ყველაფერი კბილის ამოღების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ, თუ კბილის ამოღებას ვაპირებთ — სრული გზამკვლევი პაციენტებისთვის

ეს კი სწორედ ის პროცედურაა, რომლის მიმართაც ყველაზე მეტი შიში, კითხვა და მითი არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის მარტივად აგვეხსნა — როდის არის ამოღება აუცილებელი, როგორ ტარდება პროცედურა და რას გვთავაზობს თანამედროვე სტომატოლოგია, რომ ყველაფერი იყოს უსაფრთხო და უმტკივნეულო. ამ და მრავალ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება სტომატოლოგიური კლინიკა ადენტას ხემძღვანელი, სტომატოლოგი ქირურგი მანანა ბურჭულაძე

- ქალბატონო მანანა, რას ნიშნავსკბილის ამოღებათანამედროვე სტომატოლოგიაში?

- კბილის ამოღება (ექსტრაქცია) თანამედროვე სტომატოლოგიაში გულისხმობს კბილის სრულ, ატრავმულ და უმტკივნეულო მოცილებას ალვეოლური ბუდიდან. ეს პროცედურა უკიდურესი ზომაა და მისი მიზანია პირის ღრუს სხვა დანარჩენი სტრუქტურების, მათ შორის მეზობელი კბილების და ყბის ძვლის, ჯანმრთელობის შენარჩუნება.

თანამედროვე სტომატოლოგიის მთავარი პრინციპია: "შეინარჩუნე მაქსიმალურად". კბილის ამოღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მკურნალობა ან რესტავრაცია შეუძლებელია ან უშედეგოა, და იგი საფრთხეს უქმნის მთლიან ორგანიზმს.

- როდის არის აუცილებელი კბილის ამიღება და როდის – არა?

კბილის ამოღება აუცილებელია:

* თუ კბილის ფესვი ან გვირგვინი იმ დონეზეა დაზიანებული კარიესით, მოტეხილობით ან ტრავმით, რომ მისი რესტავრაცია შეუძლებელია (მაგალითად, კბილის ნარჩენი დგას ძვლის დონეზე ან უფრო ღრმად).

* თუ პაროდონტიტის გამო კბილის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის დიდი დანაკარგია, კბილი მეტისმეტად მოძრავია (III-IV ხარისხი) და მისი მკურნალობა არაეფექტურია.

* თუ პაციენტს აქვს ვიწრო ყბა (კბილების საერთო ზომა აღემატება ყბის სიგრძეს), მაშინ კბილების გასწორების (ბრეკეტების) დროს ზოგიერთი ჯანმრთელი კბილის ამოღება აუცილებელი ხდება სხვა კბილების სწორ პოზიციაში ჩადგომისთვის.

* თუ კბილის ფესვთან არის ქრონიკული ან მწვავე ანთებითი პროცესი (კისტა, გრანულომა), რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ ენდოდონტიურ მკურნალობას (ფესვის არხის მკურნალობა).

* თუ სიბრძნის კბილი არასწორად ამოიჭრება, იწვევს ანთებას (პერიკორონიტი), ტკივილს, აზიანებენ მეზობელ კბილს ან ხელს უშლის თანკბილვას.

* თუ კბილი ხელს უშლის ხარისხიანი პროთეზის (მაგალითად, სრული მოსახსნელი პროთეზის) დამზადებას.

არ არის აუცილებელია ამოღება თუ კბილი ექვემდებარება ბჟენით, ინლეით ან გვირგვინით რესტავრაციას, ან თუ შესაძლებელია ხელმეორე ენდოდონტიური მკურნალობა (Re-treatment) ან ფესვის თავის რეზექციის ოპერაცია.

არ ვუღებთ კბილს მაშინაც, თუ კბილი მოძრაობს I-II ხარისხით, მაგრამ მისი სტაბილიზაცია შესაძლებელია პაროდონტოლოგიური მკურნალობითა და შინირებით.

- კბილის ამოღებასთან დაკავშირებული მრავალი მითი არსებობს. გვესაუბრეთ მათზე

კბილის ამოღება (ექსტრაქცია) დღემდე ასოცირდება რამდენიმე მითთან და მცდარ წარმოდგენასთან, რომლებიც პაციენტებს შიშს უნერგავს. ეს შიშები, უმეტესად, ძველად არსებული, ნაკლებად დახვეწილი მეთოდების გამო ჩამოყალიბდა.

მითი 1: "კბილის ამოღება ყოველთვის აუტანლად მტკივნეულია."

რეალურად თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოიყენება ულტრა-ეფექტური ადგილობრივი ანესთეზია, რაც პროცედურას სრულიად უმტკივნეულოს ხდის. პაციენტი გრძნობს მხოლოდ წნევას და დაძაბულობას, მაგრამ არა ტკივილს.

მითი 2: "ამოღების შემდეგ სახე აუცილებლად შემიშუპდება და დიდხანს ვიქნები შრომისუუნარო."

რეალურად ატრავმული ექსტრაქციის ტექნიკის გამოყენებით (ძვლის მინიმალური ტრავმატიზაცია), შეშუპება და დისკომფორტი ხშირად მინიმალურია. მართალია, რთული ამოღების დროს შესაძლოა იყოს შეშუპება, მაგრამ ის პიკს აღწევს 48 საათში და შემდეგ სწრაფად იკლებს.

მითი 3: "ორსულობის დროს კბილის ამოღება მკაცრად აკრძალულია."

რეალურად მეორე ტრიმესტრი ითვლება ყველაზე უსაფრთხო პერიოდად გადაუდებელი სტომატოლოგიური ჩარევებისთვის. მწვავე ინფექციის შემთხვევაში, ამოღება აუცილებელია ნებისმიერ ტრიმესტრში, რადგან ინფექცია უფრო დიდ საფრთხეს უქმნის დედასა და ნაყოფს, ვიდრე უსაფრთხო ანესთეზია.

მითი 4: "ამოღების შემდეგ დიდხანს ვერ შევჭამ და მხოლოდ თხევადი საკვებია ნებადართული."

რეალურად საკვების მიღება დაშვებულია ანესთეზიის გასვლის შემდეგ. მთავარია, რომ საკვები იყოს რბილი, გრილი ან თბილი და არა ცხელი. მყარი საკვები იკრძალება მხოლოდ პირველი 24-48 საათის განმავლობაში და სასურველია მეორე მხარეს ღეჭვა.

მითი 5: "კბილის ამოღების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკების მიღება."

რეალუეად ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით (მაგალითად, ფართო ანთებითი პროცესი, დაქვეითებული იმუნიტეტი ან გარკვეული ქრონიკული დაავადებები). სტანდარტული ექსტრაქციის დროს ანტიბიოტიკების დალევა არ არის საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ ორგანიზმის რეზისტენტობა.

- რატომ რთულდება ზოგჯერ კბილის ამოღება?

- კბილის ამოღება რთულდება იმის გამო, რომ კბილი შეიძლება იყოს მყარად დაფიქსირებული ძვალში და მისი სტრუქტურა იყოს არასტანდარტული, რაც ხელს უშლის მის მარტივად გათავისუფლებას ალვეოლური ბუდიდან.

