სისხლდენა და სტომატოლოგიური დაავადებები

საგულისხმოა, რომ სისხლდენა სტომატოლოგიაში ზოგჯერ უკვე ჩამოყალიბებული დაავადების ნიშანია, ზოგჯერ კი რომელიმე პათოლოგიური პროცესის დასაწყისზე მიგვანიშნებს. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში სისხლდენის შესახებ მოგვითხრობს სტომატოლოგი, თერაპევტი ქეთევან მაისურაძე.
- სისხლდენა ყველაზე ხშირად ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან, როგორიც არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პათოლოგიები, პულპიტი, გინგივიტი (ღრძილის ანთება), პაროდონტიტი (ანთება, რომელიც მოიცავს ღრძილს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს, დუღაბს და პერიოდონტს). ხშირია კბილის ამოღების შემდგომი სისხლდენაც.
- იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ სისხლდენით მიმდინარე დაავადებათა შესახებ...
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა ახასიათებს სხივურ სტომატიტს, როდესაც ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპიისას ძლიერი სხივური ეფექტის გამო სიმსივნურ ქსოვილებთან ერთად მთელი ორგანიზმი ან მისი ცალკეული ნაწილები, მათ შორის - პირის ღრუს ჯანსაღი ქსოვილებიც განიცდიან მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედებას. იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა და სუსტდება შემაერთებელი ქსოვილის ბარიერული ფუნქცია, ითრგუნება რეგენერაციული პროცესი. სისხლძარღვებისა და სისხლის შემადგენლობის ცვლილებათა ფონზე პირის ღრუს ლორწოვან გარსში ჩნდება სისხლჩაქცევები და იწყება ძლიერი სისხლდენა, ხოლო ღრძილის კიდე ზიანდება და კვდება.
სისხლდენა დამახასიათებელია პულპიტების ვიტალური ექსტირპაციით მკურნალობისთვისაც. კბილის ღრუდან დევიტალიზაციის (ნერვის წინასწარი მოკვლის) გარეშე, ანესთეზიის ფონზე ხდება ცოცხალი პულპის ამოკვეთა. ამ დროს გარდაუვალია პერიოდონტისა და პულპის სისხლძარღვების დაზიანება, რასაც შესაძლოა სისხლდენა მოჰყვეს. სისხლდენის შესაჩერებლად და შემდგომ გართულებათა თავიდან ასაცილებლად სისხლძარღვს ელექტროკოაგულატორით წვავენ.
არსებობს გინგივიტის რამდენიმე ფორმა. ქრონიკული კატარული გინგივიტი, რომელიც ხშირად გვხვდება მოზრდილებში, უმტკივნეულოდ იწყება და პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მას ხშირად აღმოაჩენს ხოლმე სტომატოლოგი პირის ღრუს დათვალიერებისას. პაციენტები აღნიშნავენ კბილების ხეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაიაროს.
ქრონიკულ კატარულ გინგივიტს, გარდა სისხლდენისა, ახასიათებს ღრძილის კბილთაშუა დვრილის ფორმისა და ფერის შეცვლა. წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტის დროს, რომელიც ხშირად ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების, გრიპის, ანგინის, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის, მავნე ჩვევების (თამბაქოს წევა, სმა, ნარკოტიკების მიღება), ავიტამინოზისა და ნერვული სტრესის შედეგია, თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდეც კი გრძელდება. სისხლდენასთან ერთად პაციენტები უჩივიან ღრძილების ტკივილს, ჭამისა და მეტყველების გაძნელებას, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და ჰიპერსალივაციას (უხვ ნერწყვდენას).
