ჰორმონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონები

1849 წელს ბერთოლდმა კასტრირებულ მამლებზე ჩატარებული ცდებით ექსპერიმენტულად დაადასტურა მე-18 საუკუნეში თეოფილ ბროდის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ყოველი ორგანო სპეციფიკური სუბსტანციის წარმოქმნის ადგილია, რომელიც შემდეგ სისხლში ხვდება და განსაზღვრულ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. "სპეციფიკური სუბსტანცია" აღმოჩნდა ჰორმონები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთა გარეშეც ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედება წარმოუდგენელია.

 

ადამიანის ჰორმონები

ჰორმონებს ენდოკრინული, ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები გამოიმუშავებენ, რომელთა ერთობლიობა ენდოკრინულ ორგანოთა სისტემას ქმნის. ადამიანის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებია ჰიპოფიზი, ეპიფიზი, პანკრეასი,  ფარისებრი, ფარისებრახლო, მკერდუკანა, თირკმელზედა, სასქესო ჯირკვლები. სწორედ ისინი ქმნიან ენდოკრინულ სისტემას, რომელიც თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის - ჰიპოთალამუსის დირიჟორობით მუსიკალური ორკესტრივით ჰარმონიულად მოქმედებს.

ჰიპოთალამუსი ენდოკრინული ორკესტრის მხოლოდ დირიჟორი როდია; ის თავადაც გამოიმუშავებს მეტად აქტიურ ნივთიერებებს - რილიზინგ-ფაქტორებს, რომლებიც ჰიპოფიზში ხვდებიან და იქიდან ასტიმულირებენ შინაგანი სეკრეციის დანარჩენი ჯირკვლების მიერ სპეციფიკური ჰორმონების გამომუშავებას. ჰიპოთალამუსის მიერ გამომუშავებული რილიზინგ-ფაქტორები ჰიპოფიზში მოხვედრის შემდეგ ასტიმულირებენ ტროპული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციათა განმსაზღვრელი ჰორმონების სინთეზს.

 

ჰიპოფიზის ჰორმონები

წინა წილი

  • სომატოტროპული - ცილა, იგივე ზრდის ჰორმონი;
  • ადრენოკორტიკოტროპული - პოლიპეპტიდი, რომელიც მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქულ ნივთიერებაზე;
  • თირეოტროპული - ცილა, რომელიც ასტიმულირებს თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის სინთეზს;
  • ლაქტოგენური - მოქმედებს საკვერცხეებსა და სარძევე ჯირკვლებზე;
  • მალუთეინიზებელი - ცილა, რომელიც მოქმედებს ფოლიკულთა ზრდაზე;

შუა წილი

  • მელანოტროპინი - პოლიპეპტიდი, მოქმედებს მელანინის სინთეზზე (პიგმენტაცია);

უკანა წილი

  • ვაზოპრესინი - პოლიპეპტიდი,  არეგულირებს ორგანიზმში წყალ-მარილოვან ბალანსს;
  • ოქსიტოცინი - პოლიპეპტიდი, აწესრიგებს საშვილოსნოს შეკუმშვას;
  • ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონები:
  • თიროქსინი - აწესრიგებს ორგანიზმში ყველა სახის ნივთიერებათა ცვლას;
  • ტრიიოდთირონინი - მოქმედებს თიროქსინის მსგავსად;
  • თირეოკალციტონინი - პოლიპეპტიდი, აქვეითებს სისხლში კალციუმის დონეს;
  • პარათჰორმონი - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას.

კუჭქვეშა ჯირკვალი - პანკრეასი

  • ინსულინი - არეგულირებს ნახშირწყლოვან ცვლას, ხელს უწყობს გლუკოზიდან გლიკოგენის სინთეზს, მისი გავლენით სისხლში იკლებს შაქრის ოდენობა;
  • გლუკაგონი - აძლიერებს ღვიძლში გლიკოგენის დაშლას და იწვევს სისხლში შაქრის ოდენობის მატებას.

 

თირკმელზედა ჯირკვლები

ტვინოვანი შრის ჰორმონები

  • ადრენალინი - ზრდის სისხლის წნევას და სისხლში გლუკოზის დონეს;
  • ნორადრენალინი - მოქმედებს ადრენალინის მსგავსად;

ქერქოვანი შრის ჰორმონები

  • გლუკოკორტიკოიდები - მოქმედებენ ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაზე;
  • მინერალკორტიკოიდები;
  • სასქესო ჰორმონები - სტეროიდები: ანდროგენები მამაკაცებში და ესტროგენები ქალებში.

 

საკვერცხეები

  • ესტროგენები - უზრუნველყოფენ ქალის სქესობრივ მომწიფებას და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას;
  • პროგესტერონი - უზრუნველყოფს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას;
  • ანდროგენები - მამაკაცის სასქესო ჰორმონები, რომლებსაც ქალის ორგანიზმი უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს.

სათესლეები

  • ანდროგენები - მამაკაცის სასქესო ჰორმონები, რომლებიც უზრუნველყოფენ მამაკაცის სქესობრივ მომწიფებას, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას და სქესობრივი ცხოვრების ნორმალურ წარმართვას;
  • ესტროგენები - ქალის სასქესო ჰორმონები, რომელთაც მამაკაცის ორგანიზმი უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს.

 

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია

ჰორმონჩანაცვლებითია თერაპია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ამა თუ იმ ჰორმონის გამომუშავების შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში წარმოქმნილი დეფიციტის აღმოფხვრა, მისი შევსება და ჩანაცვლება ხელოვნურად შეყვანილი პრეპარატით. ორგანიზმში ჰორმონის უკმარისობა ვითარდება, როდესაც:

1.  ჰორმონი მცირე ოდენობით წარმოიქმნება;

2. სწრაფად ინაქტივირდება და კარგავს ფუნქციას;

3. ქიმიურ კავშირში შედის სხვა ნივთიერებებთან და ახალ, არააქტიურ ნაერთებს წარმოქმნის;

4. სტრუქტურები, რომლებმაც მისი ფუნქციები უნდა განამტკიცონ, აღარ ურთიერთქმედებენ მასთან.

