რატომ გვეშინია სტომატოლოგების?
რომ გამოიწვიოს გაძლიერებული შფოთვა და პანიკური შეტევებიც კი, უფრო მარტივად კი შიში არის მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული უარყოფითი რეაქცია, ხოლო ფობია, თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, არის შიშის ირაციონალური ეტაპი.
ანუ გადამეტებული და უსაფუძვლო შიში, იმის მიმართ, რაც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს.დღეს მოგიყვებით სტომატოლოგების და ზოგადად კბილთან დაკავშირებული მანიპულაციების პათოლოგიურ შიშზე, რომელსაც დენტოფობია ჰქვია, ის უამრავ ფობიას შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და სტატისტიკურად მსოფლიო მოსახლეობის ყოველი 4 ადამიანიდან ერთს მაინც აქვს. წარმოშობის მიზეზები ბევრნაირია, თუმცა ყველაზე ხშირად უკავშირდება წარსულში, ძირითადად ბავშვობაში კბილის მკურნალობისას ან ამოღებისას მიღებულ ნეგატიურ გამოცდილებას.ასევე დენტოფობიის გამომწვევი მიზეზებია:
- ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ან სამედიცინო ხელსაწყოების შიში, როგორიცაა: შპრიცები, ნემსები, წამლები და წამლების სუნიც კი.
ბევრი ადამიანი განსაკუთრებულ შიშს განიცდის ამ ყველაფრის მიმართ, რადგან აქვთ წარმოდგენა, რომ ამ ხელსაწყოებით ჩატარებული პროცედურები ტკივილიანი და არასასიამოვნო იქნება.სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმმა პროცედურამდე აუხსნას პაციენტს თუ რა ხელსაწყოს რა ფუნქცია აქვს და როგორ მუშაობს.
- ინფექციის გადადების შიში - ეს შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან ცუდად ან საერთოდ გაუსტერილებელმა ხელსაწყომ შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთი ინფექციების გადადება-გავრცელებას როგორიცაა: აივი, სიფილისი, C ჰეპატიტი, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგია იმდენად კარგი ხარისხის აპარატურას იყენებს და ექიმთა ცოდნაც იმდენად მაღალია, დაინფიცირების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.
- ალერგიის შიში - ექიმ-სტომატოლოგებს ხშირად უწევთ ალერგიით დაავადებული პაციენტების მკურნალობა. ექიმის პროფესიონალიზმს ამ შემთხვევაში ყველაზე კარგად მიხვდები, თუ პირველი ვიზიტია და ანესთეზიით გაყუჩება გჭირდება, მნიშვნელოვანია ექიმმა გამოგკითხოს დეტალები, ზოგადად ხარ თუ არა ალერგიული და თუ ალერგიული ხარ უნდა მოუყვე რაზე გაქვთ უკუჩვენება და როგორ გამოიხატება, ექიმმა უნდა შეაგროვოს ეს ინფორმაცია და გაგიშვას ალერგიული სინჯის გასაკეთებლად.დასკვნის საფუძველზე კი სწორად შეგირჩიოს ისეთი ანესთეტიკი და სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც არ გამოიწვევენ ალერგიულ რეაქციებს.
ხოლო ამ პროცედურებს თუ გამოტოვებს და მაშინვე საქმეზე გადავა „მოდი, გაგიკეთებ ანესთეზიას, რა უნდა მოგივიდეს“ პრინციპით, უბრალოდ ადექი სავარძლიდან, წამოდი და სხვა, პროფესიონალი ექიმი მოძებნე.
