პირის ღრუს კენჭები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირის ღრუს კენჭები

ქვების წარმოქმნა კბილებზე არსებული ნადების გამოშრობა-გამკვრივების შედეგია. ქვები ორგანული და არაორგანული კომპონენტებისაგან შედგება. არაორგანულ ნივთიერებებს შორის აღსანიშნავია კალციუმი (39%), ფოსფორი (19%), მაგნიუმი (0,8%) და კარბონატები (1,9%). ქვების შემადგენლობაში შედის აგრეთვე მიკროელემენტები - ნატრიუმი, თუთია, სტრონციუმი, ბრომი, სპილენძი, მანგანუმი, ვოლფრამი, ოქრო, ალუმინი, რკინა, ფთორი. ორგანული კომპონენტებიდან წარმოდგენილია - პროტეინ-პოლისაქარიდული კომპლექსი, რომელიც ძირითადად შედგება ჩამოფცქვნილი ეპითელიუმისგან, ლეიკოციტებისა და სხვადასხვა მიკროორგანიზმისაგან, აგრეთვე ლორწოსა და საკვები ნარჩენებისაგან.

თავდაპირველად კბილებზე რბილი, ღია შეფერილობის ნადები ჩნდება - საკვები ნარჩენებისა და ბაქტერიების გროვა. ამ უკანასკნელზე ილექება ნერწყვში არსებული და პირის ღრუში მოხვედრილი მარილები; დროთა განმავლობაში ნადები მკვრივდება და მუქდება, საბოლოოდ კი მკვრივ და მყარ ქვად ყალიბდება.

ქვების წარმოქმნას უწყობს ხელს:

  • პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა, კბილების არარეგულარული გაწმენდა;
  • უხარისხო ჯაგრისისა და პასტის გამოყენება;
  • მხოლოდ რბილი საკვებით კვება;
  • კბილების არათანაბარი ღეჭვითი დატვირთვა, ცალ მხარეს ღეჭვა;
  • ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევა;
  • კუჭ-ნაჭლავის, განსაკუთრებით - ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები;
  • მარილოვანი ცვლის დარღვევა და მრავალი სხვა...

ქვების დალექვის მიზეზი ხშირად კბილების არასწორი განლაგება და მათი ზედაპირის არასაკმარისი სიგლუვეა (ხაოიან ზედაპირზე ადვილად იკიდებს ფეხს ნადები და შესაბამისად ქვებიც ადვილად ყალიბდება).

ქვების ჩამოყალიბების პროცესი თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალურად და განსხვავებული პერიოდულობით მიმდინარეობს (დაახლოებით 18 კვირიდან 6 თვეს მოიცავს). ასაკთან ერთად ქვების წარმოქმნა სულ უფრო ჩქარდება, მით უფრო, თუ ადამიანი არ იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს და არ უვლის პირის ღრუს სათანადოდ.

ქვები, ჩვეულებრივ, კბილების იმ უბნებზე ილექება, რომლებიც საკვების ღეჭვის პროცესში სათანადოდ ვერ განიცდის თვითგაწმენდას. ასეთ უბნებში, როგორც წესი, მიკრობებიც უხვადაა და ნადებიც ინტენსიურად ილექება. ეს უკანასკნელი ნერწყვით იჟღინთება და დროთა განმავლობაში მყარ მონოლითურ მასას (კბილის ქვას) აძლევს დასაბამს.

ქვები კბილებზე ბავშვებსა და მოზარდებსაც უვითარდებათ, ზოგიერთები ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გამო განსაკუთრებულად არიან მიდრეკილნი კბილებზე ქვების წარმოქმნისადმი, თუმცა არსებობს კატეგორია, რომელსაც ქვები საერთოდ არ უვითარდება. ამასთან, პირის ღრუში წარმოქმნილი ქვების 90% ქვედა ყბის წინა კბილებზე მოდის, უფრო კონკრეტულად კი - მათ ენისკენა ზედაპირზე.

ქვების სახეები

ღრძილის კიდესთან დამოკიდებულების მიხედვით განასხვავებენ ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვებს.

ღრძილზედა ქვები შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ვლინდება კბილების ზედაპირზე. მათ მოთეთრო-მოყვითალო ფერი, თიხისებრი ან მყარი კონსისტენცია აქვთ; ადვილად სცილდება კბილის ზედაპირს სპეციალური ინსტრუმენტის დახმარებით. ღრძილზედა ქვების ფერი, როგორც წესი, დამოკიდებულია თამბაქოსა და საკვები პიგმენტების ზემოქმედებაზე. ღრძილზედა ქვები შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ან ყველა კბილს. უხშირესად გვხვდება ზედა ყბის ძირითადი კბილების ლოყისკენა ზედაპირსა (ყურის ახლო სანერწყვე ჯირკვლის სადინარის საწინააღმდეგოდ) და ქვედა ყბის წინა კბილების ენისკენა ზედაპირზე.

ღრძილქვედა ქვები ძირითადად ღრძილის ქვეშ, ე. წ. პაროდონტულ ჯიბეებში ლაგდება. ისინი ხშირ შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით, პირის ღრუს ვიზუალური დათვალიერებისას ძნელად გასარჩევია (სათანადო ინსტრუმენტების გამოყენებასა და ფაქიზ ზონდირებას საჭიროებს). კონსისტენციის მიხედვით მეტად მყარი და მტკიცეა, მუქი ყავის ან მომწვანო-მოშავო ფერისაა, მტკიცედ ეკვრის კბილის ფესვის ზედაპირს.

* * *

ქვები ღრძილების გაღიზიანებას, სისხლდენას, კბილის ირგვლივი ქსოვილების (პაროდონტის) დაზიანებას იწვევს, ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინფექციის შეჭრისათვის, ამიტომაც აუცილებელია მათგან კბილების პერიოდულად გაწმენდა (წელიწადში 2-3-ჯერ). ტრადიციული მექანიკური მეთოდის გარდა, დღეს ამისათვის ულტრასტომი და სხვა მოწყობილობები არსებობს. თანამედროვე დახვეწილი მეთოდებით შესაძლებელია კბილების ქვებისაგან უმტკივნეულოდ და ქსოვილთა ყოველგვარი დაზიანების გარეშე გაწმენდა.

მთავარი კი მაინც პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, კბილების რეგულარულად გაწმენდა, კუჭ-ნაწლავისა და ყველა ხელშემწყობი დაავადების დროული მკურნალობაა.