ყველაზე ხშირად ამოღება რთულდება სიბრძნის კბილების (მერვე კბილების) შემთხვევაში, როდესაც კბილი ამოუჭრელია (რეტენცირებული) ან ნაწილობრივაა ამოჭრილი. ამ დროს კბილი დაფარულია ღრძილითა და ძვლოვანი ქსოვილით. ამოღებისთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა და ძვლის მოცილება.

გართულებას იწვევს ფესვების ანომალიებიც. კბილს შეიძლება ჰქონდეს არასტანდარტული ფესვები — ისინი შეიძლება იყოს მეტისმეტად მოხრილი, კაუჭისებრი ან მრავალფესვიანი. ასეთი ფესვები ხელს უშლის კბილის პირდაპირ ამოღებას.

გართულებუს მიზეზი ხდება ფესვების ანკილოზი. ეს ნიშნავს, რომ კბილის ფესვი შერწყმულია ყბის ძვალთან ტრავმის ან ინფექციის შედეგად. ასეთი კბილი არ არის მოძრავი და მისი ამოღება მოითხოვს დანაწევრებას ან ძვლის მცირე ნაწილის მოცილებას.

მკვრივი და სქელი ყბის ძვალი (ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში) ართულებს კბილის მოძრაობას და გათავისუფლებას ალვეოლიდან.

კბილის ამოღება რთულდება, თუ კბილი ძლიერ დანგრეულია ან ამოღების დროს ფესვის ფრაგმენტი რჩება ბუდეში. ამ ფრაგმენტის ამოსაღებად საჭიროა დამატებითი მანიპულაციები.

კბილის ამოღების სირთულეს ზრდის მნიშვნელოვან ანატომიურ სტრუქტურებთან სიახლოვე. მაგალითად, ქვედა ყბაზე მანდიბულურ ნერვთან, ხოლო ზედა ყბაზე სინუსურ ღრუსთან ახლოს მდებარეობა.

რთული ექსტრაქცია ხშირად საჭიროებს კბილის დანაწევრებას რამდენიმე ფრაგმენტად და მათ ცალ-ცალკე ამოღებას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყბის ძვლის ტრავმა.

- რატომ ვერ ხსნის ანტიბიოტიკი ზოგ სიტუაციაში ინფექციის პრობლემას და მაინც ხდება საჭირო ამოღება?

ანტიბიოტიკები არის სისტემური საშუალებები, რომლებიც სისხლის ნაკადით აღწევს ქსოვილებში და ებრძვის ბაქტერიებს. თუმცა, ზოგიერთ სტომატოლოგიურ ინფექციაში მათი ეფექტი შეზღუდულია:

  • თუ კბილის ფესვთან არის აბსცესი, კისტა ან გრანულომა, რომელიც დახურულია და ჩირქი ვერ გამოდის (არ არის დრენირებული), ანტიბიოტიკი ვერ აღწევს ამ მკვრივ, დახურულ კერაში საკმარისი კონცენტრაციით, რადგან სისხლმომარაგება ამ ზონაში შეზღუდულია. ჩირქის ევაკუაცია (ამოღება ან დრენირება) აუცილებელია.
  • ინფექცია, რომელიც დაკავშირებულია კბილის ნეკროზულ პულპასთან (მკვდარ ნერვთან), არ შეიძლება განიკურნოს ანტიბიოტიკებით, რადგან წამალი ვერ აღწევს კბილის შიგნით (არხში), სადაც ბაქტერიები ბინადრობენ. ამ შემთხვევაში აუცილებელია მექანიკური დამუშავება და ფესვის არხის დეზინფექცია.
  • ანტიბიოტიკს არ შეუძლია დაშლილი კბილის ქსოვილის, ნეკროზული ძვლის ან კბილის ქვის "განკურნება". ეს ფიზიკურად უნდა მოცილდეს (ამოღებით ან გაწმენდით), რადგან ეს სტრუქტურები ბაქტერიების მუდმივი რეზერვუარია.

ანტიბიოტიკი მხოლოდ დროებით ამშვიდებს მწვავე სიმპტომებს (ტკივილი, შეშუპება), მაგრამ არ აშორებს ინფექციის პირველად მიზეზს, რომელიც აზიანებს კბილის ფესვი ან გვირგვინი. ამიტომ, თუ კბილის შენარჩუნება შეუძლებელია, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ამოღებაა.

- გაუტკივარებირა სახეობები არსებობს და როგორ ხდება შერჩევა?

- უმტკივნეულოდ კბილის ამოღება თანამედროვე სტომატოლოგიური ქირურგიის ფუნდამენტური მოთხოვნაა.

ანესთეზიის არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პროცედურის სირთულესა და პაციენტის შიშის ხარისხზე (ფობია).

ანესთეზიის ძირითადი სახეობები:

ადგილობრივი ანესთეზია (ლოკალური):

  • ინფილტრაციული ანესთეზია: ეს არის ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ზედა ყბის კბილების ანესთეზირებისთვის. საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ უშუალოდ კბილის ფესვის წვეროსთან ძვლის რბილ ქსოვილში. ეფექტი ვრცელდება შეყვანის ზონაში.
  • გამტარებლობითი (რეგიონალური) ანესთეზია: გამოიყენება ძირითადად ქვედა ყბის კბილების ამოღებისთვის, რადგან ქვედა ყბის ძვალი უფრო მკვრივია. საანესთეზიო შეჰყავთ ნერვულ ღეროსთან, რომელიც აინერვირებს ყბის მთელ ნახევარს, რის გამოც დუნდება მთელი ნახევარი.
  • აპლიკაციური (ზედაპირული) ანესთეზია: გამოიყენება გელის ან სპრეის სახით ინექციის ადგილის გაყუჩებისთვის, რათა პაციენტმა თავად ინექციის მომენტიც კი ვერ იგრძნოს.

სედაცია (სამედიცინო ძილი):

  • აზოტის ქვეჟანგის სედაცია: გამოიყენება მსუბუქი შფოთვის მოსახსნელად, განსაკუთრებით ბავშვებში. პაციენტი რჩება გონზე, მაგრამ არის მშვიდი და მოდუნებული.
  • ინტრავენური სედაცია: ეს არის ღრმა რელაქსაციის მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს არაფერი ახსოვს, თუმცა ის არ არის სრული ნარკოზი. გამოიყენება ძლიერი შიშის ან რთული ქირურგიული ჩარევების დროს.

ზოგადი ანესთეზია (ნარკოზი): ცნობიერების სრული დათრგუნვა გამოიყენება უკიდურესად რთული, მრავალსაათიანი ოპერაციების, ან სტომატოფობიის (პანიკური შიში) მქონე პაციენტებში, როდესაც სხვა მეთოდი არ მუშაობს. საჭიროებს ანესთეზიოლოგის გუნდს და სპეციალურ აპარატურას.