აქვე ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მივხვდეთ გვაქვს თუ არა ?ამ ფობიის დროს ყველაზე გავრცელებულია ე.წ არიდების მექანიზმი, როცა აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უგულველვყოფთ ან უვადოდ გადავდებთ ხოლმე სტომატოლოგთან ვიზიტს, ხოლო საბოლოოდ თუ მაინც მოგვიწევს ექიმთან მისვლა, სივრცეში შესვლისთანავე გვეწყება ფიზიკურად გამოხატული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
▶ ტაქიკარდია, სისუსტე, გონების დაკარგვა, კანკალი, ცივი ოფლის დასხმა, ჰაერის უკმარისობა, პულსის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება, აგრესია და შფოთვის გაძლიერებული განცდა, პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება და ზოგჯერ ღებინებაც კი.ჩემი შიში სტომატოლოგების მიმართ ზუსტად არ ვიცი საიდან დაიწყო, თუმცა ვუკავშირებ ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებას.დღემდე მომყვება და ძალიან კარგად მახსოვს ის უსიამოვნო გრძნობა, როცა დედაჩემს კბილის ექიმთან მივყავდი, მახსოვს კლინიკის უცნაური სუნი, უსახური, საღებავ ჩამოცრეცილი ინტერიერი, გრძელი დერეფანი ტყავგადამძვრალი სკამებით, რომლის ბოლოშიც, მბჟუტავი და ავისწმომასწავლბლად მოციმციმე ნათურის ფონზე იდგა თეთრხალათიანი ქალი, ის ჰიტ ლეჯერის ჯოკერივით მიღიმოდა, თავისკენ მიხმობდა, ხელს მკიდებდა და თეთრ ოთახში, უცნაური ინსტრუმენტებით გარშემორტყმულ სავარძელზე მამწესებდა, მერე კი ამ ინსტრუმენტთაგან ყველაზე საშინელს შეარჩევდა ხოლმე და სასიამოვნო ხმით პირის გაღებისკენ მომიწოდებდა, ,, აბა, კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავი’’ აი დაახლოებით ისე, კომბლე როგორც ეუბნებოდა იმ მგელს, რომელმაც ცხვრები შეუჭამა.მერე კი იწყებოდა ასეთი ფრაზები:-,, პირი არ დამიხურო’’ , ,,ბამბას ნუ მისველებ’’, ,,ნერწყვი არ გადაყლაპო’’, ,,კბილს მაგრად დააწექი’’ და თუ არ გამიმართლებდა, ამათგან ყველაზე საშინელი გაიჟღერებდა ,,ნერვია მოსაკლავი’’.ღნავილის, ჯღავილის, კივილისა და გაქცევის უიმედო მცდელობების შემდეგ, მიწევდა ბედს დავმორჩილებოდი ხოლმე და ასეთ ბრუტალურ ვითარებაში გამეწმინდა, დამებჟინა ან ამომეღო კბილი.პროცედურა ჩემთვის იმდენად სტრესული იყო, ყველაფერს ვიმიზეზებდი, რომ როგორმე თავიდან ამერიდებინა ექიმთან ვიზიტი და რამდენჯერმე სახლური მეთოდითაც ამოვიღე სარძევე კბილები.მეთოდი ძაფისა და კარის სახელურის ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას გულისხმობდა:ძაფის ერთ ბოლოს მოსაცვლელ, მორყეულ კბილზე მიმაგრებდნენ, მეორე ბოლოს გაღებული კარის სახელურს, მერე ამ კარებს მოაჯახუნებდნენ ან ხელის კვრით მიკეტავდნენ და ჰოპ, კბილიც ამოვარდებოდა.რიტუალს აგრძელებდა დაჯილდოების ცერემონია, ძირითადად ფულადი საჩუქრები, ფინალურ ეტაპს კი წარმოადგენდა კბილის თაგვისთვის ,,გატანების’’ პროცესი, რომელიც გვირგვინდებოდა გულში ან ხმამაღლა წარმოთქმული წინადადებით: ,,თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი მე’’.აქტუალური იყო და მგონი ახლაც არის, კბილის ფერიის ამბავი, რომელიც ღამით გვაკითხავდა, ამოღებული კბილის სანაცვლოდ ბალიშის ქვეშ სიმბოლურ საჩუქარს გვიტოვებდა და გამაფრთხილებელ წერილს, რომ აუცილებლად, დღეში 2-ჯერ მაინც გაგვეხეხა კბილები და გვეზრუნა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ ჩემი და დენტისტების ურთიერთობას, ვრწმუნდები, რომ ყველა სტომატოლოგს არ აქვს ბავშვებთან მუშაობის არც ცოდნა და არც გამოცდილება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ბავშვი პირველივე და ყველა შემდგომ ვიზიტზე მიიყვანოთ ბავშვთა სტომატოლოგთან.ჩემი მეგობრის შვილს, რომ მოვუვყე ზემოთ აღწერილ გამოცდილებაზე, ალბათ არც დაიჯერებს, რადგან ისეთი სტომატოლოგი ყავს, ვისთანაც მისვლა უხარია, ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა მოხატულია სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური გმირებით, პერსონალს სახეზე გულწრფელი ღიმილი დასთამაშებს, სტომატოლოგიურ ოთახში მონიტორზე ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციები გადის, პატარებისთვის სათქმელ სიტყვებსაც სიფრთხილით ეკიდებიან, მაგალითად, კბილის ბურღვას - კბილის გაფერადებას ეძახიან, ნერვის მოკვლის პროცედურას კბილის დაძინებას, რაც ნამდვილად საყვარლად ჟღერს, ათვალიერებინებენ ინსტრუმენტებს და მათთვის მარტივ ენაზე დეტალურად უხსნიან მათი მუშაობის პრინციპებს, რათა დარწმუნდეს პატარა, რომ საშიში არაფერია.შედეგად კი ვიღებთ პოზიტიურ გამოცდილებას, რაც სამომავლო პერსპექტივაში ხელს უწყობს ზრდასრულობის ასაკში ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას და კბილის ექიმთან მისვლა აღარ ან ნაკლებად ხდება შიშის შემცველი.
