პაროდონტიტი და პაროდონტოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაროდონტიტი და პაროდონტოზი

ზრდასრულ ასაკში კბილების ნაადრევ დაკარგვას ყველაზე ხშირად სწორედ ეს ორი პათოლოგია იწვევს. მათ შესახებ ექიმი სტომატოლოგი მაია მაქანდარაშვილი გვესაუბრება.

- პაროდონტიტი კბილის დაავადებაა, რომლის დროსაც ღრძილის ანთება პაროდონტის (კბილის ირგვლივი არე) სხვა ქსოვილებზეც ღრმად ვრცელდება. პათოლოგიური პროცესი თანდათან არღვევს კბილბუდეს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს და პერიოდონტს. დღეს ყოველ მესამე ადამიანს ამა თუ იმ ხარისხის პაროდონტიტი აღენიშნება.

- რა იწვევს ამ დაავადებას?

- პაროდონტიტს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მის მიზეზთა შორის აღსანიშნავია კბილების ფორმის დარღვევა, არასწორი თანკბილვა, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა, კვების არასწორი რაციონი, განსაკუთრებით - ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი. პაროდონტიტი ასევე შესაძლოა განვითარდეს გინგივიტის შემდეგ. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს საკვების სტრუქტურა: როდესაც ადამიანი მხოლოდ რბილ საკვებს იღებს, ირღვევა საღეჭი აპარატის ნორმალური დატვირთვა და კბილების ბუნებრივი წმენდა. აღსანიშნავია მავნე ჩვევების როლიც, ისეთებისა, როგორიც არის ყბის მხოლოდ ცალ მხარეს ღეჭვა, ანუ ყბის ზოგიერთი უბნის ფუნქციური გადატვირთვა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქრონიკულ დაავადებებს, ეკოლოგიას, პროფესიულ მავნე ფაქტორებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.

- როგორია დაავადების ძირითადი ნიშნები?

- ძირითადი ნიშნებია კბილების მორყევა, ღრძილებიდან სისხლდენა და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, კბილების მდებარეობის ცვლილება, მათ შორის ცარიელი ადგილების გაჩენა, კბილების დაჩირქება. ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად კბილის ტკივილი და აბსცესი პროცესის პროგრესირებაზე მეტყველებს. ჯანმრთელი ღრძილი ბაცი ვარდისფერია და კბილების ხეხვისას სისხლი არ სდის (ცხადია, თუ კარგი ჯაგრისით სწორად ვიხეხავთ კბილებს), ანთებისას კი მუქი წითელი ფერისა ხდება და ჯაგრისის მცირე შეხებაც კი საკმარისია, სისხლი რომ წამოვიდეს.

განვითარების სტადიის მიხედვით, დაავადება სხვადასხვანაირად ვლინდება. პირველი ნიშანი სისხლდენაა. ამ სტადიაში პროცესი არც ისე რთულია და შექცევადია, რადგან ანთება ღრმად არ არის გავრცელებული, ღეჭვითი წნევა ჩვეულებრივ ნაწილდება კბილთა რიგზე და არც პაროდონტის ქსოვილებია გადატვირთული. ამ სტადიაში პაციენტი უჩივის ტკივილის შეგრძნებას რამდენიმე კბილის არეში, ღრძილები შეშუპებული და შეწითლებული აქვს.

მკურნალობის გარეშე პროცესი ღრმავდება. წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბე, რომელშიც გროვდება ნადები, წარმოიქმნება ქვები, რომლებიც პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას უწყობს ხელს. ირღვევა პაროდონტული ქსოვილები, ხდება ყბის ძვლის განლევა, რაც იწვევს კბილების მდებარეობის ცვლილებას და მათ შორის სიცარიელეების გაჩენას, კბილის მორყევას, რადგან ისინი ყბაში ძვლოვან საყრდენს კარგავენ. უკანასკნელ სტადიაში კბილის საყრდენი აპარატის სისუსტის გამო ადამიანს სავსებით ჯანსაღი კბილები სცვივა.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ პაროდონტიტს?

- პაროდონტიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივ ღონისძიებებს. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად, დაავადების სტადიიდან გამომდინარე, გართულების ხასიათისა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩევა.

პაროდონტიტის ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს სიმპტომური გინგივიტის მკურნალობას, პაროდონტული ჯიბეების გაჩენის აღკვეთას, ალვეოლური მორჩის ანთების ლიკვიდაციას. პაროდონტის ქსოვილებში სისხლის ნორმალური მიკროცირკულაციის აღსადგენად ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, რაშიც მთავარი როლი მედიკამენტურ თერაპიას მიეკუთვნება. ვიყენებთ ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ და რეგენერაციის მასტიმულირებელ პრეპარატებს, როგორც მისაღებად, ისე პირის ღრუს აბაზანებისა და აპლიკაციების სახით.

ადგილობრივი მკურნალობისას ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურებიც, ინიშნება ვიტამინები, უმთავრესად - C და B ჯგუფისა, ბიოგენური სტიმულატორები.

რადიკალური მკურნალობა ქირურგიული მეთოდია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პათოლოგიური კბილ-ღრძილოვანი ჯიბის მოცილება და უიმედო კბილების ექსტრაქცია ალვეოლური მორჩის ძვლის შესანარჩუნებლად, რომელიც შემდგომ შესაძლო დენტალური იმპლანტაციისთვის არის საჭირო.