ექიმი ანესთეზიის სახეობას ირჩევს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • ალერგიები საანესთეზიო საშუალებებზე, ქრონიკული დაავადებები (მაგ., ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები).
  • სტანდარტული ამოღება ადგილობრივი ანესთეზიით ხდება, რთული ექსტრაქცია (მაგ., რეტენცირებული სიბრძნის კბილი) შეიძლება სედაციას საჭიროებდეს.
  • თუ პაციენტს აქვს ძლიერი შიში, უპირატესობა ენიჭება სედაციას.
  • ორსულობა/ლაქტაციუს დროს ირჩევენ კონკრეტულ საანესთეზიო პრეპარატებს ადრენალინის დაბალი შემცველობით.

- აუცილებელია თუ არა ალერგიული ტესტირება ანესთეზიამდე?

- ალერგიული ტესტირება (სინჯი) რუტინულად ყველა პაციენტზე არ ტარდება. ამის საჭიროება მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანს ადრე ჰქონია საეჭვო რეაქცია ანესთეზიაზე, სხვა წამალზე, ან აქვს მძიმე ალერგიული ანამნეზი (მაგალითად, გენერალიზებული გამონაყარი, ყელის შეშუპება, ანაფილაქსიის ეპიზოდი).

უნდა აღინიშნოს, რომ სტომატოლოგიური საანესთეზიო საშუალებები ძალიან იშვიათად იწვევს ნამდვილ ალერგიას. უმეტეს შემთხვევაში, რასაც პაციენტები „ალერგიას“ ეძახიან, სინამდვილეში არის ან შიშისგან გამოწვეული ტაქიკარდია, ან ანესთეტიკაში შემავალი ადრენალინის ფიზიოლოგიური ეფექტი — გულის აჩქარება, ხელების სუსხი, მსუბუქი თავბრუსხვევა.

თუ არსებობენ რეალური რისკ–ფაქტორები, ვაკეთებთ ორი ტიპის შეფასებას: კანის სკარიფიკაციის ტესტი (მცირე დოზით), ან კონსულტაცია ალერგოლოგთან (საჭიროების შემთხვევაში).

ტესტირების ჩატარების მიზანი მარტივია — დავრწმუნდეთ, რომ არჩეული ანესთეზია აბსოლუტურად უსაფრთხოა კონკრეტული პაციენტისთვის.

- რა შეცდომებია გავრცელებული პაციენტებს შორის ანესთეზიასთან დაკავშირებით?

პაციენტებს შორის ანესთეზიასთან დაკავშირებით რამდენიმე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა და შეცდომა არსებობს, რომლებიც ხშირად შიშისგან ან ინფორმაციის ნაკლებობისგან მოდის.

  • ანესთეზიის შიში უფრო მეტია, ვიდრე ამოღების: პაციენტები ხშირად შიშობენ ნემსის გაკეთებას თუმცა თანამედროვე ტექნიკით (აპლიკაციური ანესთეზია და თხელი ნემსები) ტკივილი მინიმალურია ან საერთოდ არ იგრძნობა.
  • "საანესთეზიო არ გაჭრის": ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით მწვავე ანთების ფონზე, ჰგონია, რომ გაყუჩება ვერ მოხდება. რეალურად, ანთებით გარემოში მჟავიანობა მაღალია, რაც ამცირებს საანესთეზიოს ეფექტს. თუმცა, ექიმმა იცის ეს ფაქტორი და იყენებს გაძლიერებულ ანესთეზიას ან ჯერ ხსნის ანთების მწვავე სტადიას.
  • ანესთეზიის გაქრობის ლოდინი: ზოგიერთი პაციენტი ცდილობს დაუყოვნებლივ მიირთვას ამოღების შემდეგ, სანამ ანესთეზია ბოლომდე არ გამოსულა. ამ დროს შეიძლება დაზიანდეს ტუჩი ან ლოყა (დაიწვას ან დაიჭრას), რადგან არ გრძნობენ შეხებას და ტემპერატურას.
  • ცრუ ალერგიული რეაქცია: ზოგიერთი პაციენტი უარყოფით რეაქციას (მაგ., გულის აჩქარება ან თავბრუსხვევა), რომელიც გამოწვეულია საანესთეზიოში შემავალი ადრენალინისგან (ვაზოკონსტრიქტორი), ალერგიად აღიქვამს. ალერგია იშვიათია, ხოლო ადრენალინზე რეაქცია ნორმალურია. ექიმისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, რათა გამოიყენოს ადრენალინის მინიმალური ან ნულოვანი შემცველობის პრეპარატი.

. როგორია კბილის ამოღების სტანდარტული პროტოკოლი? აღგვიწერეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი და გაგვიმარტეთ, რა შეგრძნებები აქვს რეალურად პაციენტს ანესთეზიის ფონზე.

- კბილის ამოღება, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, საკმაოდ სწრაფი და ნაკლებად დრამატული პროცესია, ვიდრე პაციენტებს წარმოუდგენიათ.

ეტაპობრივი პროცესი და შეგრძნებები:

  1. გაყუჩების მომზადება (აპლიკაციური): პირის ღრუს ლორწოვანზე უსვამენ გელს ან სპრეის. იგრძნობა ოდნავი დაბუჟება ან სიცივე.
  2. ანესთეზიის შეყვანა (ინექცია): ნემსის ჩხვლეტის მომენტი პრაქტიკულად არ იგრძნობა. იგრძნობა წნევა ქსოვილში სითხის შეყვანის დროს. რამდენიმე წუთში პაციენტს ეწყება ტუჩის, ლოყის ან ენის დაბუჟებას. ეს ნიშნავს, რომ ნერვული დაბოლოებები დროებით გაითიშა. ექიმი ამოწმებს ანესთეზიის ეფექტურობას.
  3. კბილის მოძრაობა (დისლოკაცია): ეს არის ამოღების მთავარი ეტაპი. ექიმი იყენებს სპეციალურ ინსტრუმენტებს (ლიფტს და მაშებს) კბილის მოსადუნებლად და ბუდიდან გასათავისუფლებლად. პაციენტი არ გრძნობს ტკივილს, მაგრამ გრძნობს ძლიერ წნევასა და დაძაბულობას. ეს არის ყველაზე უჩვეულო და ხშირად შემაშფოთებელი შეგრძნება. შეიძლება გაიგონოს ხრაშუნის ხმა, რაც ნორმალურია (ძვლის ბუდე ფართოვდება).
  4. კბილის ამოღება (ექსტრაქცია): მას შემდეგ, რაც კბილი სრულად მოძრაობას დაიწყებს, ამოღება ხდება სწრაფად. იგრძნობა უეცარი სიცარიელე პირის ღრუში.
  5. ბუდის დამუშავება და ნაკერი (საჭიროებისამებრ): ექიმი ბუდეს ასუფთავებს და, საჭიროების შემთხვევაში, ადებს ნაკერს. პაციენტი კვლავ გრძნობს მხოლოდ შეხებას და წნევას.

მთელი პროცედურის განმავლობაში, კარგად გაკეთებული ანესთეზიის შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა იგრძნოს მჭრელი ტკივილი

- კბილის ბუდის სიმშრალე რატომ ვითარდება და როგორ ავიცილოთ თავიდან?

