რა იწვევს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს
პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გამო ადამიანი კომპლექსდება, თამამად საუბარსა და სიცილს გაურბის, უხერხულობის განცდა იპყრობს, ცდილობს, აკონტროლოს დისტანცია თანამოსაუბრესთან. ყოველივე ეს მუდმივ დაძაბულობასა და დათრგუნულობას იწვევს. ასე რომ, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან მართლაც სერიოზული პრობლემაა. ის შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც საკუთრივ პირის ღრუში, ასევე ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით. შესაბამისად, ამ პრობლემასთან ბრძოლა და უსიამოვნო სუნის სრულად ლიკვიდაცია არცთუ იოლია. ის სწორ დიაგნოსტიკასა და რაციონალურ თერაპიას ეფუძნება. პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევ პათოლოგიებზე გვესაუბრება თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თელავის ცენტრალური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი სტომატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნანა ნაცვლიშვილი.
- პირის ღრუს რომელი პათოლოგიები იწვევს უსიამოვნო სუნს?
- პირის ღრუში უსიამოვნო სუნს იწვევს სხვადასხვა პათოლოგია, მათ შორის - პაროდონტის (კბილის ირგვლივი ქსოვილების) დაავადებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პაროდონტის ანთებითი დაავადებები 35-დან 44 წლამდე მოსახლეობის 65-98%-ს აწუხებს, 15-დან 18 წლამდე კი 55-89%-ს. გარდა ფართო გავრცელებისა, პაროდონტის ანთებით დაავადებებს ახასიათებს აქტიური მიმდინარეობა, ხშირი რეციდივი და მთელ ორგანიზმზე ნეგატიური ზემოქმედება. ანთებითი პროცესის ეტიოლოგიური ფაქტორები ორ ჯგუფად - ადგილობრივ და ზოგად ფაქტორებად იყოფა. ზოგადი ფაქტორებიდან გამოყოფენ ჰიპოვიტამინოზებს, ნერვულ-ტროფიკულ, ნივთიერებათა ცვლის და ენდოკრინულ დარღვევებს, პაროდონტის ქსოვილზე დამაზიანებლად მოქმედი ადგილობრივი ფაქტორების კომპლექსიდან კი უნდა დავასახელოთ კბილის ნადები, მიკროფლორა, ტრავმული ოკლუზია, პირის ღრუს არასათანადო სანაცია, არასრულფასოვანი ბჟენები, ორთოდონტიული აპარატები, მავნე ჩვევები...
- რას გვეტყოდით გინგივიტზე - ღრძილების ლორწოვანი გარსის ანთებაზე?
- გინგივიტი ღრძილის ანთებაა. მას ზოგადი და ადგილობრივი არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედება იწვევს. ის ჩვეულებრივ კბილ-ღრძილოვანი შეერთების მთლიანობის დარღვევის გარეშე მიმდინარეობს. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში ძირითადად გამოვლინდება წყლულოვანი გინგივიტის დროს. ეს დაავადება იწყება მწვავედ, ზოგადი სისუსტით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, პირის ღრუში მძაფრი ტკივილით, ღრძილებიდან სისხლდენის გაძლიერებით, საკვების მიღების გაძნელებით. აღნიშნულ ცვლილებებს თან ახლავს ლპობის უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ასეთმა ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
- ცნობილია, რომ პაციენტების უმრავლესობას ანამნეზში აღენიშნება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სისხლდენა ღრძილებიდან. უმეტესად რა არის ამის მიზეზი და უკავშირდება თუ არა უსიამოვნო სუნი უშუალოდ ღრძილებიდან სისხლდენას?
- პაციენტთა ამ კატეგორიის პირის ღრუს დათვალიერებისას, როგორც წესი, ყურადღებას იქცევს კბილის ნადების დიდი რაოდენობა (არსებობს მაგარი და რბილი ნადები). ასეთ პაციენტებში არ წარმოებს კბილების თვითგაწმენდა, რადგან მძაფრი ტკივილის გამო ისინი ვერ იწმენდენ კბილებს; გარდა ამისა წყვეტენ ნორმალურ კვებას. არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან ვლინდება აგრეთვე პაროდონტიტის დროს. პაროდონტიტი არის დაავადება, რომლის დროსაც ანთება ღრძილებიდან ვრცელდება პაროდონტის სხვა ქსოვილებზე. პაროდონტიტი ხასიათდება პერიოდონტისა და კბილთაშუა ძგიდეების ძვლოვანი ქსოვილის პროგრესული დესტრუქციით (იგივე რღვევით). პერიოდონტი წარმოადგენს კბილის რბილ ქსოვილს ალვეოლასა და ფესვს შორის. კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული პაროდონტიტი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პაციენტის დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, თვითმკურნალობა და სხვა მრავალი. მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს ავადმყოფებს უჭირთ საკვების ღეჭვა, მეტყველება (ზოგიერთი კბილის დაკარგვისა და სხვა კბილების მორყევის გამო). პირიდან უსიამოვნო სუნი, კბილების უცნაური ფორმა ცვლის პაციენტის ფსიქიკურ-ემოციურ სტატუსს (იგი ადვილად ღიზიანდება, გულჩათხრობილია და სხვა).
- კიდევ რომელ სიმპტომებს ეფუძნება პაროდონტიტის დიაგნოსტიკა და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის რაციონალური მკურნალობა?