პაროდონტიტის მკურნალობის პარალელურად საჭიროა დაკარგული კბილების აღდგენაც, მაგრამ ტრადიციული მეტალოკერამიკული პროთეზების გამოყენება მათი სიმძიმის გამო ამ დროს დაუშვებელია. გარდა ამისა, მათი ჩასმა კბილების წინასწარ მომზადებას ითვალისწინებს, რაც ისედაც მორყეული და დაზიანებული კბილისთვის დამატებითი ტრავმაა.


- რა არის პაროდონტოზი?

- პაროდონტოზი დაავადებაა, რომელიც კბილისირგვლივი ქსოვილების სისტემური დაზიანებით ვლინდება. ანთებითი მოვლენები ამ დროს ნაკლებად არის გამოხატული, არც პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბეები წარმოიქმნება და არც ჩირქდენა აღინიშნება. სამაგიეროდ შესამჩნევია ღრძილების ატროფია: კბილებს შორის მოჩანს თავისუფალი სივრცეები, შიშვლდება კბილების ყელი, რაც ზრდის მათ მგრძნობელობას. ამ დროს პაციენტები სწორედ მგრძნობელობის მომატებას და ღრძილებში ქავილის შეგრძნებას უჩივიან. ჩნდება ეგრეთ წოდებული სოლისებრი დეფექტებიც. ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის გამო კბილები ირყევა და თანდათან ცვივა.

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ პაროდონტოზის მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს.

მსუბუქ ფორმას ახასიათებს კბილის მესამედის გაშიშვლება. საშუალო და მძიმე ფორმების დროს ცვლილებები უკვე კბილის ნახევარს მოიცავს.

- რა იწვევს პაროდონტოზის დროს ღრძილის ირგვლივ ქსოვილებში დისტროფიულ-დეგენერაციულ ცვლილებებს?

- პაროდონტოზის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ვიცით, რომ განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. არცთუ იშვიათად ვითარდება სხვა დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული დაავადებების, მათ შორის - ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის) ფონზე.

პაროდონტოზი არ იწვევს მტკივნეულ შეგრძნებებს, ამიტომ პაციენტები ექიმთან მისვლას არ ჩქარობენ. კლინიკური სურათი ძლიერ გამოხატული არ არის, იგი ნელა, თანდათანობით ვითარდება. პაციენტები ექიმს მხოლოდ კბილების მომატებული მგრძნობელობის გამო მიმართავენ.

- მკურნალობის მეთოდებზე რას გვეტყვით?

- პაროდონტოზის მკურნალობაც კომპლექსურია და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით ტარდება. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღება. ექიმის ამოცანაა პროცესის შეჩერება, კბილების შენარჩუნება და საღეჭი აპარატის ფუნქციური მდგომარეობის ნორმალიზება. ამისთვის გამოიყენება მედიკამენტები, ვიტამინოთერაპია, ჰორმონოთერაპია. მივმართავთ მეთოდებს, რომლებიც ადგილობრივ სისხლმიმოქცევას აუმჯობესებს. ესენია მასაჟი და ფიზიოთერაპია. ვიყენებთ ასევე დარსონვალიზაციასა და ლაზერთერაპიას. აუცილებელია კბილებიდან ქვების მოცილება, პირის ღრუს პროფესიული სანაცია, რადგან მკურნალობის პროცესს ძლიერ აფერხებს მიკროორგანიზმები.

ტარდება სხვადასხვა სახის ორთოპედიული ღონისძიებები, კბილების პროთეზირება. პაროდონტოზის მკურნალობის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ძირითადი ან თანმხლები დაავადების მკურნალობაც.

საბედნიეროდ, პაროდონტოზის დროული მკურნალობა კბილების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, დროულად დაწყებული კვალიფიციური მკურნალობისას პათოლოგიური პროცესის პროგრესირება რამდენიმე წლით ჩერდება, თუმცა აუცილებელია პროფილაქტიკა, რაც ითვალისწინებს წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს. უყურადღებობის შემთხვევაში კი კბილების ნაადრევი დაკარგვის რისკი საკმაოდ დიდია.

- პაროდონტიტი და პაროდონტოზი ხშირად ერევათ ერთმანეთში. იქნებ აგვიხსნათ, რა განსხვავებაა ამ ორ პათოლოგიას შორის?

- ეს ორი პათოლოგია მიზეზებითა და მიმდინარეობით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. პაროდონტოზი გენერალიზებული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში მთელი ყბაა ჩათრეული და არა რომელიმე განსაზღვრული მონაკვეთი, როგორც ეს პაროდონტიტს ახასიათებს.

პაროდონტოზის მთავარი ნიშანია ჰიპერესთეზია - მომატებული მგრძნობელობა, რომლის დროსაც ღრძილი თითქმის არ იცვლება და ბაცი ვარდისფერია.

პაროდონტიტის ძირითადი კლინიკური მახასიათებელი კი ღრძილის გარეგნული ცვლილება, სისხლდენა და მოგვიანებით ჩირქოვანი გამონადენია.