ერთი დღე საოპერაციოში - როგორ ინერგება კბილის იმპლანტი
იმპლანტის გადანერგვის პროცესს უნდა დავესწრო. ორთოპედი მარიამ შუბლაძე სამედიცინო ხალათითა და ბახილებით მმოსავს. ოპერაციაზე დასასწრებად მზად ვარ... სისხლში ადრენალინი მატულობს...
ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი გოჩა თავართქილაძე, თვალის შევლებით ამოწმებს ჩემს “აღჭურვილობას”, შემდეგ კი, საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტს “იუმოროთერაპიას” უტარებს...
ოპერაცია დაიწყო: პირველი ეტაპი ეპითელური ქსოვილის გაუტკივარებაა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მერვე კბილი არასწორად დგას და ამოსაღებია, იმპლანტის ჩასმის შემდეგ საჭმლის ნარჩენები რომ არ დაგროვდეს. მაგრამ მისი ამოღება იმპლანტის მერე დაიგეგმა, ასე ნაკლებტრავმული იქნება...
- ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ განაკვეთს და ღრძილის ოდნავ აშრევებას ვაკეთებთ მხოლოდ იმ მიდამოში, სადაც იმპლანტი უნდა დაფიქსირდეს, - მიხსნის ქირურგი და თან პაციენტის რეაქციებს აკვირდება... ქალბატონი საკმაოდ თავდაჭერილია...
განაკვეთის შემდეგ, ანთებითი პროცესის პრევენციისთვის, ის უბანი უნდა გასუფთავდეს, რომელიც დაახლოებით 4 თვის შემდეგ ძვლოვან ქსოვილად გარდაიქმნება... - მან რასპატორით ქსოვილი გადასწია და მაჩვენა, რომ უკვე ძვალს ეხება.
- მცირე განაკვეთისას გაცილებით ნაკლები ტრავმაა და შესაბამისად, შეშუპებაც ნაკლებია...
პაციენტი მშვიდად არის. ემოციების გაკონტროლებას ვცდილობ, პირბადეც მეხმარება, მაგრამ ქირურგის მახვილ თვალს ჩემი განცდები არ გამოპარვია, - ჟურნალისტი ძალიან განიცდის, - გაეღიმა და “ბორით” ძვლოვან ქსოვილში იმპლანტის ჩასასმელი რამდენიმემილიმეტრიანი ნახვრეტის გაკეთებას შეუდგა.
- საჭირო ზომას წინასწარ, კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ვგეგმავთ და იმასაც ვსაზღვრავთ, რამდენმილიმეტრიანი იმპლანტი დაგვჭირდება... ზომები ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. რამდენიმე წლის წინ ამის დასადგენად რენტგენს ვიყენებდით, სადაც მხოლოდ ძვლის სიმაღლე ჩანდა, სიგანეს ვერ ვსაზღვრავდით და სრული სურათისთვის ლორწოვანი გარსის აშრევება გვიწევდა, - მიხსნის ქირურგი ბურღვის გამჭოლი ხმის ფონზე. ყველა ძალას ვიკრებ, რომ კონცენტრაცია მის საუბარზე მოვახდინო...
- მეექვსე კბილის მიდამოში ძვალი დათხელებულია, რადგან კბილი ადრე აქვს ამოღებული და ამიტომ 3,2 მილიმეტრის დიამეტრისა და 10 მილიმეტრი სიგრძის იმპლანტი გვჭირდება...
პაციენტი რეაგირებს, რაც ქირურგს ეხმარება, რომ ქვედა ყბის ნერვი არ დაუზიანდეს...
ზედა ყბა სამუშაოდ სრულიად განსხვავებულია, - მიხსნის ქირურგი. მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების იმპლანტს იყენებენ, ისინი ერთმანეთისგან ხარისხითაც და ფასებითაც განსხვავდებიან. საქართველოში, ძირითადად, გერმანული, ებრაული, უნგრული, შვეიცარიული, კორეული წარმოების იმპლანტები გამოიყენება. ბოლო დროს ამერიკული, იტალიური და შვედური იმპლანტების შემოტანაც იგეგმება...
