„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...“

შეიძლება ადამიანი იყოს მარტოხელა ან ქვრივი და მოგვიანებით უჩნდება სურვილი მეორე ადამიანთან ურთიერთობის, რასაც ხშირად სხვათა ირონიული დამოკიდებულება, შვილებთან ურთიერთობის დაძაბვა და სხვა სირთულეები მოჰყვება ხოლმე.

ადამიანთა ურთიერთობის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სიყვარული და სქესობრივი ურთიერთობები ადამიანის ცხოვრების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. „რაც მეტია ასაკი, მით მყარია სიყვარული“, - ამტკიცებენ გერმანელი გერონტოლოგები.

„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...“- ამბობს პოეტი. ევროპის მრავალ ქვეყანაში შეხვდებით ბედნიერად ხელიხელჩაკიდებულ ასაკოვან წყვილებს. ისინი ტკბებიან ერთად ყოფნითა და მოგზაურობით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასაკოვანი ადამიანების 70% 50-80 წლამდე სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ექიმი სექსოლოგები ირწმუნებიან, რომ 60 წელს გადაცილებული ყოველი მეორე ქალი რეგულარულად ხედავს ეროტიკულ სიზმრებს. ასეთი სიზმრები თითქმის ყველა ადამიანს ესიზმრება, ყოველი ჩვენგანი ღამის განმავლობაში საშუალოდ 1,5 საათს ატარებს სქესობრივი აღგზნების მდგომარეობაში. თუ ამ რიცხვს ჩვენს ასაკზე გადავამრავლებთ, აღმოჩნდება, რომ 70 წელს მიღწეულ ადამიანს ამ მდგომარეობაში 4 წელი აქვს გატარებული. ექიმები აღნიშნავენ, რომ ადამიანის ფიზიკური რეაქცია სიზმრის სექსის მიმართ თითქმის ისეთივეა, როგორიც რეალური სექსის დროს. გერმანელ ექიმებს ეს სავსებით ნორმალურ მოვლენად მიაჩნიათ. ადამიანი სწორედ ამ ასაკში თავისუფლდება ზედმეტი სიფრთხილის ტვირთისგან.

არსებობს წარმოდგენა, თითქოს ასაკოვან ადამიანებს შორის სექსი რაღაც ამორალური იყოს, ამიტომ ხანშიშესულები ხშირად უარს ამბობენ პარტნიორთან სქესობრივ ურთიერთობაზე - სამარცხვინოდ მიაჩნიათ. გერმანელი ფსიქოლოგების აზრით კი, სექსუალობა ახალგაზრდობის პრივილეგია არ არის. ისინი ამბობენ, რომ ოთხმოციანი წლების ნახევრამდე „ხანშიშესულთა სიყვარულის“ ცნება სრულიად იგნორირებული იყო, საპენსიო ასაკის ადამიანები უსქესო არსებებად მიაჩნდათ, მათთვის სექსი არ არსებობდა. ვიდრე გერმანელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 55-60 წელს არ აღემატებოდა, შესაძლოა მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლა მათი საშუალო ასაკი 80 წელს მიუახლოვდა.

გერმანელმა მეცნიერებმა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს და საგულისხმო მონაცემები მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანი ყველაზე მეტად 15-დან 24 წლამდე და 60-ის შემდეგ არის ცხოვრებით კმაყოფილი. ბერლინში არსებობს ორმოცდაათამდე ფირმა, რომლებიც წარმატებით იყენებენ ამ სამეცნიერო დასკვნებს - ისინი ასაკოვან ადამიანებს აწყვილებენ და საქმე ქორწინებით მთავრდება. ახალი ოჯახები ძირითადად ზედმეტი ფორმალობის გარეშე იქმნება. არა იმიტომ, რომ თვით წყვილები არიან ამის წინააღმდეგი - ყოფითი პრობლემების მოგვარება უამისოდაც შესაძლებელია. ასეთ ფირმებში მუშაობენ ფსიქოლოგები, სექსოპათოლოგები, რომელთა ამოცანაა, მოიზიდონ და მოიძიონ წყვილები და დაეხმარონ მათ ასაკობრივი პრობლემების დაძლევაში, ახალი ცხოვრების დაწყებაში. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ არსებობს სამი ცხოვრებისეული ფაზა, რომლებიც უთუოდ უნდა ჰქონდეთ გავლილი ამგვარი ფირმების პოტენციურ ასაკოვან, მარტოხელა კლიენტებს.

