თუ პაროდონტიტი გაწუხებთ, გაამდიდრეთ კვების რაციონი ფორთოხლით და შავი მოცხარით - როგორ ვუმკურნალოთ "სისხლმდენ დაავადებას"
რა გზას მიმართავთ სისხლმდენი დაავადებების განსაკურნავად?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ანთებითი პროცესის ჩაქრობა, რაც მედიკამენტური თერაპიითა და "საშინაო დაავალებებით" მიიღწევა. კბილიდან ნადებისა და ქვების მოსაცილებლად ჩვენს განკარგულებაშია საკმაოდ ბევრი საშუალება - პროფესიული პასტებითა და ჯაგრისით დაწყებული, ულტრაბგერითი აპარატით დამთავრებული.
გინგივიტის სტადიაში მკურნალობისთვის საკმარისია ნადებისგან კბილის პროფესიული გაწმენდა ულტრაბგერის საშუალებით და ღრძილის ანთების საწინააღმდეგო თერაპია.
პაროდონტიტის მსუბუქი ფორმისას ასევე საჭიროა სპეციალური სავლებები. ვინაიდან პაროდონტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ვიტამინების, უმთავრესად კი C ვიტამინის ნაკლებობაა, უნდა გაიზარდოს რაციონში ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების შემცველობა. განსაკუთრებით მარგებელია ფორთოხალი და შავი მოცხარი.
- რას ნიშნავს "საშინაო დავალება"?
- "საშინაო დავალება" ღონისძიებათა კომპლექსია, რომელსაც პაციენტი თავად იტარებს ბინაზე. იგი მო-იცავს პირის ღრუში მცენარეული ნაყენებისა და სამკურნალო ხსნარების გამოვლებას, მასაჟს. პაციენტმა კბილების გაწმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ღრძილების მასაჟი. ამისთვის საჩვენებელ და ცერა თითებზე ვიცხებთ ცოტაოდენ კბილის პასტას.
მასაჟი იწყება ყბის ცენტრიდან, თანდათან თითები ინაცვლებს გვერდებზე. ზედა ყბაზე მოძრაობა ხორციელდება ზევიდან ქვევით - ღრძილებიდან კბილე-ბისკენ, ქვედა ყბაზე კი ქვევიდან ზევით. მასირება ხდება წრიული მოძრაობებით. დილით მასაჟი საათის ისრის მიმართულებით კეთდება, საღამოს კი საპირისპიროდ.
ლორწოვანზე დაწოლა ტკივილს არ უნდა იწვევდეს. ამასთანავე, დილით ზეწოლა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე საღამოს. მასაჟი დაახლოებით 5-7 წუთს გრძელდება, შემდეგ კი აუცილებელია პირის ღრუში 2-3 წუთის მანძილზე სალბის ან გვირილის ნაყენის გამოვლება.
ღრძილების მოსამაგრებლად და პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ღრძილებში მარილიანი ნატურალური თაფლის შეზელა (20 გ თაფლი + 5-10 გრამი სუფრის მარილი), სალბის, გვირილის ნაყენის გამოვლება.