Myobrace სისტემა – რევოლუციური მიდგომა ორთოდონტიაში
თანამედროვე ორთოდონტია მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, რაც მკურნალობას უფრო კომფორტულს, ეფექტურსა და ესთეტიკურს ხდის.
სწორედ ორთოდონტიაში ერთ-ერთი პროგრესული მკურნალობის მეთოდის – Myobrace სისტემის არსსა და ეფექტზე გვესაუბრება ბავშვთა და მოზრდილთა ორთოდონტი, სალომე ალადაშვილი:
– ქალბატონო სალომე, რას არის Myobrace (მიობრეის) სისტემა და რა უპირატესობები აქვს მას მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით?
– Myobrace სისტემა არის რევოლუციური მიდგომა, რომელიც კბილების გასწორებას ბუნებრივი გზით, ბავშვის ზრდის პროცესშივე იწყებს. ის არა მხოლოდ კბილების გასწორებაზე, არამედ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე (მიოფუნქციურ დარღვევებზე) ფოკუსირდება. მიობრეისი უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. ის ნაკლებ მექანიკურ და მეტად ბიოლოგიურ საფუძველზე არსებული, მიოფუნქციური პრე-ორთოდონტიული მკურნალობაა, რომელიც იდეალურად ერგება 3-15 წლის ბავშვის მკურნალობას.
რატომ უნდა ველოდოთ 12-13 წელს ბრეკეტების დასაყენებლად, თუ პრობლემის მოგვარება 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი!? მით უფრო, რომ Myobrace სისტემა აკმაყოფილებს მშობლების მოთხოვნას, ნაკლები ინვაზიური მეთოდით გამოსწორდეს კბილები, ბრეკეტების გარეშე, ასევე საშუალებას აძლევს ბავშვებს, განავითარონ მათი გენეტიკური პოტენციალი.
– ყბა-კბილთა სისტემის რა სახის დარღვევები გხვდებათ უხშირესად?
– ბავშვების 75% აქვს კბილთა ოკლუზიის ანომალია და არასწორი ფაციალური ანუ სახის განვითარება. უმთავრესი მიზეზია რბილი ქსოვილების დისფუნქცია.
– აუხსენით მკითხველს, რას ნიშნავს კბილთა ოკლუზია და როგორ გამოიხატება მისი ანომალია?
– კბილთა ოკლუზია (იგივე თანკბილვა) სტომატოლოგიაში აღნიშნავს ზედა და ქვედა კბილთა მწკრივების ურთიერთკავშირს, ანუ იმას, თუ როგორ ეხება ერთმანეთს კბილები პირის დახურვისას. ეს არის ფუნქციონალური სისტემა, რომელიც მოიცავს კბილებს, ყბებსა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს. კბილთა ოკლუზიის (თანკბილვის) ანომალიები არის ყბა-კბილთა სისტემის მორფოლოგიური და ფუნქციური დარღვევები, რომლებიც ვლინდება ზედა და ქვედა კბილთა მწკრივების არასწორი შეთანასოვნებით (ოკლუზიით) სუნთქვის, ღეჭვის, ყლაპვისა და მეტყველების დროს. ეს ანომალიები საკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიო მასშტაბით პირის ღრუს დაავადებებს შორის მესამე ადგილს იკავებს.
– რა იწვევს ძირითადად ორთოდონტიულ პრობლემებს?
– ბავშვების უმეტესობას აღენიშნება მჭიდროდ მდგომი კბილები, რომლებიც, ძირითადად, სამიდან ხუთი წლის ასაკში ვლინდება და ხშირად მემკვიდრეობით ფაქტორებთან ასოცირდება.
გენეტიკისა და ყბის ცუდი განვითარების გარდა, თანამედროვე კვლევებმა სხვა მიზეზებიც წარმოაჩინა. მათ შორისაა: პირით სუნთქვა, ენის არასწორი მდებარეობა, ინვერტირებული ყლაპვა და თითის წოვა, რომლებიც არასწორ მიოფუნქციურ ჩვევებად არის ცნობილი.
თუ ბავშვი პირით სუნთქავს დღის მანძილზე ან ღამით, ამ დროს ენა თავსდება პირის ქვედა ნაწილზე. ეს იწვევს ზედა და ქვედა ყბის განვითარების პრობლემებს. ენის არასწორი პოზიცია ზღუდავს ზედა ყბის განვითარებას. თითის წოვა იწვევს ღია თანკბილვას (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა), ზედა კბილების წინ წამოწევასა და ზედა ყბის შევიწროებას.
