ბრონქული ასთმა და ასთმური სინდრომი
არის თუ არა ალერგიული ბრონქოობსტრუქცია იგივე ასთმა? და საერთოდ, რას ნიშნავს ბრონქოობსტრუქცია, როგორ შეიძლება მისგან განკურნება?
ბრონქული ასთმა ფილტვების მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური ნიშანიც არის პერიოდულად აღმოცენებადი სულხუთვის შეტევა, რომელსაც თან ახლავს გამოხატული ქოშინი, დისტანციური მსტვენი ხიხინი, ხველა, ემფიზემა (ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება). განასხვავებენ ბრონქული ასთმის სამ ძირითად კლინიკურ სტადიას:
- ასთმურ სინდრომს;
- ბრონქული ასთმის შეტევას (მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა, მძიმე);
- ასთმურ სტატუსს.
ასთმური სინდრომი ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ასთმური ბრონქიტის დროს და ხასიათდება სულხუთვის შეგრძნებით (ჰაერის უკმარისობით), სუნთქვის გახშირებით და ამოსუნთქვის ერთგვარი გახანგრძლივებით. სულხუთვა, ჩვეულებრივ, დიდხანს არ გრძელდება, ადვილად განიცდის კუპირებას ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებისას. ხველა ამ დროს მშრალი და მტანჯველია, ნახველის გარეშე ან მცირე ნახველით.
ასთმური სინდრომის გამოვლენა ხელს უწყობს ფილტვებში მიმდინარე ქრონიკული პროცესის გამწვავებას. ბრონქული ასთმის შეტევა მწვავედ ვითარდება (უმეტესად - ღამით). ზოგჯერ აღინიშნება შეტევის ერთგვარი წინამორბედები: სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება ყელში, ხველა, სურდო, კანის ქავილი. შეტევის ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან (მსუბუქი ფორმების შემთხვევაში) რამდენიმე დღე-ღამემდე (მძიმე შემთხვევებში).
ბრონქული ასთმის პირველი კლინიკური ნიშანი მშრალი და მტანჯველი ხველაა. დამახასიათებელია იძულებითი პოზიცია - ხელებით მაგიდისა თუ საწოლის კიდეს დაყრდნობილი ჯდომა ან დგომა (ორთოპნოეს მდგომარეობა).
ქოშინი ექსპირაციული ხასიათისაა ანუ გაძნელებულია ამოსუნთქვა. ეს უკანასკნელი ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ხანგრძლივი ხდება (ნორმაში ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე 2-4-ჯერ ხანმოკლეა). სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე წუთში 60-ს და უფრო მეტს აღწევს. სუნთქვის აქტში მონაწილეობას იღებს დამხმარე სუნთქვითი კუნთები (მუსკულატურა). კერძოდ, ნეკნთაშუა კუნთები, მუცლის, კისრისა და მხრის სარტყლის კუნთები.
აუსკულტაციით ისმინება მშრალი მსტვენი ხიხინი მკვრივი სუნთქვის ფონზე. ხიხინი ზოგჯერ შორ მანძილზეც კი ისმის.
სიმძიმის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ბრონქული ასთმის მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმის შეტევებს.
- მსუბუქი ფორმის შეტევებს ახასიათებს შედარებით ხანმოკლე, ადვილად კუპირებადი (შექცევადი) სულხუთვა.
- ბრონქული ასთმის საშუალო სიმძიმის შეტევები ხშირად აღმოცენდება. მათი კუპირება ხდება სამკურნალო საშუალებათა მხოლოდ პარენტერალური შეყვანით (ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით).
- მძიმე შეტევები ყოველდღიურად ან დღეში რამდენჯერმე აღმოცენდება და ძნელად ექვემდებარება მედიკამენტურ თერაპიას.
ასთმური სტატუსი წარმოადგენს ბრონქული ასთმის მიმდინარეობის უმძიმეს სტადიას, რომლის განვითარებაც შედეგია თანდათანობით მზარდი ტოტალური ობსტრუქციისა (ობსტრუქცია დახშობას, დაბრკოლება-გაუვალობას ნიშნავს). ამ დროს უმეტესად ვითარდება სუნთქვის მძიმე ხარისხის უკმარისობა მსტვენი, ექსპირაციული ხასიათის ქოშინითა და ციანოზით (ციანოზი არის კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობა). მსტვენი სუნთქვა შორი მანძილიდან ისმის (დისტანციური ხმაური), ბავშვები იძულებით პოზას იღებენ (ორთოპნოეს მდგომარეობა), ფილტვები ხშირად ემფიზემატოზურად არის შებერილი, რაზეც გულმკერდის ღრუს კასრისებური ფორმა და პერკუსიით გამოვლენილი ტიმპანური ხმიანობა მეტყველებს. შესაძლოა კანქვეშა ან მედიასტინური ემფიზემის განვითარებაც.
ხანგრძლივად არსებული სუნთქვის უკმარისობისა და ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) გამო შესაძლოა განვითარდეს ჰიპოქსიური კომა და ადამიანი დაიღუპოს.
