ბრუქსიზმი - ჩუმი პრობლემა, რომელიც კბილებს აზიანებს: რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილების ღრჭიალი ძილში, დილის თავის ტკივილი და ყბის ტკივილი - რა უნდა ვიცოდეთ ბრუქსიზმის შესახებ

ბრუქსიზმი და მისი შედეგები - როგორ ამოვიცნოთ კბილების უნებლიე დაჭერა, რა როლს თამაშობს სტრესი და როდის არის საჭირო მკურნალობა

ბრუქსიზმი - კბილების უნებლიე დაჭერა ან ღრჭიალი - პრობლემა, რომელსაც ბევრი ადამიანი ყურადღებას მხოლოდ მაშინ აქცევს, როდესაც კბილები ზიანდება, დილით ყბის ტკივილით იღვიძებს ან თავის ხშირი ტკივილი აწუხებს. თუმცა, ეს მხოლოდ სტომატოლოგიური პრობლემა არ არის - ბრუქსიზმის განვითარებას შესაძლოა უკავშირდებოდეს სტრესი, ემოციური დაძაბულობა, ძილის დარღვევები და გარკვეული მედიკამენტების მიღებაც კი.

როგორ ამოვიცნოთ ბრუქსიზმი მაშინ, როდესაც მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს? რა საფრთხეს უქმნის ის კბილებსა და ყბის სახსარს, რამდენად ეფექტიანია დამცავი კაპა და როდის არის საჭირო სპეციალისტთან ვიზიტი? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე სტომატოლოგ მაგდა ბენიძეს ვესაუბრეთ

- ქალბატონო მაგდა, რა არის ბრუქსიზმი და რამდენად გავრცელებული პრობლემაა ზრდასრულებში? შესაძლებელია თუ არა, ადამიანს ბრუქსიზმი ჰქონდეს და ამის შესახებ თავად საერთოდ არ იცოდეს?

- ბრუქსიზმი დღესდღეობით მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, თუმცა ხშირად „ფარული“ სტომატოლოგიური და ნევროლოგიური პრობლემაა. ბრუქსიზმი არის საღეჭი კუნთების უნებლიე, განმეორებადი აქტივობა, რომელიც გამოიხატება კბილების ძლიერი დაჭერით, ღრჭიალით.

ზრდასრულ მოსახლეობაში ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა - სტატისტიკურად, პოპულაციის დაახლოებით 8-16%-ს აწუხებს ღამის ბრუქსიზმი, ხოლო დღის ბრუქსიზმი 20-30%-მდე გვხვდება.

სრულიად შესაძლებელია, ადამიანს ჰქონდეს ბრუქსიზმი და ამის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი იცოდეს. ვინაიდან ღამის ბრუქსიზმი ძილის დროს, ქვეცნობიერ დონეზე ხდება, პაციენტი ხშირად ვერ აცნობიერებს პრობლემას. მასზე პირველად ინფორმაციას იღებენ ოჯახის წევრებისგან (რომელთაც ღამით კბილების ღრჭიალის ხმა ესმით) ან სტომატოლოგისგან, რომელიც გეგმური დათვალიერებისას ამჩნევს კბილების დამახასიათებელ ცვეთას.

- რა იწვევს ბრუქსიზმს? რამდენად დიდ როლს თამაშობს სტრესი, შფოთვა, გადაღლა და ძილის დარღვევები, მედიკამენტები?

- ბრუქსიზმი მულტიფაქტორული მდგომარეობაა და იშვიათად აქვს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზი.

სტრესი, შფოთვა და გადაღლა: ეს არის მთავარი მიზეზი ბრუქსიზმის განვითარების. ცენტრალური ნერვული სისტემა ზედმეტ სტრესსა და ემოციურ დაძაბულობას ხშირად სწორედ საღეჭი კუნთების ჰიპერტონუსით პასუხობს.

ძილის დარღვევები: ბრუქსიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ძილის დარღვევასთან და მიეკუთვნება პარასომნიებს (ძილთან დაკავშირებულ ქცევით დარღვევებს).

pexels-towfiqu-barbhuiya-3440682-12474261-1791574173.jpg

მედიკამენტები და ნივთიერებები: გარკვეული ანტიდეპრესანტების, სტიმულატორების, კოფეინის ჭარბი მოხმარების, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მიღებისას ბრუქსიზმის რისკი საგრძნობლად იზრდება.