- კბილის ბუდის სიმშრალე (ალვეოლური ოსტეიტი) არის ამოღების შემდგომი ყველაზე გავრცელებული და მტკივნეული გართულება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ამოღების შემდეგ ბუდეში არ წარმოიქმნება ან ნადგურდება სისხლის კოლტი (თრომბი).

სისხლის თრომბის წარმოქმნა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის იცავს ძვალსა და ნერვულ დაბოლოებებს და უზრუნველყოფს სწორ შეხორცებას. თრომბის არარსებობის შემთხვევაში, ძვალი და ნერვი ღია რჩება პირის ღრუს გარემოსთვის, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და შეხორცების შეფერხებას.

კბილის ბუდის სიმშრალის მიზეზებია:

  • ყველაზე ხშირი მიზეზია კბილის ბუდიდან თრომბის ფიზიკური გამორეცხვა აქტიური გამორეცხვით ან სითხით, ნერწყვით, ძლიერი გამოფურთხებით ან პირის ღრუში წოვითი მოძრაობების შექმნით (მაგალითად, საწრუპის გამოყენება). ეს ქმედებები აფერხებს ან ანადგურებს თრომბს.
  • თამბაქოს მოხმარება. ნიკოტინი და კვამლი აფერხებს სისხლმომარაგებას და ანადგურებს შედედებას.
  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ან ამოღების ადგილზე უკვე არსებული ინფექცია.
  • ადგილობრივი ანესთეზია ვაზოკონსტრიქტორებით. ანესთეზიაში შემავალი ნივთიერებები დროებით ამცირებს სისხლდენას, რაც ხელს უშლის ხარისხიანი თრომბის ფორმირებას.
  • თუ ამოღება ძალზე რთული და ტრავმული იყო, ძვლის სისხლმომარაგება შეიძლება დაირღვეს.

ახლა იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს გართულება:

* არ გამოვირეცხოთ პირის ღრუ არც წყლით, არც ანტისეპტიკური ხსნარით პირველი 24-48 საათის განმავლობაში.

* თავი ავარიდოთ წოვით მოძრაობებს. არ გამოვიყენოთ საწრუპი და არ მოვწიოთ სიგარეტი მინიმუმ 72 საათი.

* მივირთვათ მხოლოდ რბილი, გრილი საკვები და არ ვღეჭოთ ამოღებული კბილის მხარეს

- კბილის ამოღების შემდგომი რა გართულებები აშინებთ პაციენტებს ყველაზე მეტად, მაგრამ თანამედროვე პრაქტიკაში ისინი იშვიათად გვხვდება?

- პაციენტები ხშირად შიშობენ სერიოზულ გართულებებზე, რომლებიც, თანამედროვე ქირურგიული ტექნიკისა და ანატომიის კარგი ცოდნის პირობებში, იშვიათი ან კონტროლირებადია. მაგალითად:

  • პაციენტებს ეშინიათ, რომ სისხლდენა არ შეწყდება. პრაქტიკაში, ნორმალური სისხლდენა (ნერწყვთან შერეული შეფერილობა) შეიძლება გაგრძელდეს 24 საათამდე. ნამდვილი მძიმე სისხლდენა იშვიათია და ხშირად უკავშირდება შედედების პრობლემებს ან არასწორ მოვლას.
  • პაციენტებს ეშინიათ ნერვი არ დაზიანდეს (პარესთეზია). ეს გართულება ყველაზე მეტად უკავშირდება ქვედა სიბრძნის კბილების ამოღებას, რადგან ქვედა ყბის ნერვი (მანდიბულური) სიახლოვეს გადის. ნერვის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დროებითი ან იშვიათად, მუდმივი დაბუჟება ენაზე, ტუჩსა და ნიკაპზე. გამოცდილი ქირურგი რენტგენოგრამის საშუალებით ზუსტად გეგმავს ოპერაციას, რაც ამ რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
  • პაციენტებს ეშინიათ ყბის მოტეხილობის. ეს არის უკიდურესად იშვიათი გართულება. შეიძლება მოხდეს მეტად ტრავმული ამოღებისას (განსაკუთრებით, თუ ყბის ძვალი უკვე დასუსტებულია) ან დიდი კისტის არსებობისას.
  • პაციენტებს ეშინიათ სინუსის პერფორაციის (ზედა ყბა). ზედა ყბის უკანა კბილების ფესვები შეიძლება ახლოს იყოს ჰაერით სავსე ჰაიმორის ღრუსთან (სინუსი). ამოღებისას შეიძლება მოხდეს მცირე ხვრელის გაჩენა. ეს კონტროლირებადია, ხშირად თავისით ხორცდება, ან ექიმს შეუძლია დახუროს ნაკერით პროცედურის დასრულებისთანავე.

- რომელია ის სიმპტომები, რომლებსაც პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს?

- პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ კბილის ამოღების შემდეგ გარკვეული დისკომფორტი, მცირე ტკივილი და შეშუპება ნორმალურია. თუმცა, არსებობს სიმპტომები, რომლებიც გაფრთხილების სიგნალებია და საჭიროებს ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირებას:

* ძლიერი, პულსირებადი ტკივილი, რომელიც არ ცხრება მედიკამენტებით (3-4 დღის შემდეგ). ეს ყველაზე ხშირად მიუთითებს ბუდის სიშრალეზე (ალვეოლიტზე). ტკივილი ჩვეულებრივ იწყება 2-4 დღის შემდეგ.

* არაკონტროლირებადი ან განახლებული სისხლდენა. პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ სისხლდენა არ ჩერდება 3–4 საათის განმავლობაში სახლში სტერილური მარლის ტამპონის დადების (ზეწოლის) შემდეგ, ან თუ სისხლი ნერწყვთან შერეული შეფერილობის ნაცვლად, წითლად მოდის ნაკადულად ან გუბდება.

* ტემპერატურის მომატება და პროგრესირებადი შეშუპება. თუ ამოღებიდან 3 დღის შემდეგ შეშუპება არ მცირდება, პირიქით, იზრდება, რასაც ერთვის მაღალი ტემპერატურა (38°C-ზე მეტი). ეს არის ინფექციის ნიშანი.

* ჩირქის ან ცუდი სუნის მქონე გამონადენი. უსიამოვნო, მყრალი სუნი ან ყვითელი/მომწვანო გამონადენი ბუდიდან ინფექციის ან ალვეოლიტის სიმპტომია.

* მუდმივი დაბუჟება (48 საათზე მეტი). თუ ანესთეზიის გასვლის შემდეგ ენა, ტუჩი ან ნიკაპი კვლავ დაბუჟებულია 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ნევროლოგიური შეფასება (იშვიათი ნერვის დაზიანება).

- პირველ 24 საათში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- პირველი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისხლის კოლტის (თრომბის) ფორმირებისა და შენარჩუნებისთვის, რაც არის კარგი შეხორცების საფუძველი. ამ დროის განმავლობაში პაციენტმა უნდა დაიცვას გარკვეული წესები.

