ალერგია როგორ დავიცვათ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია როგორ დავიცვათ თავი

  • - ბატონო მურმან, რა არის ალერგია და როგორ ვითარდება იგი?

- ალერგია არის ორგანიზმის გამძაფრებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერების ზემოქმედების მიმართ. ეს რეაქცია მიმართულია უცხო ნივთიერებისკენ, რომელიც ანტიგენად, ალერგენად იწოდება. ალერგიული რეაქცია ორგანიზმზე ალერგენის განმეორებითი ზემოქმედებისას ვითარდება. ჩვეულებრივ, ორგანიზმს აქვს ნორმალური რეაქცია, რომელსაც იმუნური სისტემა ახორციელებს. ეს სისტემა უცხო ნივთიერებათაგან გვიცავს - გამოიმუშავებს თავდაცვის საშუალებებს, რომლებსაც ანტისხეულები ეწოდება და უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს ანეიტრალებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იგი მეტისმეტად ძლიერ რეაქციას ავლენს ფაქტობრივად უვნებელი ნივთიერების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ვითარდება გადაჭარბებული რეაქცია, რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა. სწორედ ამ ზემგრძნობელობას უწოდებენ ალერგიას. მას თან სდევს ქსოვილების ანთებითი დაზიანება და ორგანოთა ფუნქციის რღვევა.

იმუნური სისტემა კარგი მეხსიერებით გამოირჩევა. თუ ის პირველად შეხვდა უცხო ნივთიერე-ბას, რომელიც ორგანიზმისთვის მიუღებელია, სწავლობს და იმახსოვრებს მას, თანაც ამ უცხო ნივთი-ერების - ანტიგენის საწინააღმდეგოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ამ პროცესს სენსიბილიზაციას უწოდებენ. ამ ნივთიერებებთან განმეორებითი შეხვედრისას იმუნური სისტემა ამოიცნობს მათ და დაუყოვნებლივ იწყებს რეაგირებას. ალერგიულმა რეაქციამ შესაძლოა თავი იჩინოს ალერგენთან კონტაქტისთანავე (15-20 წუთში) ან 24-48 საათის შემდეგ.

- როგორია ალერგიის კლინიკური სურათი?

- ალერგია სხვადასხვაგვარად ვლინდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ რეაგირებს უცხო აგენტზე ადამიანის კანი და ლორწოვანი ალერგენთან კონტაქტის შემდეგ. ალერგიის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია:

  • ალერგიული რინიტი - ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, ცემინება, ცხვირის ქავილი, ცხვირიდან ჭარბი გამონადენი, ყნოსვის დაქვეითება.
  • ალერგიული კონიუნქტივიტი - ახასიათებს ცრემლდენა, თვალების შეწითლება, თვალებში ქვიშის ჩაცვენის შეგრძნება, ქუთუთოების ქავილი. მძიმე ფორმის დროს შესაძლოა შეშუპდეს ქუთუთოები, განვითარდეს მეორეული ინფექცია.
  • ბრონქული ასთმა - მიმდინარეობს სულხუთვის შეტევით. ავადმყოფს სუნთქვა უჭირს, ახველებს. თუ სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა, შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე გართულება ფილტვებისა და გულის ფუნქციის მკვეთრი დარღვევით.
  • ატოპიური დერმატიტი - ახასიათებს გამონაყარი, კანის შეწითლება. ხანგრძლივი მიმდინარეობისას ირღვევა კანის ტროფიკა (კვება). შესაძლოა, თავი იჩინოს მეორეულმა ინფექციამ, რაც დაავადებას ამძიმებს.
  • ჭინჭრის ციება (ურტიკარია) - ახასიათებს ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი, რასაც თან სდევს ქავილი. ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება. ის საშიშია, თუ პირისა და ხახის ლორწოვან გარსებზე გავრცელდა.

