სმენის ორგანოს ასიმეტრიული დაზიანება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სმენის ორგანოს ასიმეტრიული დაზიანება

1. გარეთა ყურის ანთება და ტრავმები;2. შუა ყურის დაავადებები;3. მდგომარეობანი, როდესაც თავის სხვადასხვა ნაწილებიდან ტკივილი ირადირდება - ვრცელდება ყურში, ასეთი რამ უკავშირდება ნევრალგიებს, ყელისა და ცხვირის დაავადებებს;

შიგნითა ყურშიც შესაძლოა არსებობდეს პრობლემები, მაგრამ მათი თავისებურება ისაა, რომ მათ ტკივილი თითქმის არ ახასიათებთ.

არსებობს ტკივილის გამომწვევ მიზეზთა კლასიფიკაცია იმ ნიშნით, ყურზე რომელი ტიპის დამაზიანებელი აგენტი მოქმედებს: გარეგანი თუ შინაგანი.

ყურის ცალმხრივი ტკივილის გარეგანი მიზეზებია:

  • ტრავმები, დარტყმები, მოყინვა ან დამწვრობა - ამ შემთხვევაში ზიანდება ყურის ხრტილი ან გარეთა სასმენი მილი;
  • ატმოსფერული წნევის ცვლილებანი;
  • ხანგრძლივი ზეწოლა ყურზე, მაგალითად, მჭიდრო და მოუხერხებელი ყურსასმენებით;
  • ყურში უცხო სხეულის მოხვედრა;
  • გოგირდოვანი საცობი;
  • ყურის არააკურატული წმენდა;
  • ცურვისას ან ბანაობისას ყურში წყლის მოხვედრა;
  • ხმაური, გამოწვეული მუსიკით ან შენობებში ხალხმრავლობით.

ცალმხრივი ყურის ტკივილის შინაგანი მიზეზებია:

  • ოტიტი - ყურის ანთებაა, იგი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც იწვევს მწვავე და საკმაოდ შემაწუხებელ ტკივილს. ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით არსებობს გარეთა, შუა და შიგნითა ოტიტი, რომელსაც ახასიათებს მოპულსირე ტკივილი ყურში, სხეულის ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძრაობათა კოორდინაციის გაუარესება.

ანთება შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მწვავე ფორმით (სხეულის ტემპერატურის მატებით), ისე ქრონიკულით, ამ შემთხვევაში პაციენტები უჩივიან ზოგად სისუსტეს, სუსტ ტკივილს.

მკურნალობის გარეშე ოტიტმა დროთა განმავლობაში შესაძლოა სმენის გაუარესება და სრულიად დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

  • პერიქონდრიტი - ასევე ყურის ინფექციაა, რომელიც ვითარდება როგორც გრიპის გართულება ან ყურის ტრავმის შემდგომ. მისი ძირითადი სიმპტომებია ყურის კანის შეშუპება, ყურის ზომის გადიდება, ჩირქოვანი გამონადენი, ხანგრძლივად შეუხორცებელი ფისტულები და ხვრელები;
  • მასტოიდიტი - ეს ოტიტის გართულებაა, ანთებითი პროცესი მოიცავს ყურსუკან საფეთქლის ძვლის წანაზარდს;
  • ფურუნკულები - სასმენ მილსა და ყურში არსებული ჩირქოვანი გამონაყარი;
  • ჰერპესინფექცია, რომელიც ვლინდება ყურის ნიჟარაზე;
  • სხვადასხვა სახის სიმსივნე, რომლებიც აწვებიან სასმენ მილს და იწვევენ ტკივილს;
  • მეორეული სახის ტკივილი ყურში უშუალოდ ყურის დაზიანების ნიშანი არ არის, მტკივნეული შეგრძნება სხვა ორგანოებში: ყელში, ცხვირში, ცხვირის დანამატ ღრუებში, თავის მეზობელი არეების ლიმფურ კვანძებში, ყბასა და სახის ნერვების დაზიანებებს უკავშირდება;
  • ლიმფადენიტი - ყურის ირგვლივ ლიმფური კვანძების ანთებაა;
  • კბილის დაავადებანი - პულპიტი, პერიოდონტიტი და სხვა;
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტრავმა ან მისი ანთება;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგია;
  • თავისა და კისრის სიმსივნეები.

