სმენის დაქვეითების მიზეზები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სმენის დაქვეითების მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

დაფის აპკის დაზიანების დროს ხდება სმენის დროებითი დაკარგვა. თავად დაფის აპკის გახეთქვას სხვადასხვა რამ იწვევს: ყურის მძიმე ინფექცია, სპორტის ისეთი სახეობით გატაცება, რომლის შედეგადაც ყური წნევის ძლიერ ცვალებადობას განიცდის (ასეთებია, მაგალითად, ყვინთვა, პარაშუტით ხტომა, სიმძიმეების აწევა), მექანიკური და აკუსტიკური ტრავმა. ზოგიერთმა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა: რევმატოიდულმა ართრიტმა, სიფილისმა, მენიერის დაავადებამ და ოტოსკლეროზმა. სმენის დაქვეითება მოსალოდნელია აგრეთვე ზოგიერთი ანტიბიოტიკის, მაგალითად, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატების, მიღებისას. სმენის დაქვეითების მიზეზთა დაახლოებითი ნუსხა ასეთია:

  • გენეტიკური განწყობა;
  • ხმაურის ზემოქმედება;
  • შიგნითა ყურის ინფექციური დაავადებები;
  • ტოქსინების ზემოქმედება;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ნევროლოგიური დაავადებები;
  • სტრესი;
  • მკურნალობის გართულება (ქიმიო- ან სხივური თერაპია);
  • ქალა-ტვინის ტრავმა;
  • ასაკი;
  • დაფის აპკის პერფორაცია.

შედეგი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა: ადამიანს უფრო და უფრო უჭირს ხმაურში საუბრის გარჩევა; სრულად ქრება მაღალსიხშირიანი ბგერების აღქმის უნარი - ისეთებისა, როგორებიცაა ჩიტების ჟღურტული, ქალისა და ბავშვის ხმა, ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტის ბგერები. სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს ნეიროსენსორული, კონდუქტიური და შერეული. სმენის სენსორული დაქვეითება შეუქცევადია და სამედიცინო ჩარევით მისი კორეგირება ვერ ხერხდება. სასმენი აპარატი ამ დროს ერთადერთია, რაც შეიძლება პაციენტს დაეხმაროს. სმენის კონდუქტიური დარღვევისას ბგერითი ტალღები ვერ აღწევს შიგნითა ყურში. ასე შეიძლება მოხდეს:

  • გარეთა ან შიგნითა ყურის ანატომიის გენეტიკური დარღვევის;
  • სასმენ მილში გოგირდის დაგროვების;
  • შუა ყურში სითხის დაგროვების;
  • ოტოსკლეროზის;
  • შუა ყურის ინფექციური დაავადების;
  • დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში.

სმენის კონდუქტიური დარღვევა, როგორც წესი, მკურნალობას ექვემდებარება. ხდება ხოლმე, რომ ერთსა და იმავე ადამიანს აღენიშნება სმენის როგორც ნეიროსენსორული, ისე კონდუქტიური დაქვეითება. ეს სმენის დაქვეითების შერეული ტიპია. მისი კორეგირება შესაძლებელია როგორც მკურნალობით, ისე სასმენი აპარატის გამოყენებითაც.


აბსოლუტური სიყრუე

- ბავშვი შესაძლოა დაიბადოს სმენის სრული უქონლობით. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბგერის აღმქმელი აპარატის, ლოკოკინას, რეცეპტორების ან სმენის ნერვის თანდაყოლილი დეფექტი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია კოხლეარული იმპლანტატის ჩადგმა. სტატისტიკის თანახმად, ათასიდან სამი ახალშობილი სმენადაქვეითებული იბადება. თანდაყოლილი შეიძლება იყოს ასევე გარეთა და შუა ყურის ანომალიური აღნაგობა, რომლის გამოსასწორებლადაც ტარდება რთული პლასტიკური ოპერაციები.

სმენის დაქვეითების დიაგნოსტიკა

- სმენის დაქვეითების მიზეზის დასადგენად ექიმი ატარებს სმენის ფუნქციის შეფასებას, აანალიზებს აკუმეტრიულ და აუდიოლოგიურ მაჩვენებლებს. აუცილებელია კამერტონული სინჯების ჩატარება, ტონალური, ზღურბლოვანი აუდიოგრამა. სმენის დაქვეითების სახეობის დადგენის დამატებითი, უფრო ინფორმაციული მეთოდია აუდიომეტრია, რომელიც სრულდება 125-დან 8000 ჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში. კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია იპედანსომეტრია. გარდა ამისა, სმენის დაქვეითების დროს შესაძლოა ჩატარდეს ვესტიბულური აპარატის კვლევა, ვესტიბულომეტრია.

