რატომ გვტკივა კბილი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვტკივა კბილი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს

- ქალბატონო ნინო, რა იწვევს კბილის ტკივილს?

- კბილის ტკივილს საფუძვლად შეიძლება ედოს როგორც თავად კბილის, ასევე მისი მიმდებარე ქსოვილების დაზიანება. სხვადასხვა დაავადების დროს ტკივილს აქვს სხვადასხვა ხასიათი, ხანგრძლივობა (ხანმოკლე, ხანგრძლივი, მუდმივი), ძალა (უმნიშვნელო, სუსტი, ძლიერი), მიზეზი (მიზეზობრივი, უმიზეზო), დაწყების დრო (ღამის, დღის) და ლოკალიზაცია (ლოკალური, ირადირებული). საზოგადოდ, ტკივილი სუბიექტური ფენომენია. მისი აღქმა პაციენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ერთსა და იმავე გამღიზიანებელზე ტკივილს ზოგი ძლიერად აღიქვამს, ზოგი - ადეკვატურად, ზოგი - სუსტად. სრულფასოვანი ანამნეზის შეკრებას, ტკივილის ხასიათის, დროისა და ძალის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვანი დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობისათვის.

- რას გვეტყვით ტკივილის ხასიათზე?

- კბილის ტკივილი შეიძლება იყოს ხანმოკლე, მიზეზობრივი, გამოწვეული ამა თუ იმ სახის - მექანიკური, ქიმიური, თერმული - გამღიზიანებლის ზემოქმედებით. ასეთი ტკივილი გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ გაივლის. ახასიათებს მარტივ კარიესს და კბილის არაკარიესულ დაზიანებებს, მაგალითად, ეროზიას, ასევე - კბილების ჰიპერესთეზიას ანუ მგრძნობელობის მომატებას. როდესაც ტკივილი მიზეზობრივი ხასიათისაა, მაგრამ გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ არ გაივლის, სავარაუდოა კბილის ნერვის ანთება - პულპიტი. ტკივილი შეიძლება იყოს თვითნებურიც - წარმოიშობოდეს გამღიზიანებლის გარეშე. ასეთი ტკივილი დამახასიათებელია გართულებული კარიესისა (პულპიტი, პერიოდონტიტი) და ნევრალგიებისთვის.

- რატომ გვტკივა კბილი ცივი, ცხელი ან ტკბილი საკვების მოხვედრისას?

- ჯანმრთელი კბილი და პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსი გამღიზიანებლებზე ტკივილით არ რეაგირებს. კბილის გვირგვინოვანი ნაწილი დაფარულია მინანქრით, რომელშიც არ არის ნერვული დაბოლოებები (ოდონტობლასტების მორჩები). როდესაც მისი მთლიანობა ირღვევა, - კარიესისა და მისი გართულებების ან პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსის დაავადების გამო, - შიშვლდება კბილის ფესვი, ხოლო პულპა ცივ, ცხელ ან ტკბილ გამღიზიანებელზე ტკივილით რეაგირებს.

- კარიესი ახსენეთ. როგორია ტკივილი კარიესული პროცესის ან პულპიტის დროს?

- კარიესის დროს, როგორც ითქვა, ტკივილი ხანმოკლე და მიზეზობრივია, ხოლო გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ ქრება. პაციენტი გვეუბნება, რომ კბილი სტკივდება ცივი წყლის, ტკბილეულის მიკარებისას, ან მექანიკური გაღიზიანებისას, მაგალითად, კბილების გამოხეხვისას. ეს ჩივილი მიზეზის აღმოფხვრისთანავე გაივლის. ეს ჯანმრთელი პულპის რეაქციაა. არსებობს კარიესის ფორმა, რომლის დროსაც პაციენტს არ აქვს მკვეთრად გამოხატული ჩივილები, იგი მხოლოდ უხერხულობას გრძნობს კვებისას. კერძოდ, საჭმელი რჩება კარიესულ დეფექტში - ღრუში. სულ სხვაგვარად პასუხობს გამღიზიანებელს ანთებადი კბილის ნერვი. პულპიტის მწვავე ან გამწვავებული ქრონიკული ფორმის დროს წარმოიშობა თვითნებითი, შეტევითი ხასიათის ღამის ტკივილები ნათელი პერიოდებით. პაციენტს ტკივილი აღვიძებს. ხშირად იგი ირადირებს და პაციენტს უჭირს კბილთან მისი დაკავშირება. პულპიტის ქრონიკული ფორმის დროსაც წარმოიშობა მიზეზობრივი ხასიათის ტკივილი, რომელიც ერთხანს გამღიზიანებლის მოხსნის შემდეგაც გრძელდება. ამასთან, გამოკითხვით ირკვევა, რომ პაციენტი წინათაც შეუწუხებია თვითნებურ ღამის ტკივილს. თვითნებური ტკივილები, გარდა პულპიტისა, დამახასიათებელია სამწვერა და თავის ქალას ნერვების ნევრალგიებისთვისაც, მაგრამ აქ უნდა დაზუსტდეს ტკივილის დაწყების დრო - ნევრალგიებს მხოლოდ დღის ტკივილები ახასიათებს, ხოლო პულპიტებს - ღამისა.