ადგილი, სადაც იმპლანტი უნდა ჩაიხრახნოს, ფაქტობრივად, გამზადებულია...
- პაციენტი ნერვთან მიახლოებისთანავე რეაგირებს, რაც კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად კიდევ ერთი “დამცავი მექანიზმია”... იმპლანტის ჩახრახვნის შემდეგ მას “ხუფს” ვუკეთებთ, შიგნით რომ ბაქტერიები არ მოხვდეს და არ დაინფიცირდეს... - ჰყვება ქირურგი და ხელის ფაქიზი მოძრაობით იმპლანტის ჩასმის ბოლო დეტალებს ასრულებს, - ბოლო “შტრიხი” გაკერვაა.
არის ძაფები, რომლებიც გაიწოვება, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია, თანაც პაციენტებს ღეჭვის დროს ძაფის მოძრაობები დისკომფორტს უქმნის, ამიტომ სტაბილურ ძაფს ვიყენებთ და 7-10 დღის შემდეგ ვხსნით... პირის ღრუში 200-მდე ბაქტერიაა და დაინფიცირების ყველაზე მეტი რისკია, ყოველი ნაკერი სტაბილური უნდა იყოს, რომ ღეჭვის დროს არ გაიხსნას. ეს ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, იმპლანტი დაინფიცირდეს...
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება...
გოჩა თავართქილაძე:
- სხვადასხვა შემთხვევაში სიტუაცია სხვადასხვაგვარია... ამ პაციენტს ქვედა მარცხენა მე-7 კბილი დაზიანებული ჰქონდა. აღდგენა შეუძლებელი იყო, რადგან რამდენჯერმე იყო დაბჟენილი. დაახლოებით ორი კვირის წინ ამოვიღეთ და ეპითელური ანუ შემაერთებელი ქსოვილი წამოვიდა, რაც იმპლანტის ჩასმისას აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ამ ქსოვილის ანუ ღრძილის “გადაქაჩვა” ან გადანერგვა მოგვიწევდა. თუმცა ასეთ დროს რეაბილიტაცია უფრო რთულია, რადგან შეშუპება იწყება. ამიტომ ამ მომენტს თავს ვარიდებთ... იმპლანტის ჩასმისას აუცილებელია, პაციენტს თანაბარი დატვირთვა ჰქონდეს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს, ანუ ორივე მხარეს ერთდროულად ჩაინერგოს იმპლანტები... ოსტეოინტეგრაციას ანუ გაძვალებას 3-4 თვე სჭირდება.
- პაციენტის ასაკს მნიშვნელობა აქვს?
