რა უნდა ვიცოდეთ მოსახსნელი პროთეზების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მოსახსნელი პროთეზების შესახებ

სტომატოლოგიაში ერთ-ერთი დიდი გადატრიალება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლასტმასის შექმნასა და წარმოებას უკავშირდება. მას შემდეგ ორთოპედია სტომატოლოგიაში გამუდმებით იხვეწება და სრულყოფას განიცდის გამოყენებული მასალების, ტექნოლოგიებისა თუ მეთოდების კუთხით. მოსახსნელი პროთეზების თემა უწინდებურად აქტუალურია. სწორედ მასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება სტომატოლოგიური კლინიკების “Happy Dental” და “Your Smaile” ექიმი სტომატოლოგი, ქირურგი, ორთოპედი შალვა ვაწაძე.

- სამედიცინო ტექნოლოგიების სრულყოფის კვალდაკვალ სტომატოლოგიაშიც უამრავი რამ დაიხვეწა, მოსახსნელმა პროთეზებმაც იცვალა სახე. რას გვეტყვით მათ შესახებ, რომელს რა უპირატესობა აქვს, რით გამოირჩევა, რომელი ჯობს?

- მოსახსნელი პროთეზები ორ ჯგუფად იყოფა: ჩვეულებრივ ანუ მყარი მასალისაგან დამზადებულ პროთეზებად და ელასტიკურ ანუ დრეკად პროთეზებად. ისინი ბაზისური მასალით განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს ბიუგელისებური პროთეზიც, რომელსაც განსხვავებული კონსტრუქცია აქვს და იმავდროულად გაცილებით კომფორტულია პაციენტისთვის. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ღირსებები. მაგალითად, ელასტიკურ პროთეზს პაციენტები იოლად და სწრაფად ეგუებიან. გარდა ამისა, ამ მასალისგან დამზადებულ პროთეზს საუკეთესო ფიქსაციის უნარი აქვს - პირის ღრუს ტემპერატურაზე ის უფრო დრეკადი ხდება, მჭიდროდ ებჯინება ლორწოვან გარსს და კარგად ფიქსირდება. ბიუგელისებური პროთეზის დიდ პლუსად მიიჩნევა მისი კონსტრუქცია - მას არ გააჩნია სასა, რომელიც პაციენტთა უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის.

- ერთია პროთეზის მორგება-შეგუება და მეორე - მის მოსარგებად მომზადება. ვგულისხმობ როგორც ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას, ისე საკუთრივ პირის ღრუს მოწესრიგებას, ღრძილების სათანადო კონდენციამდე მოშუშებას და სხვა დეტალებს, მით უფრო, რომ ხშირად პროთეზის მორგებამდე საჭიროა რამდენიმე კბილის ექსტრაქცია (ამოღება). რა პერიოდია საჭირო რეაბილიტაციისთვის, რა წესები უნდა დაიცვას პაციენტმა პროთეზთან უკეთ შესაგუებლად და ცალკეულ გართულებათა თავიდან ასაცილებლად?


- მოსახსნელი პროთეზის დამზადებამდე პაციენტთა უმრავლესობას სჭირდება როგორც ქირურგიული (კბილებისა და ფესვების ამოღება), ისე თერაპიული (კბილების დაბჟენა) მკურნალობა. ძალზე მნიშვნელოვანია ქირურგიული მკურნალობის შემდგომი პერიოდი - რათა სრულად მოხდეს ღრძილების შეხორცება და ფორმირება. ამ პროცესს განსაზღვრული დრო სჭირდება, რაც ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურია, საშუალოდ კი ორი კვირიდან ერთ თვემდე გრძელდება. ღრძილების ეპითელიზაციის (შეხორცების) პერიოდის ხანგრძლივობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, თანმხლებ დაავადებებზე, ასაკზე და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე პაციენტის მხრივ დანიშნულების ზუსტად და სწორად შესრულებას. პაციენტთა ურავლესობა პროთეზის მოკლე ხანში დამზადებას ითხოვს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დაჩქარებულმა პროთეზირებამ შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოს. აქედან გამომდინარე, დაჩქარებული წესით პროთეზირება დაუშვებელია, ექიმმა სრულყოფილად უნდა შეაფასოს პირის ღრუ და მხოლოდ ამის შემდეგ დამზადდეს პროთეზი.