- როგორია ტკივილი პერიოდონტიტის დროს?

- სხვადასხვა ხასიათისაა ტკივილი პერიოდონტიტის მწვავე და ქრონიკული ფორმების დროს. მუდმივი, მღრღნელი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც ძლიერდება კბილის კბილზე შეხებისას, ახასიათებს მწვავე პერიოდონტიტს და ქრონიკული პერიოდონტიტის გამწვავებას. ქრონიკული ფორმის დროს იგრძნობა დისკომფორტი, ზოგჯერ - სუსტი ტკივილი ღეჭვის დროს.

- კიდევ რომელი პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი კბილის კბილზე დაჭერის დროს ტკივილი?

- ასეთი ტკივილი ახასიათებს პაროდონტიტის მძიმე ფორმას, როდესაც დიდია ძვლოვანი ქსოვილის განლევა, კბილები გადანაცვლებულია და აღინიშნება ტრავმული ოკლუზია (შეთანასოვნება).

- რატომ გვტკივა კბილი მკურნალობისა და არხების დაბჟენის შემდეგ?

- კბილის მკურნალობისა და არხების დაბჟენის შემდეგ ტკივილი ორი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველი - რაც უნდა გასაკვირი მოგეჩვენოთ, დაპლომბვის შემდეგ კბილის კბილზე დაჭერისას ტკივილი იცის სრულფასოვნად, კარგად დაბჟენილმა კბილმა. ეს შეგრძნება რამდენიმე დღეში გაივლის. პაციენტებს ვურჩევთ, ივლონ პირში ასატანი ტემპერატურის თბილი სავლები ან ვუნიშნავთ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. მეორე - ტკივილი მოსალოდნელია მაშინ, როდესაც არხები არასრულფასოვნადაა დაბჟენილი: საბჟენი მასალა ან ბოლომდე არ არის მისული, ან, პირიქით, გადასულია პერიაპიკალურ (არხის გარეთ) სივრცეში. ამ შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი ენდოდონტური მკურნალობა.

- ღრძილების დაავადებებს თუ ახასიათებს ტკივილი?

- პაროდონტიტისა და პაროდონტოზის დროს შეინიშნება კბილების ჰიპერესთეზია - მომატებული მგრძნობელობა, რაც განპირობებულია ძვლის განლევით, ღრძილების რეტრაქციითა (ჩაწევით) და კბილის ფესვის გაშიშვლებით. გარდა ჰიპერესთეზიისა, აბსცედირებული ფორმის პაროდონტიტისთვის დამახასიათებელია მფეთქავი, მღრღნელი ხასიათის ტკივილი.

- ახლავს თუ არა თან ტკივილი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებს?

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების ჯგუფი სხვადასხვა ეტიოლოგიის 555-ზე მეტ დაავადებას აერთიანებს. შეუძლებელია, ყველა მათგანს ერთი და იგივე შეგრძნება ახლდეს თან. ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს ტკივილი განპირობებულია ანთებითა და ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევით. წყლულოვან-ეროზიული დაზიანებისას დარღვეულია ლორწოვანის მთლიანობა, ტკივილი ახლავს თან მეტყველებას, ჭამას (განსაკუთრებით - მწარე და ცხარე საკვების მიღებას). სხვა შემთხვევაში პაციენტები უჩივიან პირის ღრუს ლორწოვანის დაჭიმულობას, წვას, ჩხვლეტას. ტუჩის კუთხეებზე ქრონიკული ნახეთქების არსებობისას (ანგულიტი) პირის გაღება და მეტყველება ყოველთვის მტკივნეულია.

- როგორ მოვიქცეთ ექიმთან მისვლამდე?

- კბილის ტკივილის დროს პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს, მასთან მისვლამდე კი შეიძლება მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი (მეტადრე - ღამის თვითნებური ტკივილის დროს). მფეთქავი, მღრღნელი, მუდმივი ტკივილის დროს შეიძლება გაიკეთოს გვირილის ან სალბის ასატანად ცხელი სავლები.

- რის გაკეთება არ შეიძლება?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა. კბილის ტკივილის დროს ბევრი ათასგვარ შინაურ მეთოდს მიმართავს: პირში იგუბებს ან ბამბით ღრძილზე იდებს სამედიცინო სპირტს, იყრის ვანილს, დაფხვნილ ასპირინს, ანალგინს, იდებს ნიორს,  პირში იგუბებს სიგარეტის კვამლს.... ამას ხშირად პირის ღრუს ლორწოვანის დამწვრობამდე მივყავართ. ბევრი ლორწოვანის ნებისმიერი დაზიანებისას იყენებს შაბს. ეს შეცდომაა! შაბი ლორწოვან გარსს წვავს და ექიმებს ძირითად დაავადებასთან ერთად დამწვრობის მკურნალობაც გვიხდება. ტკივილს თავი რომ დავაღწიოთ და გართულებებიც ავიცილოთ თავიდან, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თუ გსურთ, გქონდეთ ჯანმრთელი პირის ღრუ, რეგულარულად იარეთ სტომატოლოგთან, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გასინჯვა და დაზიანების საწყის სტადიაშივე იმკურნალეთ. ლამაზ და ჯანსაღ ღიმილს გისურვებთ.