აღსანიშნავია, რომ ასთმური სინდრომის პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრონქული გამავლობის დარღვევას. ამ უკანასკნელის მიზეზი, თავის მხრივ, არის ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპება და შესივება, რომელსაც განაპირობებს სისხლძარღვთა გამავლობის მომატება, ჰიპერსეკრეცია და ბრონქოსპაზმი. ბრონქოსპაზმს იწვევს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ტერორეცეპტორების გაღიზიანება პათოლოგიური პროცესით, ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსით ბრონქების გლუვი კუნთების უშუალო აგზნება და კატექოლამინების დიდი რაოდენობით გამოყოფა.
ასთმური სინდრომი შესაძლოა პნევმონიის საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს. ბავშვების გარკვეულ ნაწილს ის დაავადების მე-3-5 დღეს უვითარდება, ნაწილს კი მე-2-3 კვირას. ასთმური სინდრომის ხანგრძლივობა ერთიდან ათ დღემდეა. საშუალო ხანგრძლივობად 7-9 დღეა მიჩნეული. ასთმური სინდრომი დაავადების მიმდინარეობის პროცესში შესაძლოა რამდენჯერმე განმეორდეს. ასთმური სინდრომის მქონე ბავშვებში ვლინდება მნიშვნელოვანი ქოშინი (60 და მეტი ჩასუნთქვა წუთში), გახანგრძლივებული და გაძნელებულია ამოსუნთქვა, ხშირად აღინიშნება მშრალი და შემაწუხებელი ხველა. ფილტვებში ისმინება მშრალი მსტვენი ხიხინი.
შესაძლოა დაფიქსირდეს ასევე სველი და კრეპიტაციული ხიხინიც. აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ მდგრადია. პერკუსიით ვლინდება კოლოფისებური და ფილტვის ხმიანობა ტიმპანური ელფერით.
რენტგენოლოგიურად ფილტვის სურათი იკვეთება და გამჭვირვალობა რამდენადმე ქვეითდება. აღინიშნება წვრილკეროვანი დაჩრდილვები, იშვიათად - ინფილტრაციული ცვლილებებით. გულის მხრივ ვლინდება ზომიერი ტაქიკარდია (პულსი - 150 დარტყმა წუთში). ბავშვთა 40%-ში ვლინდება ტონების მოყრუება.
მწვავე პნევმონიის დროს ასთმური სინდრომი უპირატესად აღენიშნება იმ ბავშვებს, რომელთაც კონსტიტუციის გარკვეული ანომალია აქვთ (ექსუდაციურ-კატარული და ლიმფატიკო-ჰიპოპლასტიკური დიათეზი), აგრეთვე - იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსა და/ან უახლოეს ნათესავებსაც აღენიშნებათ მემკვიდრეობითი ალერგიული პათოლოგიები.
სხვა ფაქტორებსაც აქვს მნიშვნელობა სინდრომის განვითარებაში: ადრეულ ხელოვნურ ან შერეულ კვებას, რაქიტს, თანდაყოლილ ჰიპოტროფიას, დღენაკლულობას და სხვა.
ასთმური სინდრომი შესაძლოა განვითარდეს კეროვანი და სეგმენტური პნევმონიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ყველაზე ხშირად დაავადების პირველ დღეებში იჩენს თავს. იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ასთმური სინდრომი დაავადებას მოგვიანებით ეტაპზე (მაგალითად, მკურნალობის პროცესში) უერთდება, რაც დაავადების გახანგრძლივების ერთ-ერთი მიზეზია.
ასთმური სინდრომის გამოხატულება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: დაწყებული შედარებით მსუბუქი, ერთჯერადი და ხანმოკლე სუნთქვის გაძნელების შეტევებიდან, დამთავრებული ხანგრძლივი, ხშირად განმეორებადი და მკურნალობას ძნელადდაქვემდებარებადი შეტევებით.
გამოხატული ასთმური სინდრომის დროს ბავშვი მოუსვენარია, მკვეთრად უძლიერდება ქოშინი, რომელსაც უპირატესად ექსპირაციული ხასიათი აქვს, აღინიშნება ტუჩებისა და ლორწოვანი გარსების ციანოზი, ტაქიკარდია, ფილტვების ემფიზემის ნიშნები (ნეკნთაშუა არეების გაფართოება, პერკუსიით - ტიმპანური ხმიანობა, გულის მოყრუების საზღვრების შევიწროება). აუსკულტაციით სუნთქვა შესუსტებულია, ისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი ჩასუნთქვისას და მშრალი მსტვენი ხიხინი ამოსუნთქვისას.