ბავშვობის დრამებს მოვწყდები და ამჯერად ზრდასრულობის ასაკს გავიხსენებ, როცა დედაჩემის გარეშე დავიწყე ექიმებთან სიარული და მინდოდა თუ არ მინდოდა, ჩემი თავი მევე ,,მეყუდნოდა’’.ყოველ ჯერზე, როცა სტომატოლოგთან ვიზიტის საჭიროება დგებოდა, უამრავ რამეს ვიმიზეზებდი, ჰოდა, ერთხელაც ამ გადადება-გადადებაში, ჩამოკრა უბედურების ზარმა, უკანა კბილებმა მიმტყუნეს, რაც გადროვეთ გეყოსო და ორივე სიბრძნის კბილი ერთდროულად ამტკივდა.როგორი ირონიულია არა?! ამტკივდა კბილი, რომელსაც პრეტენზია აქვს სიბრძნეზე და ამტკივდა ზუსტად მაშინ, როცა მე ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა, მაგრამ აბა მის სიბრძნეს სად გავექცეოდი?ამ კბილებთან ძიძგილაობაში კი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი, კბილის ექიმი მანამ უნდა მოძებნო, სანამ აგტკივდება, და არა, ეს ძველებს არ უთქვამთ და არც რომელიმე მივიწყებული ანდაზაა, მე მოვიგონე სწორედ იმ ღამით, როცა კბილების გამაყრუებელ ტკივილს კედლებზე გავყავდი და ჩემი საცხოვრებლის ირგვლივ მდებარე არცერთი სტომატოლოგიური ღამით არ მუშაობდა.ზოგადად, სტომატოლოგიური კლინიკების ნაკლებობას ჩვენი დედაქალაქი არ უჩივის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში საგრძნობლად გაიზარდა სტომატოლოგებისა და კლინიკების რაოდენობა. ორთოდონტიიდან დაწყებული პაროდონტ-ენდოდონტიით დამთავრებული, სულო და გულო ყველა სპეციალისტის მოძიებას შეძლებ.თუმცა, ამ ფონზეც კი რთული აღმოჩნდა მეპოვნა ღია 24 საათიანი სტომატოლოგიური კლინიკა, ჩამოვურეკე ყველა ნაცნობ-მეგობარს, რომელთაგან უმრავლესობამ ვერც გაიგო რისთვის ვურეკავდი, რადგან ტკივილისგან საუბარიც მიჭირდა, ამავდროულად ორივე ხელით ყბებს ვიჭყლეტი და სპიკერზე ჩართულ მობილურზე სასოწარკვეთილი ვლუღლუღებდი. გამოკითხვების პარალელურად, ცხადია, გუგლის ძალაც არ დამვიწყებია, ყველა შესაძლო სიტყვათა წყობით ვცადე მომეძებნა ახლომდებარე კლინიკა და თან თავბედს ვიწყევლიდი, რაღა ახლა გაწყდა სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში - მეთქი.ბოლოს 1 კლინიკა ვიპოვე, დავრეკე და ფლეშის სისწრაფე მიმიქარავს, ისე გავაქანდი და ეს იყო, ალბათ ის ერთადერთი და პირველი შემთხვევა, როცა სტომატოლოგთან მისვლა კი არ მზარავდა, არამედ მიხაროდა კიდეც.უკარგესი ექიმები დამხვდნენ, ეს ჩემი გაყოყოჩებული სიბრძნის კბილები დაამშვიდეს, დააწყნარეს, მიეფერ-მოეფერნენ და როცა დარწმუნდნენ, ეს კბილები კარგა ხანი აღარ შემაწუხებდნენ, მეც თავზე ხელი გადამისვეს - გამძლეობისთვის და უკან გამოგვიშვეს.