ზოგჯერ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად იჩენს თავს. ალერგიის სიმპტომებს სხვადასხვა ალერგენი იწვევს. ალერგენს, რომელსაც კერძო შემთხვევაში მიუძღვის ბრალი, დამნაშავე ალერგენად იხსენიებენ. სასუნთქი გზების ალერგიული დაავადების (რინიტის, ასთმის) დროს ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა ოთახის მტვერი. იგი შეიცავს ალერგენების მთელ კომპლექსს: მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის ნაწილაკებს (ხის მტვერს, ბამბის, სელის ნაწილაკებს, ცხოველთა ბეწვს, ფრინველის ბუმბულს), სოკოს სპორებს, მწერების ფრაგმენტებს და სხვა. მათ შორის მთავარი ალერგენია მტვრის ტკიპა. იგი თვალით შეუმჩნეველი არსებაა. ბინადრობს უმთავრესად რბილ ავეჯში, ნოხებში, ბალიშებში. მისი სიცოცხლისა და გამრავლებისთვის საუკეთესოა 22-27 გრადუსი ტემპერატურისა და 70-80%-იანი ტენიანობის გარემო. აგვისტოს მიწურულიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ტკიპების რიცხვი მეტისმეტად იზრდება. დაავადების სიმპტომებიც ყველაზე მძაფრად ამ პერიოდშია გამოხატული.

მტვრის ტკიპის მიმართ ალერგია ამ ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ:

  • დაავადების სიმპტომები ვლინდება დახურულ შენობაში;
  • ისინი მუდმივი ან ეპიზოდური ხასიათისაა;
  • მძაფრდება სახლის დალაგების, ძველი ნივთების დაბერტყვის, რბილი ავეჯის, ნოხებისა თუ რბილი სათამაშოების გამოყენებისას; ასევე - ოთახის ცხოველებსა და ფრინველებთან კონტაქტისას.

ხშირად უსიამოვნო სიმპტომები თავს იჩენს ჟურნალ-გაზეთებთან, წიგნებთან მუშაობისას. ამ დროს დამნაშავე ალერგენი ბიბლიოთეკის მტვერია. ოთახის ცხოველები და ფრინველები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ალერგიისადმი მიდრეკილ პირებს. მათი ბეწვი, ქერტლი, ბუმბული, ნერწყვი ალერგენებს წარმოადგენს, მათთან კონტაქტი ხშირად ამწვავებს ალერგიის სიმპტომებს. თუ ცხოველები სახლში მუდმივად არიან, შესაძლოა, სიმპტომები არასოდეს გაქრეს. ალერგენთა ერთ-ერთი ჯგუფია სოკოები. მათი სპორები მეტად ალერგიული ბუნებისაა. მაღალი ტენიანობისა და სათანადო ტემპერატურის (16-220ც) პირობებში ისინი კარგად მრავლდება. დახურულ, ტენიან და ცუდად განიავებულ სათავსებში მათი კონცენტრაცია ბევრად მაღალია. კარგად მრავლდება თივასა და ოთახის ყვავილებთან ერთად, ასევე - საკვებ პროდუქტებში: ლუდში, ყველში, საფუარიან ცომში. ამიტომ სიმპტომები თავს იჩენს ფერმენტა-ციით დამზადებული საკვების (ღვინის, ლუდის, ყველის, ბურახის) მოხმარებისას. ალერგიულ რეაქციას ხშირად იწვევს მწერის (ფუტკრის, კრაზანას) ნაკბენი. ეს რეაქცია შეიძლება იყოს ადგილობრივიც (მტკივნეული შესივება, შეწითლება ნაკბენ ადგილას) და ზოგადიც (ჭინჭრის ციება, ასთმური შეტევა და ანაფილაქსიური შოკიც კი). საყურადღებოა, რომ ალერგიული პირები უფრო მძაფრად რეაგირებენ გარემო ფაქტორებზე: სიცივეზე, თამბაქოს კვამლზე, ჰაერში არსებულ ნაწილაკებზე. გამაღიზიანებელი თვისებებით გამოირჩევა არომატიზატორები, მძაფრი სურნელის მქონე პარფიუმერიული ნაწარმი.

- რა არის კვებითი ალერგია? რომელი პროდუქტის მიმართ უფრო ხშირია ალერგიული რეაქცია?

