ექიმი, რომელსაც ბათუმი და თბილისი ერთად გლოვობდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმი, რომელსაც ბათუმი და თბილისი ერთად გლოვობდა

16 თებერვალს ბათუმმა და თბილისმა დაკარგა ახალგაზრდა კაცი (11 მაისს მას 44 წელი შეუსრულდებოდა), უკეთილშობილესი პიროვნება, აჭარის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ექიმი-ფსიქიატრი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქიატრიული განყოფილების უფროსი - მამუკა დვალიშვილი.

ის იყო უდიდესი პიროვნება, კეთილშობილებითა და წესიერებით აღსავსე, კაცი სული და გული, საოცრად კაცთმოყვარე. ყოველთვის მაოცებდა, როგორ შეეძლო ყველას მიმართ მუდამ კეთილგანწყობილი ყოფილიყო, მის უარყოფით მხარეს ალბათ ვერავინ დაასახელებს, რადგან ყოველმხრივ დადებითი პიროვნება იყო, ყოველთვის სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა, სახე მუდამ მოღიმარი და გაცისკროვნებული ჰქონდა, ეს იყო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეშივე ნათელი ადგა!

მე და მამუკა უახლოესი მეგობრები ვიყავით. ჩვენ ლაღი და ბედნიერი სტუდენტობის წლები გვაკავშირებდა. როგორც ამბობენ, სწავლის პერიოდში ერთად ვათენ-ვაღამებდით. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბათუმში დაბრუნებული, იქიდან გვათბობდა და გვახალისებდა თბილისელ მეგობრებს. გადატვირთული განრიგის გამო ხშირად ვერ ახერხებდა დედაქალაქში ჩამოსვლას, არადა უსაზღვროდ ენატრებოდა თბილისი. მეშვიდე ცაზე იყო ხოლმე, თუკი ვინმე ბათუმში ეწვეოდა. მუდამ შემართული იყო, ყანწითა და სიყვარულით აღსავსე გულით. უყვარდა სიცოცხლე, მეგობრები, საზოგადოდ, ადამიანები. სამწუხაროდ, არ დასცალდა გახარება და გალაღება!

მამუკას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ჯანსაღი იუმორი ხომ პიროვნების დიდსულოვნებისა და ღირსების ერთ-ერთი ნიშანია. მახსოვს, ერთხელ, ტელეფონით საუბრისას, რაღაც შემთხვევის გამო შევჩივლე: „გამაგიჟეს, მამუკა, ლამისაა ჭკუიდან გადავიდე-მეთქი!“ - „ჭკუიდან გადახვალ და, ხომ იცი, ჩემთან მოხვდები, ჩემო თინა, პრინციპში ეგ ცუდი კი არაა, ჩემთან ახლოს იქნები, ძვირფასო!“ - უმალ ჩვეულ იუმორს მიმართა. „შენ იცინე და მგონი, მართლა მჭირდება უკვე პალატა!” - არ ვცხრებოდი მე. იმდენი მაცინა იმ დღეს და მახალისა, რომ პრობლემები სულ დამავიწყა. მას შემდეგ ამ თემაზე ჩვენი ხუმრობა ჩვეულებად იქცა. როცა კი დავურეკავდი, თბილი და ომახიანი ტონით იწყებდა: “რაო, რავა ხარ, ჩემო თინა, პალატა ხომ არ გჭირდება, შენთვის სულ მზად მაქვს, ხომ იცი, მთის მხარეს გნებავს თუ ზღვის მხარეს?“ და არ სრულდებოდა ჩვენი მეგობრული, სიყვარულითა და სიცილით აღსავსე საუბარი.

გული მიკვნესის, ჯერაც ვერ გამიცნობიერებია, რომ მამუკა ამქვეყნად აღარ არის. ახლაც ჩამესმის მისი როხროხა და მოსიყვარულე ხმა, არ მჯერა, რომ ცხადში ვეღარასოდეს გავიგონებ მას. ეს უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია...

მწუხარებას გამოთქვამენ მეგობრები და კოლეგები:

შორენა ბურჭულაძე

ოჯახის ექიმი, თერაპევტი, სამედიცინო ჰოლდინგ 23-ის თერაპიული სამსახურის უფროსი ჩემი მამუკა, ჩემი უკეთილშობილესი ადამიანი... რამდენი რამ მახსენდება ჩვენი ურთიერთობის წლებიდან. ჩვენ მეგობრები ვიყავით და ეს მეგობრობა დაიწყო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი კურსიდან. მამუკა იყო ძალიან ნიჭიერი, უთბილესი და უკეთილესი ადამიანი. ყველაზე ტკბილად მახსენდება ის წელი, როდესაც რამდენიმე კურსელი ჩავედით მის დაბადების დღეზე ბათუმში და მოულოდნელად, სიურპრიზად ვესტუმრეთ საავადმყოფოში. როგორი გახარებული იყო მაშინ, განუმეორებელი დღეები გავატარეთ მის ოჯახში.