ყველაზე მნიშვნელოვანია:

* არ უნდა გამოვირეცხოთ პირის ღრუ არც წყლით, არც ანტისეპტიკური ხსნარით. ეს შლის სისხლის კოლტს და იწვევს ბუდის სიმშრალეს.

* ვერიდოთ წოვით მოძრაობებს. ამიტომ არ გამოიყენოთ საწრუპი, არ მოწიოთ და არ გადაანერწყვოთ ძალდატანებით.

* კბილის ამოღების შემდეგ, ბუდეზე დადებულ სტერილურ მარლის ტამპონზე უნდა დავაწვეთ 30–40 წუთის განმავლობაში, რომ სისხლდენა შეჩერდეს.

* კბილის ამოღების შემდეგ დაუყოვნებლივ, პირველი 6-8 საათის განმავლობაში, ლოყაზე (ამოღების მხარეს) პერიოდულად დაიდეთ ცივი კომპრესი (ყინული, შეფუთული პირსახოცში). ეს ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს.

* მიირთვით მხოლოდ რბილი, თბილი ან გრილი საკვები, თან აუცილებელია მხოლოდ მეორე მხარეს ღეჭვა. იკრძალება ცხელი და მყარი საკვები.

- ალკოჰოლი, ყავა და მოწევა რატომ იკრძალება?

ეს სამი ნივთიერება მკაცრად იზღუდება კბილის ამოღების შემდეგ, რადგან ისინი უშუალოდ აფერხებენ შეხორცებას და ზრდიან გართულებების რისკს.

მოწევის პროცესი ქმნის უარყოფით წნევას (წოვას) პირის ღრუში, რაც თრომბის ბუდიდან ამოგდებას იწვევს (ბუდის სიმშრამლე). ნიკოტინი და თამბაქოს სხვა ტოქსინები ავიწროებენ სისხლძარღვებს, რაც აფერხებს სისხლის მიწოდებას და ანელებს ქსოვილების რეგენერაციას. მოწევა ზრდის ინფექციის რისკს. აკრძალვა ხდება მინიმუმ 72 საათით.

ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს (ვაზოდილატაცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი სისხლდენა ან გააძლიეროს უკვე არსებული სისხლდენა. გარდა ამისა, ალკოჰოლი ხელს უშლის ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების ან ტკივილგამაყუჩებლების მოქმედებას. აკრძალვა ხდება მინიმუმ 48 საათით ან სანამ პაციენტი იღებს მედიკამენტებს.

მაღალი ტემპერატურა აფართოებს სისხლძარღვებს, რაც სისხლდენის პროვოცირებას იწვევს. კოფეინი ზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას, რამაც ასევე შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა. აკრძალვა ხდება მინიმუმ 24 საათით.

- რას უნდა ელოდეს პაციენტი ტკივილისა და შეშუპების მხრივ? რა არის ნორმა და რაარა?

პაციენტის ინფორმირება მოსალოდნელი დისკომფორტის შესახებ ამცირებს შფოთვას.

ტკივილის მხრივ ნორმაა: ტკივილი ძლიერდება ანესთეზიის გასვლის შემდეგ (დაახლოებით 2-4 საათში). შემდეგ, ის თანდათან მცირდება ტკივილგამაყუჩებლების მიღებით.

ტკივილის მხრივ არ არის ნორმა: ტკივილი, რომელიც არ ცხრება ტკივილგამაყუჩებლით ან ტკივილი, რომელიც ძალიან ძლიერდება 3-4 დღის შემდეგ. ეს შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე ან ბუდის სიმშრალეზე.

შეშუპების მხრივ ნორმა: შეშუპება იწყება ამოღებიდან რამდენიმე საათში და აღწევს პიკს 48–72 საათის (2-3 დღის) განმავლობაში. ამის შემდეგ, შეშუპებამ უნდა დაიწყოს თანდათან შემცირება.

შეშუპების მხრივ არ არის ნორმა : თუ შეშუპება 4 დღის შემდეგაც იზრდება ან მას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და სიწითლე. ეს ნიშანია ინფექციური პროცესის.

- რატომ არ შეიძლება ცხვირით ძლიერი ჩაბერვა, ცემინება, ხველა და ყინულის ზედმეტი გამოყენება?

- ეს აკრძალვები პირდაპირ უკავშირდება სისხლის შედედების პროცესის დარღვევას და ქსოვილების არასწორ რეაქციას.

  • ცხვირით ძლიერი ჩაბერვა, ცემინება, ხველა: ეს მოძრაობები ზრდის წნევას პირის ღრუში, სინუსურ ღრუში ან ყბის ღრუში. წნევის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბის ამოვარდნა ამოღებული კბილის ბუდიდან. ასევე, თუ ზედა ყბაზე განხორციელდა კბილის ამოღება და იყო სინუსის პერფორაციის რისკი, წნევამ შეიძლება ჰაერის სინუსში შეღწევა ან ბუდის დაინფიცირება გამოიწვიოს.
  • ყინულის ზედმეტი გამოყენება: ყინულის კომპრესების გამოყენება ეფექტურია მხოლოდ პირველი 6-8 საათის განმავლობაში შეშუპების საწყისი ეტაპის შესამცირებლად. თანაც ყინული გამოიყენება 20 წუთი ჩდდებით / 20 წუთი დასვენებით.

თუმცა, ყინულის ხანგრძლივად და ზედმეტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს: სისხლძარღვების გადაჭარბებული შევიწროება, რაც აფერხებს სისხლის მიწოდებას სამკურნალო ზონაში. შედეგად, ეს ანელებს შეხორცების პროცესს და შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება (მოყინვა).

- რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები პროცედურამდე ან შემდეგ?

- პაციენტის შეცდომები ხშირად გამოწვეულია შიშის, ინფორმაციის ნაკლებობის ან რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო.

პროცედურამდე დაშვებული შეცდომები:

  • სიბრძნის კბილების ამოღების გადადება: პაციენტები ხშირად წლობით აყოვნებენ რეტენცირებული ან პრობლემური სიბრძნის კბილების ამოღებას. ეს ზრდის მეზობელი კბილის დაზიანების, მწვავე ანთებითი პროცესების (პერიკორონიტი), და ქირურგიული ჩარევის სირთულის რისკს.
  • არასრული ანამნეზი: ექიმისთვის არასრული ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქრონიკული დაავადებების (მაგ., დიაბეტი, ჰიპერტენზია) ან მიმდინარე მედიკამენტების (მაგ., სისხლის გამათხელებლები) შესახებ. ამან შეიძლება გაართულოს ანესთეზიის შერჩევა ან სისხლდენის კონტროლი.
  • მშიერი მისვლა: თუ დაგეგმილია სედაცია (ნარკოზის მსგავსი მდგომარეობა) ან ზოგადი ანესთეზია, კლინიკაში უზმოდ მისვლაა აუცილებელი. ხოლო ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს ნაჭამი, რათა ანესთეზიის ფონზე არ დაუვარდეს შაქარი.