ყურის ნებისმიერი სახის ტკივილი, ცალმხრივი იქნება თუ ორმხრივი, საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას და ყოვლად დაუშვებელია დამოუკიდებლად ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა:

  • ყურების შეთბობა - ინფექციებისას ამან შესაძლოა კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ანთებითი პროცესის გავრცელებას;
  • საოჯახო აფთიაქიდან აღებული ყურის წვეთებისა და სანთლების გამოყენება, რომლებიც შესაძლოა კონკრეტული შემთხვევისთვის გამოუსადეგარი იყოს;
  • გოგირდის საცობის დამოუკიდებლად გამორეცხვა ან ყურში მოხვედრილი უცხო სხეულის დამოუკიდებლად ამოღება, რამაც შესაძლოა დააზიანოს დაფის აპკი.

სმენის ცალმხრივი დაკარგვა

საკმაოდ ხშირად სმენის გაუარესებას არათანაბარი ხასიათი აქვს - ადამიანი სმენის დაქვეითებას გრძნობს ერთ ყურში, მეორით კი ნორმალურად ესმის, ამასთან, გრძნობს არსებით სხვაობას მარჯვნივ და მარცხნივ ბგერების აღქმისას, რაც საკმაოდ ძლიერ დისკომფორტს უქმნის.

ცალ ყურში სმენის გაუარესებას თითქმის ყოველთვის კონდუქტიური ხასიათი აქვს და გამოწვეულია ანთებითი ან სხვა რომელიმე დამაზიანებელი ფაქტორის ცალმხრივი მოქმედებით. ასეთ დროს დამაზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდგომ, უმეტეს შემთხვევაში, სმენაც აღდგება, არსებობს სენსონევრალური ტიპის სმენის დაქვეითება, სადაც შესაძლოა სმენის ბოლომდე აღდგენა ვერც მოხერხდეს და მკურნალობის შედეგს პირდაპირ განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწრაფად მიმართავთ სამკურნალოდ სპეციალისტს.

ძირითადი მიზეზები, რომლებიც ცალ ყურში სმენის დაკარგვას იწვევენ, ორ ძირითად ჯგუფად იყოფიან: 1. მიზეზები, რომლებიც ბგერის გამტარებლობას არღვევენ; 2. მიზეზები, რომლებიც ბგერის აღქმას აუარესებენ.

ბგერის გამტარებლობის დარღვევა უკავშირდება გარეთა და შუა ყურზე მოქმედ დამაზიანებელ ფაქტორებს. ესენია:

  • გოგირდის საცობი;
  • დაფის აპკის პერფორაცია - გახეთქვა;
  • შუა ყურის ოტიტი;
  • ტუბოტიტი - ყურის ტუბერკულოზური დაზიანება;
  • ოტეოსკლეროზი;
  • სიმსივნური პროცესები.

ამ შემთხვევაში ბგერის გამტარებლობა წყდება რომელიმე მონაკვეთზე და იგი აღარ ვრცელდება სმენით ანალიზატორამდე, ასეთ სმენის დაკარგვას კონდუქტიურს ვუწოდებთ და იგი მეტ-ნაკლებად უკეთესად ემორჩილება მკურნალობას.

მიზეზები, რომლებიც ბგერით აღქმას აზიანებს, უკავშირდება შიგნითა ყურის, სასმენი ნერვის ანდა თავის ტვინის სმენაზე პასუხისმგებელი უბნის დაზიანებას:

  • მემკვიდრეობა;
  • მუდმივი ხმაური;
  • გადატანილი ინფექციური დაავადებები;
  • ოტოტოქსიკური პრეპარატების მიღება;
  • ყურის ქრონიკული ანთება;
  • ქალა-ტვინის ტრავმები;
  • ინსულტები და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ტიპის დაზიანებანი;
  • ცხოვრების წესი.

ეს ნეიროსენსორული სმენის დაკარგვაა და დროული მიმართვით შესაძლებელია მისი კომპენსირება.

