როგორ მოვერიოთ ბრონქულ ასთმას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვერიოთ ბრონქულ ასთმას

ალერგენებს, ცივ და ნოტიო ჰაერს, სხვადასხვა სუნს, ფიზიკურ დატვირთვას. ეს ის გამღიზიანებლებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადამიანს საფრთხეს არ უქმნის. ბრონქებში ხშირად მიმდინარე ანთებითი პროცესი იწვევს სანათურის შევიწროებას, ჰაერს უჭირს გავლა. მდგომარეობას ამძიმებს სქელი და მწებავი ლორწო (ნახველი), რომელიც წარმოქმნის ლორწოვან საცობებს. ამ პროცესების შედეგად სახეცვლილი ბრონქი სპეციალური მკურნალობის გარეშეც აღიდგენს ნორმალურ მდგომარეობას, თუმცა სანათური შევიწროებული რჩება და ნებისმიერი დატვირთვა - მღელვარება, დაღლა, სიცივე, სიგარეტის კვამლი, მწვავე ვირუსული დაავადება - ბრონქოსპაზმს (ასთმურ შეტევას) გამოიწვევს.

- როგორია ბრონქოსპაზმის მექანიზმი?

- ბრონქული ხის ტოტები წვრილი კუნთებით აროს გარშემორტყმული. როდესაც ბავშვი ჩაისუნთქავს გამაღიზიანებელი ნივთიერებებით გაჯერებულ ჰაერს, ეს კუნთები იკუმშება და სასუნთქ გზებს ავიწროებს. შედეგად ფილტვები სათანადო ინტენსიურობით ვეღარ იღებს ჟანგბადით მდიდარ ჰაერს, ხოლო ფილტვებიდან ფერხდება ნახშირორჟანგით გამდიდრებული ჰაერის ამოსვლა. მაშასადამე, ფილტვები თავიანთ სასიცოცხლო ფუნქციას ვეღარ ასრულებენ. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისიის (მშვიდი პერიოდის) მონაცვლეობა. გამწვავება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავე შეტევების, ასევე გახანგრძლივებული ბრონქული ობსტრუქციის სახით.

- რა უწყობს ხელს დაავადების განვითარებას?

- ეს ფაქტორებია, უწინარეს ყოვლისა, ალერგენები:

  • საყოფაცხოვრებო - სახლის მტვერი, მიკროტკიპები, მცენარეების მტვერი;
  • კვებითი - ძროხის რძე, კვერცხის ცილა, თევზი, ზღვის პროდუქტები, ციტრუსები, ყავა, კაკალი, თაფლი;
  • ქიმიური - მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები: სარეცხი ფხვნილები, ჟელეები და სხვა;
  • სოკოვანი - ობის სოკოს სპორები;
  • ცხოველებისა და ფრინველების, მწერების ალერგენები (ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული, თევზის საკვები და სხვა).

გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ასაკში ორგანიზმზე სხვადასხვა ტიპის ალერგენი მოქმედებს განსაკუთრებით ინტენსიურად:

  • 1 წლამდე - კვებითი და მედიკამენტური ალერგენები;
  • 1-დან 3 წლამდე - საყოფაცხოვრებო და სოკოების, ცხოველებისა და ფრინველების ალერგენები;
  • 4 წლიდან - მცენარეებისა და ჯვარედინი კვებითი ალერგენები.

სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • მემკვიდრეობა. ასთმით დაავადებულ ბავშვთა 80%-ს ორივე მშობელი დაავადებული ჰყავს ასთმით ან ალერგიის სხვა ფორმით. თუ მხოლოდ ერთი მშობელია ავად, ალბათობა იმისა, რომ ბავშვიც დაავადდეს, 20-30%-ს შეადგენს, ხოლო თუ ორივე მშობელი - 75%-ს.
  • ეკოლოგია. ისეთი ჰაერით სუნთქვა, რომელიც დაბინძურებულია მტვრით, გამონაბოლქვი აირებით, სასუნთქი გზების დაზიანების კიდევ ერთი მიზეზია.
  • კლიმატური ფაქტორები. მომატებული ტენიანობა, ციკლონები, ჰაერის დიდი მასების გადაადგილება ასთმის შეტევების სიხშირეს ზრდის.
  • ორსულობის მიმდინარეობა. ეს დიდ გავლენას ახდენს მომავალში ბავშვის ჯანმრთელობაზე. ტოქსიკოზი, ინფექციები, ჰიპოქსია, პროფესიული მავნე ფაქტორები, ალერგენებით მდიდარი საკვების მიღება ზრდის დაავადების ალბათობას.
  • ინფექციები - ადრეულ ასაკში (1 წლამდე) გადატანილი სასუნთქი სისტემის მძიმე ინფექციები (სხვადასხვა წარმოშობის პნევმონია, ბრონქიტი) სასუნთქი გზების ლორწოვანის დაზიანებას იწვევს. ეს აქვეითებს მათ დამცველობით ფუნქციებს და განაპირობებს შევიწროებისკენ მიდრეკილებას. ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციის კერები - ტონზილიტი, ადენოიდები, კარიესული კბილები - ასევე ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ალერგენების მიმართ.
  • კვება - ბავშვის რაციონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ცნობილია, რომ მცენარეული საკვების ნაკლებობა და ცხოველური წარმოშობის, რაფინირებული, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების სიჭარბე ასთმას ამძიმებს.
  • ნერვულ-ფსიქიკური ზემოქმედება - ძლიერი სტრესი შესაძლოა ბრონქული ასთმის მიზეზად იქცეს.

- რომელ დაავადებებს მიიჩნევენ ბრონქული ასთმის წინამორბედად?

- ბრონქული ასთმის წინამორბედებად მიიჩნევა:

  • ლ თანდაყოლილი ატოპია - მრავალფეროვანი ალერგიული გამოვლინება კანსა და ლორწოვან გარსებზე, ექსუდაციურ-კატარული დიათეზი, ალერგიული რინიტი და სხვა.

    ლ სასუნთქი გზების ხშირი ინფექცია - ბრონქოსპაზმური სინდრომით მიმდინარე ბრონქიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ადენოიდიტი. უმეტესად დაავადება ადრეულ ასაკშივე იჩენს თავს, თუმცა დიაგნოზის დროულად დასმა ყოველთვის ვერ ხერხდება. საქმე ის არის, რომ მსტვენი ხიხინი და სუნთქვის გაძნელება პატარებში სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებსაც ახასიათებს. დიაგნოზის დასმისას თანარსებულად უნდა იყოს მითითებული "ობსტრუქციული სინდრომი", "ობსტრუქციული ბრონქიტი".

- როდის უნდა ვიეჭვოთ ასთმა?

- თუ პატარას ერთი წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც აღენიშნა სუნთქვის გაძნელება, მით უმეტეს, თუ ის 3 წელს არის გადაცილებული - ასთმის არსებობა უნდა ვივარაუდოთ. ასთმის მწვავე შეტევები უმეტესად ღამით იწყება, როცა სისხლში მომატებულია იმ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დონე, რომლებიც ბრონქის სანათურის შევიწროებას იწვევს. გარდა ამის, ღამით აქტიურდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედებს, ხოლო ბრონქების სანათურის გამაფართოებელი ჰორმონების (კორტიზოლი, კატექოლამინი) კონცენტრაცია სისხლში მინიმალურია. ამის შედეგად ხდება ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმი.