პროცედურის შემდეგ დაშვებული შეცდომები:

  • ბუდის აქტიური გამორეცხვა/გამოფურთხება: ეს არის მთავარი მიზეზი, რაც იწვევს სისხლის კოლტის (თრომბის) გამორეცხვას და ბუდის სიმშრალის (ალვეოლიტის) განვითარებას.
  • რეკომენდაციების უგულებელყოფა: მოწევა, ალკოჰოლის მიღება, ცხელი საკვების ან სასმელების მიღება პირველი 24 საათის განმავლობაში.
  • ნაკერების თვითნებურად მოცილება: თუ ნაკერი იქნა დადებული, ის უნდა მოიხსნას ექიმის მიერ დანიშნულ დროს. მისი თვითნებურად მოცილება ზრდის ინფექციის რისკს.
  • ტკივილგამაყუჩებლის უდროო მიღება: პაციენტები ელოდებიან, სანამ ტკივილი აუტანელი გახდება. ტკივილგამაყუჩებელი უნდა მივიღოთ ტკივილის დაწყებისთანავე, ანესთეზიის გასვლის მომენტშივე, რათა ტკივილის სინდრომი არ განვითარდეს.

- რას ურჩევდით ადამიანს, რომელსაც კბილის ამოღების პანიკური შიში აქვს?

- შიში უმეტესად გაურკვევლობიდან მოდის. როცა პაციენტი ზუსტად იცის რა ელოდება, პროცედურა გაცილებით მარტივია. სედაციაც კარგ არჩევანია მძიმე შიშისას. მთავარია – ექიმთან გულწრფელი კომუნიკაცია. ბევრი კლინიკა გთავაზობთ მუსიკის მოსმენას ან ტელევიზორის ყურებას პროცედურის დროს, რაც ყურადღების გადატანაში გვეხმარება.

- როგორ შეცვალა ტექნოლოგიამ (პიეზოქირურგია, 3D დაგეგმვა და სხვ.) ამოღების პროცესი?

- ტექნოლოგიურმა მიღწევებმა (პიეზოქირურგია, 3D დაგეგმვა და სხვ.) რადიკალურად შეცვალა კბილის ამოღება: პროცედურა გახდა ბევრად უსაფრთხო, სწრაფი და მინიმალურად ტრავმული. ძვლის დაზიანება დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი.

* პიეზოქირურგია (ულტრაბგერითი სიზუსტე)

პიეზოქირურგია არის ქირურგიული მეთოდი, რომელიც იყენებს ულტრაბგერით ვიბრაციას ძვლოვანი ქსოვილის დასამუშავებლად. ტრადიციული ბორისგან განსხვავებით, ულტრაბგერითი ვიბრაცია არ აზიანებს რბილ ქსოვილებს (ღრძილს, ნერვებს). ის უზრუნველყოფს ჭრის მაღალ სიზუსტეს ნერვთან ახლოს მდებარე კბილების ამოღებისას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ შეშუპებასა და ტკივილს.

* 3D დაგეგმვა (CT სკანირება)

3D კომპიუტერული ტომოგრაფია (CT სკანირება) საშუალებას აძლევს ექიმს, კბილის ამოღებამდე შექმნას სამგანზომილებიანი სურათი ქსოვილებისა და ფესვების შესახებ. ექიმი ზუსტად ხედავს კბილის ფესვების ფორმას და მათ სიახლოვეს მნიშვნელოვან ანატომიურ სტრუქტურებთან (ქვედა ყბის ნერვი, სინუსები). ეს საშუალებას იძლევა, წინასწარ შეირჩეს ზუსტი ქირურგიული მეთოდი და ამოღების ყველაზე ნაკლებად ტრავმული ტექნიკა, რაც მინიმუმამდე ამცირებს გართულებების რისკს.

* ატრავმული ინსტრუმენტები

თანამედროვე ლიფტები და მაშები შექმნილია იმგვარად, რომ მუშაობენ ძვლის მინიმალური ტრავმატიზაციით და უზრუნველყოფენ კბილის ატრავმულ ამოღებას.

თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს, რომ კბილის ამოღება იყოს მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო.

- სარძევე კბილების ამოღებარა თავისებურებები აქვს?

- სარძევე რძის კბილების ამოღება (ექსფოლიაცია) მნიშვნელოვნად განსხვავდება მუდმივი კბილების ამოღებისგან, რადგან მთავარი მიზანია მუდმივი კბილის ჩანასახის დაცვა, რომელიც უშუალოდ რძის კბილის ფესვთან მდებარეობს.

ნორმაში, სარძევე კბილის ფესვი დროთა განმავლობაში თავისით იშლება, რადგან ქვემოდან ამოსული მუდმივი კბილის ჩანასახი მას წნევით აწვება. ამოღებისას ექიმი იყენებს მინიმალურ ძალას, რადგან ფესვი უკვე ნაწილობრივ დაშლილია.

სარძევე კბილი უნდა ამოვიღოთ, თუ ის თავისით არ ძვრება და ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას, ან თუ დაინფიცირებულია და ინფექცია ემუქრება მუდმივი კბილის ჩანასახს.

სარძევეგ კბილის ამოსაღებად გამოიყენება ძალიან თხელი და სპეციალური ინსტრუმენტები (საბავშვო მაშები). ჩარევა არის მინიმალურად ტრავმული, რათა არ დაზიანდეს ახლომდებარე მუდმივი კბილის კაფსულა.

ბავშვებში ხშირად გამოიყენება აზოტის ქვეჟანგის სედაცია ან თამაშის ტექნიკა, რათა პროცედურა იყოს უმტკივნეულო და არ გამოიწვიოს სტომატოფობია მომავალში.

- ორსულობის, სისხლის გამათხელებლებით მკურნალობის, ქრონიკული დაავადებების დროს როდის შეიძლება და როდის არა კბილის ამოღება?

- კბილის ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ექიმი ყოველთვის აფასებს რისკებსა და სარგებელს, განსაკუთრებით სისტემური დაავადებების ან მდგომარეობების ფონზე.

ორსულობის დროს II ტრიმესტრი (მე-4-6 თვე) ითვლება ყველაზე უსაფრთხო პერიოდად. მწვავე ინფექციების დროს ამოღება აუცილებელია ნებისმიერ ტრიმესტრში, რადგან ინფექციის რისკი დედისა და ნაყოფისთვის უფრო მაღალია, ვიდრე პროცედურის რისკი. გამოიყენება ადრენალინის მინიმალური შემცველობის ანესთეზია.

I და III ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული კბილის ამოღების დაგეგმვა თუ არ არის გადაუდებელი მდგომარეობა.

თუ ადამიანი იღებს სისხლის გამაცხელებელი მედიკამენტებს, კბილის ამოღება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ექიმთან და კარდიოლოგთან/თერაპევტთან კონსულტაცია. ხშირ შემთხვევაში, წამლის (მაგ., ასპირინი, პლავიქსი) მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო, ან საჭიროა მხოლოდ 1-2 დღით მინიმალური დოზის მოხსნა.