ალერგიული გენეზის ბრონქოობსტრუქციულისინდრომი
ექიმები სულ უფრო ხშირად აწყდებიან ალერგიული გენეზის ბრონქოობსტრუქციას, ანუ ისეთ ნოზოლოგიურ ერთეულებს (ცალკე აღებულ დაავადებებს), როგორიც არის ბრონქული ასთმა და ასთმური ბრონქიტი. რესპირატორული ალერგოზის აღნიშნული ფორმები შესაძლოა დიაგნოსტირდეს სიცოცხლის პირველსავე წელს. დასახელებულ დაავადებათა დროს ობსტრუქცია (იგივე დახშობა, დაბრკოლება-გაუვალობა) განპირობებულია ორი ძირითადი მექანიზმით: ბრონქული ხის ჰიპერრეაქტიულობითა და ლორწოვანი გარსის ანთებით.
ბრონქოსპაზმი, რომელიც კლინიკურ სიმპტომატიკას ანიჭებს დაავადებას, წარმოადგენს ზემოთ დასახელებული ორი პროცესის შედეგს, ისევე როგორც შეშუპება და სხვა დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც შედარებით დაბალი ხარისხით არის ხოლმე გამოვლენილი. თანამედროვე გამოკვლევებით აღიარებულია ბრონქული ასთმისა და ასთმური ბრონქიტის ჰეტეროგენულობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამომწვევ მიზეზებს შორის შესაძლოა სხვადასხვა ალერგენს შევხვდეთ. ესენია ოთახისა და მცენარეთა მტვერი, ქერტლი, ცხოველთა ბეწვი, სხვადასხვა მედიკამენტი, სურსათი, აკვარიუმის თევზებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვები და უამრავი სხვა.
ისიც აღსანიშნავია, რომ შეტევის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს სხვადასხვა არასპეციფიკურმა ფაქტორმა, ისეთმა, როგორიც არის ფიზიკური დატვირთვა, გადაცივება, მეტეოპირობების მკვეთრი ცვალებადობა, სუნები, ქიმიური აგენტები, ფსიქიკური ძვრები, სტრესები და სხვა.
ადრეული ასაკის ბავშვებში ჰიპერრეაქტიულობა ძირითადად პირველად ხასიათს ატარებს, პაციენტთა გარკვეულ ნაწილში კი აღინიშნება გამწვავებათა (შეტევათა) მკვეთრად ინფექციური დამოკიდებულება, ანუ შეტევათა პროვოცირება და დაავადების გამწვავება რესპირატორული ვირუსული ინფექციის ფონზე. ყოველივე ეს მეტად ართულებს დაავადებათა დიაგნოსტიკას.
ძალზე რთულია აგრეთვე დიფერენციული დიაგნოსტიკის გატარება ასთმურ ბრონქიტსა და ინფექციური გენეზის ობსტრუქციულ ბრონქიტს შორის. ასთმური ბრონქიტის სასარგებლოდ მეტყველებს დატვირთული მემკვიდრეობა (როდესაც ახლობლებში რამდენიმე ადამიანს აღენიშნება იგივე პრობლემა), დატვირთული ალერგიული ანამნეზი (ალერგიის კანისმიერი ფორმით გამოვლენა, რესპირატორული ალერგოზის ეგრეთ წოდებული მცირე ფორმები - ალერგიული რინიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი), დაავადების აღმოცენების მჭიდრო კავშირი ეტიოლოგიურად მნიშვნელოვან ალერგენთან და ასეთი კავშირის არარსებობა ინფექციასთან, ელიმინაციის დადებითი ეფექტი, შეტევათა რეციდივი, მათი ტიპურობა.
კლინიკური სურათისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: ინტოქსიკაციის არარსებობა, დისტანციური მსტვენი ხიხინი, ექსპირაციული ქოშინი დამხმარე კუნთების მონაწილეობით, ფილტვებში - მშრალი მსტვენი ხიხინი, შედარებით მცირერიცხოვნად - სველი ხიხინი, რომლის რაოდენობაც იზრდება ბრონქოსპაზმის კუპირების (შექცევის) შემდეგ. შეტევა, როგორც წესი, აღმოცენდება დაავადების პირველ დღეს და მოკლე ხანში, დაახლოებით 1-3 დღეში, ლიკვიდირდება.
ასთმური ბრონქიტის სასარგებლოდ ასევე მეტყველებს ბრონქოსპაზმოლიზური საშუალებების (ქსანტინების, ადრენომიმეტური საშუალებების) დადებითი ეფექტი. რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ის განიხილება როგორც ალერგიული გენეზის ქრონიკული ანთებითი დაავადება.
ბრონქული ასთმის ძირითად და მთავარ დამახასიათებელ ნიშანს სულხუთვის შეტევა წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ადრეული ასაკის ბავშვებში ვლინდება მკვეთრად გამოხატული მოუსვენრობით (ადგილს ვერ პოულობსო, იტყვიან ხოლმე), გულმკერდის ღრუს გაფართოებით, ჩასუნთქვის ფაზაში მხრის სარტყლის ფიქსაციით, ფილტვების ბაზალურ ნაწილში სუნთქვის გატარების შეფერხებით, პერიორალური (ანუ პირის ირგვლივი) მკვეთრად გამოხატული ციანოზით.