- კვებით ალერგიას ჭეშმარიტად განიხილავენ, როდესაც კლინიკური შედეგები გამოწვეულია იმუნოლოგიური რეაქციით და მასში უმთავრესად იმუნოგლობულინი E მონაწილეობს. საკვების მიმართ ალერგია ბავშვების 5-8%-ში გვხვდება, რძის აუტანლობა - ჩვილების 2,5%-ში. რაც შეეხება მოზრდილ მოსახლეობას, კვებითი ალერგიით მისი 1-2%-ია დაავადებული. ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ძროხის რძე, კვერცხის ცილა, თევზი, მარწყვი, არაქისი, თხილი, კაკალი, ისპანახი, პომიდორი, ნიორი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის მიმართ ალერგია მცენარეული მტვრისადმი ალერგიას უკავშირდება. მაგალითად, არყის ყვავილის მტვრისადმი ალერგიული პირები ალერგიულნი არიან ვაშლის, ქლიავის, ატმის, სტაფილოს მიმართ, ამბროზიის მიმართ ალერგიულები კი ვერ იტანენ ბანანს, ნესვს, კიტრს. ალერგიის მსგავს სიმპტომებს ხშირად იწვევს ზოგიერთი საკვები ნივთიერება, მაგრამ ამ შემთხვევაში რეაქციის საფუძველი ფსევდოალერგიული, არაიმუნოლოგიური მექანიზმია: საკვებში შემავალი დიდი ოდენობის ჰისტამინი სათავეს უდებს მოწამვლის ისეთ სიმპტომებს, როგორიც ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. ასეთივე რეაქციას ზოგიერთი ქიმიური დანამატი და არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებაც აღძრავს. საკვებით გამოწვეული არასასურველი რეაქციის მიზეზი, გარდა ალერგიისა, შეიძლება იყოს ტოქსინები, პანკრეასული უკმარისობა, ზოგიერთი ნივთიერების (კოფეინი, ეთილის სპირტი და სხვა) მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ასე რომ, სურსათით განპირობებული რეაქციის რაობა აუცილებლად ექიმთან უნდა გაარკვიოთ, კონსულტაციის გარეშე ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ ალერგიულად თავს ნუ მიიჩნევთ.

- რას წარმოადგენს წამლისმიერი ალერგია?

- წამლისმიერი ალერგია მედიკამენტის ან მისი დაშლის პროდუქტების მიმართ ორგანიზმის ალერგიული რეაქციის შედეგია. წამლისმიერი ალერგიის დიაგნოსტირება არც ისე ადვილია - რთულია, ერთმანეთი-სგან განვასხვაოთ ჭეშმარიტი ალერგია და წამლის სხვა არასასურველი ეფექტები, მაგალითად, ზედოზირებით გამოწვეული ან ფსევდოალერგიული რეაქციები.

ჭეშმარიტი წამლისმიერი ალერგიითვის დამახასიათებელია ერთი რამ: ალერგია რომ განვითარდეს, აუცილებელია სენსიბილიზაცია. ესე იგი, ალე-რგიული რეაქცია მედიკამენტის პირველი მიღებისთანავე არ ვითარდება, - ის თავს იჩენს წამლის განმეორებით მიღებისას. თანაც ალერგიის ეს ფორმა წამლის დოზაზე არ არის დამოკიდებული. ალერგიულ რეაქციებს უმეტესად იწვევს პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები, სულფანილამიდები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, იოდისა და ბრომის შემცველი პრეპარატები, ვაქცინები, შრატები. ხშირად ერთი ჯგუფის მედიკამენტები ჯვარედინ რეაქციას ავლენს სხვა ჯგუფის წამლების მიმართ. პენიცი-ლინისადმი ალერგიული პირები ვერ იტანენ ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატებს, ნოვოკაინზე ალერგიულები - სულფანილამიდებს და ა.შ. საბედნიეროდ, წამლის მიმართ ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია იშვიათია. ის უმეტესად სხვადასხვაგვარი გამონაყარით (ჭინჭრის ციებით, კვინკეს შეშუპებით, წითელასმაგვარი გამონაყარით) ვლინდება. უფრო მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი. ამ დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ალერგენის (ამ შემთხვევაში - წამლის) შეყვანა, ორგანიზმთან მისი კონტაქტი და პაციენტი გადაყვანილ იქნეს სარეანიმაციო სტაციონარში. ანაფილაქსიური შოკი შეიძლება გამოიწვიოს ასევე მწერის ნაკბენმა, ლატექსმა (ლატექსი ტროპიკული მცენარის რძისებრი წვენის პროდუქტია, მისგან მზადდება რეზინის სამედიცინო ხელსაწყოები: კათეტერი, ხელთათმანი და სხვა), კვებითმა ალერგენებმა.

ცალკე უნდა ვახსენოთ შრატისმიერი დაავადება, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში იქნა აღწერილი ცხენის სისხლისგან დამზადებული დიფტერია-ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ. ცხელება, გამონაყარი, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შესივება შრატის შეყვანიდან 8-1დღის შემდეგ ვლინდება. დღესდღეობით ამგვარი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა პრეპარატმა: პენიცილინმა, სულფანილამიდებმა, თიაზიდებმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა.


