ძაღლები, კატები და მათი "საჩუქრები" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძაღლები, კატები და მათი "საჩუქრები"

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება? ამაზე ექიმი ინფექციონისტი მანანა კეთილაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო მანანა, ცოფზე საკმაოდ ბევრი დაწერილა. მოდი, ამჯერად ნაკლებად ცნობილ დაავადებებზე ვისაუბროთ. გარდა ცოფისა, რა შეიძლება გადაედოს ადამიანს ძაღლისა და კატისგან?

- ძაღლი ლეპტოსპიროზის - ინფექციური სიყვითლის წყაროა. ლეპტოსპიროზის გადაცემის ძირითადი გზა ფეკალურ-ორალურია, ხოლო გადაცემის საშუალება - ინფიცირებული ცხოველის გამონაყოფით: ფეკალიებით, შარდით, ნერწყვით - დაბინძურებული წყალი. დასნებოვნებულ ადამიანს უვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია. არ არის გამორიცხული ღვიძლის, თირკმელების, ნერვული სისტემის, კუნთების დაზიანება.

კატისგან შესაძლოა ტოქსოპლაზმოზი გადმოგვედოს. ტოქსოპლაზმოზი სასოფლო-სამეურნეო თუ ველურ ცხოველებსა და ფრინველებს შორის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევია ტოქსოპლაზმა (თოხოპლასმა გონდიი). ცხოველი ავადდება ინფიცირებული ფრინველის ან მღრღნელის, აგრეთვე სასაკლაოზე შეჭმული ნარჩენების საშუალებით.

გარემოში ტოქსოპლაზმა გამოიყოფა ინფიცირებული ცხოველის ფეკალიებთან ერთად. ადამიანსა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში დაავადების გავრცელების ძირითადი წყაროა კატა. დაავადებული კატის ფეკალიებით დაბინძურებული ხელებიდან (მაგალითად, კატის საგების გაწმენდის შემდეგ) ტოქსოპლაზმა ხვდება ადამიანის კუჭ-ნაწლავში, სადაც იწყებს განვითარებას. დაავადების გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრა შესაძლებელია აგრეთვე კატის ნერწყვის საშუალებით - კბენისას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლოკვის დროსაც კი, თუ კანი იმ ადგილას დაზიანებული აღმოჩნდა.

ცხოველის შეხებისას ტოქსოპლაზმოზის გამომწვევით ბინძურდება საკვები და საგნებიც. გამომწვევი უმეტესად თავის ტვინში, ჩონჩხის კუნთებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იბუდებს.

განასხვავებენ ტოქსოპლაზმოზის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. შეძენილი ტოქსოპლაზმოზი, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს. მისი სიმპტომები მონონუკლეოზისას ჰგავს. ამ დროს იმატებს სხეულის ტემპერატურა, თავს იჩენს კუნთების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შესივება, ზოგჯერ ჩნდება მოწითალო გამონაყარი, რომელიც სამ დღეს გასტანს და მერე თავისთავად ქრება. დაავადების გაცილებით მძიმე ფორმაა თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი. თუ ორსული დაინფიცირდა, გამომწვევი შესაძლოა ნაყოფსაც გადაედოს. ამიტომაც ურჩევენ ორსულებს, ერიდონ ცხოველებსა და მათ ფეკალიებთან კონტაქტს. განსაკუთრებით საშიშია ინფიცირება მუცლადყოფნის ადრეულ პერიოდში. ამ დროს ტოქსოპლაზმა იწვევს ნაყოფის სიკვდილს ან აფერხებს მის განვითარებას, ისე რომ, ბავშვი თანდაყოლილი დეფექტებით იბადება. თუ ინფიცირება მოგვიანებით მოხდა, ახალშობილი იბადება მწვავე თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის სიმპტომებით - ინტოქსიკაციით, ცხელებით, სიყვითლით, ღვიძლის, ელენთის ლიმფური კვანძებისა და ტვინის დაზიანებით, ქორიორეტინიტით (მხედველობის მძიმე დაზიანებით).

მძიმე თანდაყოლილ ტოქსოპლაზმოზთან დაკავშირებული დეფექტები შეუქცევადია. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის მსუბუქი ფორმა წლების განმავლობაში არ იწვევს დარღვევებს, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა თვალების მძიმე დაავადებაში გადაიზარდოს. ტოქსოპლაზმოზს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.

შედარებით ნაკლებსაშიშია, თუმცა არცთუ ისე უწყინარი, ე.წ. კატის ნაკაწრის დაავადება - კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი. მისი გამომწვევი უჯრედშიგა მიკროორგანიზმია, რომელსაც შეიცავს კატის პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორა და ადამიანს ნაკაწრიდან და ნაკბენიდან გადაედება. ამ მიკრობით უმთავრესად ბავშვები და მოზარდები ინფიცირდებიან. დაავადება ძალზე უწყინრად იწყება: უკვე შეხორცებულ ნაკაწრზე ან ნაკბენზე ჩნდება პატარა ლაქა, რომელიც დროთა განმავლობაში ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი სკდება და წარმოქმნის მცირე ზომის ვარსკვლავს ან ქერქს. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ დიდდება ნაკაწრთან ყველაზე ახლოს მდებარე ლიმფური ჯირკვალი, იწყება თავის ტკივილი, ვითარდება სისუსტე, იმატებს სხეულის ტემპერატურა. თუ ინფექცია გახანგრძლივდა, ლიმფური კვანძები შესაძლოა დაჩირქდეს და წარმოიქმნას ჩირქგროვები, რომლებიც ფურუნკულებს მოგვაგონებს. იშვიათად ვითარდება ენცეფალიტი.