წამლის მოხსნა ზრდის თრომბოზის (ინსულტის ან ინფარქტის) რისკს, ხოლო მოუხსნელობა ზრდის სისხლდენის რისკს. ექიმი იყენებს ლოკალურ მეთოდებს სისხლდენის გასაკონტროლებლად (ნაკერები, ჰემოსტატიკური საშუალებები).

ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, ჰიპერტენზია) დროს კბილის ამოღება შეიძლება, თუ ეს დაავადება არის კონტროლირებადი. მაგალითად, ჰიპერტენზიის დროს წნევა უნდა იყოს სტაბილური. დიაბეტის დროს აუცილებელია შაქრის დონის შემოწმება, რადგან მაღალი შაქარი აფერხებს შეხორცებას და ზრდის ინფექციის რისკს.

მწვავე კრიზისის დროს (მაგ., ჰიპერტონული კრიზი ან დეკომპენსირებული დიაბეტი) ამოღება გადაიდება, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდება.

- გატეხილი/დაშლილი კბილის ფესვი უფრო რთული ამოსაღებია თუ არა და რატომ?

- დიახ, გატეხილი ან დაშლილი კბილის ფესვის ამოღება უმეტესად უფრო რთულია, ვიდრე მთლიანი კბილის.

თუ კბილის გვირგვინის ნაწილი დაშლილ ან გატეხილია ღრძილის კიდეზე ქვემოთ, ექიმს არ აქვს საკმარისი ზედაპირი ინსტრუმენტებით (მაშებით) მოსაკიდებლად და დასაჭერად. ასეთ დროს ექიმი იძულებულია გამოიყენოს ქირურგიული მეთოდი: ღრძილის მცირე განაკვეთის გაკეთება. ზოგჯერ ძვლის მცირე ნაწილის მოცილება (ბურღით ან პიეზოქირურგიით), რათა ფესვს მიწვდეს.

გატეხილი ფესვები ხშირად რჩება მრავალი პატარა ფრაგმენტის სახით, რაც მოითხოვს თითოეული ნაწილის ფრთხილად და ცალ-ცალკე ამოღებას, რათა ბუდეში არ დარჩეს ნაწილაკები, რომლებიც შემდგომ ინფექციას გამოიწვევს.

ძველ, დატეხოლ კბილებს შეიძლება განუვითარდეს ანკილოზი (ფესვის შეზრდა ძვალთან), რაც ამოღებას უკიდურესად ართულებს და ზრდის ძვლის დაზიანების რისკს.

- მომავალში ხომ არ შემცირდება კბილის ამოღების საჭიროება?

- თანამედროვე სტომატოლოგიის მიზანი სწორედ კბილის ამოღების საჭიროების მინიმუმამდე დაყვანაა. მომავალში, სავარაუდოდ, ამოღება შემცირდება, მაგრამ სრულად არ გაქრება, რადგან ზოგიერთი კბილი (მაგ. სიბრძნის კბილები) ანატომიურად არასასურველია.

კვლევები მიმდინარეობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებაზე, რათა დაზიანებული კბილის ნაწილი, მაგალითად, პულპა (ნერვი) ან დენტინი, თავად აღდგეს.

გრძელვადიანი პერსპექტივაა მთლიანი ახალი კბილის გაზრდა ყბის ძვალში ამოღებული კბილის ადგილას ბიოინჟინერიის გამოყენებით.

ბიოლოგიური ენდოდონტიის მიზანია არა მხოლოდ ფესვის არხის გაწმენდა, არამედ პულპის (ნერვის) ფუნქციის სრულად აღდგენა ღეროვანი უჯრედების დახმარებით, რაც კბილს ბევრად უფრო გამძლეს და სიცოცხლისუნარიანს გახდის.

ახალი, ბიოშეთავსებადი მასალები და ციფრული სტომატოლოგია (CAD/CAM, 3D ბეჭდვა) შესაძლებელს გახდის კბილის ისეთი დაზიანებული სტრუქტურების აღდგენას, რომლებიც დღეს ამოღებას ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ სრული რეგენერაცია ჯერ კიდევ მომავლის საქმეა, უკვე არსებული ტექნოლოგიები (როგორიცაა ფესვის თავის რეზექცია და ფესვის არხის ხელახალი მკურნალობა) მუდმივად ზრდის იმ კბილების რაოდენობას, რომელთა შენარჩუნებაც შესაძლებელია.

- როდისაა აუცილებელი სიბრძნის კბილის ამოღება?

სიბრძნის კბილები (მერვე კბილები ან მესამე მოლარები) ხშირად საჭიროებს ამოღებას, რადგან ისინი გვიან ამოიჭრება (17-25 წლის ასაკში), როდესაც ყბის ძვალში მათთვის სივრცე აღარ რჩება.

ამოღება აუცილებელია (ჩვენებები):

  1. თუ კბილი ამოჭრილია მხოლოდ ნაწილობრივ და დაფარულია ღრძილის ქსოვილით. ამ ქსოვილის ქვეშ გროვდება საკვები ნარჩენები და ბაქტერიები, რაც იწვევს მწვავე ანთებას, რომელსაც პერიკორონიტი ეწოდება. ეს იწვევს ტკივილს, შეშუპებას და პირის გაღების გაძნელებას.
  2. თუ კბილი ამოიჭრება არა ვერტიკალურად, არამედ დახრილია ან ჰორიზონტალურია და ეყრდნობა მეზობელ, მეშვიდე კბილს. ეს იწვევს მეშვიდე კბილის ფესვის დაშლას (რეზორბცია), რაც ჯანმრთელი კბილის დაკარგვით ემუქრება.
  3. თუ კბილი მთლიანად რჩება ყბის ძვალში (რეტენცია), მაგრამ მის ირგვლივ იწყება სითხის დაგროვება და კისტის (ფოლიკულური კისტა) ფორმირება, რომელიც ანადგურებს ირგვლივ მდებარე ძვალს.
  4. თუ კბილის არასწორი მდებარეობის გამო, მისი ჰიგიენა შეუძლებელია. ამიტომ, სიბრძნის კბილი სწრაფად ფუჭდება და კარიესი გადადის მეშვიდე კბილზე.
  5. თუ სიბრძნის კბილი იწვევს წინა კბილების გადაადგილებასა და თანკბილვის დარღვევას.

- რატომ არის სიბრძნის კბილის ამოღება რთული პროცედურა?

- სიბრძნის კბილის ამოღება ხშირად კლასიფიცირდება როგორც ქირურგიული ექსტრაქცია და უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი კბილის ამოღება, რადგან:

* სიბრძნის კბილებს ხშირად აქვთ მოხრილი, კაუჭისებრი ან მრავალრიცხოვანი ფესვები, რაც ართულებს მის მთლიანად ამოღებას.

* რეტენცირებული ან ნაწილობრივ ამოჭრილი კბილი მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარულია მკვრივი ყბის ძვლით. ამოღებამდე საჭიროა ამ ძვლის ნაწილის მოცილება (პრაქტიკულად, ძვალში ოპერაციის ჩატარება).

