წრიპინებს თუ არა იმპლანტი აეროპორტში და უშლის თუ არა ხელს MRI-ს? - ყველაფერი კბილის იმპლანტაციაზე
ლამაზი ღიმილი და ჯანსაღი კბილები მხოლოდ ვიზუალური მხარე არაა - ეს ჩვენი თავდაჯერებულობისა და ზოგადი ჯანმრთელობის საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, კბილის იმპლანტაციის თემა მაინც უამრავ მითსა და შიშთან ასოცირდება: ტკივილი, ხანგრძლივი პროცედურები, "საკმარისი ძვლის" არარსებობა და შიში იმისა, თუ როგორ მიიღებს ორგანიზმი უცხო სხეულს.
რეალურად რამდენად ტრავმულია ეს პროცესი, რა ასაკიდან არის ის რეკომენდებული და როგორ უნდა მოვუაროთ ხელოვნურ კბილს, რომ მან მთელი ცხოვრება გაძლოს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ექიმი სტომატოლოგი თამარ ყურაშვილი გვპასუხობს, რომელიც დენტალური იმპლანტაციის ყველა მნიშვნელოვან დეტალსა და თანამედროვე მიდგომას გაგვაცნობს
- ქალბატონო თამარ, რა ასაკიდან არის დასაშვები იმპლანტაცია და არსებობს თუ არა ზედა და ქვედა ზღვარი, რა დროსაც პროცედურა რეკომენდებული აღარ არის?
- იმპლანტაცია რეკომენდებულია მას შემდეგ, რაც ყბის ზრდა დასრულებულია, საშუალოდ 18 წლის შემდეგ. ზედა ასაკობრივი ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს. 75-80 წლის პაციენტშიც შეიძლება წარმატებული იმპლანტაცია, თუ საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

- რა დაავადებების დროს უნდა ვიფრთხილოთ და როდის შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა იმპლანტაციაზე უარის თქმის მიზეზი?
- განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება არაკონტროლირებადი დიაბეტის, მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, იმუნოდეფიციტის, ონკოლოგიური მკურნალობის, განსაკუთრებით სხივური თერაპიის დროს. ასევე მნიშვნელოვანია აქვს თუ არა პაციენტს ოსტეოპოროზი და იღებს თუ არა გარკვეული მედიკამენტებს, მაგალითად ბისფოსფონატებს. ეს ავტომატურად არ ნიშნავს უარს იმპლანტაციაზე, მაგრამ მოითხოვს სწორ შეფასებას და ზოგჯერ სხვა სპეციალისტებთან კოორდინაციას.
- რა მინიმალური გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა, რომ დარწმუნდეს - მისი ორგანიზმი მზად არის მსგავსი ჩარევისთვის?
- აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია - CBCT, რომ ზუსტად შეფასდეს ძვლის მდგომარეობა, როგორც მისი სტრუქტურა, ასევე პარამეტრები. ყველა შემთხვევაში ფართო ლაბორატორიული კვლევები აუცილებელი არ არის. ძირითადი კვლევა კომპიუტერული ტომოგრაფიაა - CBCT. თუმცა, თუ პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები ან რისკფაქტორები, შესაძლოა დამატებითი ანალიზებიც გახდეს საჭირო.
- პოტენციური პაციენტებისგან ხშირად გვესმის, რომ უთხრეს, იმპლანტისთვის "საკმარისი ძვალი" არ აქვს. რატომ ხდება ასე და რა გამოსავალს სთავაზობს თანამედროვე მედიცინა ასეთ დროს?
- კბილის დაკარგვის შემდეგ ძვალი იწყებს ატროფიას, ანუ ნელ-ნელა იკლებს მოცულობა. თუ ეს პროცესი წლები გრძელდება, ზოგჯერ იმპლანტისთვის სივრცე აღარ არის საკმარისი. თანამედროვე მედიცინას დღეს ამის გამოსწორება შეუძლია. ესაა ძვლის გადანერგვა, ყბის მოცულობაში გაზრდა, სინუს-ლიფტინგი. რეგენერაციული ტექნოლოგიები დღეს უკვე საშუალებას გვაძლევს პაციენტს ჩავუტაროთ იმპლანტაცია და აღვადგინოთ როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური მხარე.
- რამდენად ტრავმულია თავად პროცესი და რეალურად რამდენი დრო სჭირდება ერთი იმპლანტის ჩასმას?
- თანამედროვე იმპლანტაცია ბევრად ნაკლებად ტრავმულია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ერთი იმპლანტის ჩასმა ხშირად 15-20 წუთში სრულდება და უფრო მარტივია, ვიდრე კბილს ამოღება. ხშირ შემთხვევაში პაციენტი მეორე დღეს ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება.