მამუკას გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა მეგობრების, კოლეგებისა და პაციენტებისათვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამუკა დააკლდა მთელ ბათუმსა და სამეგობროს, რადგან მისნაირი სუფთა სულისა და გულის ადამიანი დღეს ძალიან ცოტაა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ვიცნობდი და ვმეგობრობდი მამუკა დვალიშვილთან, ამ უდიდესი სულისა და გულის ადამიანთან. სწორედ მამუკასნაირ ადამიანზეა ნათქვამი: “კვდება კაცი, რჩება სახელი“.

ნონა ნაკაშიძე

ბათუმის მეოთხე პოლიკლინიკისა და კლინიკა „ინტერმედიკის“ ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ძალიან სამწუხაროა, თანდათან გამოვდივართ შოკიდან მამუკას გარდაცვალების გამო. დროებით ჩამოგვეშალა უკვდავების ილუზიები, ანუ წარმოუდგენელი მოულოდნელობა იყო ეს ჩვენთვის და ამას ვგლოვობთ ახლაც ყველა. ყველა ამაზე ლაპარაკობს, ერთმანეთს ვუყვებით მამუკას პოზიტიურობის, კეთილგანწყობილების, სითბოს, იუმორის, კაცთმოყვარეობის შესახებ. როგორი ნიჭი ჰქონდა ყველასთან - კოლეგებთანაც, პაციენტებთანაც, “მტერთან” და მოყვასთანაც ყოფილიყო კეთილგანწყობილი, ზომიერი, ეთიკური... ეს უკანასკნელი როგორც დისციპლინა (და კულტურაც საზოგადოდ) ჩვენთან ჯერ არაა ჩამოყალიბებული კარგად (არადა, ძალიან საჭიროა სხვა ბევრ საჭიროებასთან ერთად). მამუკას ეს თანდაყოლილი მადლი ჰქონდა, ყოფილიყო უკონფლიქტო, არავინ განეკითხა. ნიკო ლორთქიფანიძისა არ იყოს, “არსად იყო ზედმეტ სტუმრად”. მნიშვნელოვან საკითხებში პრინციპული და უკომპრომისოც იყო, ესეც კარგად გამოსდიოდა.

მაგრამ... ყველაზე დიდი მოულოდნელობაა - უმისოდ დარჩენილი სივრცე, როგორც ოჯახში, ასევე მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. მოულოდნელი და დიდი დანაკლისია. ვგრძნობ, როგორ დარჩა და გრძელდება ის ძალიან პოზიტიური განწყობები ჩვენში, რომელსაც მამუკა ქმნიდა და რომელიც ძალიან მძაფრად განგვაცდევინა მისმა გარდაცვალებამ...

ეკა ზოიძე

აჭარის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორი ძალიან მიჭირს მამუკაზე წარსულში საუბარი. მართლაც, საოცრად კარგი ადამიანი იყო და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ კარგი სიტყვები ვთქვა, ის მართლა კარგი იყო - თავაზიანი, მოზომილი, გაწონასწორებული, თბილი. თავის დადებით განწყობას და სიხარულსაც ასე გამოხატავდა. როცა რაიმეს ეტყოდი და გაუხარდებოდა, რამდენიმე სიტყვა ჰქონდა: “მართლა”, “კაი, კაცო”, სათქმელი კი ღიმილიან სახეზე ეწერა თითქოს. ტკივილით სავსეა რეალობა, უმისოდ რომ გვიხდება მუშაობა! მაგრამ ყოველი დღე მისით იწყება, ვიხსენებთ ცრემლიანი ღიმილით და იმ შეგრძნებით, რომ ახლა დაგვიანებით მაინც შემოაღებს კარს დილის “5-წუთიანზე”.

ჩვენს კლინიკას გამოაკლდა პროფესიონალი ექიმი, საუკეთესო ადამიანი და ყველას მეგობარი. მამუკა ისეთი ტკივილია ჩვენთვის, რომ ტრაფარეტულად ვერ ვისაუბრებთ. ამ ტკივილს მრავალსიტყვაობით ვერ გამოხატავ: “გვტკივა, გვენანება და გვახსოვს ყოველი წუთი!”