დალი ნესუაშვილი: ახალი ეპოქის ლიდერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო ხედვა მენეჯმენტში - დალი ნესუაშვილი: ახალი ეპოქის ლიდერი

დღეს ის „მედიკალ პარკის“ ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორია და აქტიურად მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა: სამედიცინო ტურიზმი, ექიმებისა და სტუდენტების გადამზადება, უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და გამოცდილების გაზიარება.

მისი კარიერული გზა იმით არის გამორჩეული, რომ კლინიკური პრაქტიკიდან მენეჯმენტში გადასვლამ მას საშუალება მისცა უფრო მასშტაბურად ემუშავა როგორც პაციენტებისთვის, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებების მიმართულებით.

სწორედ ამ თემებსა და იმ პერსპექტივებზე, რასაც საქართველოსთვის იძლევა სამედიცინო ტურიზმი და საერთაშორისო თანამშრომლობა, ვესაუბრეთ ქალბატონ დალი ნესუაშვილს.

- ქალბატონო დალი, თქვენ პროფესიული კარიერა ყბა-სახის ქირურგიით დაიწყეთ, თუმცა, შემდეგ, სამედიცინო მენეჯმენტი აირჩიეთ. რამ გაფიქრებინათ, რომ თქვენი წვლილი ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა?

- იმ ასაკში, როცა პროფესიულ არჩევანს აკეთებ, იშვიათია, ზუსტად იცოდე, არის თუ არა ეს ის საქმე, რომელსაც სიყვარულით მიუძღვნი თავს. სამედიცინო უნივერსიტეტში ოჯახის გადაწყვეტილებით ჩავაბარე. შემდეგ, პრაქტიკის ეტაპზე, მივხვდი, რომ ყბა-სახის ქირურგია მაინტერესებდა. საუკეთესო პრაქტიკა გავიარე მარდალეიშვილის კლინიკაში და იქიდან პროფესიული ზრდის მიზნით თურქეთში წავედი.

რაღაც მომენტში დავინახე, რომ ქირურგიით მხოლოდ ერთ პაციენტს ვეხმარებოდი, მაგრამ მინდოდა, უფრო ფართო მასშტაბით მემოქმედა. მენეჯმენტში გადასვლა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ გზით შემეძლო სისტემაზე ზემოქმედება, სტანდარტების ამაღლება და ბევრად მეტი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

- თურქეთში მიღებულმა განათლებამ რა ახალი ხედვა შეგძინათ?

- თურქეთში მიღებულმა განათლებამ გამაცნო თანამედროვე ჯანდაცვის მოდელები - განსაკუთრებით ტექნოლოგიების გამოყენება, მენეჯმენტის სტრუქტურირებული მიდგომა და პაციენტზე ორიენტირებული სერვისი. იქ დავინახე, როგორ მუშაობს დიდი ქსელები და როგორ აერთიანებენ განათლებას, კვლევასა და პრაქტიკას.

- როცა კლინიკურ პრაქტიკას მენეჯმენტი ცვლის, ალბათ, ბევრი გამოწვევა ჩნდება. თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე და შთაგონების წყარო რა აღმოჩნდა?

- ყველაზე დიდი სირთულე იყო პასუხისმგებლობის მასშტაბის გაზრდა - ერთი პაციენტის ნაცვლად, მთელ სისტემაზე ზრუნვა. მაგრამ ეს, ამავე დროს, უდიდესი შთაგონების წყაროც აღმოჩნდა: როდესაც ხედავ, რომ შენი გადაწყვეტილებები ასობით თუ ათასობით ადამიანს ეხმარება, ეს გიქმნის მოტივაციას და ყოველდღიურ ძალას გაძლევს.

- ამდენი წელია ქვეყნის გარეთ ემსახურებით სამედიცინო სფეროს. ბუნებრივია, გაქვთ შეხება სამედიცინო ტურიზმთან. რას გულისხმობს და მოიცავს სამედიცინო ტურიზმი?

- სამედიცინო ტურიზმი მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობა არ არის. ეს არის სრული სერვისების კომპლექსი - დიაგნოსტიკა, ოპერაციები, რეაბილიტაცია, ასევე პაციენტის კომფორტი, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი და ზოგჯერ კულტურული გამოცდილებაც კი.

