ზღვის გოჭი
ამისათვის საუკეთესო საშუალებად კი ბევრი ადამიანი შინაურ ცხოველებთან კონტაქტს მიიჩნევს. შეგვიქმნის თუ არა პრობლემებს ოჯახში ზღვის გოჭი? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, უპირველეს ყოვლისა, მისი ქცევის თავისებურებებს გავეცნოთ და მიხვდებით, შეეგუებით თუ არა მას საკუთარ სახლში.
-
ზღვის გოჭი საკმაოდ წყნარი ცხოველია
უნდა ვიცოდეთ, რომ ზღვის გოჭი საკმაოდ წყნარი ცხოველია, უფრო მშვიდ არსებას ვერც კი წარმოიდგენთ. მას არ გააჩნია აქტიური დაცვა მტაცებლებისგან და მახვილწვერიან ეშვებსაც კი მხოლოდ თავისი ჯიშის წარმომადგენლებთან იყენებს - საკვებისათვის ბრძოლის ან პარტნიორთან პაექრობისას, თანაც ასეთი შერკინებებიც, ჩვეულებრივ, სისხლისღვრის გარეშე მთავრდება. ეს ორთაბრძოლა ძირითადად მოწინააღმდეგის შეშინებისკენ მიმართულ აქტიურ მოძრაობებსა და პოზებს გულისხმობს: მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ დგებიან, თავებს მაღლა სწევენ და კბილებს აკრაჭუნებენ, რათა შთაბეჭდილება მოახდინონ ერთმანეთზე. უშუალო ბრძოლა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დარტყმას მოიცავს, რომელიც სწრაფად მთავრდება უფრო სუსტი არსების გაქცევით.
უფრო სერიოზული "შერკინება" მხოლოდ მამრ ზღვის გოჭებს შორის იმართება და მხოლოდ ორ სიტუაციაში - უცხო ინდივიდებთან ტერიტორიული დავისას და როცა მათ სიახლოვეს მძუვნობის პერიოდში მყოფი მდედრია. სხვა შემთხვევებში მამრი ზღვის გოჭები ერთმანეთისადმი მეგობრულად არიან განწყობილნი.
ზღვის გოჭების ქცევის მეორე თავისებურება მრავალი ინდივიდის ერთად ცხოვრების პირობებში ვლინდება. ყველა ადამიანმა, ვისაც რამდენიმე ზღვის გოჭი ჰყავს, იცის, რომ მდედრის გარშემო მამრების გარკვეული რაოდენობა იკრიბება. თუ მათ სხვა ჯგუფიდან დაუპატიჟებელი სტუმარი მიუახლოვდება, უცხოს სწრაფად გააძევებენ. ერთი ჯგუფის ფარგლებში ხანდახან ახალგაზრდა მდედრებიც არიან, ოღონდ მხოლოდ სქესობრივი სიმწიფის მიღწევამდე. სწორედ ასეთი დიფერენცირების გამო ნამდვილი ორთაბრძოლები ზღვის გოჭებს შორის იშვიათია.
მსგავსი ქცევის გარკვეული ელემენტები შეიძლება მაშინაც შენიშნოთ, თუ მხოლოდ ორი ზღვის გოჭი გყავთ. მათ ურთიერთობებს შეიძლება "ტანდემური მოძრაობა" ვუწოდოთ. თუ ცხოველებს დიდ სივრცეში თავისუფალი გადაადგილების საშუალება აქვთ, ადვილად შენიშნავთ, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან და ერთ-ერთი ყოველთვის პირველ პოზიციას იჭერს - ის წამყვანია, ლიდერია, როგორც წესი, უფრო ძლიერია. ასეთი "ბელადები" სხვა სახეობის ცხოველთა შორისაც ხშირად გვხვდებიან. მსგავსი ურთიერთობა, რომელიც ტიპურია ბუნებაში, გალიის პირობებშიც შენარჩუნდება ხოლმე.
-
ზღვის გოჭი გულგრილია სხვა ცხოველების მიმართ
ზღვის გოჭი სხვა ცხოველების მიმართ სავსებით გულგრილია, მიუხედავად მათი ზომა-წონისა; ზღვის გოჭს არც მასზე დიდი ინდივიდები აღელვებს და არც პატარები. ზღვის გოჭის ზოგიერთი მფლობელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, სხვა ცხოველებით ზღვის გოჭის დაინტერესებას არავითარი შედეგი არ მოაქვს. ზღვის გოჭი, რომელიც თავისივე სახეობის ინდივიდების გარემოცვაში იზრდება, სხვა ცხოველებს უბრალოდ იგნორირებას უკეთებს. ასეთი ინდიფერენტულობა მისთვის შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს, თუ უფრო ძლიერ და აგრესიულ ინდივიდს შეხვდება.
-
ზღვის გოჭის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა საჭირო
შეიძლება უცნაურია, მაგრამ ზღვის გოჭი ისეთივე უსუსური და დაუცველია კატის წინაშე, როგორიც ჩიტი. ასე რომ, თუ სახლში სხვადასხვა ცხოველი გყავთ, ზღვის გოჭის უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოთ. ერთ გალიაში იმ ცხოველებთან ერთად მოთავსება, რომელთა მხრიდანაც მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს, დაუშვებელია.
ბოცვრებთან, როგორც წესი, ზღვის გოჭებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ხშირად ბოცვერი თავის პატარა მეგობარს იცავს კიდეც, მოხერხებულად წვება მის გვერდით და ბეწვსაც ულოკავს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მსგავსი მეგობრული ურთიერთობა არ მყარდება. მდედრმა ბოცვერმა შეიძლება ტერიტორიისთვის ბრძოლის დროს ზღვის გოჭი შეავიწროვოს, კუთხეში მოიმწყვდიოს. ერთობლივი ცხოვრებისთვის უფრო შესაფერისი კასტრირებული მამრი ბოცვერია.
ძაღლი შეიძლება მივაჩვიოთ, რომ ზღვის გოჭი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოველები თავიდანვე ერთად იზრდებიან. თუ ძაღლი უკვე გყავდათ და ზღვის გოჭი შემდეგ შეიძინეთ, დაახლოების პროცესი თანდათანობითი და ძალდაუტანებელი უნდა იყოს.
კატა ზღვის გოჭს პირველ რიგში მსხვერპლად აღიქვამს. ის მზადაა ცხოველი დააზიანოს და მოკლას კიდეც. თანაცხოვრება უმრავლეს შემთხვევაში მშვიდობიანია, თუ ცხოველები თავიდანვე ერთად იზრდებოდნენ. სხვა დროს ყურადღებაა საჭირო, რადგან კატამ გალიაზე შეხტომით შეიძლება ზღვის გოჭი შეაშინოს, ხოლო თუ გალია ამის საშუალებას იძლევა, ის ყოველთვის ეცდება, თათი შიგნით შეყოს და ზღვის გოჭი დაიჭიროს.
ჩიტები ხშირად ცდილობენ, ზღვის გოჭის საკვები აკენკონ, ხოლო დიდი ზომის თუთიყუშები არც მისთვის ნისკარტის ჩარტყმაზე დაიხევენ უკან. ამის გამო ზღვის გოჭისა და თუთიყუშების თანაცხოვრება არ არის მიზანშეწონილი.
სპეციალისტები არ გვირჩევენ ზღვის გოჭებისა და სხვა მღრღნელების - თაგვების, ვირთაგვების, ციყვებისა და ზაზუნების მეზობლობას. მართალია, ამ დროს ზღვის გოჭი არ ხდება აგრესიული, მაგრამ თავს მოხვეული ახლობლები მას ძალიან აღიზიანებენ.