პირველი ფაზა: ადამიანს სურს გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელია. ამისთვის იყენებს ყველაფერს - პლასტიკურ ოპერაციებს, ფიტნესს, დიეტებს, ახალგაზრდულ ტანსაცმელს, მაკიაჟს, მხედველობის ლინზებს... ანუ ყველა ღონეს ხმარობს, რათა დამალოს ასაკი და გაახალგაზრდავდეს.

მეორე ფაზა: ძალიან მოქმედებს ადამიანზე - მართლაც ძნელი ასატანია სახეზე ნაოჭები, რომლებიც ისე ცვლის ადამიანს, რომ ზოგჯერ ვეღარც კი იცნობთ, მაგრამ როცა მისთვის სულერთი ხდება, ადამიანი ნებდება.

მესამე ფაზა: თქვენ შედიხართ მოხუცი ქალის ან მამაკაცის როლში - ადამიანისა, რომელსაც უკვე არავითარი შანსი აღარ აქვს, იპოვოს პარტნიორი. სწორედ აქ არის საჭირო სპეციალისტთა დახმარება. საქმეში პროფესიონალები ერთვებიან და დაგარწმუნებენ, რომ არ უნდა მისტიროდეთ წარსულს, განვლილს, დაკარგულს. შეხედეთ თქვენს ცხოვრებას სხვა თვალით, ეცადეთ დაინახოთ ის, რაც მასში კარგი იყო და არის - გამოცდილება და ბევრი თავისუფალი დრო, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, კიდევ დატკბეთ ცხოვრებით, ლამაზი და საინტერესო გახადოთ ის. თავდაპირველად კლიენტები უიმედოდ იღიმებიან, რამდენიმე კონსულტაციის შემდეგ კი, როგორც წესი, თხოვნით მიმართავენ ფირმას, უპოვონ კარგი და სიმპათიური პარტნიორი.

არსებობს სპორტული კლუბები ასაკოვანი ადამიანებისთვის სპეციალური, ასაკის შესაფერისი ტრენაჟორებით, საცურაო აუზებით. არსებობს სხვა დაწესებულებებიც, ტურისტული ბიუროები, რომლებიც ხანდაზმულებს საინტერესო მოგზაურობას და სხვადასხვა ქვეყანაში დასვენებას სთავაზობს. ისტორიულ თუ ეგზოტიკურ ადგილებში ურთიერთობის ფართო ასპარეზია. ასე რომ, გერმანიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ადამიანები ნამდვილ ცხოვრებას პენსიაზე გასვლის შემდეგ იწყებენ, ზოგჯერ კი ნამდვილ სიყვარულსაც განიცდიან - ამ ასაკში ხომ ადამიანი მდიდარია ცხოვრებისეული გამოცდილებით, კარგად იცნობს ადამიანებს, ჰოდა, ზოგჯერ ამ დროს პოულობს შესაფერ პარტნიორს, თანამოაზრეს და ცხოვრების ბოლო წლების თანამგზავრს. ამ ასაკში ადამიანს მარტოობის შიში უჩნდება, ამიტომ ურთიერთმიზიდულობა იზრდება, სიყვარული მძაფრდება, ჩნდება ერთმანეთის გაფრთხილების ძლიერი მოთხოვნილება. ასაკოვანი ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო დამთმობები, ალერსიანები, ყურადღებიანები არიან, მათ ურთიერთობაში მეტი სინაზეა. ასე რომ, სწორად უთქვამს დიდ გალაკტიონს - მართლაც, „სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“.