რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან

- მიჩნეულია, რომ თუ ბავშვი სწორად იკვებება, 6-8 თვის ასაკში პირველი სარძევე კბილები უნდა ამოეჭრას, მაგრამ ხშირად კბილები ერთი შეხედვით უმიზეზოდ იგვიანებენ. რატომ?

- თუ პატარა ჯანმრთელია, მაგრამ 9-12 თვისას კბილები ჯერ კიდევ არ ამოსვლია, ბებიებს უნდა ვკითხოთ, როდის ამოეჭრათ კბილები ბავშვის დედიკოსა და მამიკოს - დაგვიანების მიზეზი, ისევე როგორც კბილების ნაადრევი ამოჭრისა და თანდაყოლილი კბილებისა, ხშირად გენეტიკურია. კბილების ამოსვლა უგვიანდებათ დღენაკლულ, სუსტ, მცირე წონით დაბადებულ, პირველ თვეებში ხშირად მოავადე, რაქიტიან ბავშვებს. პატარას კბილების ამოჭრის დრო რომ მოუვა, სასურველია, პირად პედიატრთან შეთანხმებით მისცეთ კალციუმის პრეპარატი.

 

- როგორ შევიტყოთ, მალე ამოუვა თუ არა პატარას კბილები?

- კბილების ამოსვლის ყველაზე ადრეული ნიშანია გაძლიერებული ნერწყვდენა. ის ამოჭრამდე ორი თვით ადრე იწყება და ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით არის განპირობებული. ნერწყვის ყლაპვა პატარამ ჯერ არ იცის, ამიტომ ის ნიკაპსა და ყელზე გადმოსდის, ყელის ნაკეცებში უგროვდება და კანს უღიზიანებს. ასე რომ, აუცილებელია ამ ადგილების კარგად მოვლა, გამშრალება, საბავშვო ლოსიონით გაწმენდა. გარდა ამისა, ბავშვი ამ დროს გაღიზიანებულია, გამოუძინებელი, წუხს, ჭირვეულობს, ჭამაზე უარს ამბობს. ასეთი მდგომარეობა იმუნიტეტს ასუსტებს და ორგანიზმს სასუნთქი სისტემისა და ნაწლავური ინფექციების მიმართ მგრძნობიარეს ხდის, ამიტომ ბავშვი უნდა მოარიდოთ უცხო პირებთან კონტაქტს, სტუმრიანობას. თვალყური ადევნეთ, რომ პირში ჭუჭყიანი ხელი ან სათამაშო არ ჩაიდოს. და კიდევ  - პირის ღრუს თუ კარგად დაათვალიერებთ, შეამჩნევთ, რომ იმ ადგილას, სადაც კბილმა უნდა ამოყოს თავი, ღრძილი შეშუპებული და შეწითლებულია. ეს ადგილები პატარას ძალიან ექავება და უხურს, ამიტომ ცდილობს, მყარი და ცივი საგნები ჩაიდოს პირში.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვს კბილების ამოჭრის პროცესი გავუადვილოთ?

- შეწითლებულ და შესივებულ ღრძილებზე წაუსვით სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი გელი. აქაც სიფრთხილე გმართებთ - უმჯობესია, პირად პედიატრთან შეათანხმოთ, რომელი გელი აჯობებს თქვენი პატარასთვის. ხშირად ასეთი გელი ალერგიასაც კი აძლევს ბავშვს. ქავილსა და ტკივილს სიცივე აცხრობს, ამიტომ ასეთ დროს პატარები ცივ საგნებს ეტანებიან. არსებობს სითხით სავსე სპეციალური რგოლები, რომლებსაც რამდენიმე წუთით მაცივარში ათავსებენ და ამის შემდეგ აძლევენ ბავშვს.

- როგორ ვკვებოთ პაწია ასეთ დროს?

- სასურველია რაციონში ცვლილებების შეტანა. ამ პერიოდში წოვის რეფლექსს ღრღნისა და კბენის რეფლექსი ცვლის, ამიტომ ბავშვს მხოლოდ თხიერი და რბილი საკვები არ ეყოფა, მიეცით ორცხობილა, სტაფილოს მრგვალი ნაჭრები, გათლილი ვაშლი, მთლიანი (დაუჭრელი) გათლილი კიტრი, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ ღრღნასა და კბენაში დიდი ნაწილი არ მოაკვნიტოს და არ გადასცდეს. ღეჭვა აუმჯობესებს ღრძილებში სისხლის მიმოქცევას, ავარჯიშებს და ამაგრებს უკვე ამოსულ კბილებს, ხელს უწყობს ამოსაჭრელთა კვებას, მეტყველების სწორ ფორმირებას. საკვები ისეთი სისქისა უნდა მოამზადოთ, რომ კოვზით აჭამოთ. ბავშვებს, რომელთაც პატარაობისას ძირითადად თხიერ საკვებსა და ფაფებს აძლევდნენ ან გვიან გადაიყვანეს მაგარ საკვებზე, ლოგოპედიური დარღვევები უფრო ხშირად აღენიშნებათ.