- მაინცდამაინც არა... ყველაზე ასაკოვანი პაციენტი 84 წლის მყავდა. მან ჩვეულებრივად მიიღო ეს ყველაფერი. თუმცა 60-70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ისე ვერ დატვირთავ, როგორც 20-30 წლისას. დატვირთვაში იგულისხმება იმპლანტზე კბილის გაკეთება, რომ ადამიანმა ღეჭვა შეძლოს. ეს არის იმპლანტის მთავარი როლი. ის იხრახნება და კბილის ფესვის ფუნქციას ასრულებს. 3-4 თვის შემდეგ შესაძლოა უკვე კბილი გაკეთდეს. იმპლანტის ჩასმის შემდეგ იმ მიდამოში, სადაც პაციენტს კბილი აკლდა, სისხლმომარაგების პროცესი იწყება. კბილის დაკარგვის შემდეგ ძვალი, ასე ვთქვათ, ზარმაცდება და სისხლმომარაგების დაახლოებით 70% იკარგება. ძვლოვანი ქსოვილი რბილდება და მისი ატროფია, განლევა ხდება. ასეთ დროს აუგმენტაციის პროცესს ვიყენებთ, - ეს არის ძვლის დამატება, რაც სხვადასხვა მეთოდით ხდება, ერთ-ერთია - ფხვნილის სახით, მისი მეშვეობით ძვლის სასურველ სისქეს ვიღებთ. თუ ძვლოვანი ქსოვილი იმდენად თხელია, რომ იმპლანტის ერთი გვერდი მაინც შეიძლება დარჩეს ძვლოვანი დაფარვის გარეშე, სინთეტიკურ და ბიოლოგიურ ძვალს ვამატებთ, რომელიც ზოგ შემთხვევაში არ იწოვება. ვიყენებთ ასევე ბიოლოგიურ ბლოკებს, ანუ სხვა მიდამოდან ძვლის გადანერგვას. შესაძლებელია ძვლოვანი ბლოკების შეძენაც... თუმცა პაციენტებს ვურჩევ, საქმე აქამდე არ მიიყვანონ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკვე ცალკე ოპერაციაა და საკმაოდ ძვირიც ჯდება... როდესაც პაციენტის ფრონტალურ მიდამოში გვიწევს მუშაობა და პრობლემა ვიზუალურად გამოხატულია, მათ ვურჩევთ დროებით კონსტრუქციას, ის კვების დროსაც გამოიყენება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უცხოელი ქირურგი-სტომატოლოგი იმპლანტის გაძვალებას ლაზერით მცირე დროში ახერხებს. ეს რამდენად რეალურია?
- მსოფლიოში სხვადასხვა ქირურგი სხვადასხვა მეთოდით მუშაობს... საქართველოში დროებით ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებს, უდროობის გამო, მინიმალურ დროში სურთ იმპლანტის ჩასმა, ასეთ შემთხვევებში ოპერაციის შემდეგ მაშინვე დატვირთვის მეთოდს მივმართავთ, ანუ კბილის ჩასმამდე ყველა დეტალი მზად გვაქვს. ვნერგავთ იმპლანტს და შემდეგ მასზე დროებით კონსტრუქციას ვარგებთ. შესაძლოა ეს იყოს მეტალოპლასტმასის ან პლასტმასის ხიდი, ან სულაც მუდმივი კონსტრუქცია... ყველაფერი დამოკიდებულია ძვლის ხარისხზე, რამდენად მყარია ძვლოვანი ქსოვილი. ასაკსაც გააჩნია - ხანდაზმულ პაციენტებთან გაძვალების პროცესი რომ საფუძვლიანად წარიმართოს, 3-4 თვე სჭირდება... მიმაჩნია, რომ ორეტაპიანი მეთოდი ყველაზე გამართლებულია. პირველი ეტაპი იმპლანტაციაა, გაძვალების შემდგომ კი კბილის ჩასმა... საქართველოში არსებული რეალობა ასეთია - პაციენტთა უმეტესობას ისეთი ძვლოვანი ქსოვილი აქვს, რომ ორეტაპიან მკურნალობას საჭიროებს.
- როგორია პოსტოპერაციული ეტაპი?
- პაციენტმა ყოველი ჭამის შემდეგ ანტისეპტიკური სავლები უნდა ივლოს, რომ ჭრილობაში ბაქტერიები არ მოხვდეს. ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია რბილი საკვები, რადგან რბილი ქსოვილი ჯერ კიდევ შეშუპებული და დაჭიმულია, ამიტომ ღეჭვას უნდა მოერიდოს. უნდა მოერიდოს ცხარე, მწარე, მჟავე საკვებს და ალკოჰოლსაც.
- შესაძლებელია, რომ პაციენტმა იმპლანტი დაკარგოს?