- ამ დროს პირის ღრუს დათვალიერებისას შეიმჩნევა ღრძილის გამოხატული დეფორმაცია გრანულაციების ზრდის, ფიბროზის, ანთებითი და შეგუბებითი ინფილტრაციის გამო. ღრძილის დვრილები სუსტად ემაგრება კბილის ზედაპირს. შეინიშნება დიდი რაოდენობით კბილის ქვა, მიკრობული ნადები, საკვების ნარჩენები. ღრძილებიდან ძლიერი სისხლდენის გამო პაციენტები წყვეტენ კბილების წმენდას და ამით ხელს უწყობენ პაროდონტის ანთებითი ცვლილებების პროგრესირებას.
პაროდონტის დაავადებების მკურნალობა ინდივიდუალურად მიდგომის პრინციპზეა დაფუძნებული. ის კომპლექსურ ხასიათს ატარებს და მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგად თერაპიას. აუცილებელია:
- გამაღიზიანებელი ფაქტორების მოცილება;
- პათოგენეზური თერაპია;
- ორგანიზმის დამცველი ძალების გამააქტიურებელი თერაპია ანუ იმუნიტეტის ამაღლება.
პაროდონტის ანთებითი დაავადებების შედეგიანი მკურნალობისათვის და აგრეთვე მათი პროფილაქტიკისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილების სწორად მოვლას. ამ თვალსაზრისით აუცილებელია პაციენტთა გათვითცნობიერება და მათთვის კბილების სწორად მოვლის წესების სწავლება. მხოლოდ ამ გზით შეძლებენ პაციენტები კბილის მიკრობული ნადების - გინგივიტის განვითარების ძირითადი მიზეზის თავიდან აცილებას. კბილის ნადების შემთხვევაში საჭიროა მისი მოცილება ულტრაბგერის საშუალებით. მიკრობული ნადების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენების გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნერწყვდენის მოწესრიგებას, მისი სეკრეციის (გამოყოფის) ტემპსა და სიჩქარეს. ეს ორი უკანასკნელი ფაქტორი ხელს უწყობს სეკრეტისეული (გამონაყოფში არსებული) IGA-ს გამოყოფას, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივად დაცვით მოქმედებას. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი იმ საშუალებების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ ნერწყვის გამოყოფას. ზოგად მკურნალობას რაც შეეხება, ის მიმართული უნდა იყოს არა მარტო პაროდონტის ქსოვილში ანთებითი პროცესის ლიკვიდაციისაკენ, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, მისი დამცველი ძალების ამაღლებისაკენ. ამ თვალსაზრისით უცილებელია ვიტამინოთერაპია A, B1, P, PP, C ვიტამინების გამოყენებით. ადგილობრივი და ზოგადი მკურნალობის კომპლექსში პირის ღრუს ჰიგიენასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზოგად რაციონალურ რეჟიმს, სრულფასოვან კვებას და რაც მთავარია, აუტომასაჟს. ეს უკანასკნელი პაციენტმა კბილების გამოხეხვის შემდეგ რეგულარულად უნდა აწარმოოს.
- ღვიძლისა და, საზოგადოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს ხშირად თან ახლავს პირის ღრუს ცვლილებები, განსაკუთრებით - ენის ზედაპირის ცვლილება, მასზე ნადების გაჩენა...
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ცალკეული პათოლოგიების დროს პირის ღრუში ამა თუ იმ ცვლილების განვითარება განპირობებულია პირის ღრუსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის მორფო-ფუნქციური მსგავსებით. ენის მდგომარეობა ყველაზე კარგად შესწავლილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. მრავალი მკვლევარის აზრით, ენის შესახედაობას შეიძლება ჰქონდეს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და მიანიშნებდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარულ პათოლოგიაზე. ყველაზე ხშირი სიმპტომია ნადებიანი ენა. ენაზე ნადების გამოხატულების ხარისხი მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენის მორფოლოგიურ სურათს. ნორმალური მდგომარეობის ან ენის დვრილების ჰიპერტროფიის (გამსხვილების) დროს ნადები მკვრივია, კარგად არის გამოხატული. დვრილების ატროფიის (განლევის) დროს, პირიქით, ნადები საერთოდ არ წარმოიქმნება ან აღინიშნება მცირე რაოდენობით. პირის ღრუს ჰიგიენა დიდ ზეგავლენას ახდენს ნადების წარმოქმნაზე. ენაზეNნადები, ძირითადად, ვლინდება გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის სიმსივნისა და სხვა დაავადებების დროს. უფრო მეტად არის გამოხატული წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტის, ენტეროკოლიტის გამწვავების პერიოდში. ამ დროს ნადები ენის მთელ ზურგს ფარავს. ნადების ფერი მონაცრისფრო-მოთეთროა. მკვრივი ნადების დროს ავადმყოფი განიცდის უხერხულობას, გემოვნების დაქვეითებას, არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან. გასათვალისწინებელია, რომ ნადებიანი ენა შეინიშნება მრავალი ინფექციური და სხვა დაავადებების დროსაც. გარდა ამისა, მცირე ნადები, განსაკუთრებით დილაობით, შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ადამიანებშიც. ენის ნადები ადგილობრივ მკურნალობას არ საჭიროებს. ამ დროსAაუცილებლად უნდა გაირკვეს ნადების წარმოშობის მიზეზი და დაიწყოს ზოგადი დაავადების მკურნალობა, განხორციელდეს პირის ღრუს სანაცია. საჭიროა კბილების სწორად გაწმენდის წესების სწავლა.