- როგორ იწყება შეტევა, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

- შეტევა იწყება მოულოდნელად, მაგრამ მას წინ უძღვის არასასიამოვნო შეგრძნება, სიმძიმე, სიმშრალე მკერდის არეში. ბავშვი მივარდნილია, მოთენთილი, ანდა, პირიქით, აღგზნებული, გაღიზიანებული, უმადო, კანი ფერმკრთალი აქვს, თვალები - აცრემლებული (სველი), უჩნდება გამონადენი ცხვირიდან, ეწყება ცემინება ან ერთეული მშრალი ხველა. ეს მდგომარეობა შესაძლოა გაგრძელდეს 10-30 წუთი, რამდენიმე საათი ან 1-2 დღე-ღამე. ამის შემდეგ იწყება მოხრჩობის შეტევები, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს სიმპტომები თავისთავად ალაგდეს და ბავშვი გამოჯანმრთელდეს. შეტევა იწყება სუნთქვის გაძნელებით (ქოშინით), ამოსუნთქვის მკვეთრად გამოხატული გაძნელებით. სუნთქვა ხდება ხმაურიანი, ისმის შორს. ხველა ან მშრალია, ან თან ახლავს მცირე რაოდენობის ნახველი. ბავშვი იღებს იძულებით მჯდომარე პოზას, ეყრნობა ხელებს. სუნთქვის პროცესში ჩართულია დახმარე კუნთები: ნეკნთაშუა არეები, მხრის სარტყლის კუნთები. კანი ფერმკრთალია, ნამიანი, სხეულის ტემპერატურა - ჩვეულებრივ, ნორმალური, პულსი - მომატებული, სუნთქვა - სუსტი, გახანგრძლივებულია ამოსუნთქვა. მძიმე შეტევის დროს ფრჩხილები და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი მოლურჯო ელფერისაა (ციანოზური), კისრის ვენები - დაბერილი, გამოხატულია მკვეთრი ტაქიკარდია.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს შეტევა?

- რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე, იშვიათად - რამდენიმე დღე ან კვირა ხანმოკლე პერიოდებით (ასთმური მდგომარეობა). შეტევს დროს ბავშვი უარს ამბობს საკვების, სითხის მიღებაზე, სდის ოფლი, გაფითრებულია, თვალები უშავდება. თანდათან სუნთქვა თავისუფალი ხდება, ხველას მოსდევს სქელი, მწებავი ნახველის გამოყოფა. შეტევის შემდეგ ბავშვს სჭირდება მოსვენება, სიმყუდროვე, სიმშვიდე. თუ სიცხე არ აქვს, შეიძლება ჰაერზე სასეირნოდაც გავიყვანოთ, ოღონდ ამინდიც უნდა გვიწყობდეს ხელს - იყოს უქარო, თბილი. კარგი იქნება, ხელით დავუზილოთ გულმკერდის არე, რათა ნახველის გამოყოფა გავუადვილოთ. ამ დროს სასურველია ფილტვების მიმართულებით ხელსმა და ვიბრაციული მასაჟი ქვემოდან ზემოთ.

დახმარება შეტევის დროს

თუ ასთმის შეტევა ბავშვს პირველად დაემართა, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება - 033. ექიმის მოსვლამდე ბავშვი დაამშვიდეთ, გამოაღეთ ფანჯარა და ყოველ 15 წუთში მიეცით სითხის მცირე ულუფა (1-2 ჩაის კოვზი) - ეს აუცილებელია ნახველის სისქის გასათხელებლად. თუ ბავშვს უკვე დაუსვეს ბრონქული ასთმის დიაგნოზი, მუდამ თან უნდა იქონიოთ ან შინ ხელმისაწვდომ ადგილზე გქონდეთ შენახული დოზატორიანი აეროზოლ-ინჰალატორი, რომელიც სწრფად მოხსნის შეტევას და ბოთლი უგაზო წყლით. შეტევის დროს არ შეიძლება მკვეთრსუნიანი ნივთიერებების - მდოგვის საფენის, კომპრესის - გამოყენება, ბალახეულის ჩაის, თაფლის მიცემა - ესენი ძლიერი ალერგენები გახლავთ და შესაძლოა შეტევა დაამძიმონ. თუ შინ ჩატარებულმა პროცედურებმა 2 საათის მანძილზე არ გამოიღო შედეგი, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სპეციალურ ალერგოლოგიურ განყოფილებაში გადაუდებელი დახმარებისთვის. შესაძლოა, საჭირო გახდეს ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.