გარდა ამისა, ეს გულისხმობს მედიკოსთა გამოცდილების გაზიარებას - ვორქშოპებით, ტრეინინგებით, კონფერენციებით, ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის გაცვლითი პროგრამებით. ამჟამად „მედიქალ პარკის“ ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი ვარ. უამრავი ქვეყნის პაციენტთან, სტუდენტსა და ექიმთან მაქვს კონტაქტი. ჩემთვის სამედიცინო ტურიზმი არის ხიდი ქვეყნებს შორის - გამოცდილების, ცოდნისა და პაციენტების გაზიარება.

- საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას რა პერსპექტივა აქვს?

- საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია: გვყავს მაღალი დონის სპეციალისტები, გვაქვს შედარებით დაბალი ფასები და კარგი გეოგრაფიული მდებარეობა. საერთაშორისო ქსელებთან თანამშრომლობა ამ პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა. ბოლო წლებში ბევრ პაციენტს ვმასპინძლობთ პლასტიკური ქირურგიის, რეპროდუქციული მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულებით. ვისურვებდი, ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზარდოს და შემოსულ პაციენტთა რიცხვი გამსვლელებისას აღემატებოდეს.

- რომელ მიმართულებებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით?

- დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა ონკოლოგიაზე, კარდიოლოგიაზე, გინეკოლოგიაზე, უროლოგიასა და ესთეტიკურ ქირურგიაზე. რეგიონში განსაკუთრებით იზრდება რეპროდუქციული მედიცინისა და ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე მოთხოვნა.

- როგორ ხდება პაციენტების ნდობის მოპოვება მათ მიერ რთული სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების დროს?

- პაციენტების ნდობის მოპოვება უპირველესად გამჭვირვალე კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. აუცილებელია, პაციენტს დეტალურად ავუხსნათ ყველა ეტაპი - დიაგნოზი, შესაძლო მკურნალობის გზები, რისკები და შედეგები. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ინფორმაცია სრულად და გულწრფელად მიეწოდება, მას ეძლევა შესაძლებლობა, თავადაც ჩაერთოს გადაწყვეტილების პროცესში. ეს ქმნის ნდობის საფუძველს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ემპათია და მხარდაჭერა. რთულ დროს პაციენტს სჭირდება არა მხოლოდ პროფესიონალი ექიმი, არამედ გუნდი, რომელიც ყურადღებით ისმენს მის შეკითხვებს და პასუხობს მათ. პატივისცემისა და ზრუნვის განცდა ის საფუძველია, რაც აუცილებელია წარმატებული მკურნალობისთვის.

- თქვენი გამოცდილებით, რა შანსები აქვს საქართველოს სამედიცინო ტურიზმის სფეროში და რით შეგვიძლია პაციენტების დაინტერესება?

- ჩემი გამოცდილებით, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის სფეროში ნამდვილად კარგი შანსები აქვს. მთავარი უპირატესობაა ხარისხიანი მომსახურება შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია რეგიონის ქვეყნებისთვის. პაციენტს სჭირდება ადგილი, სადაც მიიღებს მაღალ სტანდარტს, თუმცა უფრო მისაღებ ფასად, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში.

ამასთან, საქართველო ტურისტულადაც საინტერესო ქვეყანაა - ბუნებით, კულტურითა და სტუმართმოყვარეობით. როდესაც პაციენტს შეუძლია, მკურნალობასთან ერთად, იმოგზაუროს და დაისვენოს, ეს დამატებითი მოტივაცია ხდება.

- როგორი იქნება საქართველოს ადგილი სამედიცინო ტურიზმის რუკაზე უახლოეს 5-10 წელში?

- ვხედავ დიდ შესაძლებლობას, საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევისთვის. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართო დანერგვა, ექიმების გადამზადება და ინფრასტრუქტურის განვითარება.

nesuashvili-1762328688.jpeg

- რას ეტყოდით ახალგაზრდა ექიმებსა და სტუდენტებს, რომლებიც მენეჯმენტზე ფიქრობენ?

- პირველ რიგში, ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა. ყველა კლინიკას სჭირდება კარგი მენეჯერი. მათთვის, ვისაც უჭირს არჩევანი ექიმობასა და მენეჯმენტს შორის, მინდა ვუთხრა, რომ მენეჯმენტი არ ნიშნავს მედიცინიდან დისტანცირებას - პირიქით, ეს არის უფრო ფართოდ და გავლენიანად მოქმედების საშუალება.

და მთავარი რჩევა: არ დაკარგონ პაციენტის მიმართ თანაგრძნობა და ექიმის ხედვა, რადგან როგორც მედიცინაში, ისე მენეჯმენტშიც ეს ყველაზე მეტად ფასდება.