დაბერების ჰორმონული მექანიზმები
* რას ნიშნავს ჰორმონებით მართვა
როდესაც საქმე ეხება ჰორმონების წარმოქმნასა და კონტროლს, ყურადღების ცენტრში ექცევა ჰიპოფიზი – თავის ტვინში განთავსებული უმნიშვნელოვანესი ჯირკვალი და ფარისებრი ჯირკვალი.
ჰიპოფიზის გარდა, სხვადასხვა ჰორმონს გამოყოფს პარათირეოიდული ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები და პანკრეასი (კუჭუკანა ჯირკვალი). მათ კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული ცალკეულ ორგანოთა ფუნქციობა, მეტაბოლიზმის რეგულირება და ორგანიზმის მიერ ენერგიის ეფექტურად გამოყენება.
ჰორმონულმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი პათოლოგია, როგორც ვირუსული, ასევე აუტოიმუნური და სიმსივნური დაავადებები.
ენდოკრინული ჯირკვლები გამოყოფენ დაბერების პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ჰორმონებს, მათ შორის – მელატონინს, ენდორფინებს, ესტროგენსა და ტესტოსტერონს.
* ახალგაზრდობის ჰორმონები
განვიხილოთ ძირითადი ჰორმონების ფუნქციები, რომლებიც დაბერების პროცესს უკავშირდება და დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
-
მელატონინი
ეს ჰორმონი ძირითადად ძილის ციკლების რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. ის, ვინც ძილის დეფიციტით გამოირჩევა, უფრო მეტადაა დაუცველი ვირუსებისა და გაციებისგან, საკმარისი მელატონინის მქონე პირებთან შედარებით.
მელატონინს ეპიფიზი-ჯალღუზისებრი სხეული წარმოქმნის. ამ ჰორმონს, თავის დროზე, „სასწაული წამალი“ ეწოდა, რადგან სიცოცხლეს 25%-მდე ახანგრძლივებს. ცნობილია, რომ მელატონინი აღმოაჩენს და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ზრდიან კიბოს და გულის დაავადებების რისკს.
40 წლის შემდეგ, ეპიფიზის ჯირკვალი იწყებს მელატონინის გამომუშავების შემცირებას. თუმცა, ადამიანები, რომლებიც იღებენ მელატონინის დანამატებს ძალიან მცირე დოზებით, ფაქტობრივად, „ატყუებენ“ ორგანიზმს და „აჯერებენ“ მას, რომ გაცილებით ახალგაზრდები არიან.
-
ენდორფინები
ამ ჰორმონებს თავის ტვინი გამოიმუშავებს ფიზიკური ვარჯიშის დროს. ისინი ეხმარებიან ადამიანებს ბედნიერების შეგრძნებაში. კვლევამ აჩვენა, რომ ენდორფინების მაღალი დონე ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და ამცირებს ზიანს, რომელიც ორგანიზმს განსაკუთრებით ასაკთან ერთად ადგება.
-
ესტროგენი
ქალის სასქესო ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება საკვერცხეების მიერ. საკმარისი რაოდენობით გამომუშავებული ესტროგენი აფერხებს ძუძუს კიბოს, გულის დაავადებათა განვითარებასა და ძვლოვანი მასის დაკარგვას. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჰორმონად ადამიანის ორგანიზმში.
ესტროგენის დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ქსოვილებისა და ორგანოების ბევრ სისტემაზე, დაწყებული ძვლებით, ღვიძლითა და ტვინით დამთავრებული. ესტროგენი ეხმარება კანს, სისხლძარღვებს, რეპროდუქციულ ორგანოებსა და ქსოვილებს, შეინარჩუნონ ძალა და მოქნილობა შობადობის ასაკსა და მის შემდგომ პერიოდში.
-
ტესტოსტერონი
მამაკაცის სასქესო ჰორმონია. ქალის ენდოკრინული სისტემა, როგორც წესი, ასევე გამოიმუშავებს ტესტოსტერონს, თუმცა, მისი დონე მამაკაცის ტესტოსტერონის მხოლოდ მეათედია.
ტესტოსტერონი ზრდის ორგანიზმის უნარს გამოიყენოს ცილები კანის, კუნთებისა და ძვლების შექმნა-ფორმირებისთვის. 40-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცთა ორგანიზმში გამომუშავებული ტესტოსტერონის დონე ქვეითდება და ექიმებს შეუძლიათ, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დანიშვნა, როგორც ეს ხდება ქალებთან.