ცალმხრივი კონდუქტიური სმენის დაკარგვა

ცალმხრივი სმენის დაკარგვა ყველაზე ხშირად ოტიტს უკავშირდება, ეს ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც ბგერების აღქმა არსებითად ქვეითდება. ამას გარდა, პაციენტს აწუხებს ყურის ტკივილი, მომატებული აქვს სხეულის ტემპერატურა, შესაძლოა თავიც სტკიოდეს. რამდენიმე ხნის შემდგომ შესაძლოა ყურიდან ჩირქოვანი გამონადენიც გაჩნდეს. ცალმხრივი კონდუქტიური სმენის დაკარგვისას სპეციფიკურ სიმპტომებს ემატება ყურში გაჭედვის შეგრძნება და კატარული მოვლენები.

დროული მკურნალობით შესაძლებელია სმენის დაბრუნება, თუმცა მკურნალობის გარეშე ოტიტმა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის, უპირველესად, აღსანიშნავია დაფის აპკის ანთებითი პროცესით დაზიანება და ინფექციის შიგნითა ყურში გადასვლა, რის შედეგადაც ის სტრუქტურული ელემენტები კვდებიან, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.

როდესაც სმენის ცალმხრივი დაკარგვის მიზეზი გოგირდოვანი საცობია, პრობლემა ადვილად გვარდება სპეციალური შპრიცის დახმარებით ყურის გამორეცხვით. იმ შემთხვევაში, თუ გამორეცხვის შემდგომ სმენა არ აღდგება და ამასთან, არც ანთებითი პროცესია თვალშისაცემი, სპეციალისტი დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავს.

ზოგჯერ ადამიანი თავად იზიანებს სმენას, როდესაც ბამბის ყურსაწმენდი ჩხირით ან ბასრი საგნით იწმენდს ყურს და იზიანებს დაფის აპკს.

დაფის აპკის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ფიზიკური ტრავმებითაც. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხრიდან ძლიერი აკუსტიკური დატვირთვის გამო ბგერა დიდი წნევით მოქმედებს დაფის აპკზე და მას აზიანებს. შესაბამისად, თუ სამსახური ან ჰობი მაღალ ბგერებს და ხმაურის სიყვარულს ითვალისწინებს, აუცილებელია ყურის დამცავი საშუალებების გამოყენება.

ცალმხრივი კონდუქტიური სმენის დარღვევის მიზეზია ოტოსკლეროზი, რომლის დროსაც ირღვევა ყურში სასმენი ძვლების ფუნქციები. მდგომარეობა ქირურგიულად გვარდება.

ცალმხრივი ნეიროსენსორული სმენის დაკარგვა

ასეთი რამ იშვიათად ხდება, რადგან ნეიროსენსორული სმენის დაკარგვისას სმენა ორმხრივად ზიანდება, მაგრამ დაავადების ადრეულ სტადიაზე სმენის გაუარესება შესაძლოა ცალმხრივი იყოს, ეს მაშინ, როდესაც ყოველივე გადატანილ ინფექციურ დაავადებას ან ქრონიკულ პრობლემებს უკავშირდება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან ჰიპერტონია.

სმენა ცალ ყურში თანდათან ქვეითდება, ადამიანი თითქოს ეჩვევა ამას და არც აქცევს ყურადღებას, სპეციფიკური სიმპტომებიდან აღსანიშნავია ხმაური ყურებში.

ხდება ისეც, რომ შესაძლოა ერთ ყურში სმენა მოულოდნელად, უეცრად დაიკარგოს, ეს მწვავე ნეიროსენსორული სმენის დაკარგვაა და ჩვეულებრივ, უკავშირდება ტრავმებს, ანთებით პროცესებს და ხმაურის ზემოქმედებას.

სმენის ცალმხრივი დაკარგვის დიაგნოსტიკა

ოტორინოლარინგოლოგი, უპირველეს ყოვლისა, მიმართავს ვიდეოოტოსკოპიას, სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით გარეთა და შუა ყურის დათვალიერებას, თუ ამგვარი კვლევა რაიმე ტიპის გარეგან ანთებით პროცესს ვერ აღმოაჩენს, ინიშნება დამატებითი კვლევები.

საკმაოდ ინფორმაციული ტიმპანომეტრია, რომელიც საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ, თუ რა მდგომარეობაშია შუა ყური და სასმენი ძვლები.

იმპედანსომეტრიით დგინდება შუა ყურის ფუნქციონირების დონე.

ოტოაკუსტიკური ემისიით კი ვლინდება შიგნითა ყურის დაზიანება და ეს მეთოდი ყველაზე ხშირად ბავშვთა შორის გამოიყენება.

