ალერგია

ბევრი ამ პათოლოგიას უკანასკნელი წლების გამოძახილად მიიჩნევს, თუმცა იგი სრულიადაც არ არის თანამედროვე - მას ჩვ. წ. აღ-მდე V-IV საუკუნეებშიც იცნობდნენ. ჰიპოკრატე თავის ნაშრომებში ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ კანზე გაჩენილ ავადმყოფურ გამონაყარს ახსენებს. თუმცა თავად ტერმინი "ალერგია" მედიცინაში ავსტრიელმა მეცნიერმა, ვენაში მცხოვრებმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს დანერგა. მან პირველმა შეამჩნია პაციენტებს ალერგიული გამოვლინებები და ივარაუდა, რომ ისინი გარეგან ფაქტორთა: მტვრის ნაწილაკების, მცენარეთა მტვრისა და ზოგიერთი საკვების - ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგი იყო. ამა თუ იმ გარეგანი ფაქტორისადმი ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ჰიპერმგრძნობელობა ეწოდა, მოგვიანებით კი მეცნიერებმა გელმა და კომბსმა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციათა 4 ძირითადი ტიპი გამოყვეს.
ალერგენები
ალერგენები ის ნივთიერებებია, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს. მათი რიცხვი ძალიან დიდია. ისინი ორგანიზმში უმთავრესად სამი გზით ხვდებიან:
1. ინჰალაციურით ანუ სასუნთქით (ალერგენით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით);
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
2. ალიმენტურით (ალერგენის შემცველი პროდუქტის ან სხვა ნივთიერების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრით);
3. კონტაქტურით (კანსა და ლორწოვან გარსებთან ალერგენის უშუალო კონტაქტით).
ალერგიული რეაქციის ძალა ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენის რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. ალერგენის უმცირეს რაოდენობასაც კი შეუძლია, ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს. რეაქციის ძალას უპირატესად ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის გზა, საკუთრივ ალერგენის სიძლიერე და კონტაქტის ინტენსივობა განსაზღვრავს.
ამჟამად ათასობით ალერგენია ცნობილი, რომლებიც წარმოშობის წყაროს მიხედვით რამდენიმე ჯგუფად: მტვრისმიერ, საყოფაცხოვრებო (ეპიდერმული, სოკოები), კვებით, სამრეწველო, წამლისმიერ, ინფექციურ, ჰელმინთურ, ინსექტურ ალერგენებად - იყოფიან. მტვრისმიერი ალერგენები - სხვებზე ძლიერი ანტიგენურობითა და ალერგიულობით გამოირჩევა. ყვავილობისას ჰაერი 30-დან 40-მდე მტვრისმიერ ალერგენს შეიცავს. ეს უმთავრესად ქარის მეშვეობით (შედარებით ნაკლებად - მწერებით) დამტვერვად მცენარეთა მტვერია.
ალერგიის გამომწვევ მცენარეთა შორის პირველ ადგილს ჩვენში ამბროზია იკავებს, შემდეგ კი წიწვოვანი ხეები, სხვა ბალახები და მარცვლოვანი მცენარეები მოდის. ხეების მტვერზე გაცილებით აგრესიულია ბალახოვან მცენარეთა (ბაბუაწვერას, გვირილის, მრავალძარღვას) მტვერი. მტვრისმიერი ალერგენების მოქმედება ბევრად არის დამოკიდებული ამინდზე - მშრალ და ქარიან ამინდში ჰაერში მათი კონცენტრაცია გაცილებით დიდია.
საყოფაცხოვრებო ალერგენებია ხალიჩების, თმის, ქერტლის, წიგნების, ფრინველთა ბუმბულის, ბაქტერიების, ობის სოკოების, მწერების (ტკიპების, ტარაკნების, ბუზების) ექსკრემენტების, პოლიმერული სინთეზური მასალებისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ნარჩენები. მათ შორის ყველაზე ალერგიულია სახლის მტვერი, რომელიც ტკიპას, ტარაკნებსა და ეპიდერმულ ნარჩენებს შეიცავს. საბნები და საწოლის ატრიბუტები ტკიპებისთვის იდეალური გარემოა. მათი გამრავლება აპოგეას მარტ-აპრილსა და სექტემბერ-ოქტომბერში აღწევს. პაციენტების მდგომარეობაც სწორედ ამ დროს უარესდება.