-
დეჰიდროეპიანდროსტერონი
მას ხშირად ახალგაზრდობის ჰორმონს უწოდებენ. გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ, დაკავშირებულია იმუნიტეტთან, მეხსიერებასა და ენერგიის დონესთან. ეს ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების სიმკვრივეში, სიმტკიცესა და სტრესთან გამკლავებაშიც.
-
ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი
ქრონიკული სტრესი აჩქარებს დაბერების პროცესს. ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის გამომუშავებასა და გავრცელებას. მიუხედავად ამისა, კორტიზოლი აუცილებელია ორგანიზმის მრავალი ფუნქციისთვის. როდესაც ის სტრესის საპასუხოდ გამოიყოფა, შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, ისეთი ეფექტები, როგორებიცაა კანის მდგომარეობის გაუარესება, იმუნური უჯრედების ნაადრევად დაბერება, დაღლილობა, ტკივილი და მტვრევის შეგრძნება სხეულში, უძილობა და სხვა.
* ჰორმონული ცვლილებები - ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე დაბერების პროცესები
ჰორმონები, ჩვეულებრივ, აკონტროლებენ დაბერების პროცესის სიჩქარეს. ასაკთან ერთად მათი წარმოქმნის დაქვეითება იწვევს ძვლის მასის დაკარგვას, დეპრესიას და ლიბიდოს მნიშვნელოვან დაქვეითებას. ამრიგად, დროთა განმავლობაში მცირდება ჰორმონების დეჰიდროეპიანდროსტერონის, მელატონინისა და სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონი) გამომუშავება. ქალებს უვითარდებათ მენოპაუზა საკვერცხეების მიერ პროგესტერონისა და ესტრადიოლის სეკრეციის (გამოყოფის) დაკარგვით. თავის ტვინის გარკვეულ უბნებში ვლინდება ნეიროტრანსმიტერების – დოფამინის, აცეტილქოლინის, ნორეპინეფრინის, გამა-ამინობუტერინის მჟავას (GABA-ს) და სეროტონინის დონის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითება.
საყურადღებოა, რომ სეროტონინი თავის ტვინში მელატონინის წინამორბედია.
ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს და გამოყოფს ჰორმონ დეჰიდროეპიანდროსტერონს ნებისმიერ სხვა სტეროიდზე მეტი რაოდენობით. აღნიშნული ჰორმონის დონე პიკს აღწევს 20 წლის ასაკში და მცირდება პიკიდან 10%-მდე 80 წლის ასაკისთვის. ამ ჰორმონს შეუძლია დაიცვას ორგანიზმი კორტიზოლის მავნე ზემოქმედებისაგან, ამავდროულად ხელს უწყობს ანდროგენებისა და ესტროგენების სინთეზს პერიფერიულ ქსოვილებში, ცხიმოვანი ქსოვილისაგან თავისუფალი სხეულის მასის შენარჩუნებას, ამცირებს დეპრესიას და აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას.
ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) დონეც მცირდება ასაკთან ერთად (დაახლოებით 14%-ით ათწლეულში 25 წლის შემდეგ), რაც აიხსნება ცხიმის დეპონირების გაზრდით, კუნთების მასის დაკარგვით და ძვლის დემინერალიზაციით.
არსებობს მტკიცებულება, რომ ზრდის ჰორმონის ჩანაცვლებას შეუძლია გააუმჯობესოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა, გააძლიეროს იმუნური ფუნქცია და გააუმჯობესოს კოგნიტური ფუნქცია ხანდაზმულებს შორის, მაგრამ არსებობს ინსულინორეზისტენტობის გაზრდისა და კიბოს განვითარების რისკის საფრთხეც.
თუმცა, ზოგიერთი ჰორმონის დონე ასაკთან ერთად სულ უფრო იზრდება, რაც აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ეს ეხება გლუკოკორტიკოიდულ სტეროიდულ ჰორმონებს.