თანკბილვის დარღვევები: წარსულში მიიჩნეოდა, რომ არასწორი თანკბილვა ან არასწორად აღდგენილი ბჟენი/გვირგვინი იყო ბრუქსიზმის პირველადი მიზეზი. დღეს თანამედროვე მედიცინა მიიჩნევს, რომ ეს უფრო ხელშემწყობი ან გამამწვავებელი ფაქტორია - როდესაც კბილების კონტაქტი არათანაბარია, ორგანიზმი ქვეცნობიერად ცდილობს „მოაშოროს“ ხელისშემშლელი წერტილი, რაც კუნთების დამატებით დაძაბვას იწვევს.

- რა ნიშნებით უნდა ამოიცნოს ადამიანმა, რომ შესაძლოა ბრუქსიზმი ჰქონდეს?

- კბილების ცვეთისა და დილით ყბების დაღლილობის გარდა, ბრუქსიზმს ახასიათებს სიმპტომების მთელი სპექტრი:

  • დილის თავის ტკივილი: განსაკუთრებით საფეთქლის არეში.
  • კისრის, მხრებისა და სახის კუნთების ტკივილი ან დაჭიმულობა.
  • ტკივილი ყურის არეში: პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყური აწუხებთ, თუმცა გამოკვლევით ირკვევა, რომ ეს ირადიირებული ტკივილია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრიდან.
  • კბილების მომატებული მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე ან ტკბილზე (მინანქრის გაცვეთის გამო).
  • ლოყის შიდა ლორწოვანზე თეთრი ხაზის გაჩენა - ეს კბილების მუდმივი მიჭყლეტის შედეგია.
  • ენის გვერდით ზედაპირებზე კბილების ანაბეჭდების გაჩენა.

- რატომ არის ბრუქსიზმი განსაკუთრებით აქტუალური ღამით?

- ღამით ჩვენ ვკარგავთ ცნობიერ კონტროლს კუნთოვან სისტემაზე. ღამის ბრუქსიზმის დროს საღეჭი კუნთები იკუმშება იმგვარი ძალისხმევით, რომელსაც ადამიანი ფხიზელზე ფიზიკურად ვერ (და არ) განახორციელებდა. გარდა ამისა, ძილის დროს არ მუშაობს დამცავი ბარიერები (ტკივილის რეფლექსი), რის გამოც დატვირთვა კბილებსა და სახსარზე მაქსიმალურია.

ღამის ბრუქსიზმი ძირითადად მოიცავს კბილების უნებლიე ღრჭიალს და ძლიერ დაჭერას ძილის ფაზების ცვლილებისას. ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ მართული პროცესი.

დღის ბრუქსიზმი უფრო ხშირად გამოიხატება კბილების უხმო დაჭერით ან კუნთების დაძაბვით კონცენტრაციის, სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის დროს. დღის ბრუქსიზმის მართვა შედარებით ადვილია ქცევითი თერაპიითა და თვითკონტროლით.

images-1791574223.jpg

- რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ხანგრძლივმა ბრუქსიზმმა კბილებს?

- ხანგრძლივმა და უმართავმა ბრუქსიზმმა შეიძლება მიიყვანოს კბილთა სისტემა მძიმე დესტრუქციამდე:

მინანქრისა და დენტინის გაცვეთა: კბილები კარგავენ ანატომიურ ფორმას, ბრტყელდებიან და მოკლდებიან, რაც იწვევს სახის ქვედა მესამედის სიმაღლის შემცირებას (რაც ესთეტიკურადაც აბერებს ადამიანს).

მიკრობზარები და კბილის მოტეხილობები: მუდმივი ზეწოლის გამო კბილის ქსოვილებში ჩნდება ბზარები, რამაც შეიძლება კბილის ფესვის გაბზარვამდეც კი მიგვიყვანოს (რაც ხშირად კბილის ამოღებით სრულდება).

რესტავრაციების დაზიანება: ხშირად ტყდება ან ვარდება ბჟენები, ამოტეხილობები უჩნდება ვინირებსა და კერამიკულ გვირგვინებს.

სოლისებური დეფექტები: კბილის ყელის არეში მინანქრის ნატეხების გაჩენა მექანიკური გადატვირთვის გამო.