- სარძევე კბილების ამოჭრას მატყუარა საწოვარაც აფერხებს?

- არა მარტო საწოვარათი ხანგრძლივი კვება, არამედ მატყუარა საწოვარაც საგრძნობლად აფერხებს კბილების ამოჭრას, ამიტომ როგორც კი პირველი კიჭი გამოჩნდება, პატარა მატყუარას უნდა გადააჩვიოთ. სხვაგვარად კბილები წინ წამოიწევს და ბავშვს სახის მოყვანილობა შეეცვლება.


- ცნობილია, რომ სარძევე კბილები გარკვეული თანამიმდევრობით ამოდის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს თანამიმდევრობა ირღვევა...

- ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმდენად კბილების ამოჭრის დრო არ მეტყველებს, რამდენადაც მათი ამოჭრის თანამიმდევრობა. თუ ის დარღვეულია, უთუოდ უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში პედიატრი და ბავშვი სტომატოლოგთან მიიყვანოთ. ამა თუ იმ ასაკში კბილების აუცილებელი რაოდენობის დასადგენად სტომატოლოგები ასეთ ფორმულას იყენებენ: რ(ასაკი თვეებში)-6. ამ ფორმულის მიხედვით, 7 თვის პატარას ერთი კბილი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ძალზე ზოგადი წესია, კბილების ამოსვლის დრო, საბოლოო ჯამში, მაინც ინდივიდუალურია. კბილების ამოსვლის თანამიმდევრობის შეფერხება კი მუცლადყოფნის პერიოდში არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებაზე მეტყველებს. ეს ფაქტორებია დედის მიერ გადატანილი ვირუსული დაავადება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, არასრულფასოვანი კვება, სტრესები და სხვა.

- სარძევე კბილებზე ხშირად ჩნდება მოყვითალო ლაქები ან კბილის მინანქარი ტალღისებურია. რით არის გამოწვეული ასეთი ცვლილებები?

- ახალამოსული კბილის კიდეს ხშირად ტალღისებური მოყვანილობა აქვს. ღეჭვის პროცესში იგი თანდათან გლუვდება და სწორდება. სხვა რამეა გოფრირებული, გადაქექილი მინანქარი. ის კალციუმის დეფიციტის, საკვების უკმარისობისა და ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადების შედეგია. კბილების სიყვითლეს ტეტრაციკლინის მიღება იწვევს. ეს პრეპარატი დროთა განმავლობაში ამუქებს მინანქარს და კბილების ამოსვლასაც აფერხებს. კბილის მინანქარი მაგარი რომ იყოს, პედიატრები ბავშვს კალციუმის დოტაციას უტარებენ. ეს ნიშნავს კალციუმის პრეპარატის მიღებას დღეში სამჯერ ორი კვირის განმავლობაში.

- კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი რაქიტს იწვევს. რა გავლენას ახდენს ეს დაავადება კბილების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესზე?

- რაქიტის შედეგად ძვლოვან სისტემაში ვითარდება დამახასიათებელი ცვლილებები. ამ ცვლილებებს ახასიათებს ერთგვარი კანონზომიერება და მას უპირატესად დაღმავალი ხასიათი აქვს. რაქიტის საწყის პერიოდში, რაც უმეტესად სიცოცხლის პირველი წლის ნახევარს ემთხვევა, თავს იჩენს ცვლილებები უპირატესად თავის ქალას თხელ და ბრტყელ ძვლებში, შემდეგ - გულმკერდის ძვლებში, ხოლო პირველი წლის დასასრულს - კიდურების, ხერხემლის, დაბოლოს, ყბის ძვლებში. რაქიტგადატანილ ბავშვებში ხშირია თანკბილვის დარღვევა (ათიდან 7 შემთხვევაში აღნიშნავენ). განვითარების ჩამორჩენის გამო ქვედა ყბა ვიწროვდება, რასაც ღრმა თანკბილვა და სხვა დეფორმაციები მოჰყვება, ზედა ყბის რაქიტული ცვლილებების გამო კი ვითარდება მაღალი სასა - ე.წ. გოთიკური თაღი. ამ მოვლენას უკავშირებენ ცხვირის ძგიდის გამრუდებას და ცხვირის გასავლების სივიწროვეს. კბილების ამოსვლის დაგვიანება და ამოჭრის თანამიმდევრობის დარღვევა რაქიტის ასიდან 46-47 შემთხვევაში შეინიშნება. არანამკურნალებ რაქიტიან ბავშვებს კბილების ამოსვლა ასიდან 55 შემთხვევაში უგვიანდებათ. გარდა ამისა, ასეთი ბავშვები კბილის კარიესისადმი არიან მიდრეკილნი. მათ ხშირად აღენიშნებათ მინანქრის დეფექტი - ჰიპოპლაზია. ამ მოვლენას განიხილავენ როგორც კბილების მინერლიზაციის დარღვევის შედეგს.