- მოსახსნელ პროთეზთან შეგუება ბევრს ძალიან უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რა რეკომენდაციებს აძლევთ პაციენტებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რა არის მთავარი ამ დროს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

- ცალკე განხილვის თემაა პროთეზთან შეგუების პერიოდი და ვადები. პროთეზის ტარების საწყის ეტაპზე პაციენტები ხშირად ძლიერ დისკომფორტს განიცდიან, უჭირთ ახალ კონსტრუქციასთან შეგუება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და პროთეზთან ადაპტაციის ანუ შეგუების პერიოდად მიიჩნევა. აღნიშნული პრობლემა ადვილად გადაილახება ხოლმე პაციენტის მონდომებითა და კარგად დამზადებული და მორგებული პროთეზის წყალობით. პაციენტებს ვურჩევთ, პირველ ხანებში იშვიათად მოიხსნან პროთეზი, რადგან რაც უფრო მეტხანს იქნება პირის ღრუში ახალი კონსტრუქცია, მით უფრო სწრაფად და იოალდ ჩაივლის შეგუების პერიოდი. საყურადღებოა ისიც, რომ ზედა და ქვედა ყბის პროთეზებთან შეგუების პროცესი განსხვავებულია. საზოგადოდ, პაციენტები ზედა ყბის პროთეზს უფრო იოლად ეგუებიან, ვიდრე ქვედას. ქვედა ყბის პროთეზთან ადაპტაციას ხელს უშლის ენის მდებარეობა და ის, რომ ქვედა ყბა მოძრავია. თუმცა არსებობენ ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც დისკომფორტს უქმნის ზედა ყბის პროთეზი, კერძოდ, მისი ის ნაწილი, რომელიც სასას ეხება. როგორც უკვე აღვნიშნე, თუ პროთეზი კარგად არის დამზადებული, ხოლო პაციენტი მონდომებულია და სათანადო ფსიქოლოგიური განწყობა აქვს (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია!), პროთეზთან შეგუება იოლად და სწრაფად ხდება.

- როგორ მოვლას მოითხოვს პროთეზი?

- პროთეზის მოვლა და მისი ჰიგიენა მართლაც მნიშვნელოვანი საკითხებია. სამწუხაროდ, პაციენტთა უმრავლესობას ჰგონია, რომ პროთეზს, რაკი ხელოვნურია, არ სჭირდება იმდენი მოვლა, რამდენიც ბუნებრივ კბილებს. ეს მცდარი შეხედულებაა. პროთეზი ისევე რეგულარულად უნდა ვხეხოთ ჯაგრისითა და კბილის პასტით გამდინარე წყლის ქვეშ, როგორც საკუთარ კბილებს ვიხეხავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დროთა განმავლობაში ფერს შეიცვლის და არასასიამოვნო სუნის მიზეზად იქცევა. ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმ პაციენტებმა, რომლებიც ელასტიკურ პროთეზს ატარებენ - ის, როგორც უკვე მოგახსენეთ, განსხვავებული მასალისაგან მზადდება და საგულდაგულო მოვლას მოითხოვს.

- რა ვადაში უნდა გამოიცვალოს პროთეზი და რატომ?

- პროთეზის გამოცვლა რეკომენდებულია 4-5 წელიწადში ერთხელ, რადგან ასაკთან ერთად დროთა განმავლობაში ძვლოვანი ქსოვილი განილევა, ატროფიას განიცდის. ამის გამო პირის ღრუში პროთეზის ფიქსაციის (დამაგრების) ხარისხი იკლებს და პროთეზი მოძრაობას იწყებს. გასათვალისწინებელია ჰიგიენური ფაქტორიც - დროთა განმავლობაში, კარგი ჰიგიენის პირობებშიც კი (განსაკუთრებით - მწეველებთან), პროთეზი უმნიშვნელოდ მაინც იცვლის ფერს. სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა 4-5 წელიწადში ერთხელ განმეორებითი პროთეზირება. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ განმეორებითი პროთეზირების დროს პაციენტებს პროთეზთან შეგუება აღარ უჭირთ - ეს პრობლემა, ჩვეულებრივ, პირველი პროთეზირების დროს იჩენს თავს.

- დასასრულ, თქვენი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, რას ურჩევთ პაციენტებს?

- საზოგადოდ, თქვენს ყველა მკითხველს ვურჩევ, დაიცვან პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, კბილების რეგულარულ ხეხვასთან ერთად აქტიურად გამოიყენონ ფლოსი (ძაფი), პირის ღრუს სხვადასხვა სავლები პათოლოგიურ პროცესთა საპროფილაქტიკოდ, წელიწადში ერთხელ გაიარონ კონსულტაცია სტომატოლოგთან.