ჩამოთვლილ მიზეზთაგან თითოეულს, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.


 

კერძოდ, ჰორმონის სინთეზის შემცირების საფუძველია:

1. ჰორმონის მაპროდუცირებელი უჯრედების გამოფიტვა, გადაგვარება;

2. მაპროდუცირებელი უჯრედების ფუნქციათა დათრგუნვა სხვადასხვა ტოქსინით;

3.  ჰორმონის სინთეზის გრძელ ჯაჭვში ზოგიერთი რგოლის მოშლა.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისას გამოყენებული ჰორმონული პრეპარატები სპეციფიკური მოქმედების ძლიერი ფარმაკოლოგიური აგენტებია, რომელთა გამოყენებაც მაშინ არის აუცილებელი, როდესაც გაირკვევა, რომ ესა თუ ის ჰორმონი მიზეზთა გამო ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისას გამოსაყენებელი პრეპარატები შეიცავს ჰორმონებს ან მათ სინთეზურ ანალოგებს.

ამის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს:

1. ნატურალურ ჰორმონულ პრეპარატებს. შეიცავს ნატურალურ ჰორმონებს, მზადდება საქონლის ახალი ან ახალგაყინული შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისგან, ცხოველისა და ადამიანის სისხლისგან ან შარდისგან;

2. სინთეზურ ჰორმონულ პრეპარატებს. ეს უკანასკნელნი შეიცავენ ჰორმონთა სინთეზურ ანალოგებს, რომლებიც ქიმიურად რამდენადმე განსხვავდებიან ბუნებრივი ჰორმონებისგან, მაგრამ აქვთ იგივე ან მეტად მსგავსი ფიზიოლოგიური ეფექტი.

უფრო ზოგადი ნიშნების მიხედვით ჰორმონული პრეპარატები 4 ჯგუფად იყოფა.

I ჯგუფი - ექსტრაქტული პრეპარატები, რომლებიც მიღებულია ცხოველთა ენდოკრინული ჯირკვლებისგან. მათ რიცხვს ეკუთვნის ინსულინი, ადრენალინი, ესტრონი. ისინი შეიცავენ უმაღლეს დონეზე, ზოგჯერ კრისტალურად გაწმენდილ ჰორმონებს. ამ ჯგუფის პრეპარატთა უმეტესობაში ცოტაოდენი ორგანული მინარევიც შედის. მაგალითად, პიტუიტრინში დასაშვებია 5%-მდე აქტივობის ცვლილება ჰისტამინის ხარჯზე, გონადოტროპინი კი ძირითადი ნივთიერებისგან განსხვავებულ 20%-მდე მინარევს შეიცავს.

II ჯგუფი - ჰორმონთა სინთეზური პრეპარატები. სავსებით შეესატყვისება ბუნებრივი ნივთიერებების ქიმიურ აღნაგობას, ჩვეულებრივ, კარგად გაწმენდილია, შესაძლებელია მათი ზუსტი დოზირება, თუმცა ასეთი პრეპარატების წარმოება იმდენად რთულია, რომ ძალიან მცირე რაოდენობით გამოდის.

III ჯგუფი - ჰორმონულად მოქმედი მცენარეული პრეპარატები. სამწუხაროდ, ცუდად არის შესწავლილი. მათ რიცხვს მიეკუთვნება პრეპარატი კუმესტროლი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა ახასიათებს.

IV ჯგუფი - სინთეზური შენაერთები. არ არის ბუნებრივი ჰორმონების იდენტური, მაგრამ აქვს საკმაოდ კარგად გამოხატული ჰორმონული მოქმედება.

ჰორმონულ პრეპარატთა კლასიფიცირება ხდება ქიმიური სტრუქტურის მიხედვითაც. ამ ნიშნით გამოიყოფა 3 ჯგუფი:

1. ამინომჟავათა წარმოებულები - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;

2. ცილოვანი და პოლიპეპტიდური ბუნების ჰორმონები - ჰიპოფიზის, კუჭქვეშა და ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონები;

3. სტეროიდული სტრუქტურის ჰორმონები - გლუკოკორტიკოსტეროიდები, მინერალკორტიკოსტეროიდები, სასქესო ჰორმონები.

ორგანიზმის ფიზიოლოგიური მაჩვენებლების აღსადგენად, ჩვეულებრივ, საკმარისია ჰორმონული პრეპარატების მცირე დოზები, რომელთა მიღებას არსებითი გვერდითი ეფექტები არ ახლავს თან.

ჰორმონოთერაპიისას აუცილებელია იმის ცოდნა, რომ:

  • ჰორმონული პრეპარატები მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ მაშინ ავლენენ, როდესაც მათი დანიშვნისას ზუსტად არის ცნობილი ჰორმონული დეფიციტის გამომწვევი ყველა პათოლოგიური მიზეზი.
  • თერაპიას ჩანაცვლებითი იმიტომ ჰქვია, რომ ის ტარდება დიდხანს, ზოგჯერ მთელი სიცოცხლეც კი.
  • ჰორმონოთერაპიისას დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის შესაბამისი ჯირკვლის ფიზიოლოგიური სეკრეციული უნარის გათვალისწინებით.
  • თერაპიის დროს ჰორმონული პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ არ უნდა გამოიწვიოს შესაბამისი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა. ჰორმონის დოზა მკურნალობის კურსის ბოლოს თანდათანობით უნდა შემცირდეს.