- სტატისტიკის მიხედვით, იმპლანტის დაკარგვის საფრთხე დაახლოებით 3%-ია, თუმცა, თუ დაიკარგა, ახლით იცვლება. ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება იმპლანტი არ გაძვალდეს და პაციენტს მცირედი მოძრაობის შეგრძნება, ჰიპერემია და დისკომფორტი ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ქირურგი იღებს იმპლანტს, ერთი თვის შემდეგ, როდესაც ძვლოვან ქსოვილსა და ლორწოვან გარში არსებული მცირედი ანთებითი პროცესი ჩაცხრება, მეტი მოჭიდებისთვის, უფრო ფართო დიამეტრის იმპლანტს სვამს. თუ სიღრმე საშუალებას იძლევა, მის ხარჯზე მყარი ფიქსაციისთვის უფრო გრძელ იმპლანტს ვსვამთ. დავუბრუნდეთ პოსტინტეგრაციის ეტაპს, პაციენტს ისევ სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის მეშვეობითაც იმპლანტები გადაკონტროლდება. შემდეგ ღრძილის მაფორმირებლებს ვაყენებთ, რომლებიც პაციენტს ორი კვირის განმავლობაში უნდა ჰქონდეს. მერე კი ორთოპედიული ანუ გვირგვინოვანი ნაწილის დამზადება იწყება.
მარიამ შუბლაძე, ორთოპედი:
- იმპლანტის ჩანერგვიდან 3-4 თვის შემდეგ კბილების დამზადების ეტაპს ვიწყებთ: პირველი ანაბეჭდის აღებაა. ვხსნით მაფორმირებლებს და ვაყენებთ ტრანსფერებს. ეს ანაბეჭდის ასაღები დროებითი ინსტრუმენტებია, რომლებიც სათითაოდ ყველა იმპლანტთან მაგრდება, იმის მიხედვით, რამდენია ჩანერგილი... საანაბეჭდო მასას ვათავსებთ წინასწარ შერჩეულ კოვზზე და ვიღებთ ანაბეჭდს. მასის გამყარების შემდეგ ვხსნით კოვზს და ვაბრუნებთ მაფორმირებლებს იმპლანტებზე. შემდეგ პაციენტს ვახურინებთ პირს სწორ პოზიციაში და ვაკბეჩინებთ საანაბეჭდო მასას, რომ ლაბორატორიაში სწორი თანკბილვა მივიტანოთ... ამის შემდეგ ანაბეჭდს ვგზავნით ლაბორატორიაში, ამავე ეტაპზე, პაციენტის სურვილისა და პირის ღრუში არსებული მდგომარეობის მიხედვით, ვარჩევთ კონსტრუქციის მასალას, შეიძლება დამზადდეს როგორც მეტალოკერამიკის, ისე ცირკონოკერამიკის გვირგვინები.
მეორე ეტაპი კარკასის მორგებაა. იმ შემთხვევაში, თუ ერთეული კბილი კეთდება, ფერს ვარჩევთ პირის ღრუში არსებული კბილების მიხედვით. თუკი ზედა და ქვედა ყბის ყველა კბილი კეთდება, პაციენტის სქესს, ასაკსა და სურვილს ვითვალისწინებთ... შემდეგ კარკასი ბრუნდება ლაბორატორიაში, სადაც დაიტანება კერამიკული მასები და ღუმელში გამოიწვება. გვირგვინებიც მზად არის. რჩება ბოლო ეტაპი: ვხსნით მაფორმირებლებს იმპლანტებზე და ვამაგრებთ დაფრეზილ აბატმენტებს, ანუ იმპლანტის სუპრა კონტრუქციას. შემდეგ ვხუფავთ ცემენტისგან დასაცავად და გვირგვინების თანკბილვაში გასწორების შემდეგ დროებითი ცემენტით ვამაგრებთ. საკორექციო პერიოდად ერთ კვირას ვიტოვებთ. შემდეგ კი კონსტრუქციას “იმპლანტცემენტით” ვაფიქსირებთ. ორთოპედიული პროცესები ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს და სრულიად უმტკივნეულოა.
ლალი პაპასკირი