ამ შემთხვევის შემდგომ იყო, რომ დავფიქრდი, იქნებ იმიტომ მეშინოდა სტომატოლოგების, რომ თავიდანვე ცუდ ექიმებთან მქონდა ურთიერთობა-მეთქი, ცუდში უპირობოდ არ ვგულისხმობს იმას, რომ მათ არ იცოდნენ თავიანთი საქმე, იცოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ მთავარი, სწორი მიდგომა პაციენტთან: როგორ დაამშვიდონ, დაუყვავონ და მოუხსნან მას სტომატოლოგთან ვიზიტით გამოწვეული სტრესი.ამ ყველაფერს სწავლა სჭირდება, რასაც საბედნიეროდ ითვალისწინებს თანამედროვე სტომატოლოგია.
აი, მაგალითად, რამდენიმე ნაცად პრაქტიკას გაგიზიარებ და თუ შენც გეშინია დენტისტების ან ზოგადად სტომატოლოგიური პროცედურების სცადე, იქნებ გამოგადგეს.
- რელაქსაციის ტექნიკა, ღრმა სუნთქვა - სანამ სტომატოლოგის სავარძელში ზიხარ დახუჭე თვალები და წარმოიდგინე დამამშვიდებელი ადგილი (მაგ: ზღვის სანაპირო, ბაღი და სიმწვანე), ეცადე მოადუნო გონება და დაიწყე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთვა, გაიმეორე ეს ციკლი რამდენჯერმე, სანამ მოდუნებულად არ იგრძნობ თავს.
- ყურადღების გადატანის ტექნიკა - სტომატოლოგიური შიშის დასაძლევად ერთ-ერთი პრაქტიკული ტექნიკაა ყურადღების გადატანა სამკურნალო პროცედურიდან რაიმე სხვა საქმიანობაზე.პროცედურების პარალელურად შეგიძლია მოუსმინო საყვარელ მუსიკას, უყურო ფილმს, სერიალს ან იმ შოუს რაც მოგწონს.ეს დაგეხმარება კონცენტრაცია სხვა რამეზე იქონიო და ნაკლებად იფიქრო სტომატოლოგიურ პროცედურაზე, შესაბამისად მოიკლებს შიშის ფაქტორიც.
- ღია კომუნიკაცია სტომატოლოგთან - გაეცანი გარემოს და მიმღებ პერსონალს, გაიცანი სტომატოლოგი და უთხარი შენი შიშის შესახებ, რომ ის ამისთვის მომზადებული იყოს. იმ მიზეზის გაგება თუ რა განერვიულებს, დაეხმარება მას მოგიდგეს ინდივიდუალურად და შემოგთავაზოს შენზე მორგებული მკურნალობის მეთოდები.მაგალითად: შეიძლება უშუალოდ ექიმის ან გარემოსი არ გეშინოდეს და შიში უკავშირდებოდეს ნემსის ჩხვლეტას, ამ მიზეზის გაჟღერებით ექიმი ეცდება მაქსიმალურად მსუბუქი ხელით და უმტკივნეულოდ გაგიკეთოს ინექცია.