ეპიდერმული ალერგენები სახლის მტვრის შემადგენლობაში შედიან და ძლიერი ალერგიული თვისებები ახასიათებთ. განსაკუთრებით რეაქციულია კატის ნერწყვი, მისი ბეწვი და ქერტლი. საყოფაცხოვრებო მტვერი ბინის ნესტიან ადგილებში დიდი რაოდენობით შეიცავს ობის სოკოთა მიცელიუმებსა და სპორებს, რომელთა პოლისაქარიდული და ცილოვანი კომპონენტები არანაკლებ ძლიერი ალერგენებია.
კვებითი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პამიდორი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი, კაკალი, ციტრუსები, კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები და კონსერვანტები. სამრეწველო ალერგენებია ლითონები, სინთეზური შენადნობები, კოსმეტიკური ნაწარმი, სარეცხი საშუალებები, პესტიციდები.
წამლისმიერი ალერგენები. გავრცელებული მედიკამენტური ალერგენებია: სალიცილის მჟავას, იოდის, ბრომის შემცველი პრეპარატები, ანტიბიოტიკები (პენიცილინი, სტრეპტომიცინი და სხვა), შრატები და ვაქცინები.
ჰელმინთური ალერგენებია ნაწლავური პარაზიტები: ასკარიდა, მახვილა, ტრიქინელა და სხვა. ინსექტური ალერგენები. ძლიერი ალერგენების მატარებლები არიან: ფუტკარი, კრაზანა, ჭიანჭველა, კოღო, ზოგიერთი მოსკიტი, რწყილი, ტკიპა, ჩრჩილის პეპელა და სხვა მწერები.
ალერგიული რეაქციები
ალერგიულია რეაქცია, რომელიც ორგანიზმში ალერგენის მოხვედრის შემდეგ ვითარდება. ალერგენის ორგანიზმთან პირველი კონტაქტის შედეგად ვითარდება ორგვარი ალერგიული რეაქცია: 1. სპეციფიკური და 2. არასპეციფიკური (არაიმუნოლოგიური, ფსევდოალერგიული).
სპეციფიკური ალერგიული რეაქცია
სპეციფიკური ალერგიული რეაქცია ვითარდება ორგანიზმზე კონკრეტული ალერგენის ზემოქმედების შედეგად, რაც სენსიბილიზაციით გამოიხატება. სენსიბილიზაცია ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა კონტაქტში შევიდა ანტიგენთან, დაიმახსოვრა მისი თავისებურებანი და მზად არის, მორიგი კონტაქტისას მისი ზემოქმედების საპასუხოდ ანტისხეულები გამოიმუშაოს.
თუ კონტაქტი განმეორდა, იმუნიტეტი ალერგენს მყისიერად ამოიცნობს და იერიშს მიიტანს, "მტრის" განადგურების მცდელობა კი უპირველეს ყოვლისა თავად ორგანიზმს აზიანებს. სენსიბილიზაციის განვითარება რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. ერთი სიტყვით, სპეციფიკური ალერგია ორგანიზმის საპასუხო, მომეტებული რეაქციაა, ჰიპერრეაქციაა გარემოდან მოხვედრილ ზოგიერთ ნივთიერებაზე, რომელსაც იმუნური სისტემა სახიფათოდ მიიჩნევს, თუმცა შესაძლოა, რეალურად სრულიადაც არ იყოს საშიში.
სპეციფიკური ალერგიული რეაქციების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს ორგანიზმის გენეტიკური მიდრეკილება, წინასწარი განწყობა ალერგენის ზემოქმედების შედეგად სისხლში IgE ანტისხეულების გამომუშავებისადმი.