დაავადება იკურნება ანტიბიოტიკებით, რომელთა მიღება ორსულობისას დაუშვებელია, ამიტომ თუ ბავშვის გაჩენას გეგმავთ, უმჯობესია, კატებთან კონტაქტი აღკვეთოთ.

ძაღლი და კატა ჰელმინთებსაც ავრცელებენ, ამიტომ რეგულარულად (ვეტერინარის რჩევისამებრ) მიეცით პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება.

ძაღლისა და კატისგან ადამიანს გადაედება კიდევ ერთი ინფექციური დაავადება - ტრიქოფიტია (მიკროსპორია). ტრიქოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა. აზიანებს სადა კანს, თავის თმიან მიდამოს, ძალიან იშვიათად - ფრჩხილებსაც. დაავადება ზერელე ხასიათისაა. ღრმა ფორმა იშვიათია. მიკროსპორიით უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვები ავადდებიან. ბოლო დროს ქალაქში მისმა შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, რაც ალბათ უპატრონო ცხოველებისადმი ბავშვების სიყვარულს უნდა დავაბრალოთ.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში დაავადება, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის. ტრიქოფიტიის ინფილტრირებულ-ჩირქოვანი ფორმა უფრო ხშირად გვხვდება სოფლის მკვიდრთა შორის, რომელთაც კონტაქტი აქვთ ცხოველებთან.

მოზრდილებს მიკროსპორია ფაქტობრივად მხოლოდ სადა კანს უზიანებს. დაზიანებულ არეში ჩნდება 2 სმ დიამეტრის ან უფრო დიდი მკვეთრად შემოფარგლული მრგვალი კერა. მისი ზედაპირი ძალიან წვრილი ქერცლით არის დაფარული, თითქოს ფქვილმოყრილია. ამ ადგილებში თმა იყოფა დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე - კანის ზედაპირიდან 4-5 მმ სიმაღლეზე. სადა კანის მიკროსპორია ვლინდება ცალკეულ ადგილებზე გაჩენილი ვარდისფერი ლაქების სახით. ეს ლაქები საკმაოდ სწრაფად იზრდება, ზოგჯერ ერთმანეთს უერთდება და სხვადასხვა მოხაზულობის ფიგურების ფორმას იღებს. ლაქების კიდეები ოდნავ შემაღლებულია. ზოგჯერ მათზე შეინიშნება კონცენტრირებული რკალები (კერაში კერა). რკალებს შორის ადგილები ნაკლებინტენსიური შეფერილობისაა, თვით რკალები კი ღია წითელია. კანი ამ ადგილას ინფილტრირებულია, დაფარულია ფოლიკულური პუსტულებით (ჩირქის შემცველი ბუშტუკებით), საიდანაც ხელის დაჭერისას, თითქოს საცერიდანო, გამოდის ჩირქოვანი სითხე. ზედაპირი ალაგ-ალაგ სქელი ქერქით იფარება.

დაზიანების კერაში თმა მორყეულია და ადვილად ძვრება. დაავადებას ზოგჯერ თან სდევს ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება. მიკროსკოპიული გამოკვლევისას თმის შიგნით აღმოაჩენენ სპორების მცირე ნაწილს. სპორები ძეწკვისებურად არიან განლაგებულნი და გარედან ეკვრიან თმას.


- რა დაავადება შეიძლება გადმოგვედოს ოთახის ფრინველებისგან?

- თუთიყუში, იადონი, ჩიტბატონა და სხვა წვრილი მგალობლები ორნითოზს ავრცელებენ. ორნითოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი ქლამიდიის ტიპის უჯრედშიგა პარაზიტია. ინფექციის ძირითადი რეზერვუარი და დასნებოვნების წყარო გარეული და შინაური ფრინველები (მტრედები, იხვები, იშვიათად – ქათმები) გახლავთ. როცა ინფექციის წყაროა თუთიყუში, დაავადებას ფსიტაკოზს უწოდებენ.

ორნითოზით ავადობა ხშირია წლის ცივ პერიოდში. პიკი შემოდგომაზე შეინიშნება. ავადდებიან ადამიანები, რომლებსაც პროფესიის გამო მუდმივი კონტაქტი აქვთ ფრინველებთან. მოსალოდნელია ოჯახური აფეთქებაც, უმეტესად - მაღაზიაში ფრინველის შეძენიდან 5-10 დღის შემდეგ. თუ ფრინველი ბინაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება, მისგან დასნებოვნება ნაკლებსავარაუდოა.