- ზემოთ ატოპიური დერმატიტი ახსენეთ. რა არის ეს?

- ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებაა. ბავშვთა ასაკში მის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს კვებითი ალერგენები, უმთავრესად - კვერცხი, რძე, არაქისი, სოკო. ალერგიული ცვლილებები უპირატესად შუბლზე, ლოყებზე, თავის თმიან ნაწილზე, ნიკაპზე, იდაყვისა და მუხლქვეშა ფოსოებში, ხელის მტევნებზე, მაჯებზე ვითარდება. გამონაყარს თან სდევს აქერცვლა და ქერქების წარმოქმნა. ატოპიური დერმატიტის დროს კანი მშრალია, ძლიერ მქავანა, რაც მეტად გამაღიზიანებელია და იწვევს ემოციურ ლაბილურობას, უძილობას. თუ პროცესს მეორეული ინფექცია დაერთო, კანი სერიოზულად ზიანდება და არასასიამოვნო შესახედაობას იძენს.

- რას წარმოადგენს ალერგიული დერმატიტი და რა იწვევს მას?

- ალერგიული დერმატიტის მიზეზად სხვადასხვა გარეგანი გამღიზიანებელი მოიაზრება. ზოგ შემთხვევაში რეაქცია ალერგენის კანზე ზემოქმედებისთანავე ვლინდება, ზოგჯერ კი - კანთან ალერგენის კონტაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. ალერგიულ დერმატიტს იწვევს მარტივი მჟავები, სარეცხი ფხვნილები, სხვადასხვა ქიმიური შენაერთი, მეტალები.

- ცნობილია, რომ ალერგიულ დაავადებებს სეზონურობა ახასიათებს...

- ზოგიერთი ალერგიული დაავადება მართლაც მკვეთრი სეზონურობით გამოირჩევა. ასეთია, მაგა-ლითად, პოლინოზი - მცენარეული მტვრით გამოწვეული დაავადება, რომელიც განსაზღვრული მცენარის ყვავილობისას იჩენს თავს. საქართველოში პოლინოზის გამწვავების სამ ტალღას გამოყოფენ. პირველი - თებერვლიდან აპრილამდე - ხემცენარეების ყვავილობას მოჰყვება. ამ დროს ყვავის ჭადარი, ალვის ხე, იფანი, თუთა. მეორე - მაის-ივლისში - მარცვლოვანი ბალახების (წივანას, სათითურას, ტიმოთელას) ყვავილობით არის გამოწვეული. მესამე - ივლის-ოქტომბერში - ზოგიერთი სარეველასა და ბალახის (ამბროზიის, ავშანის, ბაბუაწვერას, მრავალძარღვას) ყვავილობას ემთხვევა. ალერგიულ პირებს პოლინოზის გამწვავება მაშინ ეწყებათ, როდესაც ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსა-ზღვრულ დონეს მიაღწევს. ამ დროს ავადმყოფები უჩივიან თვალების, ცხვირისა და სახის ქავილს, ცხვირიდან წყლისებრ გამონადენს, ცემინებას, ხველას, ცრემლდენას. ხშირად ამ სიმპტომებს ერთვის ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელი სულხუთვა. მშრალი, ცხელი, ქარიანი ამინდი ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას და ამძაფრებს დაავადების მიმდინარეობას, წვიმა კი მტვერს მიწაზე ჩამორეცხავს, ამიტომ ასეთ ამინდში პაციენტები თავს უკეთ გრძნობენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მტვერი უფრო მეტად დილით და დღის პირველ ნახევარში გამოიყოფა.

- რა არის ბრონქული ასთმა და რა იწვევს მას?