- რამდენად გამართლებულია კბილის ამოღება და იმავე დღეს იმპლანტის ჩასმა? არის თუ არა ეს ყველა პაციენტისთვის უსაფრთხო?
- დიახ, ესაა დაუყოვნებელი იმპლანტაცია, როცა კბილის ამოღება და იმპლანტის ჩასმა ერთ ვიზიტში ხდება. ის ამცირებს ძვლის დაკარგვის შანსს და მკურნალობის დროს ამოკლებს. მაგრამ ყველა პაციენტისთვის არ გამოდგება. თუ პაროდონტიტის გამო კარგავს პაციენტი კბილს, მაშინ დაუყოვნებელი იმპლანტაცია უკუნაჩვენებია, თუ ჩირქოვანი პროცესია და ამიტომ ხდება კბილის ამოღება, მაშინაც უკუჩვენებაა. ამიტომ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება.
- რა ფაქტორები განსაზღვრავს იმას, მიიღებს თუ არა ორგანიზმი იმპლანტს და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მისი უარყოფა?
- იმპლანტის წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ძვლის ხარისხზე, სტერილურობაზე, ქირურგიულ ტექნიკაზე, პაციენტის ჯანმრთელობაზე და შემდგომ მოვლაზე. ხშირად ამბობენ პაციენტები ამ ტერმინს,მიიღებს თუ არა იმპლანტს ორგანიზმი, სინამდვილეში “ორგანიზმმა არ მიიღო” არასწორი დეფინიციაა. იმპლანტის ინტეგრაციის პრობლემა იშვიათად არის პირდაპირი იმუნოლოგიური პასუხი. უფრო ხშირად პრობლემას იწვევს ინფექცია, გადატვირთვა ან ცუდი ჰიგიენა.
- როგორ მოქმედებს თამბაქოს მოხმარება ან არასწორი ჰიგიენა შეხორცების პროცესზე?
- თამბაქო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რისკფაქტორია. ის ამცირებს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს შეხორცებას და ზრდის იმპლანტის დაკარგვის რისკს. ცუდი ჰიგიენა კი იწვევს პერიიმპლანტიტს - ანთებას იმპლანტის გარშემო, რაც საბოლოოდ ძვლის დაკარგვამდე მიდის და მასთან ერთად იკარგება იმპლანტიც.
- ხშირად კითხულობენ, "წრიპინებს" თუ არა იმპლანტი აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლზე ან უშლის თუ არა ხელს MRI (მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას)?
- არა. თანამედროვე დენტალური იმპლანტები ტიტანისგან მზადდება და პრაქტიკაში არც აეროპორტის კონტროლზე ქმნის პრობლემას და არც MRI კვლევას უშლის ხელს.

- ბევრს ჰგონია, რომ "ხელოვნურ კბილს" განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. რეალურად, როგორ უნდა გავიხანგრძლივოთ იმპლანტის სიცოცხლე?
- ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ჰიგიენა, პროფესიული წმენდა, რეგულარული კონტროლი და ღეჭვითი დატვირთვის სწორი განაწილება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილების ჯანმრთელობა. იმპლანტი არ ნიშნავს გავიკეთოთ და “დავივიწყოთ” - მას მუდმივი მოვლა სჭირდება, ისევე როგორც საკუთარ კბილებს.
- რამდენი ხანი უნდა გაძლოს კარგად გაკეთებულმა იმპლანტმა – მთელი ცხოვრება თუ რამდენიმე წელიწადში გამოცვლა დასჭირდება?
- კარგად დაგეგმილმა და სწორად მოვლილმა იმპლანტმა შეიძლება ათწლეულები-ხშირად მთელი ცხოვრებაც კი გაძლოს. მსოფლიოში არსებობს 30-40 წლის წარმატებით ფუნქციონირებადი იმპლანტებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულია როგორც ექიმის მუშაობაზე, ისე პაციენტის მოვლასა და კონტროლზე.