იმის დასადგენად კი, თუ რამდენადაა დარღვეული ბგერის აღქმის ზღურბლი, ტარდება ტონალური აუდიომეტრია, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი კვლევების ჩატარება, როგორებიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, ადამიანთა დიდი ნაწილი, როდესაც ყური ასტკივდება ან რაიმე ტიპის გამონადენს შეამჩნევს, უპირველესად იწყებს ხალხური მეთოდებით, დაუდგენელი დანიშნულების საშუალებებით კომპრესებს, გამორეცხვებს და თბურ მანიპულაციებს, რამაც შესაძლოა არსებითად გაართულოს ანთებითი პროცესი. შესაბამისად, ყურთან არსებული ნებისმიერი ტიპის დისკომფორტის გაჩენისას ყველაზე გონივრული ნაბიჯი სპეციალისტთან კონსულტაციაა, რომელიც საჭირო კვლევებს ჩაატარებს და შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ, რაც ითვალისწინებს ეფექტიან თერაპიულ ღონისძიებებს ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, ამასთან, შეარჩევს ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტებს, რათა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ დაზიანდეს.

კვალიფიციური მკურნალობისთვის აუცილებელია თანამედროვე აპარატებიც, რომლებიც დეტალური დიაგნოსტიკისა და პრობლემის ზუსტი მიზეზის დადგენის საშუალებას იძლევა.

თუ კვლევებისას დადგინდა, რომ სმენის დაკარგვა შეუქცევადია, დარღვეულია ბგერის აღქმის პროცესი, საჭიროა კომპენსატორული მეთოდების გამოყენება, შეირჩევა ისეთი სასმენი აპარატი, რომლის დახმარებითაც ადამიანს უბრუნდება ბგერების აღქმის უნარი, ახერხებს კომფორტულ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან და მონაწილეობს ჯგუფურ საუბრებშიც კი.

იმ შემთხვევაში, თუ სმენის დაკარგვა უკავშირდება ბგერის გამტარებლობის დარღვევას, სპეციალისტი ნიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას, პაციენტისთვის შეირჩევა პრეპარატები, რომლებითაც ტარდება გამორეცხვები, სასმენი მილების გასუფთავება და სხვა პროცედურები.

სმენის პროფილაქტიკა

სმენის გაუარესების ან მისი ტკივილისას რა უნდა გაკეთდეს, ეს მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუმცა ყველას ის აჯობებს, საერთოდ არ დავუშვათ ამ პრობლემის გაჩენა, ამისთვის გამოცდილი სპეციალისტები რამდენიმე არცთუ რთულ რეკომენდაციას გვთავაზობენ:

  • დაიცავით სმენის ორგანო მაღალი ბგერებისგან - იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საქმიანობა აკუსტიკურ დატვირთვებს ითვალისწინებს, გამოიყენეთ სპეციალური ინდივიდუალური თუ პროფესიული გარემოს მაღალი ხმაურისგან დამცავი საშუალებები;
  • ჩაიტარეთ ვაქცინაცია - ყური განსაკუთრებით დაუცველია ისეთი ინფექციური დაავადებების წინაშე, როგორებიცაა გრიპი, მენინგიტი, ყბაყურა, შესაბამისად, საჭიროებისას ჩაიტარეთ ამ ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
  • რეგულარულად განახორციელეთ სასმენი არხების ჰიგიენა - წმენდა თავიდან აგარიდებთ გოგირდის საცობების წარმოქმნას, რომლებიც აუარესებენ სმენას და მეორე მხრივ, ზრდიან ყურში ანთებითი პროცესის განვითარების რისკს;
  • აკონტროლეთ და გონივრულად მართეთ ქრონიკული სისტემური პათოლოგიები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია და სხვა;
  • ნუ გამოიყენებთ ყურის საწმენდად მწვავე და ბასრპირიან საწმენდებს - ისინი აზიანებენ დაფის აპკს და სმენის გაურესებას იწვევენ;

გახსოვდეთ, სმენის ცალმხრივი დაზიანებისას მატულობს მეორე ყურზე დატვირთვა, რის გამოც მოსალოდნელია მასშიც სმენის გაუარესება, ასე რომ, ნუ დაუშვებთ ამას და დროულად მიმართეთ სპეციალისტს!