ამ ყველაფრისგან ხველით ვთავისუფლდებით. უფრო სწორად, ხველა ჩვენდაუნებურად აღმოცენდება და უსიამოვნო შეგრძნებაც ქრება. ერთჯერად ხველას, როგორც წესი, ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ ხშირი ხველისას სასწრაფოდ ვეძებთ გამოსავალს და ვცდილობთ, ეს სიმპტომი ხალხური საშუალებებით თუ ჩვეულებრივი მედიკამენტებით მოვიცილოთ. მაინც რა არის ხველა? რა არის საჭირო მისი მიზეზის დასადგენად? ამ და სხვა შეკითხვებით საქართველოს ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალს ვეწვიეთ. გვესაუბრება თერაპევტი, მედიცინის დოქტორი მიმოზა კანკია.
- რა არის ხველა
- სამეცნიერო განმარტების თანახმად, ხველა რეფლექსური აქტია, რომლის მიზანიც არის ქვედა სასუნთქ გზებში მოხვედრილი გამაღიზიანებელი აგენტის (ანთებითი ლორწოს, მტვრის ნაწილაკების) მოცილება. ზოგჯერ ხველას დამცველობითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის საწყის ეტაპზე ის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. ამრიგად, ხველა ზოგჯერ
- როგორი შეიძლება იყოს ხველის ხასიათი?
- ხველა შეიძლება იყოს მშრალი, არაპროდუქტიული - ამ დროს პაციენტს ნახველი არ აქვს - და პროდუქტიული ანუ ნახველიანი. ხველის ტემბრი და ხასიათი პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცნობილია, რომ ხახის უკანა კედლის, ტრაქეის, სახმო იოგებისა თუ ბრონქების გაღიზიანებისას ხველა სხვადასხვანაირია. სურდოს ანუ რინიტის დროს ხველას იწვევს ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით სეკრეტის წარმოქმნა და ხახის უკანა კედელზე მისი ჩადინება. პაციენტი ხშირად გრძნობს, რომ ხველა სწორედ სეკრეტის ჩადინებას მოსდევს. უშუალოდ ხახის უკანა კედლის ანთების (ფარინგიტის) დროს ხველა ზედაპირულია, ხოლო როცა ინფექცია ვრცელდება უფრო ქვემოთ და მოიცავს ტრაქეასა და სახმო იოგებს (ტრაქეიტი, ლარინგიტი) - ხმამაღალი, ძლიერი. მიზეზის დასადგენად, გარდა ხველის ხასიათისა, მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობაც. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ხველას. მწვავე ხველა გრძელდება არაუმეტეს სამი კვირისა. ქვემწვავეს უწოდებენ ხველას, რომლის ხანგრძლივობაც სამიდან 8 კვირამდეა. რვა კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ხველა ქრონიკულია.
- განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან მწვავე და ქრონიკული ხველის მიზეზები?
- მწვავე ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია ან მის ფონზე აღმოცენებული ბრონქიტია. ასეთი ხველა უმეტესად ორ კვირაში გაივლის. როცა ვირუსული ინფექციის შემდეგ ხველა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება ან პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ზოგჯერ კი, პირიქით, უარესდება, აუცილებელია ექიმთან მისვლა - სავარაუდოა მეორეული ბაქტერიული ინფექციის თანდართვა და ისეთი სერიოზული დაავადების აღმოცენება, როგორიც არის ფილტვების ანთება ანუ პნევმონია. მოზრდილთა შემთხვევაში ქრონიკული ხველის ყველაზე ხშირი მიზეზია რინიტი (სურდო, ცხვირის ლორწოვანის მწვავე ანთება), თამბაქოს წევა, ასთმა და წნევის დამწევი ზოგიერთი მედიკამენტის, კერძოდ, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება. ხშირად ხველას იწვევს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. ხველის მიზეზები განაპირობებს იმ სიმპტომებსაც, რომლებიც თან ახლავს ქრონიკულ ხველას. ესენია:
- ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
- ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინების შეგრძნება;
- გულძმარვა ან წვის შეგრძნება საყლაპავის საპროექციო ადგილზე;
- იშვიათად - სისხლის მინარევი.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევებიც, როცა ქრონიკული ხველა მძიმე დაავადების ნიშანია. მაგალითად, ფილტვის სიმსივნისა, გულის უკმარისობისა, ტუბერკულოზისა, თუმცა ყოველი ამ დაავადების დროს ხველასთან ერთად ყურადღებას იპყრობს სხვა სიმპტომებიც.
- უმეტესად ვინ უჩივის ხველას და რა პრობლემებს უქმნის ის პაციენტს?
- ქრონიკული ხველა ნებისმიერს შეიძლება აწუხებდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მწეველებს აღენიშნებათ. მნიშვნელოვანი მიზეზია პასიური მწეველობაც. ქრონიკული ხველა უფრო ხშირია ქალებში, ვინაიდან ხველის რეფლექსის მიმართ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან. ქრონიკული ხველა პაციენტს დიდ პრობლემას უქმნის - აწუხებს თავად მას და ამასთანავე მოსვენებას უკარგავს მისი ოჯახის წევრებსა თუ თანამშრომლებს. გარდა ამისა, მუდმივი ხველა ღლის ადამიანს, იწვევს თავის ტკივილს, თავბრუხვევას, სისუსტეს, მუცლის კუნთების ტკივილს. ჩვეულებრივ, ხველა აღმოცენდება სასუნთქ გზებზე გამღიზიანებელი ფაქტორების - ლორწოვანი სეკრეტის, კუჭის მჟავე წვენის, უცხო ნაწილაკების, სუნამოების, მძაფრსანელებლებიანი საკვების ზემოქმედების დროს. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ასტიმულირებს ხველის რეფლექსს. ამ მიზეზებთან დაკავშირებული ხველა ხშირი არ არის, დღის განმავლობაში რამდენჯერმე აღინიშნება და არც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. შემთხვევითი ხველა, მით უფრო - დაბინძურებულ გარემოში არ არის ანომალია. ის სასუნთქი გზების უცხო ნაწილაკებისგან გაწმენდაში გვეხმარება და ჩვენს ორგანიზმს ინფექციისაგანაც იცავს. ამ შემთხვევაში მღელვარების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.
- ქრონიკული ხველის მიზეზებს შორის თქვენ ცხვირის ანთებითი დაავადებებიც დაასახელეთ. რატომ აღმოცენდება ამ დროს ხველა?
- ჯანმრთელი ადამიანის ცხვირში, წიაღებსა და პირის ღრუში გამუდმებით წარმოიშობა ლორწო, რომელიც ცხვირის ღრუს ნორმალურ დატენიანებასა და გაწმენდას უზრუნველყოფს. ამ ლორწოს ნაწილს ჩვენ გარეთ გამოვყოფთ, ხოლო ნაწილი ისე ჩაედინება ხახის უკანა კედელზე, რომ ვერც კი ვგრძნობთ. როცა სურდოს, წიაღების ინფექციის ან ალერგიის გამო სეკრეტი ჭარბად წარმოიქმნება, ჩვენ გვაწუხებს მისი დაგროვება ხახის უკანა კედელზე, ცხვირის ღრუს უკანა არეში - პოსტნაზალურად. პოსტნაზალური წვეთი იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას, რაც ხველის რეფლექსის გამშვები მექანიზმია. თუ ჩადინება ქრონიკულია, ხველაც ქრონიკულ ხასიათს იღებს. ასეთი ხველისას დიაგნოსტიკას ხშირად ის ართულებს, რომ პაციენტები პოსტნაზალურად წვეთის ჩადინებას ვერ გრძნობენ.