ექიმთან კონსულტაციის ფასმა 100 ლარს მიაღწია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმთან კონსულტაციის ფასმა 100 ლარს მიაღწია

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუ 2-3 წლის წინ ექიმის კონსულტაცია 30-40 ლარი ღირდა, ახლა ყველგან 70-80 ლარია, ზოგ შემთხვევაში, პაციენტის გადასახადი 100 ლარს აღწევს. საშუალო შეძლების მოქალაქეებისთვისაც კი ექიმთან ვიზიტი პრობლემად იქცა.

მართალია, პოლიკლინიკებში ტარიფები მეტ-ნაკლებად მისაღებია, თუმცა, კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო, პაციენტებს "იძულებით" უწევთ კერძო კლინიკების მომსახურებით სარგებლობა. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის

მიუხედავად, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხალხი სამედიცინო მომსახურებით ვეღარ სარგებლობს.

გაცილებით რთული მდგომრეობაა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, სადაც

ხარჯის გაწევა დაზღვეულებსაც კი უჭირთ ხელოვნურად გაბერილი ფასიდან გამომდინარე. ამ მხრივ განსაკუთრებით სტომატოლოგიურ კლინიკებში სცოდავენ.

საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის სფეროში ფასის ზრდა ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. "საქსტატის" მონაცემით, 2017 წელს ჯანდაცვის სერვისზე ფასები 8,1%-ით არის გაზრდილი. გაძვირება ყველაზე მტკივნეულად აისახა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძვირად ღირებული მომსახურება სჭირდებათ ან კლინიკებში ხშირად უწევთ სიარული. ამ მხრივ განსაკუთრებით ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს აქვთ პრობლემა.

ფსიქიატრის კონსულტაცია 70 ლარზე იაფი თითქმის არსადაა. თანაც, ვიზიტი პაციენტებს ლამის ყოველთვიურად უწევთ, რასაც წამლების ასევე გაზრდილი ფასი ემატება. ჯამში, ყოველთვიური ხარჯი 250 ლარს აჭარბებს, რაც ნებისმიერი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.

სპეციალისტების შეფასებით, სამედიცინო მომსახურების გაძვირება მასშტაბურ სახეს იღებს. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ტარიფების ზრდა სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე მინიმალურადაც არ აისახება და ექიმების (ასევე მედდის) ხელფასი არის ზუსტად იმდენივე, რამდენიც წლების წინ იყო.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ფასების ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით მოხდა, თუმცა კლინიკები ამ მხრივ იმდენად შორს წავიდნენ, რომ ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბეს.

"ერთიან სტანდარტს ვერავინ დააწესებს, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად არასახარბიელოა. მარტო ექიმის კონსულტაციის ფასი კლინიკებში 80-100 ლარამდე არის გაზრდილი და ტენდენცია კიდევ გრძელდება. მიზეზად სახელდება ინფლაცია, მაგრამ, სინამდვილეში, სერვისის გაძვირების ტემპი ზოგად ინფლაციას ბევრად აღემატება. კერძო სექტორი დაინტერესებულია მაღალი გადასახადი დაწესდეს.

რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში არსებულ ტარიფებს, ფაქტობრივად არ შეცვლილა ლარის კურსიდან და იმ ფაქტორიდან გამომდინარეც, რომ ჯანდაცვის მომსახურებაზე საერთაშორისო ფასი მზარდია. კლინიკები კი აძვირებენ სერვისს და ეს ეხება არა მარტო ექიმის კონსულტაციას, არამედ სამედიცინო კვლევებსა და წამლებს.

საბოლოოდ გაზრდილი ფასი პრობლემას უქმნის მომხმარებელს, რომელსაც ექიმთან ვიზიტი სულ უფრო უძნელდება. სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება არ იცვლება", - განუცხადა "რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს უჭირთ.

"ყველა სფერო პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ მკურნალობა - მედიკამენტის მიღება და ექიმის კონსულტაცია. რამდენად ხშირად ისარგებლებენ ამ სერვისით, მით მეტი იქნება გასაწევი ხარჯი, თუ არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველის, ომის ვეტერანის ან პედაგოგის კატეგორიას. დანარჩენი, ე. წ. შუალედური ფენა მნიშვნელოვანწილად შეღავათის მიღმაა და თავად უწევს სამედიცინო მომსახურების ხარჯთან გამკლავება", - აცხადებს ჩიხლაძე.

სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ კლინიკების გაზრდილი ხარჯი ჯანდაცვის რეფორმაზე უარყოფითად აისახება. სამედიცინო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ მეგრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტარიფები კიდევ გაიზარდოს.

"თავის დროზე მთავრობამ რეფორმების გატარების პროცესში შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ კი მოსახლეობა ზარალდება. კლინიკები მასობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ - რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც. ველოდი კიდეც, რომ მომსახურების ფასი აიწევდა და შედეგმაც არ დააყოვნა. სავარაუდოდ, ტენდენცია გაგრძელდება. ჯანდაცვის ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს კერძო სექტორს.

არ ვიცი, რამდენად გადაიტანს მუდმივ გაძვირებას მოსახლეობა. ეს პროცესი ჯანდაცვის რეფორმებზე ცუდად აისახება. კლინიკების მონიტორინგით პრობლემა არ გადაწყდება. მიზეზი საკმაოდ კომპლექსურია, იფლანგება ფული და მომხმარებელს უწევს გადახდა. დროა, მთავრობა ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე გადაერთოს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მეგრელიშვილმა.

ტყუპი დების დედას, ხატია ჩხეიძეს ბავშვი ოფთალმოლოგიურ კლინიკაში ვერ მიჰყავს იმის გამო, რომ მარტო ექიმთან ვიზიტი 160 ლარი უჯდება. ხატია ამბობს, რომ ოფთალმოლოგის კონსულტაცია ბოლოს შარშან, ნოემბერში გაიარა. შეთანხმებისამებრ, მეორე ვიზიტი იანვარში უწევდა, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებს.

"თავდაპირველად 50 ლარს ვიხდიდი. ესეც კი მიჭირდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, ვიზიტი 70 ლარი გახდა. თანაც კლინიკის მომსახურება არ ითვალისწინებს განმეორებით, უფასო კონსულტაციას. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მრავალსულიან ოჯახს სტაბილური შემოსავალი არ აქვს. რასაც ერთჯერადი მუშაობით ვშოულობ, საჭმლის ფულადაც არ გვყოფნის. სანამ ადამიანი არ წაიქცევა და გადაუდებელი ოპერაცია არ დასჭირდება, ექიმთან ვერ მიდის. ჩემ გარშემო ყველა ასეთ მდგომარეობაშია. ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი რისკს ვუქმნით", - ამბობს უკმაყოფილო მშობელი.

ფაქტია, რომ კლინიკებში ფასი ხელოვნურად იზრდება. მოსახლეობისთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, ხშირად - საბედისწეროც, რადგან ხალხს არ აქვს ექიმთან დროულად მიმართვის შესაძლებლობა. ადამიანების უმეტესობა უსახსრობის გამო ექიმთან უკიდურესი აუცილებლობის დროს მიდის. ხშირ შემთხვევაში, ეს ვიზიტი დაგვიანებულიცაა!

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"