* ქვედა სიბრძნის კბილები ხშირად მდებარეობს ქვედა ყბის ნერვთან (მანდიბულური ნერვი) ძალიან ახლოს. რთული ამოღებისას არსებობს ნერვის დროებითი დაზიანების რისკი, რაც იწვევს ტუჩის ან ენის დაბუჟებას.

ზედა სიბრძნის კბილები შეიძლება ახლოს იყოს ჰაიმორის ღრუსთან (სინუსი).

* სიბრძნის კბილები პირის ღრუს უკიდურეს ზონაში მდებარეობს, სადაც ექიმს შეზღუდული ხედვის არე და მუშაობისთვის მცირე სივრცე აქვს.

* სირთულიდან გამომდინარე, კბილი ხშირად არ ამოიღება მთლიანად. ის იჭრება რამდენიმე ნაწილად და თითოეული ფრაგმენტი ამოიღება ინდივიდუალურად, რაც ტრავმულობას ამცირებს, მაგრამ პროცედურას ახანგრძლივებს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ამოღებული კბილის ჩანაცვლება?

- კბილის ამოღების შემდეგ, მისი ჩანაცვლება არ არის მხოლოდ ესთეტიკური საკითხი; ეს აუცილებელია პირის ღრუს საღეჭი ფუნქციის, თანკბილვის (ოკლუზიის) და ყბის ძვლის შენარჩუნებისთვის.

სიცარიელე იწვევს იმას, რომ მეზობელი კბილები იწყებენ დახრას ან გადაადგილებას თავისუფალი სივრცისკენ. მოპირდაპირე ყბის კბილი (ანტაგონისტი) იწყებს ბუდიდან ამოწევას (ექსტრუზია), რადგან მას აღარ აქვს საპირისპირო დატვირთვა. გარდა ამისა, ამოღების შემდეგ, ძვალი, რომელშიც კბილის ფესვი იყო, აღარ იღებს ფუნქციურ დატვირთვას. ამის შედეგად, ის იწყებს განლევას (ატროფია). ძვლის მოცულობის შემცირება ართულებს შემდგომ იმპლანტაციას. და ბოლოს, კბილის დაკარგვა ზრდის დატვირთვას დანარჩენ კბილებზე, რაც იწვევს მათ გაცვეთას, ტკივილს და კუნთების პრობლემებს.

- გვესაუბრეთ კბილის ჩანაცვლების ძირითადი მეთოდებზე

- ამოღებული კბილის ჩანაცვლების სამი ძირითადი მეთოდი არსებობს, რომელთა არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ძვლის მდგომარეობაზე, დაკარგული კბილების რაოდენობასა და ბიუჯეტზე.

1. იმპლანტაცია

ეს არის ყველაზე თანამედროვე და საუკეთესო მეთოდი. ყბის ძვალში ტიტანის ხელოვნური ფესვი (იმპლანტი) თავსდება ქირურგიულად. შეხორცების შემდეგ (ინტეგრაცია), მასზე მაგრდება ხელოვნური გვირგვინი.

მისი უპირატესობებია ის, რომ ინარჩუნებს ყბის ძვალს ფუნქციური დატვირთვის გამო (ატროფია არ ხდება), არ აზიანებს მეზობელ კბილებს, ფუნქციურად და ესთეტიურად ყველაზე ახლოსაა ბუნებრივ კბილთან.

მაგრამ ძვირადღირებულია და ხანგრძლივი პროცესია (რამდენიმე თვე).

2. ხიდისებრი პროთეზი

დაკარგული კბილის ჩანაცვლება ხდება გვირგვინების კონსტრუქციით, რომელიც მაგრდება დაკარგული კბილის გვერდით მდებარე ორ მეზობელ კბილზე.

ეს შედარებით სწრაფი პროცედურა იმპლანტაციაზე იაფი. მაგრამ მოითხოვს ჯანსაღი მეზობელი კბილების დაქლიბვას (რაც მათ აზიანებს), არ აჩერებს ძვლის ატროფიას დაკარგული კბილის ადგილას.

3. მოსახსნელი პროთეზი

ხელოვნური კბილები და ღრძილის ნაწილი მაგრდება მოხსნადი კონსტრუქციით, რომელიც პაციენტს შეუძლია თავად მოიხსნას და ჩაიდოს. გამოიყენება, როდესაც ზედიზედ ბევრი კბილი აკლია, ან იმპლანტაცია შეუძლებელია.

აქვს ყველაზე დაბალი ღირებულება, მაგრამ არასტაბილურია, შეიძლება იწვევდეს დისკომფორტს ღეჭვისას, აზიანებს დარჩენილ კბილებს და ღრძილებს, არ აჩერებს ძვლის ატროფიას.

- რას ნიშნავსბუდეში დაუყოვნებელი იმპლანტაციადა როდის არის შესაძლებელი?

- ბუდეში დაუყოვნებელი იმპლანტაცია გულისხმობს იმპლანტის ჩანერგვას იმავე ვიზიტისას, როდესაც კბილი იქნა ამოღებული.

როგორც კი კბილი ამოიღება, ქირურგი აფასებს ბუდის მდგომარეობას. თუ ბუდე და მიმდებარე ძვალი არის საკმარისად ჯანმრთელი, ინფიცირების გარეშე და ძვლის მოცულობა საკმარისია იმპლანტის სტაბილურად დასამაგრებლად, იმპლანტი თავსდება დაუყოვნებლივ. იმპლანტი მაშინვე ავსებს ბუდეს, რაც ამცირებს ძვლის ატროფიას. პაციენტს მხოლოდ ერთი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

ბუდეში დაუყოვნებელი იმპლანტაცია არ არის შესაძლებელი, თუ ამოღებული კბილის ფესვთან იყო დიდი ზომის ჩირქგროვა ან მწვავე ანთება. ასევე ვერ ტარდება ეს ჩარევა, თუ კბილის ამოღებისას ძვლის კედლები დაზიანდა და იმპლანტის პირველადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ბუდის შევსება ხელოვნური ძვლით (ძვლის აუგმენტაცია) და ლოდინი 3-6 თვე.

- რა არის თქვენიოქროს წესი“, რომელსაც ყველა პაციენტს ურჩევთ?

ჩემი "ოქროს წესი", რომელიც ყველა პაციენტს უნდა ახსოვდეს, უკავშირდება დროულობასა და პრევენციას.

კბილის ამოღება არის საბოლოო ზომა. ნუ დაელოდებით ტკივილს და მოაგვარეთ პრობლემა ადრეულ ეტაპზე, სანამ ის შეუქცევადი გახდება.

ექვს თვეში ერთხელ ვიზიტი სტომატოლოგთან (და არა მხოლოდ მაშინ, როცა რამე გტკივათ) საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს კარიესი, პაროდონტის პრობლემები და სიბრძნის კბილის პრობლემები საწყის ეტაპზე, როდესაც ისინი მარტივად ექვემდებარება მკურნალობას და არ საჭიროებს ექსტრაქციას.

კბილის მკურნალობა ყოველთვის უფრო იაფი და ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე მისი ამოღება და შემდგომ იმპლანტით ჩანაცვლება.