კბილის ექსტრაქცია
- ქალბატონო ნინო, როდის დგება დღის წესრიგში კბილის ექსტრაქციის საკითხი?
- დავიწყებ იმით, რომ ქირურგიული სტომატოლოგია საქართველოში მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულიდან იღებს სათავეს. კერძოდ, 1905 წლიდან, როდესაც აქ პირველი კერძო სტომატოლოგიური სასწავლებელი გაიხსნა. ეს სკოლა გახლდათ ეროვნული კადრების მოსამზადებელი ძირითადი დაწესებულება. იმ დროიდან მოყოლებული, ქირურგიული სტომატოლოგია ჩვენს ქვეყანაში დღითი დღე ვითარდება და იხვეწება. ქირურგიული სტომატოლოგიის მთავარი მიზანი და ამოცანა ადამიანისთვის კბილების შენარჩუნებაა, ამიტომ კბილის ექსტრაქციის ჩვენებები მკაცრად არის შეზღუდული, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. ასეა, მაგალითად, ოდონტოგენური ანთებითი პროცესებისა და ტრავმული ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების დროს, როდესაც ენდოდონტიური ჩარევა უშედეგოა. ასეთი პათოლოგიური პროცესები სახიფათოა და დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს.
- რას ითვალისწინებს ექიმი და რა რეკომენდაციები ეძლევა პაციენტს?
- კბილის ექსტრაქციისას, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის ჩარევისას, ექიმს პაციენტის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. უპირველეს ყოვლისა, მან გულდასმით უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს პაციენტის საერთო მდგომარეობა და სათანადოდ მოამზადოს ის, რათა თავიდან აიცილოს გართულება. პირველი ვიზიტის დროს აუცილებელია ლაბორატორიული დასკვნაც იმის თაობაზე, აქვს თუ არა პაციენტს ალერგიული რეაქცია რომელიმე იმ ნივთიერებაზე, რომელსაც სტომატოლოგიური პროცედურების დროს იყენებენ. სინჯი უნდა გაკეთდეს განურჩევლად იმისა, მიუთითებს თუ არა პაციენტი ანამნეზში ალერგიულ გამოვლინებებზე ამა თუ იმ მედიკამენტის მიმართ. მხოლოდ ამ გამოკვლევის შემდეგ შეიძლება ადგილობრივი გაუტკივარება, რათა პაციენტს ყველა მანიპულაცია უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ ჩაუტარდეს.
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს კბილის ექსტრაქციას და რას ითვალისწინებს მათი პრევენცია?
- ყველა მანიპულაციის სწორად და დაკვირვებით ჩატარების მიუხედავად, კბილის ექსტრაქციას ზოგჯერ მაინც მოჰყვება გართულება. ამ გართულებებს პირობითად ზოგად და ადგილობრივ გართულებებად ყოფენ. ისინი იყოფა ასევე ექსტრაქციის დროს და ექსტრაქციის შემდგომ განვითარებულ გართულებებად. ექსტრაქციის შემდგომი გართულებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება სისხლდენა, თუმცა ის შესაძლოა განვითარდეს თავად კბილის ექსტრაციის დროსაც. ხანგრძლივი სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ჰემორაგიული დიათეზი, ლეიკოზი, თრომბოპენია, ჰიპერტროფიული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. სისხლდენის შესაჩერებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. ერთ-ერთი მარტივი ხერხია კბილბუდის გამორეცხვა წყალბადის ზეჟანგით და ტამპონირება სტერილური დოლბანდით. გამოიყენება ჰემისტატიკური ღრუბელიც. უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს.
- ზოგადად, სტომატოლოგთან ვიზიტი და, მით უფრო, კბილის ამოღება ბევრს აშინებს. უმეტესობა სწორედ ქირურგიული ჩარევის შემდგომ გართულებებს უფრთხის. რას გვეტყვით ამის თაობაზე?
- კბილის ექსტრაქცია, ჩვეულებრივ, უსაფრთხოა, თუმცა ღრძილის ქსოვილთა ინფიცირებისა და სისხლში ბაქტერიათა შეღწევის ალბათობა მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იგი ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ იღებს.
ექიმს არ უნდა დავუმალოთ:
- გულის თანდაყოლილი მანკი;
- გულის ხელოვნური სარქველი;
- იმუნური სისტემის სისუსტე;
- ღვიძლის დაავადება (კერძოდ, ციროზი);
- ხელოვნური სახსარი;
- ბაქტერიული ენდოკარდიტი ანამნეზში.
როგორც უკვე მოგახსენეთ, სათანადო წესების დაცვით განხორციელებული ექსტრაქცია ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემებს არ შეუქმნის. გარდა ამისა, პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ექსტრაქციის შემდგომი თერაპია, რომელიც კომპლექსურია და მოიცავს ანტიბიოტიკებს, ვიტამინებს, მადესენსიბილიზებელ საშუალებებს, ანტისეპტიკურ სავლებს.