- როგორ მოქმედებს ბრუქსიზმი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე?

- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახსარი ორგანიზმში. ბრუქსიზმის დროს მასზე მუდმივად მოქმედებს ჭარბი, არაფუნქციური დატვირთვა, რაც იწვევს:

  • სახსარშიდა დისკოს გადანაცვლებას: ამას თან სდევს ტკაცუნი პირის გაღება-დახურვისას.
  • ანთებით პროცესებს: ვითარდება ართრალგია (სახსრის ტკივილი) და მიოფასციური ტკივილი.
  • პირის გაღების შეზღუდვას: კუნთების სპაზმის ან დისკოს ბლოკირების გამო პაციენტს უჭირს პირის სრულად გაღება (ტრიზმი).
  • ქრონიკულ თავისა და სახის ტკივილს.bruwsixmi-1791574259.jpg

- როგორ ადგენს სტომატოლოგი, რომ პაციენტს ბრუქსიზმი აქვს? მხოლოდ კბილების დათვალიერება საკმარისია თუ საჭიროა დამატებითი კვლევები?

- დიაგნოსტიკა კომპლექსურია:

კლინიკური დათვალიერება: სტომატოლოგი აფასებს კბილების ცვეთას, მინანქრის მდგომარეობას, ენასა და ლოყის ლორწოვანს, ამოწმებს არსებული რესტავრაციების მთლიანობას.

პალპაცია: საღეჭი და საფეთქლის კუნთების, ასევე სახსრის არეს პალპაცია (ხელით გასინჯვა) ტკივილისა და ჰიპერტონუსის გამოსავლენად.

ოკლუზიური ანალიზი: კბილების თანკბილვისა და კონტაქტების შემოწმება.

დამატებითი კვლევები: საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება 3D ტომოგრაფია (CBCT) სახსრის ძვლოვანი სტრუქტურების შესაფასებლად, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის MRT (რბილი ქსოვილებისა და დისკოს მდგომარეობის სანახავად) და პოლისომნოგრაფია (ძილის კვლევა, თუ ეჭვია აპნოეზე).

- რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ბრუქსიზმის დროს ადამიანს უბრალოდ „კბილების დამცავი კაპა“ სჭირდება?

- სტანდარტული, აფთიაქში ნაყიდი ან უბრალოდ რბილი „დამცავი კაპა“ ხშირად პრობლემას ვერ აგვარებს და შესაძლოა გააუარესოს კიდეც მდგომარეობა (რბილი კაპა ხშირად სტიმულს აძლევს კუნთს, უფრო მეტად „დაიღეჭოს“).

არსებობს სხვადასხვა ტიპის კაპა და მათი დანიშნულებაც განსხვავებულია.

დამცავი კაპები (სპლინტები): იცავს კბილებს ცვეთისგან.

რელაქსაციური/სპლინტ-თერაპიული კაპები: მზადდება მყარი აკრილისგან ინდივიდუალური ანალიზის საფუძველზე. ის ცვლის ქვედა ყბის მდებარეობას, ახდენს საღეჭი კუნთების რელაქსაციას და ხსნის დატვირთვას სახსრიდან.

დამცავი კაპა ძირითადად კბილების დასაცავად გამოიყენება — ამცირებს კბილების ერთმანეთზე ხახუნს და ცვეთას.

რელაქსაციური, ანუ სპლინტ-თერაპიული კაპა კი უფრო კომპლექსური საშუალებაა. ის მზადდება ინდივიდუალურად, პაციენტის თანკბილვისა და ყბა-სახსრის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. მისი მიზანია საღეჭი კუნთების გადატვირთვის შემცირება, ყბის სახსარზე დატვირთვის შემსუბუქება და ბრუქსიზმით გამოწვეული სიმპტომების კონტროლი.

ამიტომ ბრუქსიზმის დროს მხოლოდ „კაპის გაკეთება“ არ არის საკმარისი - მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს მისი ტიპი და გაირკვეს, კონკრეტულად რა პრობლემის მოგვარება გვჭირდება.

კაპას შერჩევა უნდა მოხდეს ექსკლუზიურად, ინდივიდუალურად.

- შეიძლება თუ არა კაპამ ბრუქსიზმის მიზეზი აღმოფხვრას, თუ ის მხოლოდ კბილებს იცავს დაზიანებისგან?

