან ნუშისებრი სხეულის დაზიანებასთან. შედეგად ვითარდება ჰიპერფაგია (საკვების ჭარბი მიღება), ქვეითდება ენერგიის მოხმარება, რაც იწვევს სიმსუქნეს. ჰიპოთალამური სიმსუქნის მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის სიმსივნე, ტრავმა, დასხივება, ქირურგიული ჩარევა. წონის მატების გარდა, შეიძლება აღმოცენდეს თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ცვლილება, მენსტრუაციის არარსებობა, ერექციული დისფუნქცია, უშაქრო დიაბეტი (ამჟამად ამ დაავადებას უწოდებენ არგინინ ვაზოპრესინის დეფიციტს), ჰიპოთიროიდიზმი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, გულყრები, ძილიანობა, ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა.

  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი

თან ახლავს ცხიმის დაგროვება მუცლის არესა და შინაგან ორგანოებს შორის (ე. წ. ვისცერული ცხიმი).

გარდა ამისა, სიმსუქნის შესაძლო მიზეზებია:

  • ნაწლავის მიკრობიომი

ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა, რომელიც შეიცავს 100 ტრილიონ მიკრობს. მათ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მიღებული კალორიების შეწოვასა და მონელებაზე. მღრღნელებზე ჩატარებულია კვლევები, რომლებიც შეისწავლიდნენ ნაწლავის ფლორის ტრანსპლანტაციის (გადანერგვის) ზემოქმედებას სიმსუქნეზე.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ნაწლავური ფლორა ადამიანებშიც შეიძლება ზემოქმედებდეს როგორც სიმსუქნეზე, ასევე მის საწინააღმდეგო დიეტის ეფექტურობაზე. მიუხედავად კვლევათა შედეგებისა, სადღეისოდ არ არის საკმარისი მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ ნაწლავურ მიკროფლორასა და სიმსუქნეს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ნაწლავის მიკროფლორა შესაძლოა ზემოქმედებდეს სიმსუქნესთან დაკავშირებული ისეთი თანმხლები დაავადებების რისკზე, როგორებიცაა დიაბეტი ტიპი 2 და ანთებითი დაავადებები. არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ნაწლავურ ფლორაზე ზემოქმედება შეიძლება ეფექტური იყოს სიმსუქნის მკურნალობის თვალსაზრისით.

  • ენდოკრინული სისტემის დარღვევების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები

ბუნებრივი ან ადამიანის მიერ წარმოებული ნივთიერებები, რომლებიც ჰორმონების იმიტირებას, დაბლოკვას იწვევენ ან ხელს უშლიან მათ მოქმედებას და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემათა ფართო სპექტრის მიზეზი შეიძლება გახდნენ.

ენდოკრინული სისტემის დარღვევების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები მრავალი კომერციული პროდუქტის წარმოებისას გამოიყენება. ისინი აღმოჩენილია წყლის ეკოლოგიურ სინჯებში, შეიძლება დაგროვდნენ ადამიანის ქსოვილებში. სულ უფრო და უფრო მეტი კვლევის შედეგი მიუთითებს, რომ მათი ზემოქმედება დაკავშირებულია როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილი ადამიანების სიმსუქნესთან.

სიმსუქნით დაავადებული პაციენტის გამოკვლევა

როცა პაციენტს აქვს ჭარბი წონა, აბდომინური სიმსუქნე (ქალების წელის გარშემოწერილობა ≥88 სმ-ზე და მამაკაცების – 102 სმ-ზე) ან სიმსუქნე, უნდა დადგინდეს წონის მომატების მიზეზი და განისაზღვროს მასთან დაკავშირებული დაავადებების რისკი. ასეთი პაციენტების შესაფასებლად ექიმი აზუსტებს ავადმყოფობის ისტორიას, ატარებს დეტალურ გასინჯვას, საზღვრავს გლუკოზას (შაქარს) უზმოზე, ზოგჯერ გლიკირებულ ჰემოგლობინს, ტარდება თიროიდმასტიმულებელი ჰორმონის (TSH), ღვიძლის ფერმენტების, ლიპიდური სპექტრის შესწავლა.

პაციენტის კვლევის პროცესში ექიმი დეტალურად შეისწავლის სიმსუქნის გამომწვევი ზემოთ განხილული ფაქტორების ზემოქმედებას. თუ სავარაუდოა სიმსუქნის გამომწვევი დაავადებების არსებობა, ინიშნება დამატებითი კვლევები.

სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შეფასება

სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ზოგადი რისკის განსაზღვრა მოიცავს სიმსუქნის ხარისხის, აბდომინური სიმსუქნის (წელის გარშემოწერილობა), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების, ძილის აპნოეს, ცხიმოვანი ღვიძლის, ოსტეოართრიტის და სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობების შეფასებას. ამ დაავადებათა გამოვლენა, შეფასება და მკურნალობა-მართვა სიმსუქნით დაავადებული პაციენტის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია.