- შესაძლებელია თუ არა შეტევების კონტროლირება? სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ ამოვიცნოთ შეტევის მოახლოება?

- ეს რომ მოვახერხოთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი შვილის სუნთქვის ნორმალური სიხშირე. ამისთვის უნდა შევარჩიოთ ნათელი პერიოდი და, მაგალითად, ძილის დროს დავითვალოთ, 15 წამის განმავლობაში რამდენ სუნთქვით მოძრაობას ასრულებს ბავშვი. ამ რიცხვს ვამრავლებთ ოთხზე და ვიღებთ სუნთქვის სიხშირეს წუთში.

როგორ დავითვალოთ

მძინარე პატარას ხელისგული გულმკერდზე ან ზურგზე დავადოთ - ჩვენ შევიგრძნობთ მის სუნთქვით მოძრაობებს. სუნთქვის სიხშირე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ შეტევის სიმძიმე და დინამიკა.

სუნთქვის საშუალო სიხშირე (წუთში)

  • ახალშობილები - 40-60;
  • წლამდე - 35-48;
  • ერთიდან სამ წლამდე - 28-35;
  • ოთხიდან ექვს წლამდე - 24-26.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერ ალერგიულ დაავადებას უნდა უმკურნალოს სპეციალისტმა - ექიმმა ალერგოლოგმა. მკურნალობა ეტაპობრივად ტარდება. მნიშვნელოვანი ეტაპია ალერგენის თავიდან აცილების ეტაპი. ვინაიდან მედიცინისთვის უკვე ცნობილია ჯვარედინი ალერგიული რეაქციების არსებობა, შესაძლებელია ისეთი დიეტის შემუშავებაც, რომლის საშუალებითაც თავიდან ავიცილებთ დაავადების გამწვავებას. მომდევნო ეტაპია მედიკამენტური კონტროლი, რათა გამწვავება იყოს უფრო იშვიათი, თავიდან ავიცილოთ ღამის შეტევები, მოვაწესრიგოთ გარეგანი სუნთქვის მაჩვენებლები.

- როგორია პროგნოზი?

- თუ ასთმის დიაგნოზი ბავშვობის ასაკში დაისვა (და ასეა ათიდან 6-8 შემთხვევაში), ის ადამიანს მთელი სიცოცხლე გაჰყვება. ასეთ დროს საუბრობენ არა სრულ გამოჯანმრთელებაზე, არამედ მყარ და ხანგრძლივ რემისიაზე (შეტევების გარეშე პერიოდზე). რა თქმა უნდა, უმჯობესია ასთმის ჩამოყალიბებას იმთავითვე შევუშალოთ ხელი.

- შესაძლებელია კი ეს?

- თურმე შესაძლებელია და, რა მარტივიც არ უნდა მოგვეჩვენოს, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღ წესს: ფიზიკური დატვირთვისა და დასვენების მართებულ რეჟიმს, სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნას; რაციონალურ, ჯანსაღ, ნატურალურ კვებას; გაკაჟებას, ფიზკულტურასა და სპორტს. მნიშვნელოვანია ინფექციის ქრონიკული კერების (კარიესული კბილები, სინუსიტი, ტონზილიტი) სანაცია, დროული გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობა. ბრონქული ასთმით დავადებულები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რემისია 5 წელი გაგრძელდა, მეთვალყურეობა საჭიროდ აღარ მიიჩნევა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასთმის დიაგნოზი უკვე დასმულია, მაშასადამე, შეტევები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განახლდეს. ასთმასთან ხუმრობა არ შეიძლება.