- არა, კაპა ვერ აღმოფხვრის ბრუქსიზმის პირველად მიზეზს, თუ ეს მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემიდან ან სტრესიდან მოდის.

კაპა არის სიმპტომური და დამცავი თერაპიის ინსტრუმენტი. ის იღებს საკუთარ თავზე მექანიკურ დატვირთვას, იცავს კბილებსა და ძვლოვან ქსოვილს დაშლისგან და ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. პრობლემის სრულფასოვანი მართვისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა (სტრესის მართვა, ძილის მოწესრიგება, საჭიროებისას ნევროლოგის ჩართვა)…

- არსებობს თუ არა კავშირი ბრუქსიზმსა და ძილის ისეთ პრობლემებს შორის, როგორიცაა ხვრინვა ან ძილის აპნოე?

- დიახ, მათ შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. ობსტრუქციული ძილის აპნოეს (სუნთქვის დროებითი შეჩერება ძილში) დროს სასუნთქი გზები იბლოკება. ორგანიზმი, თავდაცვის მიზნით, რთავს გამოფხიზლების მექანიზმს. ამ დროს ქვედა ყბისა და ენის კუნთების შეკუმშვა (ბრუქსიზმი) წარმოადგენს რეფლექსურ რეაქციას, რათა ქვედა ყბა წინ წამოვიდეს და სასუნთქი გზები გაფართოვდეს. ამდენად, ბრუქსიზმი ხშირად არის ორგანიზმის მცდელობა, გადაარჩინოს ადამიანი გაგუდვისგან ძილის დროს.

- არის თუ არა ბრუქსიზმი უფრო ხშირი ქალებში, და შეიძლება თუ არა ამას სტრესის, ჰორმონული ცვლილებების ან ცხოვრების სტილის თავისებურებები უკავშირდებოდეს?

- კლინიკური დაკვირვებები და კვლევები აჩვენებს, რომ დღის ბრუქსიზმი და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევების სიმპტომატიკა (ტკივილი, ტკაცუნი) უფრო ხშირად ქალებში დიაგნოსტირდება.

ramis-koshmari-1791574310.jpg

ეს უკავშირდება:

ჰორმონალურ ფაქტორებს: ესტროგენების დონის ცვლილება მოქმედებს იოგების ელასტიკურობასა და ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობაზე.

სტრესზე რეაგირების თავისებურებებს: ქალები ემოციურ სტრესს ხშირად კუნთოვანი დაძაბულობით პასუხობენ.

თუმცა, უშუალოდ ღამის ბრუქსიზმის გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში თითქმის თანაბარია.

- რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად პაციენტები ბრუქსიზმის დროს? რამდენად საზიანოა პრობლემის უგულებელყოფა იმ იმედით, რომ „თავისით გაივლის“, და რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ყოველდღიურად მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

- ყველაზე დიდი შეცდომა: პრობლემის იგნორირება იმ იმედით, რომ „თავისით გაივლის“ ან მხოლოდ უხარისხო, უნივერსალური კაპების გამოყენება. უგულებელყოფამ შეიძლება მიიყვანოს პაციენტი კბილების ან სახსრის ქრონიკულ დაზიანებამდე.

პაციენტმა ყოველდღიურად მდგომარეობის შესამსუბუქებლად უნდა გააკეთოს:

  1. დღის განმავლობაში თვითკონტროლი! დაიმახსოვრეთ ოქროს წესი - „ტუჩები ერთად, კბილები დაშორებული“. მოსვენებულ მდგომარეობაში კბილები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს (გარდა ჭამისა და ყლაპვისა).
  2. სტრესის მართვა: მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა ან ფიზიკური აქტივობა ძილის წინ.
  3. ძილი! მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს, თამბაქოსა და მძიმე საკვებს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. შეამცირეთ ეკრანებთან გატარებული დრო.
  4. თბილი კომპრესები: ძილის წინ საღეჭ კუნთებზე (ყბის არეში) თბილი პირსახოცის დადება 10-15 წუთით ეხმარება კუნთების მოდუნებას.
  5. დროული ვიზიტი სპეციალისტთან! მიმართეთ სტომატოლოგს ან გნათოლოგს ინდივიდუალური მართვის, სწორი გეგმისა და მკურნალობის შესარჩევად.