  • წონის ისტორია – რისკის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მომენტია, რომელ ასაკში აღმოცენდა სიმსუქნე. ბავშვებს, რომლებიც მცირე წონისანი იყვნენ დაბადებისას, მაგრამ სიცოცხლის პირველი 10 წლის განმავლობაში მათმა წონამ მნიშვნელოვნად მოიმატა, ზრდასრულ ასაკში დიაბეტის უფრო დიდი რისკი აქვთ. ნებისმიერი ხარისხის სიმსუქნის შემთხვევაში ასოცირებული დაავადებების რისკი უფრო მაღალია, როცა სიმსუქნე 40 წლამდე აღმოცენდება. თუ ბავშვს სიმსუქნე აქვს 7 წლის ასაკისათვის და ეს გრძელდება გარდატეხის პერიოდშიც, დიდი ალბათობით დაავადება ზრდასრულ ასაკშიც ექნება. ასევე მნიშვნელოვანია წონის მატება 18 წლის შემდეგ. წონის ზომიერი მატებაც კი (5 კგ-ზე) ზრდის კორონარული დაავადებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის რისკს.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები – აუცილებელია ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა), დისლიპიდემიის, გლუკოზის დარღვეული მაჩვენებლის ან დიაბეტის, ძილის ობსტრუქციული აპნოეს და მწეველობის გამოვლენა და მათი სათანადო მკურნალობა წონის დაქვეითებისადმი მიმართული ღონისძიებებისაგან დამოუკიდებლად.
  • სხვა თანმხლები დაავადებები – სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს სხვა დაავადებები, რომლებიც არ ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, მაგრამ ავადობის მნიშვნელოვანი მიზეზია. აღნიშნულის მაგალითია ოსტეოართრიტი, ნაღვლის ბუშტის კენჭები, მეტაბოლური დარღვევევბით გამოწვეული ცხიმოვანი ღვიძლი, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, დეპრესია, ცხოვრების ხარისხის გაუარესება, რაც ზოგჯერ იმდენად მკვეთრია, რომ უნარშეზღუდულობის (როგორც ადრე უწოდებდნენ ინვალიდობის) მიზეზია. ამ დაავადებათა სიმპტომების შემცირება შესაძლებელია წონის დაქვეითებით იქნას მიღწეული.

სიმსუქნის მკურნალობა

წონის კლების სამედიცინო საფუძველია ის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, რომ სიმსუქნე არის საკმაოდ სერიოზული, ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სიკვდილიანობას და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, კორონარული არტერიების დაავადება.

კლების წყალობით შესაძლებელია შემცირდეს შარდის შეუკავებლობით, ძილის აპნოეთი და დეპრესიით გამოწვეული დისკომფორტი, გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი, ფიზიკური ფუნქციონირება და მოძრაობის უნარი. ამ ყოველივეს მისაღწევად წონის კლებისთვის რეკომენდებულია:

  • ცხოვრების წესის შეცვლა – ყველა პაციენტისათვის, რომელთათვისაც ნაჩვენებია წონის კლება, აუცილებელია ცხოვრების წესის სრული შეცვლა – დიეტა, ვარჯიში, ქცევის ცვლილება. ქცევის ცვლილება აადვილებს დიეტასა და ვარჯიშს და მოიცავს საკვების მიღების, ფიზიკური აქტიურობისა და წონის რეგულარულ თვითკონტროლს.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ზემოთ მითითებული ღონისძიებებით წონის სათანადო კლება არ ხდება. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის შემდგომი ნაბიჯებია მედიკამენტური მკურნალობა, სპეციალური სამედიცინო მოწყობილობების გამოყენება ან ბარიატრიული ქირურგია.

  • ფარმაკოლოგიური (მედიკამენტური) მკურნალობის კანდიდატები არიან ზრდასრული პაციენტები, რომელთა სხეულის მასის ინდექსი მეტია, ვიდრე 30 კგ/მ2 ან სხეულის მასის ინდექსი არის 27 – 29,9 კგ/მ2 და ამავე დროს პაციენტს აქვს თანმხლები დაავადებები და არამედიკამენტური ჩარევის სრული სპექტრის მიუხედავად, ვერ მიიღწევა წონის სათანადო კლება (სამიდან ექვს თვემდე პერიოდში საწყისი წონის შემცირება სულ მცირე 5%-ით მაინც). სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მედიკამენტური მკურნალობის გადაწყვეტილება უნდა იყოს ინდივიდუალური, ფრთხილად უნდა შეფასდეს სიმსუქნის სამკურნალოდ არსებული ყველა მეთოდის რისკისა და სარგებლის თანაფარდობა.

  • მოწყობილობები წონის კლებისათვის – მათი გამოყენების საკითხი აღიძვრება მაშინ, როცა:

ა) მედიკამენტები უეფექტოა ან მათი მიღება შეუძლებელია გვერდითი მოვლენების გამო;

ბ) ვერ ტარდება ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა ან პაციენტი თავს იკავებს აღნიშნული მეთოდით მკურნალობისაგან;

გ) გარდამავალი ეტაპია ბარიატრიულ ქირურგიულ ჩარევამდე.

მითითებულ შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს კუჭის ბალონირება (კუჭში თავსდება ბალონი, რომელიც იბერება, იკავებს გარკვეულ მოცულობას და ქმნის მაძღრობის შეგრძნებას), ბარიატრიული ენდოსკოპია (კუჭში თავსდება ბალონი და ამავე დროს ენდოსკოპიურად ტარდება ე. წ. სლივ გასტროპლასტიკა – კუჭს ეძლევა მილის ფორმა).

  • ბარიატრიული ქირურგია – ამ ჩარევის კანდიდატები არიან პაციენტები, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 35 კგ/მ2 ან 30 – 34,9 კგ/მ2-ია, მაგრამ პაციენტს აქვს დიაბეტი ტიპი 2.