ასევე, რასაც დავაკვირდი, ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ თუ რისი გვეშინია, მნიშვნელოვანია ჩავუღრმავდეთ საკუთარ აზრებს და დავაკვირდეთ სტომატოლოგთან ვიზიტისას რომელი დეტალი იწვევს ჩვენში ყველაზე მეტად შფოთვის განცდას. ეს შეიძლება იყოს მოსალოდნელი ტკივილის განცდის შიში, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს შიში ხშირად მომდინარეობს წარსული ცუდი გამოცდილებებიდან ან უბრალოდ იდეისგან, რომ პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს ტკივილიანი. თუმცა, საბედნიეროდ თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები და ტექნიკები, რომლებიც პროცედურებს ხდის გაცილებით უფრო კომფორტულს და მინიმუმამდე დაჰყავს ტკივილის შეგრძნება.სტომატოლოგები ასევე იყენებენ სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებებს ტკივილის შემცირებისთვის.ზოგიერთ ადამიანს აწუხებს სტომატოლოგიურ სავარძელზე წამოწოლის იდეაც კი, რადგან გრძნობს რომ კარგავს კონტროლს სიტუაციაზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სტომატოლოგის მხრიდან დეტალური ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს და რა უნდა მოელოდეს პაციენტი. კარგი სტომატოლოგები ასეთ დროს ცდილობენ პაციენტის დაამშვიდებას და კომფორტის განცდის შექმნას.ხშირია წარსული ცუდი გამოცდილების შიში: აი, ერთხელ თავს, რომ მოერიე, წახვედი სტომატოლოგთან და უხეში, უყურადღებო და არაპროფესიონალი ექიმი შეგხვდა, ამ ნეგატიურმა გამოცდილებამ შესაძლოა მომავალშიც შეგიქმნას პრობლემები, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სანდო და კომპეტენტური სტომატოლოგის პოვნა.სტომატოლოგის შერჩევისას შეგიძლია იხელმძღვანელო:
▶ ნაცნობ-მეგობრების, ოჯახის წევრების რეკომენდაციებით, ხოლო თუ ონლაინ პლატფორმებზე შეარჩევ, მაგალითად: Servisebi.ge-ზე გაეცანი კომენტარების სექციასაც, სადაც იმ ადამიანების გამოცდილება დაგხვდება, რომელთაც უკვე ისარგებლეს მომსახურებით და გვიზიარებენ, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ.ექიმის კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და პროფესიულ ბიოგრაფიას, რომ უნდა გაეცნო ამის შეხსენებით და გავრცობით თავს აღარ შეგაწყენ.
▶ საგულისხმოა, ვიზიტზე ჩაწერის სიმარტივეც, ყურადღება მიაქციე თუ რამდენად კომფორტულადაა შესაძლებელი შერჩეულ ექიმთან კონსულტაციაზე მოხვედრა. კბილი, რომ აგკტივდება და 2 კვირით ექიმთან მისვლამდე ლოდინი გიწევს, ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
▶ მოიკვლიე ინფორმაცია იმ კლინიკაზე, რომელშიც სპეციალისტი მუშაობს, შეიძლება დაწესებულების სახელი საერთოდ არ გეცნოს ან პირიქით ძალიან ნაცნობი იყოს, მაგრამ ზოგადი ინფორმაციის შეგროვებას ორივე შემთხვევაში შეძლებთ.სასურველია თუ კლინიკა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით.მაგალითად: ციფრული რენტგენი, 3D სკანერები და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკური მოწყობილობები საშუალებას აძლევს სტომატოლოგს ზუსტად დაადგინოს პრობლემის არსი და შესაბამისად დაგეგმოს მკურნალობა.ლაზერული ტექნოლოგიები, კომპიუტერული ანესთეზია და სხვა ინოვაციური მეთოდები კი ამცირებს პროცედურებისას ტკივილსა და დისკომფორტს.
▶ ვიზიტისას ყურადღება მიაქციე ჰიგიენური ნორმების დაცვას, კლინიკაში თუ სისუფთავე არ არის, ეს მიუთითებს არაპროფესიონალიზმსა და სამედიცინო ნორმების უგულვებელყოფაზე.სისუფთავე და ჰიგიენა მხოლოდ კომფორტს კი არ ქმნის, არამედ ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლის გარეშეც ფასს კარგავს პროფესიონალიზმი, გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიებიც კი.
ვიმედოვნებ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარება, როგორც სტომატოლოგთან ვიზიტის შიშის დაძლევაში, ასევე კლინიკისა და ექიმის სწორად არჩევაში და აღარ გადადებ ვიზიტს დენტისტთან.