- რას ნიშნავს თანკბილვა და რამდნად მნიშვნელოვანია ამ დეფექტის დროული აღმოფხვრა?

- თანკბილვა ზედა და ქვედა ყბების შენაცვლების ანომალიაა. ის კბილების კარიესულ დაზიანებას არ იწვევს. კარიესის განვითარებას ხელს უწყობს კბილთა დგომის ანომალია, განსაკუთრებით - მჭიდრო დგომა, როცა დარღვეულია კბილების თვითგაწმენდა. თანკბილვის ანომალიები, მით უფრო - ღრმა თანკბილვა, ზემოთ აღნიშნული მჭიდრო დგომა აზიანებს პაროდონტს - კბილის საყრდენ ქსოვილს - და ღრძილების ანთებით დაავადებას გინგივიტს იწვევს. დროულად და სრულყოფილად ჩატარებული ორთოდონტიული მკურნალობა ანუ თანკბილვისა და კბილთა დგომის ანომალიების აღმოფხვრა პაროდონტოზის პროფილაქტიკაა.

- სჭირდება თუ არა სარძევე კბილებს მკურნალობა და რა თავისებურებები ახლავს თან ბავშვების მკურნალობას?

- ბავშვთა ასაკში კბილების მკურნალობა უამრავი თავისებურებით გამოირჩევა. აუცილებელია სარძევე და მუდმივი კბილების ამოჭრის, ფესვების ჩამოყალიბების, გაწოვის ვადების ზუსტი ცოდნა. უამისოდ მკურნალობის მეთოდის შერჩევა შეუძლებელია. მაგრამ მთავარი სირთულე ფსიქოლოგიურ ფაქტორს უკავშირდება. ბავშვისა და მისი მშობლების ნდობის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. რაც შეეხება მოარულ აზრს, თითქოს სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდებოდეს - ეს დიდი შეცდომაა. კბილის კარიესული დაზიანების შემთხვევაში მშობლებმა შვილი დროულად უნდა მიიყვანონ სტომატოლოგთან. თუ გსურთ, პატარას ჯანსაღი კბილები ჰქონდეს, ძუძუ აწოვეთ - დედის რძე ხომ ასე მდიდარია კალციუმით, რომელიც კბილებისა და ძვლების მშენებლობისთვის არის აუცილებელი. ამ ელემენტის შემცველობით ქალის რძეს არც ძროხისა ჩამოუვარდება, მაგრამ მასში შემავალ კალციუმს ორგანიზმი ისე ვერ ითვისებს, როგორც დედის რძისას. ექვსი თვიდან კი კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებად ბავშვს კალციუმის დამატებითი წყარო უნდა დაენიშნოს.


- როგორ მოვუაროთ სარძევე კბილებს, რა ასაკიდან ვასწავლოთ პატარას კბილების გამოხეხვა?