ჰიპერტროფიული გინგივიტისთვის, რომელიც უმთავრესად წინა კბილების მიდამოში ვითარდება, დამახასიათებელია კბილების წმენდის დროს ღრძილებიდან სისხლდენა. ზოგჯერ სისხლდენა სპონტანურად იწყება ღამით. მასთან ერთად თავს იჩენს ღრძილების ქავილი. გინგივიტის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია ორსულებში (45-50%) და ვითარდება თანკბილვის პათოლოგიების, ჰიგიენური წესების დაუცველობის და არასწორი პროთეზირების შედეგად. პაროდონტიტი - მას, უწინარეს ყოვლისა, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და უხარისხო ბჟენები იწვევს. არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა, არასწორი კვება, ვიტამინების დეფიციტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ეკოლოგიური ფაქტორები და სტრესები.
პაროდონტიტს ახასიათებს ღრძილებიდან თვითნებური სისხლდენა, რომელსაც თან სდევს მწვავე ტკივილი. თვალითაც კარგად ჩანს მკვეთრად გაწითლებული და შეშუპებული ღრძილი, საიდანაც შეხებისას სისხლი დის. პაროდონტიტის მძიმე ფორმის დროს სისხლდენა იწყება მაგარი საკვების ჩაკბეჩისას. პარალელურად ირყევა კბილები, პირის ღრუში კი დიდი რაოდენობით ჩნდება ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვები.
- რა გზას მიმართავთ სისხლმდენი დაავადებების განსაკურნავად?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ანთებითი პროცესის ჩაქრობა, რაც მედიკამენტური თერაპიითა და "საშინაო დაავალებებით" მიიღწევა. კბილიდან ნადებისა და ქვების მოსაცილებლად ჩვენს განკარგულებაშია საკმაოდ ბევრი საშუალება - პროფესიული პასტებითა და ჯაგრისით დაწყებული, ულტრაბგერითი აპარატით დამთავრებული. გინგივიტის სტადიაში მკურნალობისთვის საკმარისია ნადებისგან კბილის პროფესიული გაწმენდა ულტრაბგერის საშუალებით და ღრძილის ანთების საწინააღმდეგო თერაპია. პაროდონტიტის მსუბუქი ფორმისას ასევე საჭიროა სპეციალური სავლებები. ვინაიდან პაროდონტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ვიტამინების, უმთავრესად კი ც ვიტამინის ნაკლებობაა, უნდა გაიზარდოს რაციონში ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების შემცველობა. განსაკუთრებით მარგებელია ფორთოხალი და შავი მოცხარი.
- რას ნიშნავს "საშინაო დავალება"?
- "საშინაო დავალება" ღონისძიებათა კომპლექსია, რომელსაც პაციენტი თავად იტარებს ბინაზე. იგი მოიცავს პირის ღრუში მცენარეული ნაყენებისა და სამკურნალო ხსნარების გამოვლებას, მასაჟს. პაციენტმა კბილების გაწმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ღრძილების მასაჟი. ამისთვის საჩვენებელ და ცერა თითებზე ვიცხებთ ცოტაოდენ კბილის პასტას. მასაჟი იწყება ყბის ცენტრიდან, თანდათან თითები ინაცვლებს გვერდებზე. ზედა ყბაზე მოძრაობა ხორციელდება ზევიდან ქვევით - ღრძილებიდან კბილებისკენ, ქვედა ყბაზე კი ქვევიდან ზევით. მასირება ხდება წრიული მოძრაობებით. დილით მასაჟი საათის ისრის მიმართულებით კეთდება, საღამოს კი საპირისპიროდ.
ლორწოვანზე დაწოლა ტკივილს არ უნდა იწვევდეს. ამასთანავე, დილით ზეწოლა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე საღამოს. მასაჟი დაახლოებით 5-7 წუთს გრძელდება, შემდეგ კი აუცილებელია პირის ღრუში 2-3 წუთის მანძილზე სალბის ან გვირილის ნაყენის გამოვლება. ღრძილების მოსამაგრებლად და პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ღრძილებში მარილიანი ნატურალური თაფლის შეზელა (20 გ თაფლი + 5-10 გრამი სუფრის მარილი), სალბის, გვირილის ნაყენის გამოვლება.