– რას ეფუძნება Myobrace (მიობრეის) სისტემის ეფექტი?
– მიობრეისი არ არის მხოლოდ ერთი აპარატი, ეს არის სისტემური მიდგომა. ის ბავშვს ენის სასაზე დაფიქსირებასა და პირის დახურვას აიძულებს. აპარატი ქმნის საჭირო სივრცეს მუდმივი კბილების ამოსასვლელად ექსტრაქციის (კბილის ამოღების) გარეშე. როდესაც ყბა უკვე სწორი ფორმისაა და მავნე ჩვევა აღმოფხვრილია, კბილები ხშირად თავისით პოულობენ სწორ (სათანადო) ადგილს.
მიობრეისის სისტემა დაყოფილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და აპარატის მორგება ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად ხდება. ექიმი-ორთოდონტი ბავშვს აპარატის სწორად ჩადებას ასწავლის. ასევე მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, რომ აპარატი არ აწვებოდეს ღრძილებს და იყოს კომფორტული.
აღსანიშნავია, რომ მკურნალობის წარმატება 90%-ით დამოკიდებულია პაციენტის (და მშობლის) დისციპლინაზე. თუ აპარატი რეგულარულად არ იხმარება, შედეგი არ იქნება.
ყოველდღიური რუტინა: პაციენტი აპარატს ატარებს დღისით 1-2 საათი და მთელი ღამის განმავლობაში ძილში. ასევე, საჭიროებისამებრ, ტარდება 5-10 წუთიანი სუნთქვისა და ენის ვარჯიშები.
მინდა აღვნიშნო მიობრეისის უპირატესობები:
- აპარატის მოხმარება კომფორტულია და უმტკივნეულო;
- წარმოადგენს მიზეზებზე ორიენტირებულ მკურნალობას (თუ მიზეზი აღმოფხვრილია, რეციდივი ანუ კბილების ხელახალი არევის რისკი შემცირებულია);
- უზრუნველყოფს სახის ნაკვთების ჰარმონიულ განვითარებას, ცხვირით სუნთქვის აღდგენასა და ჯანმთელობას (უმჯობესდება ძილის ხარისხი, მცირდება ტონზილიტის, ადენოიდების განვითარების რისკი, ორგანიზმი უკეთ მარაგდება ჟანგბადით);
- საჭიროებს მარტივ ჰიგიენას (აპარატი ადვილად ირეცხება, ხოლო ჰიგიენის დაცვა ხდება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე);
- კბილების ამოღების არიდება (მკურნალობა ექსტრაქციის გარეშე);
- ახასიათებს სტაბილური და მუდმივი შედეგი.
– რას ურჩევთ მშობლებს, როდის უნდა მიმართონ ექიმ-ორთოდონტს?
– თუ შვილს შეამჩნევთ პირით სუნთქვას, თითის წოვას, სარძევე კბილების ნაადრევ ან დაგვიანებულ ცვლას, თუ ბავშვს აღენიშნება კბილების მჭიდრო დგომა, კბილებისა და ყბების ზომების შეუსაბამობა, აგრეთვე თუ ფრონტალურ მიდამოში არის კბილთა მჭიდრო დგომა, განსაკუთრებით 7-8 წლის ასაკში, ნუ დაელოდებით, სანამ ბავშვს ყველა მუდმივი კბილი ამოუვა და პრობლემა გართულდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ორთოდონტს.
ადრეული მკურნალობით შესაძლებელია:
- აღმოიფხვრას თითის წოვასა და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ნორმალურად განვითარდეს ყბა მანამდე, ვიდრე ბავშვი დაასრულებს ზრდა-განვითარებას, რაც მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრის საშუალებას აძლევს;
- სამომავლოდ მუდმივი კბილების ექსტრაქციის (ამოღება) თავიდან არიდება.
Myobrace-ის სისტემა საშუალებას გაძლევთ ჩაერიოთ პროცესში მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივია. გაიარეთ კონსულტაცია ორთოდონტთან, არის თუ არა Myobrace საუკეთესო გზა თქვენი შვილის ჯანსაღი ღიმილისთვის.