გამომწვევი გარემოში გამოიყოფა დაავადებული ფრინველის განავალთან ერთად. ადამიანი უმეტესად ჰაერთან ერთად ქლამიდიების ჩასუნთქვისას ინფიცირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, დასნებოვნება ფეკალიებით დაბინძურებული ხელების საშუალებითაც მოხდეს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 6-17 დღეა, უმეტესად - 8-12 დღე. კლინიკური ფორმა ვლინდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ფილტვების, ნერვული სისტემის დაზიანებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. ცალკეული სიმპტომების ხანგრძლივობა და გამოხატულება დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

მსუბუქი ფორმის დროს ტოქსიკოზი ზომიერია, ცხელება გრძელდება 2-5 დღე, მძიმე ფორმის დროს კი შესაძლოა ერთ თვემდე გაგრძელდეს. დაავადება იწყება ყელის ტკივილით, ცხვირიდან გამონადენით, სუბფებრილური ტემპერატურით (37,0-37,5 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში). ცხელება არასწორი ტიპისაა, ახასიათებს მერყეობა, განმეორებითი შემცივნება და ოფლიანობა. თან ახლავს ლიმფური ჯირკვლების გენერალიზებული გადიდება. გადიდებული ღვიძლი მტკივნეულია. ავადმყოფი უჩივის სახსრებისა და გულმკერდის ტკივილს. არცთუ იშვიათად ვითარდება ფილტვის ანთება. ამ დროს თავს იჩენს მშრალი ხველა, ზოგჯერ - გულმკერდის მჩხვლეტი ტკივილი, ხოლო 1-3 დღის შემდეგ გამოიყოფა ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, ზოგჯერ სისხლნარევი ნახველი. დადგენილია, რომ მწვავე პნევმონიების 10-20% ორნითოზული წარმოშობისაა. ზოგჯერ დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. დიაგნოზს სვამენ სპეციფიკური ანტისხეულების აღმოჩენის საფუძველზე.

მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

- როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებებისგან?

- მაწანწალა ცხოველებთან ურთიერთობას თავადაც ერიდეთ და თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც მოარიდეთ;

  • არ ჭამოთ ჭუჭყიანი ხილი და ბოსტნეული;
  • არ გასინჯოთ უმი ხორცის ფარში;
  • კარგად დაიბანეთ ხელები მიწასთან კონტაქტის შემდეგ;
  • თუ სახლში გყავთ კატა ან ძაღლი, მათი ფეკალიები მოწმინდეთ ხელთათმანებით;
  • თუ კატამ დაგკაწრათ ან დაგკბინათ, ნაკბენი/ნაკაწრი დაიმუშავეთ 2%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით, მერე კი იოდით ან სპირტით.

თავად კატას მკურნალობა არ სჭირდება, რადგან ის მხოლოდ დაავადების გადამტანია. ოთახის ფრინველი შეიძინეთ საიმედო ადგილას, ისიც - მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მან გაიარა კარანტინი. თუ ფრინველი თქვენს სახლში ერთ თვეზე მეტია ცხოვრობს და დაავადების ნიშნებს (სურდო, ცემინება, ფრთებზე თავის სმა, ფაღარათი, ფეხებისა და ფრთების დამბლა) ვერ ამჩნევთ, სავარაუდოდ, ორნითოზი არ აქვს. არამც და არამც არ შეიძლება:

  • მაწანწალა ძაღლებისა და კატების მოფერება, ხელში აყვანა, სახლში წაყვანა. შესაძლოა მათ საშიში დაავადება სჭირდეთ. ანთროპოზოონოზების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.
  • შინაური ცხოველების საწოლსა და სავარძელზე წოლა, სამზარეულოში შეშვება, მოფერება და კოცნა.

წელიწადში ორჯერ მაინც (შემოდგომასა და გაზაფხულზე) უნდა ჩატარდეს ცხოველების გეგმური დეჰელმინთიზაცია - პარაზიტი ჭიებისგან გათავისუფლება. ცხოველი უნდა მიაჩვიოთ:

  • არ დასვაროს სავარძლები და საწოლები;
  • ეზოდან სახლში არ მოიტანოს ძვლები;
  • არ აძვრეს მაგიდაზე, რომელსაც ადამიანები უსხედან;
  • არ მოისაქმოს ოთახებში.

სასურველია, დაბანოთ ყოველდღე, განსაკუთრებით - ბალნის ცვენის პერიოდში. ყოველდღე უნდა გაიწმინდოს მისი საფენიც, საწოლი ადგილი კი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდეს. ძაღლები და კატები უნდა დაბანოთ 25-35 გრადუსიან წყალში საბავშვო, თხიერი ან საყოფაცხოვრებო საპნით.

კატები ვერ იტანენ კარბოლის შემცველ ნივთიერებებს, ამიტომ მათ დასაბანად კარბოლის საპნის გამოყენება დაუშვებელია. გაითვალისწინეთ: ძაღლებისა და კატების ნებისმიერი დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა. გულისყურით მოეკიდეთ მათ ჯანმრთელობას. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენივე ჯანმრთელობის საწინდარია.