- ბრონქული ასთმა სხვადასხვა ალერგენის მიმართ ჰიპერრეაქტიულ, ე.ი. ზემგრძნობელობის მქონე პირებს ემართებათ ამ ალერგენებთან განმეორებითი კონტაქტის შემდეგ. ასთმა, არსებითად, სულხუთვაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებმა ნებისმიერმა ალერგენმა. შეტევითი ხასიათის სულხუთვას თან სდევს ამოსუნთქვის გაძნელება, გახანგრძლივება, გულმკერდის შებოჭილობა, ხველა წებოვანი, მოთეთრო ნახველით, ფილტვებში მსტვენი ხიხინი. ყვავილის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ოთახის მტვერი, ობი, საკვები, მწერების შხამი და ზოგიერთი სხვა ალერგენი ასთმის გამომწვევ სპეციფიკურ ფაქტორებად მიიჩნევა. ჰიპერმგრძნობიარე ადამიანებში ასთმის შეტევის პროვოცირება შეუძლია არასპეციფიკურ ფაქტორებსაც, მათ შორის - ამა თუ იმ აირს, ცარცის მტვერს, სიგარეტის კვამლს, სიცივეს, გადაღლას, ძლიერ ემოციას. ცალკე განიხილება ბრონქული ასთმის ის ვარიანტი, რომელიც ვითარდება სასუნთქი სისტემის ბაქტერიული ან ვირუსული მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემდეგ. მას ინფექციურ-ალერგიულ ან ენდოგენურ (შინაგან) ასთმად იხსენიებენ.

- შეიძლება თუ არა, ალერგიული დაავადება პარაზიტმა გამოიწვიოს?

- პარაზიტებით სენსიბილიზაცია ალერგიულ დაავადებათა განვითარებაში მართლაც ასრულებს განსაზღვრულ როლს. ასეთი ჰელმინთებია ასკარიდა, ტრიქინელა, ექინოკოკი, სოლიტერი და სხვა.

- როგორ ხდება ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა?

- დიაგნოსტირების პირველი საფეხური ალერგიული ანამნეზის შეკრება ანუ სამედიცინო გამოკითხვაა. ავადმყოფმა კარგად უნდა გაიხსენოს ყველა წვრილმანი, რომელიც კი ექიმს დიაგნოზის დასმის საშუ-ალებას მისცემს. ამ დროს ექიმი ურიცხვი ოდენობის ალერგენიდან დაავადების სავარაუდო მიზეზს გამოყოფს. დაავადების ნიშნებთან ერთად გასათვალისწინებელია ოჯახური ანამნეზი (წინაპართა ჯანმრთელობა), პროფესია, დასვენება, საყოფაცხოვრებო და სამუშაო გარემო, კვება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, ასევე - ხომ არ იღებს პაციენტი მედიკამენტებს რომელიმე სხვა დაავადების გამო და ა.შ. მომდევნო ეტაპია ორგანიზმის მგრძნობელობის დასადგენი კანის სინჯები. შესაძლებელია კანის სინჯის ჩატარება სავარაუდო მზა ალერგენით, რისი მეშვეობითაც ექიმი დამნაშავე ალერგენს დაადგენს.

ლაბორატორიული გამოკვლევებიდან ფართოდ არის დანერგილი სისხლში საერთო და სპეციფიკური ე იმუნოგლობულინის განსაზღვრა. სპეციფიკური იმუნოგლობულინის კვლევისას გამოვლინდება ანტისხეულები კონკრეტული ალერგენის მიმართ. სინჯი რამდენადმე სარისკოა (მოსალოდნელია დაავადების გამწვავება, ასთმის შეტევა და სხვა), ამიტომ ის აუცილებლად სპეციალიზებულ ცენტრში უნდა ჩატარდეს. მოსალოდნელი გართულების გაუთვალისწინებლად სინჯის ჩატარებას, როდესაც მედიკოსი გადაუდებელი დახმარებისთვის სათანადოდ არ არის აღჭურვილი, შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. მკურნალი ექიმი დაავადების დიაგნოზის საბოლოო ჩამოყალიბებამდე კოლეგებთან გაივლის კონსულტაციას ან მიმართავს დიაგნოსტიკის სხვა დამხმარე საშუალებებს.

- როგორ ვუმკურნალოთ ალერგიას?