გლუკოკორტიკოიდული ჰორმონის (კორტიზოლის) გამოყოფა ნორმალური რეაქციაა სტრესზე. კორტიზოლი, სხვა გავლენებთან ერთად, ახდენს სისხლში გლუკოზის მობილიზებას და თრგუნავს იმუნურ, ანთებით პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი (ხანმოკლე) სტრესი სასარგებლოა საგანგებო სიტუაციებში, ის შეიძლება იყოს დამანგრეველი.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესი იწვევს ტვინში კორტიკოტროპინის გამომყოფი ფაქტორისა და ვაზოპრესინის გაძლიერებულ წარმოქმნას, რომლებიც, თავის მხრივ, ასტიმულირებენ ჰიპოფიზის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყოფას. ეს უკანასკნელი აიძულებს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვან შრეს გლუკოკორტიკოიდების გამოყოფას.
სისხლში გლუკოკორტიკოიდების მაღალი დონე აღიქმება ჰიპოკამპის ნეირონების მიერ, რომლებიც ნიშანს („სიგნალს“) აძლევენ ტვინს ვაზოპრესინის ნაკლები რაოდენობით გამოყოფის თაობაზე. ჰიპოკამპის ნეირონების ჩართვას გარკვეული აზრი აქვს, რადგან სტრესული სიტუაციები ხშირად ასოცირდება ნათელ და დეტალურ მოგონებებთან.
დეპრესიის მქონე პაციენტებმა შეიძლება დაკარგონ ჰიპოკამპის მოცულობის 20%. კორტიზოლს შეუძლია შეამციროს ნეირონების მიერ გლუკოზის შთანთქმა 15-25%-ით, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ სიკვდილს.
გლუკოკორტიკოიდების კასკადის ჰიპოთეზა განიხილება ტვინის დაბერების თეორიად – კერძოდ, დამახსოვრების უნარის დაქვეითება. ალცჰეიმერით დაავადებულთა დაახლოებით ნახევარს აღენიშნება კორტიზოლის მნიშვნელოვნად მომატებული დონე. გარდა ამისა, სტრესის ჰორმონის მუდმივად მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერთან დაუკავშირებელი დემენცია.
ამასთან, ესტროგენს შეუძლია შეაფერხოს ან თუნდაც უკუაქციოს კორტიზოლით გამოწვეული ტვინის დაზიანება.
ეს ჰორმონული მექანიზმების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ასაკთან ერთად იწყებს ჩვენს წინააღმდეგ მუშაობას.
* როგორ შევაფერხოთ დაბერება
და მაინც, როგორ დავბერდეთ ლამაზად, მოხდენილად? ამ კითხვას ხშირად სვამენ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ შესრულებია 40 წელი. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იმუშაოს ჰორმონების ჩანაცვლებითმა თერაპიამ, მაგრამ მხოლოდ კომპეტენტური და კვალიფიციური ექიმის ხელმძღვანელობით, რომელიც არჩევს მინიმალურ და კონკრეტული ორგანიზმისათვის რაციონალურ დოზებს.
სიბერის გადავადების სხვა გზები ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა, ყველას მარტივად არ ეჩვენება!
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაბერების პროცესთა შესაფერხებლად:
- ვიტამინების, მინერალებისა და სხვა საკვები ნივთიერებების ბალანსის შენარჩუნება (რომელიც მიიღწევა ჯანსაღი და სასარგებლო საკვებით), ისევე როგორც ადეკვატური დატენიანება დაბერების პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია;
- სტრესის დონის კონტროლი, რადგან სტრესს უკავშირდება კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა;
- საკმარისი ხანგრძლივობის, ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი, რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები;
- ფოკუსირება ემოციურ ჯანმრთელობაზე და ასაკის მიუხედავად, ცხოვრებით ტკბობის გზების მოძებნა, გახარება ცხოვრებით.
საყურადღებო დასკვნები:
- ასაკთან ერთად ჰორმონების ბალანსის ცვლილება გარდაუვალია;
- მელატონინი, ესტროგენი, ტესტოსტერონი და სხვა ჰორმონები აქტიურად მონაწილეობენ დაბერების პროცესში;
- ასაკთან ერთად ჰორმონის გამომუშავების დაქვეითება იწვევს ძვლის მასის დაკარგვას, დეპრესიას, სქესობრივი ლტოლვის მნიშვნელოვან დაქვეითებას და რიგი დაავადებების პროვოცირებას;
- ჰორმონების დონის დაბალანსება ორგანიზმში შესაძლებელია არა მხოლოდ მედიკამენტების მიღებით, არამედ ცხოვრების წესის გარკვეული ცვლილებებით.