სმენის დაქვეითების მკურნალობა

- როდესაც სმენის დაქვეითება გოგირდის საცობის ბრალია, მკურნალობა მარტივია - საკმარისია ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კაბინეტში ყურის გამორეცხვა. თვითნებურად, ბამბის ჩხირებით, გოგირდის საცობის მოშორება არ შეიძლება. ოტიტის შემთხვევაში მკურნალობა კომპლექსურია - ანტიბაქტერიული პრეპარატებით, ყურის წვეთებით... ოტოსკლეროზის დროს სმენის დაქვეითების პრობლემის მოხსნა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევით. ოტოსკლეროზი უმეტესად ქალებს აღენიშნებათ. მშობიარეობა პროცესს აღრმავებს. სმენის დაქვეითებას შესაძლოა თან ახლდეს ყურების შუილი. პათოლოგიური პროცესი შესაძლოა შეეხოს როგორც ერთ, ისე ორივე ყურს.

სასმენი აპარატის შერჩევა

- სასმენი აპარატის ტიპი განისაზღვრება როგორც გარეგნული იერსახით, ისე განთავსების ვარიანტითაც - ყურში თავსდება თუ ყურს უკან. აპარატის თითოეულ ტიპს თავისი უპირატესობა აქვს, რაც დამოკიდებულია აპარატის დიზაინზე, ზომებსა და გამოყენებულ ტექნოლოგიებზე. ფერთა ფართო სპექტრიდან შეიძლება შეირჩეს პაციენტის კანისა და თმის ფერის შესაბამისი, ხოლო ექიმი-სურდოლოგი შეარჩევს თითოეული პაციენტისთვის შესაფერის მოწყობილობის ტიპს. თანამედროვე სასმენი აპარატების უმრავლესობას მრავალი ფუნქცია აქვს, რომლებიც სმენის დაკარგვის კომპენსაციაში ეხმარება პაციენტს. ახალი ტექნოლოგიების წყალობით მიიღება მკაფიო, საკმაოდ ნატურალური და სასიამოვნო ბგერები. თუმცა სასმენი აპარატის მისაჩვევად დროა საჭირო. ის უნდა ვატაროთ რაც შეიძლება დიდხანს და ხშირად. გაითვალისწინეთ:

  • უმჯობესია სასმენ აპარატს თანდათანობით მიეჩვიოთ. პირველ ხანებში გაიკეთეთ მხოლოდ 2-3 საათით მშვიდ და არახალხმრავალ გარემოში.
  • თუ სასმენი აპარატის რამდენიმეკვირიანი ტარების შემდეგ მიგაჩნიათ, რომ ბგერა არაბუნებრივი ან ხმამაღალია, აუცილებელია სასმენი აპარატის ხელმეორედ დარეგულირება. შესაძლოა, აპარატი აძლიერებდეს არასწორ სიხშირეს.
  • ზოგჯერ სასმენი აპარატის გამოყენების პირველი 2-3 დღის განმავლობაში პაციენტები სასმენ მილში ზეწოლას გრძნობენ. თუ ეს შეგრძნება ერთ კვირაში არ გაქრა, მიმართეთ სპეციალისტს.
  • მნიშვნელოვანია, სასმენი აპარატი უძრავად იყოს განთავსებული ყურის არხში. წინააღმდეგ შეთხვევაში ის ოპტიმალურად ვერ იმუშავებს და შესაძლოა, სტვენისმაგვარი ხმა გესმოდეთ.
  • როდესაც ადამიანი პირველად იკეთებს სასმენ აპარატს, საკუთარი ხმა უჩვეულოდ ეჩვენება. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს გაივლის. თუ შეგრძნება დარჩა, საჭიროა სასმენი აპარატის ხელმეორედ დარეგულირება.

სმენის დაქვეითების პროფილაქტიკა

- იმისთვის, რომ შემცირდეს სმენის დაქვეითების რისკი, დაიცავით ყურები ხმაურისგან. როდესაც ხმაურიანი ინსტრუმენტებით აკეთებთ რამეს ან ხმაურიან გარემოში მუშაობთ, ისარგებლეთ დამცავი ყურსასმენებით. ერიდეთ ბამბის ჩხირებით ყურის ღრმად გამოწმენდას - შესაძლოა, დაფის აპკი დაიზიანოთ.