- სარძევე კბილებს ისევე უნდა მოვლა, როგორც ძირითადს. მათზე ზრუნვას პირველი კბილის ამოსვლისთანავე უნდა შეუდგეთ. თავდაპირველად ბავშვს კბილები ანადუღარ წყალში დასველებული დოლბანდით უნდა გაუწმინდოთ. არც ენა დაივიწყოთ. კბილების წმენდას რომ მორჩებით, დოლბანდი გამოცვალეთ და ენაც გაუწმინდეთ. არსებობს სპეციალური ჯაგრისი-მასაჟორიც, რომელიც 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის პატარებისთვის არის განკუთვნილი. ის ანტიალერგიული რეზინისგან არის დამზადებული და სათითურის ფორმა აქვს, ზედაპირზე კი რამდენიმე რკალად სილიკონის რბილი ჯაგრისებია განლაგებული. კბილების გაწმენდის შემდეგ სათითური გამდინარე წყლით უნდა გარეცხოთ, კარგად გაამშრალოთ და ისე შეინახოთ. ორ წლამდე პირის ღრუს გაწმენდა საკმარისია დღეში ერთხელ, ძილის წინ. ასაკის მომატებასთან ერთად პაწიას  ჯაგრისის ხელში დაჭერა ასწავლეთ და საუზმის შემდეგაც მიაჩვიეთ კბილების წმენდას, შუალედური კვების შემდეგ კი პირში წყალი გამოავლეთ. დაბეჯითებით გირჩევთ, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე პირადი მაგალითით ასწავლოთ პირის ღრუს სწორი ჰიგიენა.

- როგორი ჯაგრისი შევურჩიოთ პატარას, რამდენ ხანში ერთხელ გამოვცვალოთ იგი და როგორ მოვუაროთ თვით ჯაგრისს?

- ჯაგრისის შეძენისას დაუკვირდით კოლოფს. მის ზედაპირზე მითითებული უნდა იყოს, რა ასაკიდან არის იგი რეკომენდებული. ჯაგრისს კბილის ზომის შესაბამისი თავი უნდა ჰქონდეს, ხოლო კიდეები - მომრგვალებული, რათა ნაზი ლორწოვანი არ დააზიანოს. ღერები სინთეტიკური სჯობს, რადგან ნატურალური მასალა მეტისმეტად ფოროვანია, რის გამოც ღერებს შორის ბაქტერიები იოლად იბუდებენ და მრავლდებიან. ჯაგრისის ტარი განიერი, მოხერხებული დასაჭერი და, რაც მთავარია, მიმზიდველი, ლამაზად გაფორმებული უნდა იყოს. სასურველია, ჯაგრისი ბავშვის კვებისა და ჰიგიენური ნივთების მაღაზიაში შეიძინოთ - გარანტია, რომ ნაწარმი ხარისხიანი იყოს, უფრო მეტია. უხარისხო ჯაგრისმა შესაძლოა პატარას ნაზი ლორწოვანი დაუზიანოს და სისხლი ადინოს. ჯაგრისის შესანახად გამოყავით პლასტმასის ჭიქა, გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხეთ ცივ, გამდინარ წყალში, დაფერთხეთ და ჭიქაში ჩადეთ. აღარ შევაჩერებ ყურადღებას იმაზე, რამდენად აუცილებელია ბავშვის ჯაგრისის უფროსების ჯაგრისებისგან განცალკევება. ჯაგრისს ხშირად მოჰყვება ფუტლარი, რომელიც მოგზაურობისას გამოგადგებათ, მასში ჯაგრისის ყოველდღიურად შენახვა კი არ შეიძლება - დახურულ სივრცეში ღერები ძნელად შრება, ტენიან ზედაპირზე კი მიკრობები იოლად მრავლდებიან.

- ჯაგრისზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კბილის პასტის შერჩევაც. რას გვირჩევთ?

- კბილის პასტაც საბავშვო უნდა იყოს - მასში ნაკლებია ფთორი. საქმე ის გახლავთ, რომ პატარებს კბილების ხეხვისას პასტა ხშირად ეყლაპებათ. პასტაში შემავალი ფთორი კი, მართალია, მინანქარს ამაგრებს, მაგრამ ჭარბი ოდენობით ორგანიზმისთვის ტოქსიკურია. მოზრდილთა კბილის პასტებში ამ ნივთიერების შემცველობა უფრო მაღალია. თუ პატარას კბილის პასტა გადაეყლაპა, ამის გამო განგაშს ნუ ატეხთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, კბილების ხეხვის დროს იგი აბაზანაში უყურადღებოდ არ დატოვოთ. სჯობს, ეს პროცედურა პატარამ თქვენი თანდასწრებით ჩაატაროს. მოარიდეთ ბავშვი საღეჭ რეზინს, მით უმეტეს - თუ კბილები დაბჟენილი აქვს; ფერად სასმელებს - ისინი ფერს უცვლიან კბილის მინანქარს. სარძევე კბილის დაზიანების შემჩნევისთანავე მიმართეთ სტომატოლოგს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენს შვილს მოწიფულ ასაკში ჯანმრთელი კბილები, ჰიგიენური პირის ღრუ და მომხიბლავი ღიმილი ექნება, ჯანსაღი კბილები კი ორგანიზმის სიჯანსაღის საწინდარია.