- ალერგიის მიზანმიმართული მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამნაშავე ალერგენის ზუსტ განსაზღვრას. დაავადების მკურნალობის პირველი ეტაპია ე.წ. ელიმინაცია, რაც ალერგენის მოცილებას ნიშნავს. ეს ზოგჯერ საკმაოდ რთულია (მაგალითად, ბევრს უჭირს საყვარელ ძაღლთან ან კატასთან განშორება), ზოგჯერ - შეუძლებელიც კი (მაგალითად, ყვავილის ან ოთახის მტვრისთვის თავის არიდება). მომდევნო საფეხურია ჰიპოსენსიბილიზაცია ანუ დამნაშავე ალერგენისადმი მგრძნობელობის დაქვეითება. იგი ეფუძნება ალერგენის მზარდი დოზების ორგანიზმში რეგულარულ შეყვანას და საუკეთესო შედეგს იძლევა ტკიპის, ყვავილის მტვრის ალერგენებით მკურნალობისას. მედიკამენტებიდან წამყვანია ანტიჰისტამინური საშუალებები. ეს პრეპარატები, მოქმედების მექანიზმის კვალობაზე, რამდენიმე ჯგუფად ერთიანდება. მათი ეფექტიანობა განიხილება სხვა კუთხითაც: მოქმედების ხანგრძლივობის, დამამშვიდებელი-საძილე ეფექტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედების მიხედვით და ა.შ. პროფილაქტიკისთვის წარმატებით გამოიყენება დეგრანულაციის საწინააღმდეგო საშუალებები (ზადიტენი, ინტალი). ასთმის მკურნალობისას ფართოდ იყენებენ ბრონქების გამაფართოებელ საშუალებებს, რომლებიც სუნთქვას აადვილებს. ამ ტიპის წამლები გამოდის ტაბლეტების, დოზატორიანი ინჰალატორების და სხვა ფორმით. დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ეფექტურია კორტიკოსტეროიდების სხვადასხვა ფორმა (ინექცია, აბი, ინჰალაცია). რა თქმა უნდა, ყველა პრეპარატი ექიმის მიერ ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული და ინსტრუქციის ზუსტი დაცვისას, თუნდაც ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, პაციენტს საფრთხეს არ უქმნიდეს.

- რას ითვალისწინებს ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკა?

- რაკი ალერგია უმთავრესად მათ უვითარდებათ, ვისაც მემკვიდრეობა აქვს დატვირთული, რისკის შესამცირებლად სიფრთხილე ბავშვობიდანვე უნდა გამოვიჩინოთ:

  • ბავშვი რაც შეიძლება მეტხანს უნდა წოვდეს ძუძუს.
  • დამატებითი კვება შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან.
  • ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დედამ ჰიპოალერგიული დიეტა უნდა დაიცვას.
  • ბავშვი უნდა ვაბანაოთ მინარევების გარეშე დამზადებული საბავშვო საპნით.
  • წლამდე ასაკის პატარა მოვარიდოთ ძროხის რძესა და მის ნაწარმს.
  • 5 თვემდე არ მივცეთ ცხოველური ცილები (ხორცი, კვერცხი, თევზი და სხვა).
  • ხელოვნურ კვებაზე გადაყვანისას მოვარიდოთ პოტენციურ ალერგენებს (მარწყვს, შოკოლადს, ფორთოხალს და სხვა).
  • ვუყიდოთ მხოლოდ სინთეზური მასალისგან დამზადებული სათამაშოები (ნაკლებად იმტვერება და იოლად იწმინდება).
  • მოვარიდოთ ოთახის მტვერს.
  • არ ჩავაცვათ სუფთა შალის ტანსაცმელი - ის კანს აღიზიანებს.

გარდა ამისა:

  • არ გავაჩეროთ სახლში შინაური ცხოველები, ასევე - ცხოველის ტყავები, ხალიჩები.
  • ვერიდოთ სახლში ობის გაჩენას.
  • მატყლისა და ბუმბულის ლეიბები, ბალიშები, საბნები შევცვალოთ სინთეზური მასალისგან დამზადებული ნივთებით. გამოვიყენოთ ხელოვნური ბოჭკოსგან ნაქსოვი პლედები.
  • ოთახები ხშირად გავანიავოთ და დავასუფთაოთ მტვერსასრუტით. სველი წესით დალაგება შენობაში მტვრის კონცენტრაციას ამცირებს.
  • თავი ვარიდოთ ყვავილის მტვერთან კონტაქტს: ყვავილობის პერიოდში არ გავაღოთ მანქანის ფანჯრები, თავი შევიკავოთ პიკნიკებსა და ლაშქრობებზე სიარულისგან.
  • ვერიდოთ კაშკაშა და ფერადი ყვავილებით მოჩითულ ტანსაცმელს - ასეთი ქსოვილი მწერებს იზიდავს.

დასასრულ კი გირჩევთ, თუ ალერგიის რომელიმე ნიშანი გამოგაჩნდათ, დროულად მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა მეტად სარისკოა.